„ერთ დიდ აბდაუბდაში ვცხოვრობთ“
პოეტ გაგა ნახუცრიშვილს იმედი აქვს, რომ ევროპა ქართველი საზოგადოების სულისკვეთებას ხედავს და არ მიგვატოვებს. ამისთვის კი მეტი აქტიურობა გვმართებს, რადგან ისტორია აუცილებლად გვკითხავს, გასაგებია, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთში კინკლაობდა, მაგრამ ხალხი რას აკეთებდით, ეს შანსი რატომ არ გამოიყენეთო. თუმცა მიაჩნია, რომ ეს კითხვა არ დაისმება.
- ევროპა ახლა ქართველი საზოგადოების სწორ, მართალ და ნათელ მხარეს გაყვანის საუკეთესო გამოსავალია. უმეტესობას ეს არჩევანი აქვს გაკეთებული და ხელისუფლება, რომელიც საეჭვოდ მანევრირებს, უნდა ვაიძულოთ, ამ გზას მიჰყვეს. თუმცა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთ იწილო-ბიწილოს თამაშობენ, ერთმანეთს კვებავენ, მნიშვნელოვანი თემებიდან ყურადღების გადატანის იაფფასიან ხრიკებს მიმართავენ, მაგრამ პასუხისმგებლობას მაინც მმართველი გუნდი იღებს. ჩვენ კი უნდა ვიფხიზლოთ. მეტი არაფერი შეგვიძლია, ისედაც პოლარიზებულია საზოგადოება და მეტად ვერ გაიხლიჩება, მაშინ ისევ ერთმანეთს უნდა დავერიოთ და ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. ეს ისევ უკან, იმ წკვარამში დაგვაბრუნებს, რომელიც დიდი ტკივილის, შეცდომების ფასად გამოვიარეთ. ის წლები რომ არა, ახლა სულ სხვაგან ვიქნებოდით, სხვა შედეგები გვექნებოდა დემოკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუტების შენების, მედიათავისუფლების მხრივ... ასე რომ, ამაზე უარესი პერიოდი გამოგვივლია, მაგრამ იმის ფუფუნება არა გვაქვს, რომ დრო ფუჭად დავკარგოთ... მთლიანად სამყარო, მსოფლიო პოლიტიკა იცვლება და ჩვენც უნდა ვიჩქაროთ. საზოგადოებაც პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე, როგორც ცუდ ხელისუფლებაზე, ასევე, ცუდ, უმაქნის ოპოზიციაზე. მანიპულირების საშუალება არც ერთ მხარეს არ უნდა მივცეთ, მაგრამ ვაძლევთ.
- საზოგადოება დაიღალა...
- უკრაინელები წელიწადზე მეტია ომობენ და ისინი არ დაღლილან, ომის პარალელურად, ფაქტობრივად, დანგრეულ ქვეყანაში ცდილობენ სახელმწიფო ინსტიტუტების გამართვას, კორუფციის აღმოფხვრას, ევროპული მომავლისთვის, ნატოსთვის ბრძოლას და ჩვენ რამ დაგვღალა, ერთ წრეზე ტრიალმა? მერედა ვისი ბრალია, ისევ ჩვენი, ეს ხელისუფლება და ოპოზიცია მარსიდან არ ჩამოსულან, საზოგადოების შვილები არიან.
ბოლოს და ბოლოს, გავაცნობიეროთ, რომ სახელმწიფო ჩვენ ვართ. ჩვენს აქტიურობაზე დგას ქვეყნის მომავალი. არ უნდა დავუშვათ, რომ კიდევ ერთი თაობა გაიზარდოს რეჟიმში. ვიცი, მათაც ჰყავთ მხარდამჭერი, ამ ქვეყანაში ყოველთვის არსებობდა მეხუთე კოლონა, საქართველოში ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა, მაგრამ იმედია, რომ ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. არ შეიძლება პირად ინტერესებს ქვეყნის მომავალი გადავაყოლოთ.
