„შვილმა ეს-ემ-ესი გამომიგზავნა, დედა, ცოცხალი ვარო. მაშინ ვიწამე, რომ დედის ლოცვას სასწაულების მოხდენა შეუძლია“
მარიუპოლი არის ქალაქი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ლამის საძირკვლამდე დაანგრიეს. ომამდე ქალაქში თითქმის 500 ათასი კაცი ცხოვრობდა, ახლა 50 ათასიც აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ კოლაბორაციონისტული ხელმძღვანელობა ცდილობს ქალაქი შეავსოს და ხალხი რუსეთის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩამოჰყავს.შარშან, ივნისში, მას შემდეგ, რაც რუსებმა სამ თვეზე მეტხანს ალყაში მოქცეული ქალაქი აიღეს, რუსეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, აქაურობას აღვადგენთ, სიცოცხლეს დავუბრუნებთო. თუმცა ასე ადვილი არ არის - დაბომბილი სახლების, საბავშვო ბაღების, სკოლებისა და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების უმეტესობა განადგურებულია, მათ აღდგენას ხელახლა აშენება სჯობია. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის კონტროლირებად უკრაინულ ქალაქში, სულ მცირე, 25 000 კაცი დაიღუპა, ასიათასობით კაცმა კი მარიუპოლი, საერთოდ, უკრაინა დატოვა. ომს ათასობით ადამიანის ბედნიერება შეეწირა. საჰაერო იერიშების დროს ხალხს ქაოსურად უწევდა გაქცევა, გაიყვნენ ოჯახები, ბევრმა დღემდე ვერ იპოვა ახლობლები. ნაწილი ფილტრაციის ბანაკის გავლით რუსეთში გადაიყვანეს...გაიყო მარიუპოლელი დების, მარიასა და ელენას გზებიც. ქართველი ნათესავების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ქალაქი ვითარების გამწვავებამდე დაეტოვებინათ, ისინი მაინც იქ დარჩნენ, რადგან ორივეს შვილი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ერთ-ერთმა ქალაქი არც შემდეგ დატოვა, რადგან ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს ვერ მიატოვებდა. ცოლ-ქმარმა გარეუბანში, ახლობლის სახლს შეაფარა თავი.
- არ ველოდით, თუ ასეთი სასტიკი ბრძოლები იქნებოდა და რუსები დიდსა და პატარას, ქალსა და მოხუცს, ამოხოცავდნენ. როდესაც შორიდან ისროდნენ, პრორუსულად განწყობილი ხალხი ამბობდა, ნუ გეშინიათ, აქამდეც რომ მოვიდნენ, მშვიდობიან მოსახლეობას არ ესვრიანო. 2014 წლის მაგალითი კი გვქონდა, სროლის ხმა ზოგჯერ ჩვენამდეც აღწევდა, მაგრამ იქ ასეთი საშინელება არ დატრიალებულა, ეთნოწმენდა არ ყოფილა...
ჩემი დისშვილი "აზოველია", უკრაინის პირველი ომიდან, 2014 წლიდან მსახურობს ამ ბატალიონში. ადგილობრივების ნაწილი მათ ნეონაცისტებსაც ეძახდა და ძალიან ბევრჯერ მეც დავფიქრებულვარ, რატომ იყვნენ ასეთი განსხვავებულები.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ არაერთხელ მიუღია კონტუზია, მაგრამ საავადმყოფოდან გამოწერის დღესვე ნაწილს უბრუნდებოდა, შინ არასდროს მისულა ჭრილობის მოსაშუშებლად. თებერვლის ბოლოს, როდესაც რუსეთი მასშტაბურ შეტევაზე გადმოვიდა, მე და დედამისი ვტიროდით, ხალხი სახლ-კარს ტოვებს, ცხოვრება ენგრევათ, ამაზე უარესი რა უნდა იყოს-მეთქი, ის კი გვპასუხობდა, რუსეთის მონობაა მაგაზე უარესიო, და ცნობილი უკრაინელი ატამანის, ივან სირკოს სიტყვები მოჰყავდა, მონები მონებს შობენ, ჩვენ კი, მადლობა ღმერთს, მონები არა ვართო. მათ "ტერორისტებს" უწოდებდნენ. რუსული პროპაგანდა მუშაობდა და შედეგიც ჰქონდა. "აზოვის" ბატალიონის წევრის ოჯახის წევრობა არც მშვიდობის დროს იყო ადვილი, რადგან რუსეთი პროპაგანდაში ძალიან დიდ ფულს დებდა და ბევრი ადგილობრივი ამრეზით გვიყურებდა. იყო შემთხვევები, როდესაც ჩემს დას შინ ქალები მიუცვივდნენ, ჩვენი 19-20 წლის ბიჭები გაწევრდნენ იმ ტერორისტულ დაჯგუფებაში და ეს შენი შვილის დამსახურებააო. იმ სამთვიანი ალყის დროს ხედავდნენ, როგორ იქცეოდნენ რუსი სამხედროები, რის ფასად უძლებდნენ მტრის დარტყმებს "აზოველები" და უამრავმა მოგვიბოდიშა. ჩემს დისშვილს სხვა მიმართულება ებარა, იმ ავადსახსენებელ ქარხანაში არ ყოფილა, მაგრამ ორჯერ მაინც მძიმედ დაიჭრა.
