ქართულ-ამერიკული სიმბოლიზმი - კვირის პალიტრა

ქართულ-ამერიკული სიმბოლიზმი

"1783 წელს, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიის პატარა ქალაქ გეორგიევსკში საქართველოს სახელმწიფოსთვის სასიკვდილო განაჩენს აწერდნენ ხელს, პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში სუვერენული სახელმწიფო­ - ამერიკა იბადებოდა. ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება, ეგებ იბადებოდა იმიტომ, რომ ორი საუკუნის შემდეგ მას საქართველოს სახელმწიფოს მკვდრეთით აღდგენა უზრუნველეყო?" - სვამს კითხვას და ქართულ-ამერიკულ სიმბოლიზმებზე გვესაუბრება, რომლებიც აქამდე შესაძლოა ჩვენი ყურადღების მიღმაც იყო დარჩენილი.

"შესაძლოა სრულიად შემთხვევითი დამთხვევაა 1783 წლის აქტები, 1787 წლისა და 1867 წლის მოვლენები, მაგრამ ეგებ სწორედ ეს შემთხვევითობათა ჯაჭვია გამოხატულება დიადი კანონზომიერებისა, ჩვენთვის საორიენტაციო ნიშანია გამოგზავნილი და ნიშანსვეტია უფლის განაზრახისა", - გვეუბნება ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი და ჩვენი მკითხველის ყურადღებას საინტერესო ისტორიულ პერიპეტიებზე ამახვილებს.

"იმ ზაფხულს ორი ქვეყნის ბედი გადაწყდა"

- 1783 წლის ზაფხულში დედამიწის ორ სხვადასხვა წერტილში ორი ქვეყნის ბედი წყდებოდა. ერთი უნდა დაბადებულიყო როგორც სახელმწიფო, ხოლო მეორი­ს სახელმწიფოებრიობისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოსატანად ემზადებოდნენ. იმ დროისთვის ამ ორივე ქვეყანას თანაბარი რაოდენობის მოსახლეობა ჰყავდა - დაახლოებით 1 მილიონი კაცი.