ათიათასობით ქართველი ახალგაზრდა ქვეყნიდან მიდის. უმრავლესობა დაბრუნებას არც აპირებს, მაშინ, როცა ასი ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და აქ კომფორტულად გრძნობენ თავს. რუსოფობია არ დამაბრალონ, უამრავი რუსი მეგობარი მყავს, არაერთხელ უთქვამთ, რუსეთში პროგრესულად მოაზროვნეებიც გვყავს, ალბათ, მოსახლეობის 5% და ისინი ვერაფერს ცვლიან, უმრავლესობას იმის სჯერა, რასაც ხელისუფლება ეუბნება, ამიტომაც შიდა ამბოხი გამორიცხულიაო. ქვეყანას ავტორიტარული, ერთპარტიული სისტემა მართავს, ყველაფერს კორუფცია ჭამს, თუმცა ომისთვის რესურსს სულ პოულობს, რათა მეზობელი ქვეყნები თავის ჭაობში ჩაითრიოს და მოსახლეობას დაუმტკიცოს, რომ გავლენა ჯერაც არ დაუკარგავს. ასეთ პოლიტიკას კი ხალხში უამრავი ტაშის დამკვრელი ჰყავსო.
რუსეთი ყოველთვის ებრძოდა ყველაფერ ქართულს, ეროვნულს, ღირებულს. რუსეთში დავიბადე, იქ მხოლოდ სამი თვე ვიცხოვრე. სამწუხაროდ, საბჭოთა რეჟიმში გავიზარდე, თუმცა დღევანდელი რუსეთის მაშინდელ საბჭოთა კავშირთან შედარებაც არ შეიძლება. ახლანდელი რუსეთი 30-იანი წლების საბჭოთა რეჟიმს ჰგავს... მწარე გაკვეთილებიდან ვერაფერი ვისწავლეთ. არ ვიცი, რატომ არ გვეყო, რაც საკუთარ ქვეყანას ვავნეთ, წლების განმავლობაში საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ დასმენები და ანონიმური წერილები. ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ, განვიცდით, მაგრამ თითქოს წყევლაა, მაინც იმავეს ვაკეთებთ. რეჟიმის მსხვერპლი იყვნენ ამბროსი ხელაია, დიმიტრი ყიფიანი, პაოლო იაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი... თითქმის ერთი საუკუნე გავიდა და მაინც ვერ გავთავისუფლდით მაშინდელი გავლენისგან. რა სიმძაფრით უნდა ჩარჩენილიყო ქართველთა მეხსიერებაში ის სახადი, რომ ჯერაც ვერ მოვიხადეთ... ქართველები კი ქვეყნიდან მიდიან, იმიტომ, რომ სამშობლოში უპერსპექტივოდ გრძნობენ თავს. მაგრამ მაინც მგონია, ბევრი დაბრუნდება, წინა თაობებისგან განსხვავებით, ამ თაობას სწორად ესმის სამშობლო. ეს ვნახეთ კიდეც მარტის მოვლენების დროს, სახლში კი არ შეყუჟულან, იბრძოლეს, გონივრულად იმოქმედეს, პოლიტიკოსებს თავის გამოყენების უფლება არ მისცეს. დაბრუნდებიან და უცხოეთში მიღებულ განათლებას ქვეყანას მოახმარენ.
ჩვენ ცუდი მემკვიდრეობა მოგვყვება და სრულყოფილი განათლების სისტემა ვერ ავაწყვეთ, მხოლოდ უმაღლეს განათლებას კი არა, სამოქალაქო განათლებას ვგულისხმობ... სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ჯანსაღი სისტემის დასანერგად ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო. არადა, პოტენციალი გვაქვს, ოღონდ მას განვითარებისთვის სწორი მიმართულების პოვნა უნდა... ძალიან კარგი, ლაღი თაობა მოდის და სწორად შექმნილი სისტემით, მათი რესურსის გამოყენება შეიძლება... ბალტიისპირეთის ქვეყნებში შექმნეს სქემა, რაც არ ამართლებდა, ცვლიდნენ და საბოლოოდ სწორ გზაზე დადგნენ... ფეხბურთი ძალიან მიყვარს და მის მაგალითზე გეტყვით - "აიაქსში" კრუიფის სისტემა იყო, რომელიც "ბარსელონასა" და "ლივერპულშიც" დანერგეს, "ბარსელონაში" გაამართლა, "ლივერპულში" - ვერა. რაც მთავარია, მიხვდნენ, რომ არ ამართლებდა და სისტემა შეცვალეს. უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. შესაძლოა არც ევროპული სისტემა იყოს გამართლებული საქართველოში, ფასეულობების, ღირებულებების აღრევა მოხდეს, ამიტომაც ჩვენი სისტემა გვჭირდება. აქედან წასული ახალგაზრდები სხვა ქვეყნებში წარმატებულ კარიერას იკეთებენ, ურთულეს პროფესიებს ეუფლებიან, აღიარებას აღწევენ, რაც საამაყოა, მაგრამ ახალი სისხლი, რომელიც ქვეყანას სჭირდება, აქ უნდა დუღდეს, სამშობლოს უნდა ხმარდებოდეს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ დაბრუნება ბევრს მოუნდეს. აქ კი წარმატებული ვერ იქნები, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ ემხრობი. ყველა დროებას მორგებული, მორალურად დაჩაჩანაკებული, მაგრამ მოგებისთვის ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკოსები წარმატებული ადამიანების დახმარებით ცდილობენ ფონს გასვლას, მომხრეების მოგროვებას. ის ნიჭიერი ადამიანებიც, რომლებიც აქ ვეღარ ვითარდებიან, ყველა უცხოეთში ვერ წავა, ვინც ვერ მიდის, მართლა იჯერებს, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლით რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს ცალკე სახადია, რომელიც ასევე უნდა მოვიხადოთ...