რაც დრო გადიოდა, სიტუაცია სულ უფრო მწვავდებოდა, არ გვქონდა შუქი, გაზი, წყალი, საჭმელი... ყველაზე მეტად უწყლობა და უწამლობა გვიჭირდა, რადგან ბომბსაფრებში ადამიანები ხშირად ხდებოდნენ ავად... ჩემს შვილს ხელში იარაღი არასდროს აუღია, მაგრამ შინ ვერ დავჯდებიო და მოხალისედ ჩაეწერა. ქალაქში დარჩენილ ადამიანებს ეხმარებოდა - წყალსა და საკვებს აწვდიდა, ვისაც გასვლა უნდოდა, ტრანსპორტის საკითხს უგვარებდა, რაც ძალიან ძნელი იყო, რადგან რუსული არტილერია და ქვეითები ყველანაირ მანქანას, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებსაც ესროდნენ. პირდაპირ მანქანაში ჩაცხრილეს დები, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში მედდებად მუშაობდნენ. გოგონებს დედა რუსი ჰყავდათ და ეგონათ, ამის წყალობით ხალხის დახმარებას შეძლებდნენ. მე და ჩემი 13 წლის შვილიშვილი დაბომბვას ისე შევეჩვიეთ, იმ გრუხუნშიც ვიძინებდით, ერთი-ორი საათით ვისვენებდით. ჩემი დისა და სიძის ამბავს ახლობლებისგან ვიგებდით, მობილური კავშირი ხან იყო, ხან არა. უკვე ერთსა და იმავე ადგილას ვერ ვაფარებდით თავს, როგორც კი გაიგებდნენ, რომ სარდაფში ხალხი იყო, ეჭვი ჰქონდათ, რომ მათ შორის სამხედროებიც იყვნენ, და არტილერია გვბომბავდა. ერთ დღეს გამაყრუებელი ზანზარის ხმაზე გამოვცვივდით გარეთ. ჩემი ოჯახის წევრებს, შვილს, დასა და სიძეს ვეხვეწებოდი, გავქცეულიყავით, მაგრამ არ მომყვებოდნენ, შვილს ვერ ტოვებდნენ - ჩემი და მეუბნებოდა, მის გარეშე სად უნდა წავიდე, რომ დაგვხოცონ, მე და ჩემს ქმარს დამტირებელი ხომ გვინდა, ან პირიქით, შვილი რომ მომიკლან, პატრონი ხომ უნდაო. მაშინ პირველად გავაცნობიერე ომის საშინელება - დედა შვილის სიკვდილზე ასე საუბრობდა.
ერთხელაც დაბომბვის დროს ხალხის ნაკადს გავყევით და ასე აღმოვჩნდით მარიუპოლის საკონცერტო დარბაზის სარდაფში, სადაც ორ კვირაზე მეტი გავატარეთ. თან 13 წლის შვილიშვილი მახლდა, შვილზე, დასა და მის ოჯახზე არაფერი ვიცოდი. სასმელი წყალი რომ ამოგვეწურა, სარდაფსა და მის ახლოს გუბეებში დარჩენილ წყალს ბოთლებით ვიღებდით და ვსვამდით. გაჭირვებით გვაწვდიდნენ პურს. უამრავმა, განსაკუთრებით ასაკოვნებმა, ვერ გაუძლეს და დაიღუპნენ. გარეთ ვერ გავდიოდით, ცხედრებს მხოლოდ გასასვლელთან ვაწვენდით. მიწაზე გვეძინა. საბნებს ვაფენდით, რომ არ გავყინულიყავით, მაგრამ მაინც ვიყინებოდით.