1783 წლის 4 სექტემბერს პარიზში საფრანგეთის შუამავლობით ბრიტანეთის წარმომადგენელმა დევიდ ჰარტლიმ და 13 ამერიკული კოლონიის წარმომადგენლებმა,­ ჯონ ჯეიმ, ჯონ ადამსმა და ბენჯამინ­ ფრანკლინმა ხელი მოაწერეს აქტს, რომლის თანახმადაც, დიდი ბრიტანეთი თავის ყოფ­ილ 13 კოლონიას 13 დამოუკიდებელ­ სახელმწიფოდ (შტატად) აღიარებდა. ასე დაიბადა ახალი სუვერენული სახელმწიფო­ - ამერიკის შეერთებული შტატები. სამწუხაროდ, ზუსტად ერთი თვით ადრე ჩრდილ­ოეთ კავკასიის პატარა ქალაქ გეორგიევსკში ხელი მოეწერა ტრაქტატს, რომლის თანახმადაც, ქართულ სამეფო სამთავროთა­ შორის იმ დროისთვის ერთადერთი სრულიად დამოუკიდებელი ქართლ-კახეთის სამეფო სახელმწიფო სუვერენიტეტს კარგავდა და საგარეო პოლიტიკურ საკითხებში რუსეთის იმპერიაზე დამოკიდებული ხდებოდა. მეტიც, ტრაქტატის მე-8 არტიკულით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის სინოდის რიგით მე-8 არასრულუფლებიანი წევრი ხდებოდა, იმ სინოდისა, რომლის თავმჯდომარედაც იმპე­რატრიცა ეკატერინე ითვლებოდა. ამავე მე-8 არტიკულით დაშვებული იყო შესა­ძლებლობა საქართველოს ეკლესიის პატრიარქის თანამდებობის გაუქმებისა. იმავე არტიკულის წყალობით, სამომავლოდ შესაძლო იყო ქართულად წირვა-ლოცვა აეკ­რძალათ. მართალია, გეორგიევსკის ტრაქტატმა 1787 წელს შეწყვიტა არსებობა, მაგრამ მისი მე-8 არტიკული მაინც ხელზე დაიხვია რუსეთის იმპერატორმა და 1811 წელს 24 წლის წინ გაუქმებული ტრაქტატის უკანონო მე-8 მუხლის საფუძველზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია­ გააუქმა და ქართულად ლოცვა აკრძალა. ასე გაგრძელდა 1917 წლის მარტამდე. ნიკოლოზ II-ის დამხობისთანავე აღდგა წირვა-ლოცვა ქართულად. რაც შეეხება ავტოკეფალიას, წმიდა კირიონ საძაგლიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ: "უფლის დაწესებულს კაცი ვერ აღკვეთს! რუსეთს შეეძლო აეკრძალა წირვა-ლოცვა ქართულად, გაენადგურებინა ხატები, დაენგრია ტაძრები, მაგრამ საქართველოს ეკლესიის უკვდავ და წმინდა სულიერ სხეულს რუსეთის ბინძური ხელი ვერაფერს დააკლებდა. ავტოკეფალური ქართული ეკლესია უფლის ნებით დაფუძნდა და სულიერად უფლის ნებით იარსებებს მარად". მოკლედ, 1783 წელს გეორგიევსკში სქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის სასიკვდილო განაჩენის აქტზე ხელის მოწერიდან ზუსტად 1 თვის თავზე დაიბადა ახალი სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები. არც ამერიკის დაბადება და არც საქართველოს მკვლელობა­ არ ყოფილა წამიერი მოვლენა, ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, თავისი წინა პირობებითა და გაგრძელებებით. დღეს ამერიკა მოსახლეობით საქართველოზე ასჯერ დიდია და მსოფლიოში ერთადერთი ზესახელმწიფოა. 240 წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ახალჩამოყალიბებული ყოფილ კოლონიათა ერთობა ოდესმე კონკურენციას გაუწევდა საუკუნოვანი ისტორიის მქონე ევროპულ სახელმწიფოებს. 1783 წლისთვის თანამედროვე აშშ-ის ტერიტორიის 90%-ზე მეტს ჯერ კიდევ საფრანგეთი, ესპანეთი და რუსეთი (ალასკა)­ აკონტროლებდნენ. მართლაც, მხოლოდ ოთხწლიანი დებატების შემდეგ გადა­წყვიტეს ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა, რომ აშშ არა მონარქია, არამედ არაფედერალური­ რესპუბლიკა იქნებოდა, ყოფილი კოლონიებიც თანდათან, წლების­ განმავლობაში წევრდებოდნენ აშშ-ში. 1787 წელი უმნიშვნელოვანესი თარიღია როგორც აშშ-ის, ასევე საქართველოს ისტორ­იაში. ამ წელს მიიღეს ამერიკის კონსტიტუცია, 1787 წელს გაუქმდა გეორგიევსკის ტრაქტატიც.