კარიერის უცხოეთში გაკეთებაში ცუდი არაფერია, იტალიიდან და გერმანიიდანაც მიდიან აშშ-ში, მაგრამ განვითარებულ, დალაგებულ ქვეყანას თუნდაც ასობით ნიჭიერი ადამიანის წასვლა არც დაეტყობა, საქართველოს კი მნიშვნელოვნად აკლდება. უკეთეს ქვეყანაში გამოცდილებამიღებული ადამიანი სამშობლოში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ჯანსაღი გარემო ექნება... წარმატებული ადამიანი სამშობლოში მისდა უნებურად სკოლას ქმნის, სხვებს გზას უკვალავს. ისევ ფეხბურთის მაგალითს მოვიყვან - ერთმა კვარაცხელიამ რამდენი რამ გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის. თავისი ნიჭით, შრომით, წარმატებით, ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გააჩინა. ჰოლანდიური ფეხბურთის სკოლაც ზრდიდა ძლიერ სპორტსმენებს, შემდეგ კი უფრო მდიდარ ქვეყნებში უშვებდა და ეს ძალიან დაეხმარა - ფეხბურთის სკოლაც ცოცხალია და ქვეყანაც განვითარებულია. ფიზიკაში, ფილოსოფიაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში ერთი კი არა, მეტი კვარაცხელია უნდა გავზარდოთ, სხვაგან წასვლის შემდეგ დაბრუნდებიან და ქვეყანასაც დაეხმარებიან. ამაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული საზოგადოებაც და ოპოზიციაც, რომელიც უფრო გროტესკულია, ვიდრე ობიექტური. სისულელეების დევნაზე კი არ უნდა ვფანტავდეთ დროს და ჭიქაში ქარიშხალს კი არ უნდა ვატრიალებდეთ, განათლებაზე უნდა ვზრუნავდეთ. სამოქალაქო განათლების ამაღლებას მოაქვს სწორი ღირებულებები, კანონმორჩილება, პრიორიტეტების სწორად დალაგება. სანამ ეს პრობლემა გვექნება, წინ ვერ წავალთ. ამდენი წელია ერთპარტიული სისტემა გვაქვს, ასეთ დროს კი სულ უფრთო ანგელოზი რომ მოვიდეს ქვეყნის სათავეში, ცდუნება, რომ ყველაფერი პოლიტიზებული იყოს, ძალიან დიდია. ვინმეს მართლა ჰგონია, მმართველი გუნდიდან ვიღაცებს "გარყვნილი ევროპისა და ამერიკის" სჯერათ? სინამდვილეში კანიდან ძვრებიან, რომ შვილებს დასავლური განათლება მისცენ. ევროპა იდენტობას გვართმევსო და ვიღაცებს მართლა სჯერათ, რომ ასეა, არადა, წევრობა იდენტობას კი არ ართმევს, უნარჩუნებს. ამიტომაც არის იქ ცხოვრება სახარბიელო.
მოკლედ, ერთ დიდ აბდაუბდაში ვცხოვრობთ. კრიტიკული აზროვნება და წაკითხულის გააზრება არასდროს ყოფილა ჩვენი ძლიერი მხარე. ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრეები მოჰყავთ მაგალითად, მაშინ ევროპას პეტერბურგიდან ხედავდნენო, ვინც ამ აზრს ამკვიდრებს, ილიას "მგზავრის წერილების" წაკითხვას ვურჩევდი.
მაინც მაქვს იმედი, რომ ევროპა ხედავს ახალგაზრდების, თქვენნაირი და ჩემნაირი ხალხის სულისკვეთებას, ევროპული ოჯახისკენ სწრაფვას და არ მიგვატოვებს.