nana2-1689513035.jpg

აქა ამბავი ტრაქტატის დადებ-დარღვევისა

1747 წლიდან ქართლ-კახეთი სრულიად დამოუკიდებელი იყო. 1750-იან წლებში ერეკლე II-მ არაერთხელ დაამარცხა ირანელი­ ხანები, დაიმორჩილა ერევნის, განჯისა და ნახჭევანის სახანოები და ირანი გაერთიანებასა და ფეხზე წამოდგომას დიდხანს ვეღარ ახერხებდა. 1749-დან 1796 წლამდე ირანს შაჰი არ ჰყავდა. 1770 წელს ასპინძის ბრძოლაში ერეკლე II-მ გაანადგურა ოსმალეთის არმია. 1780-იანი წლების დასაწყისში ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს ეახლნენ ბრიტანეთისა და ოსმალეთის ელჩები და სამოკავშირეო ხელშეკრულებები გააფორმეს საქართველოსთან. ოსმალეთი ერეკლეს უთმობდა მთელ დასავლეთ საქართველოს, რომელიც 1555 წელს ირან-ოსმალეთს შორის დადებული ამასიის ზავით ოსმალეთის გავლენის სფეროდ ითვლებოდა, სანაცვლოდ ერეკლე უარს ამბობდა რუსეთის მოკავშირეობაზე. ბრიტანეთი საქართველოს მფარველობას კისრულობდა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთო ქართულ-ბრიტანული საწარმოების გახსნას ჰპირდებოდა ერეკლეს. ამ ხელშეკრულებათა შესახებ შეიტყო რუსეთის სამეფო კარმა. რუსები ფრიად შეშფოთდნენ, ვინაიდან ქართულ-ოსმალური და ქართულ-ბრიტანული ხელშეკრულებებით რუსეთი სამუდამოდ კარგავდა გავლენას კავკასიაზე. პეტერბურგმა თვითმიზნად დაისახა ქართლ-კახეთის სამეფოს ბრიტანეთსა და ოსმალეთთან გაფორმებული შეთანხმებების დარღვევა და საერთაშორისო არენაზე ერეკლეს პირის გამტეხად წარმოჩენა. ეკატერინე II-ის ფავორიტმა გრიგორი პოტიომკინმა აამოქმედა აგენტურა და რუსეთში მყოფი ერეკლეს მტერი, ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი. ალექსანდრე რუსეთიდან გაუშვეს ირანში, დასავლეთ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში "სამოგზაუროდ", ხმებიც დაყარეს, თითქოს ალექსანდრე ირანულ-იმერულ-დაღესტნურ ალიანსს კრავდა ერეკლეს დასამხობად და ქართლში გასამეფებლად. ქართლის თავადთა ერთ ნაწილს არ ხიბლავდა კახელი ერეკლეს მეფობა და ღალატსაც არ ერიდებოდა. ირანელი ქერიმ-ხან ზენდი და იმერეთის მეფე სოლომონ I ერეკლეს უთვლიდნენ, ალექსანდრეს მხარს არ დავუჭერთო, ამ დროს კი რუსეთის მოსყიდული დაღესტნელი ხანები ჭორებს ყრიდნენ, ალექსანდრეს გარშემო დიდძალი ჯარი იკრიბებაო. სინამდვილეში, პოტიომკინის ბრძანებით ამ ხანებს ალექსანდრე დატყვევებული ჰყავდათ. ალექსანდრეც და ის ხანებიც პოტიომკინის მარიონეტები იყვნენ, მათი საშუალებით რუსეთი ერეკლეს დაშინებას ცდილობდა. მოკლედ, რუსეთმა ერეკლე არჩევანის წინაშე დააყენა: ან რუსეთის მფარველობა, ან სამოქალაქო ომი საქართველოში. ერეკლეს კარზე მყოფი პოტიომკინის აგენტი რეინექსი რუსეთთან ტრაქტატის საზღაურად ერეკლეს ალექსანდრეს მოცილებას, ანუ ომის აცილებას ჰპირდებოდა. ერეკლემ ძმათა შორის სისხლის ღვრას გეორგიევსკის ტრაქტატი ამჯობინა.…რუსეთს ეს ტრაქტატი მხოლოდ ერეკლეს დისკრედიტაციისთვის, ქართულ-ბრიტანული ალიანსის დარღვევისა და საქართველოს ოსმალეთთან დაპირისპირებისთვის სჭირდებოდა. შესაბამისად, ჯერ 1785 წელს ომარ-ხან ავარელის შემოსევისას არ დაიცვა ტრაქტატის პირობები და არაფერი მოიმოქმედა საქართველოს მტრის წინააღმდეგ, ხოლო 1787 წელს, რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომის დაწყებისთანავე, რუსეთმა დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და მარტოდმარტო დატოვა ერეკლე ოსმალეთის პირისპირ. არსებობდა საფრთხე, რომ ოსმალეთს კავკასიაში წამოეწყო სამხედრო ოპერაციები და საქართველოშიც შემოჭრილიყო.

გეორგიევსკის ტრაქტატის თანახმად, რუსეთი ვალდებულებას კისრულობდა, საგარეო მტრებისგან დაეცვა საქართველო. ამ ომში რუსეთის სარდლობა ბრძოლების წარმოებას დუნაისპირეთსა და ბალკანეთში გეგმავდა და საქართველოს დასაცავად რესურსების დახარჯვა ენანებოდა. ამიტომ ტრაქტატის პირობების თანახმად, საქართველოში მყოფი რუსული ბატალიონები რუსეთის მთავრობამ სასწრაფოდ გაიყვანა და გაწირა საქართველო. მაგრამ ოსმალეთმა ერეკლესთან ომი ვერ გაბედა და ისევ შესთავაზა დასავლეთ საქართველოზე ქართლ-კახეთის სუვერენიტეტის აღიარება რუსეთთან კავშირის გაწყვეტის სანაცვლოდ.…1795 წლისთვის ირანში დაწინაურდა აღა-მაჰმად-ხანი, რომლის პირველობასაც ირანელ ხანთა უმეტესობა აღიარებდა, მაგრამ აღა-მაჰმად ყაჯარი შაჰის ტიტულის მიღებას ერეკლეს თანხმობის გარეშე ვერ ახერხებდა. ერეკლე აღა-მაჰმად-ხანს შაჰად არ ცნობდა, ირანის სახელმწიფოებრიობის აღდგენა ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ირან-საქართველოს მორიგი ომი გარდაუვალი ჩანდა... ისევ გააქტიურდნენ რუსები, გენერალი გუდოვიჩი ერეკლეს ირანელებთან შუამავლობას ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კატეგორიულად სთხოვდა, ერეკლეს ჯარი არ შეეკრიბა, რათა არ გაეღიზიანებინა აღა-მაჰმად-ხანი. იმავდროულად, რუსები ირანელებს აღუთქვამდნენ, რომ საქართველოს ომში არ დაეხმარებოდნენ. რუსები თბილისის ასაოხრებლად აქეზებდნენ სპარსელს. რუსეთს საქართველოს ირანელთაგან აოხრება ხელს აძლევდა, რადგან მერე უფრო იოლად დაიპყრობდა დაცემულ საქართველოს. აღა-მაჰმად-ხანი უკვე ყარაბაღში იყო მოსული, მის ბანაკში იმყოფებოდა ბრიტანეთის ელჩიც, რომელიც დაჟინებით სთხოვდა ირანელებს საქართველოში შეჭრილიყვნენ. ამით ბრიტანელ ელჩს სურდა ერეკლესთვის დაენახვებინა, რომ რუსეთზე მინდობა დამღუპველი იყო. მოკლედ, რუსებისა და ბრიტანელებისგან წაქეზებული აღა-მაჰმად-ხანი მოულოდნელად მოადგა თბილისს. რუსეთზე მინდობილმა ერეკლემ ჯარის 10 პროცენტის შეკრებაც ვერ მოასწრო. გმირულად იბრძოლა პატარა კახმა, ღალატის წყალობით დაეცა ნარიყალა, შვილიშვილებმა­ გაკოჭილი გაიყვანეს 75 წელს გადაცილებული გმირი მეფე, რომელიც ხმლით ხელში მარტოდმარტო აპირებდა მეტეხის ხიდთან მტერზე შეკვდომას. ხუთიოდ დღეში არაგველების თაოსნობით სახელდახელოდ შეყრილმა საქართველოს მხედრობამ ჟინვალთან ამოწყვიტა 6 ათასი რჩეული ირანელი, აღა-მაჰმად-ხანი თბილისიდან გაიქცა. ბრიტანელი ელჩის სურვილი ასრულდა - ერეკლემ სამუდამოდ შეიძულა რუსეთი. 1783 წლიდან, გეორგიევსკის­ ტრაქტატიდან­ მოყოლებული, ქართლ-კახეთს ჰქონდა უფლება, ქართულ ფულზე რუსეთის გერბი და ორთავიანი არწივიც გამო­ესახა, რათა ყველა იმ სახელმწიფოში, სადაც რუსულ ფულს ცნობდნენ, ქართულ ფულსაც ჰქონოდა გასავალი. 1787 წლამდე ერეკლე ზოგიერთ ქართულ მონეტაზე რუსულ არწივსაც გამოსახავდა. კრწანისის ბრძოლის მერე ერეკლეს სიკვდილამდე ქართულ ზარაფხანაში მოჭრილ მონეტებზე თავმოგლეჯილი, ცალთავა რუსული არწივებია გამოსახული. გერბის შეურაცხყოფა სახელმწიფოსთვის ომის გამოცხადების ტოლფასია. ერეკლე მეორემ მთელი მსოფლიოს დასანახავად, შთამომავალთა­ დასანახავად, თავები დააწყვიტა რუსეთის სიმბოლოსა და სიწმინდეს. რუსთმოძულედ აღესრულა პატარა კახი. ერეკლე II-ის პრორუსულობის ბინძური მითი რუსებმა და მათმა მონებმა შეთხზეს, რათა რამენაირად სამართლებრივად გაემართლებინათ საქართველოს ანექსიის სრულიად უკანონო აქტები და პროცესები. რუსეთმა საქართველოს ანექსია 1801 წელს გამოცემული პავლე I -ისა და ალექსანდრე I-ის მანიფესტებით დაიწყო და მხოლოდ 66 წლის შემდეგ, 1867 წელს, ნიკო დადიანის მიერ იმპერატორ ალექსანდრე II-სთვის სამეგრელოს მთავრის ტიტულის მიყიდვით დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ 1803 წლიდან მოყოლებული ოდიშის სამთავრო რუსეთის იმპერატორის ვასალად ითვლებოდა, სამეგრელოს მთავარი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ისეთივე სტატუსით სარგებლობდა, როგორითაც მონაკოს პრინცი, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი, ბავარიის მეფე და ა.შ. ანუ იურიდიულად 1867 წლამდე ერთ-ერთი ქართული სახელმწიფო მაინც ინარჩუნებდა ერთგვარ დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას. ფაქტობრივად, 1757 წლიდან სამეგრელოს მთლიანად რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ და დადიანების ოჯახი პეტერბურგში იყო გადასახლებული. რუსეთის იმპერატორის თვითმიზანს ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის ბოლომდე ამოძირკვა წარმოადგენდა, ამიტომაც მან არ დაინანა მაშინდელი 1 მილიონი რუბლი და ამ თანხით ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟისგან, ნიკო დადიანისგან მთავრის ტიტული იყიდა. მაშინდელი 1 მილიონი თანამედროვე მრავალი მილიარდის ეკვივალენტია. "ბრძენმა" და "პატრიოტმა" ნიკო დადიანმა, თავის ძმასთან, ანდრია დადიანთან ერთად, ეს თანხა დღემდე არსებული მონაკოს პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირის დაფუძნებასა და მონაკოს კაზინოთა ქსელის "განვითარებას" მოახმარა უანგაროდ, ისე, რომ სათავისოდ კაპიკიც არ დაუტოვებია. მან ბოლომდე შეწირა ყოველივე მონაკოს კაზინოებს. ერთი სიტყვით, რუსეთმა საქართველო საბოლოოდ 1867 წელს დაიპყრო და სწორედ ამ წელს რუსეთის იმპერატორმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიჰყიდა ის ტერიტორია, რომელიც დღეს ამერიკის ენერგეტიკული ძლევამოსილების უმთავრესი საფუძველია - ალასკა. ისევ დამთხვევა - 1867 წელს რუსეთი პოლიტიკურად ბოლომდე კლავს საქართველოს, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ, იძულებით თუ სიბრიყვით, პარალელურად, ძლევამოსილების იარაღს გადასცემს აშშ-ს.

nana3-1689513035.jpg

შემთხვევითობათა ჯაჭვი

სხვათა შორის, ამერიკულ-ქართულ სიმბოლიზმში სხვა არაერთი დამთხვევაცაა. აშშ-ის დედაქალაქი ვაშინგტონი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ორი შტატის - მერილენდის (მარიამის მიწის) და ვირჯინიის (მარად ქალწულის მიწა) კვეთაზეა დაფუძნებული. მეტიც, ქალაქ ვაშინგტონის საფუძვლად იქცა დასახლება ჯორჯთაუნი­ ანუ წმინდა გიორგის ქალაქი. თვით ჯორჯ ვაშინგტონიც ვირჯინიელი­, მარად ქალწულის სახელობის კოლონიიდან იყო. სწორედ ვირჯინიის საკანონმდებლო აქტის საფუძველზეა შედგენილი 1776 წლის 4 ივლისის აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტიც. სიმბოლურია, რომ აშშ-ის დამფუძნებელ ერთ-ერთ კოლონიათა შორის უპირველესი არის ჯორჯია (დღეს ჯორჯიის შტატი), რომლის მთავარ ქალაქსაც კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანის/პრომეთეს ძმის ატლანტის სახელი ეწოდება.­ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით დამთხვევებად შეიძლება აღვიქვათ, სად ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო და სად ინგლისის დედოფლების პატივისცემის გამო ძველი კოლონისტების მოფიქრებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელები - მერილენდი და ვირჯინია. შესაძლოა დამთხვევაა 1783 წლის აქტები, 1787 წლისა და 1867 წლის მოვლენები, მაგრამ ეგებ ეს შემთხვევითობათა ჯაჭვია ჩვენთვის საორიენტაციო ნიშანი უფლის განაზრახისა.

ქართველთა ეროვნული სულისკვეთების დაცემა

მე-19 საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ გაუქმების შემდეგ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის თაოსნობით წამოიწყეს რეფორმები, რამაც რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ­ გადააქცია. საგლეხო რეფორმის, სასამართლო რეფორმის, სახელმწიფოს მხრიდან საბანკო სისტემისა და მრეწველობის­ სტიმულირებისა და არმიის რეორგანიზაციის წყალობით რუსეთმა არნახული ტემპით დაიწყო განვითარება. 1913 წლისთვის რუსეთის იმპერია მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო მრეწველობის განვითარების ტემპითა და სოფლის მეურნეობით. მრეწველობის საერთო დონით ის აშშ-სთან, ბრიტანეთსა და გერმანიასთან ერთად ოთხეულში შედიოდა. მაშინდელი პროგნოზების თანახმად, თუკი რუსეთი ომში არ ჩაერთვებოდა, 1922 წლისთვის ყველა პარამეტრით მსოფლიოს ნომერი პირველი სახელმწიფო უნდა გამხდარიყო. ამის ფონზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერსპექტივა სრულ უტოპიად ჩანდა. მართალია, ილია ჭავჭავაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ ქართველობა გადაერჩინა, ქართული კულტურა, ქართველთა ეროვნული თვითშეგნება გაეცოცხლებინა და დიდ შედეგებსაც მიაღწია, მაგრამ რუსეთის ეკონომიკური­ ზრდის ტემპის პარალელურად, მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ სრული კრახი განიცადა. ილია მოკლეს... წმინდა ილია მართალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც დაიხურა პატრიოტული გაზეთი "ივერია" და დაიხურა არა იმიტომ, რომ იმპერიის ცენზურამ აკრძალა, მას მკითხველი და მყიდველი აღარ ჰყავდა. სამაგიეროდ, მეოცე საუკუნის პირველი წლებიდან მოყოლებული, ქართველთა შორის არნახული პოპულარობით სარგებლობდნენ არაეროვნული, სოციალისტური იდეოლოგიის გაზეთები, ნაშრომები, წიგნები და ა.შ. 1909 წელს მცირეტირაჟიან ეროვნულ ჟურნალ "განათლებაში" (რედაქტორ-გამომცემელი ლუარსაბ ბოცვაძე) მიხაკო წერეთელი წერდა: "თბილისის წიგნის მაღაზიათა დახლებზე მრავალი თვეა დევს და არავინ ყიდულობს ალექსანდრე ყიფშიძის (ფრონელის) ისტორიულ ნაშრომს, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისის ანტირუსული მთიულეთისა და კახეთის აჯანყებების თემას ეხება. სამაგიეროდ, ამავე ხანში ენგელსის ნაწარმოებთა ოთხი ტირაჟი გამოიცა და გაიყიდა". ეს მაგალითი მიხაკო წერეთელს იმის თვალსაჩინოდ მოჰყავს, რომ ამ პერიოდის ქართველები გატაცებული იყვნენ ზოგადრუსული ტენდენციებით, სოციალისტური იდეებით, იმპერიის მასშტაბით, კარიერის გაკეთების სურვილით და ქართულ-ეროვნული საკითხები ნაკლებად აინტერესებთ; საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე აღარც ფიქრობდნენ და აღარც იღვწოდნენ. მართლაც, ჯერ კიდევ 1900-იანი წლების დასაწყისში ქართველმა პატრიოტებმა განიზრახეს ეროვნული პარტიების - საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიისა და მისი უფრო ეროვნული განშტოების, ქართული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბება, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე ვერც ერთი პარტიის რეგისტრაციასაც კი ვერ მოაბეს თავი. სამაგიეროდ, რუსული დერჟავნიკული პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთი მემარცხენე ძალის, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის უალტერნატივო ლიდერები ქართველები­ გახდნენ - ირაკლი (კაკი) წერეთელი, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, აკაკი ჩხენკელი, ევგენი­ გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია და ა.შ. ისინი რუსეთის პარლამენტის, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში იმარჯვებდნენ, რუსეთის დემოკრატიზაციისა და გაძლიერებისთვის იღვწოდნენ და საქართველო უფრო და უფრო ავიწყდებოდათ. თანამედროვე ფოთის აღმშენებელი და პირდაპირი გაგებით არქიტექტორი ნიკო ნიკოლაძე ერთ მშვენიერ დღეს ფოთის მერად აღარ აირჩიეს, რადგან ის სოციალ-დემოკრატი არ იყო. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში არჩევნები ორ ეტაპად იმართებოდა­ - ჯერ ირჩევდნენ ამომრჩევლებს,­ მაგალითად, საქართველოს მოსახლეობა ირჩევდა 4 000-დე ამომრჩეველს და მერე ეს ამომრჩევლები­ ირჩევდნენ საქართველოდან რუსეთის პარლამენტის წევრებს. 1913 წელს დიდმა აკაკი წერეთელმა გადაწყვიტა 4 000-მდე ამომრჩეველს შორის ადგილის დაკავება და ამომრჩეველთა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. აკაკი დამარცხდა... "ბედნიერია ქართველი ერი, თუ ჩემზე უმჯობესი 3 500 კაცი ჰყავსო", - თქვა აკაკიმ და მას შემდეგ სახლიდან აღარ გამოსულა.…აკაკი წერეთელს მისმა თანამემამულეებმა - საჩხერელებმა და ჭიათურელებმა მანგანუმის მაღაროს სოციალ-დემოკრატი მუშები ამჯობინეს. მე-20 საუკუნის დასაწყისში "წინწასულ ქართველებს" აკაკის, ილიასა და ნიკო ნიკოლაძის ეროვნულ-პატრიოტული იდეები ანაქრონიზმად მიაჩნდათ (რუსეთის იმპერიის პერიოდის ქართველთა შორის ილია ჭავჭავაძე იყო ფაქტობრივად ერთადერთი მოღვაწე, რომელსაც აშშ ეიმე­დებოდა და მიაჩნდა, რომ მე-20 საუკუნეში მსოფლიოს ერთპიროვნული ლიდერი ამერიკა გახდებოდა).

უნებლიე დამოუკიდებლობა…

1917 წელს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაინგრა რუსეთის იმპერია და 1918 წელს კავკასიაში გერმანიის გენერალური კომისრის ფონ დე შულებურგის დაჟინებული მოთხოვნით ქართველი სოციალ-დემოკრატებით დაკომპლექტებულმა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1918-21 წლებში რეალურად მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო აშშ იყო. 1917 წელს გერმანიის წინააღმდეგ აშშ-ის ომში ჩართვის წყალობით ანტანტამ გაიმარჯვა. ომის დამთავრებისა და ომის შემდგომდროინდელი მსოფლიოს მოწყობის 14-პუნქტიანი გეგმაც ამერიკის პრეზიდენტ ვუდრო უილსონს ეკუთვნოდა. მისი ინიციატივით დაფუძნდა გაეროს წინამორბედი­ "ერთა ლიგაც". არავინ უწყის, როგორ წარიმართებოდა საქართველოს, რევოლუციითა და სამოქალაქო ომით დანგრეული რუსეთის, გერმანიის, ევროპისა­ და მსოფლიოს ბედი, 1919 წელს ვერსალის კონფერენციაზე მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო აშშ-სა და მისი პრეზიდენტის წინადადებები რომ არ უარეყოთ.

მაგრამ ლოიდ ჯორჯმა (ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა) და კლემანსომ (საფრანგეთის პრემიერმა) დანარჩენი ევროპულ სახელმწიფოთა ლიდერებიც აიყოლ­იეს და აშშ ახალდაფუძნებული "ერთა ლიგის" მთავარ საბჭოში არ შეიყვანეს როგორც ახალგაზრდა და გამოუცდელი სახელმწიფო. ამაზე განაწყენებულმა ამერიკის მოსახლეობამ კატეგორიული უარი განაცხადა­ "ერთა ლიგაში" წევრობაზე. უილსონმა ინსულტი მიიღო და მეტყველების უნარი დაკარგა. ამერიკამ იზოლაციონიზმის პოლიტიკა გამოაცხადა და 22 წლის განმავლობაში 1941 წლის 7 დეკემბრამდე, პერლ-ჰარბორზე იაპონელების თავდასხმამდე, მთლიანად მოსწყდა მსოფლიოს არაამერიკულ ნაწილს და ამერიკის კონტინენტზე ჩაიკეტა. იმავე კლემანსომ და ლოიდ ჯორჯმა საქართველოს უარი უთხრეს "ერთა ლიგაში" გაწევრებაზე, რადგან ბოლშევიკურ რუსეთთან აპირებდნენ გარიგებას და არ სურდათ­ საქართველოს გამო დამატებით სადავო საკითხი ჰქონოდათ რუსეთთან ("ერთა ლიგის" წესდების თანახმად, მისი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს თავდასხმის შემთხვევაში, "ერთა ლიგის" ყველა წევრი სახელმწიფო მოვალე იყო იარაღით დაეცვა თავდასხმის მსხვერპლი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა). ლოიდ ჯორჯი და ბრიტანელ პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი იმედოვნებდნენ, რომ ბოლშევიკური რუსეთი მათ უსასყიდლოდ დაუბრუნებდა ბაქოს ნავთობსარეწებს, წილებს რუსულ ფაბრიკა-ქარხნებში, ამის სანაცვლოდ მათ საქართველო გაწირეს - გაყიდეს. ამას დაემატა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული ძალად გაპატრიოტებული მთავრობის უნიათობა და 1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური რუსეთის წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა - საქართველო "გაასაბჭოვა". იურიდიულად, საბჭოთა საქართველო სსრკ-ის შემადგენლობაშიც, 1922-1991 წლებში, სუვერენულ სახელმწიფოდ რჩებოდა და სსრკ-დან უპირობოდ გასვლის უფლებასაც ინარჩუნებდა, მაგრამ, რეალურად, სსრკ სრულიად მონოლითური, ტოტალიტარული სახელმწიფო იყო და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, მოსკოვის ბატონობისაგან გათავისუფლების პერსპექტივა ყველას აბსურდად ეჩვენებოდა. 1946 წლიდან ისევ აშშ - მეორე ზესახელმწიფო დაუპირისპირდა ბერლინის ამღებ ზესახელმწიფო სსრკ-ს. ამ დაპირისპირებას "ცივი ომი" ეწოდა. "ცივი ომი" ამერიკის გამარჯვებითა და საბჭოთა კავშირის დანგრევით დასრულდა - 1991 წლის 25-26 დეკემბერს სსრკ-მ არსებობა შეწყვიტა. ამ დროს რუსული სპეცსამსახურების პროვოცირებით თბილისში ძმათა მკვლელი ომი მიდიოდა. საქართველოში გათიშული იყო ელექტროენერგია, ტელევიზია, რადიო, სატელეფონო კავშირი, გაზეთებიც კი არ გამოდიოდა,…შესაბამისად, 1992 წლის იანვრამდე მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არ ვიცოდით, რომ სსრკ აღარ არსებობდა და საქართველოს იურიდიულად დამოუკიდებლობა ჰქონდა მოპოვებული.

1783 წელს, როდესაც გეორგიევსკში საქართველოს სახელმწიფოსთვის სასიკვდილო განაჩენს აწერდნენ ხელს, პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში ამერიკა იბადებოდა. ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება, ეგებ იბადებოდა იმიტომ, რომ ორი საუკუნის შემდეგ მას საქართველოს სახელმწიფოს მკვდრეთით აღდგენა უზრუნველეყო?