ერთ დღეს რუსულმა საჰაერო მოიერიშეებმა შენობის სახურავს დაარტყეს - ჯერ სტვენისმაგვარი რაღაც გავიგონეთ, შემდეგ თითქოს ყურის დაფი გამისკდა და ძლიერი დარტყმა ვიგრძენით. იმდენად ძლიერად შეგვაზანზარა, თვალებში დაგვიბნელდა. ძლივს დავინახე, რომელიღაც მხარეს ჭერი ჩამოინგრა და იქ მყოფი ადამიანები მოიყოლა. ჩვენ გადავრჩით, მაგრამ შოკიდან ვერ გამოვდიოდით. იქიდან მესამე დღეს, დილით გამოგვიყვანეს, უსმელ-უჭმელები, მტვერში ამოგანგლულები, მაგრამ ამას ვინ დაეძებდა, იქ ათეულობით ადამიანი, ბავშვი და ქალი დაიღუპა. მანქანებში ჩაგვსხეს, თან მხოლოდ ერთი ჩანთა მქონდა და ტელეფონი. ქალაქი, რომლის ნანგრევებიც ორი კვირის წინ შენობის სარდაფში ჩასვლამდე დავტოვე, თითქმის აღარ არსებობდა. ჩემს შვილზე, დაზე, მის ოჯახზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ არჩევანი უნდა გამეკეთებინა, თუ დავრჩებოდი, შვილიშვილს დავკარგავდი, რადგან ბავშვი ცოცხალ-მკვდარი იყო. როდესაც მოხალისე ჯგუფის ქალს ვუთხარი, როგორ წამოვიდე, ოჯახის წევრებზე არაფერი ვიცი-მეთქი, თითქმის დაუკითხავად ჩამსვა მანქანაში, მით უფრო უნდა წახვიდეთ, ოჯახიდან ვინმე ხომ უნდა გადარჩესო... ეს სიტყვები მთელი გზა ზარივით მესმოდა ყურში. მივდიოდი, მაგრამ შვილზე არაფერი ვიცოდი, ღმერთმა დასწყევლოს ომი და არავის განეცადოს ის, რაც იმ დღეებში გადავიტანეთ.
- დის ამბავი როდის გაიგეთ?
- იქიდან ყირიმში, შემდეგ კი დიდი წვალებით საქართველოში ჩამოვედით... თვეზე მეტხანს არაფერი ვიცოდით. არ ვიცოდი, მეგლოვა თუ რამის იმედი მქონოდა. მარიუპოლელებმა ინტერნეტში ჯგუფი შევქმენით და ვცდილობდით ერთმანეთზე ამბების გაგებას. ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაცია წერდნენ, თითქოს ჩემი შვილი სადღაც ნახეს, პურსა და ზეთს არიგებდაო. მერე სხვა პასუხობდა, ის ქუჩა აღარ არსებობს, ვისთან უნდა მისულიყოო. ვერც დის ოჯახზე ვიგებდი რამეს. ხანდახან გულში ჩემს აზოველ დისშვილზე ვბრაზობდი, თან ვტიროდი, მისი ახირება რომ არა, ყველანი მშვიდობიანად წამოვიდოდით-მეთქი, შემდეგ ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა, როგორ ვკიცხავ-მეთქი. 19 წლის იყო, სამხედრო ფორმა რომ ჩაიცვა, წლების განმავლობაში არ უძინია, არ უჭამია და დაუსვენია, ამხელა მონსტრს ებრძვის თავის მეგობრებთან ერთად, სხეული სულ დაჩეხილი აქვს ჭრილობებისგან. ამის გახსენებაზე ჩემი სულმოკლეობის მრცხვენოდა...
ქართველი ნათესავის სახლში ვიყავით და მათი შეწუხება, არც მოზარდი შვილიშვილის დათრგუნვა მინდოდა და ჩუმად ვტიროდი. ვფიქრობდი, თუკი ჩემები ცოცხალი არ არიან, საჭმელი როგორ უნდა ვჭამო, როგორ უნდა ვიცინოდე, თუ მათ საფლავიც არა აქვთ-მეთქი... თვე-ნახევრის შემდეგ ჩემმა მარიუპოლელმა ბერძენმა მეზობელმა ვიღაც თავშეხვეული კაცის ფოტო ჩამიგდო - ეს შენი შვილია, ცოცხალია, ახლა მეტს ვერაფერს გეტყვიო. ცუდი ხარისხის ფოტო იყო, მილიმეტრებში მოვაახლოვე, ათასჯერ გადავამოწმე, ჩემი შვილი იყო თუ Uარა, ხომ არ მატყუებენ-მეთქი, კი, ჩემი შვილი იყო... შვილიშვილმაც იცნო მამა. შემდეგ კიდევ მომწერეს, მეც ვნახე შენი შვილი, დაჭრილია, მაგრამ ცოცხალიო. ღმერთს მადლობას ვწირავდი, ოღონდ გადარჩეს და ჩემი ხელით ვაჭმევ-მეთქი. შემდეგ ეს-ემ-ესი გამომიგზავნა, გამარჯობა, დედა, მე ცოცხალი ვარო. მაშინ საბოლოოდ ვიწამე, რომ დედის ლოცვას სასწაულების მოხდენა შეუძლია.
- დის ამბავი როდის გაიგეთ?
- ბევრად გვიან. ჩემი შვილი თავის მეგობრებს დაუკავშირდა და ის მისამართი უთხრა, სადაც ისინი გვეგულებოდა. იქაურობა აღარ არსებობს, რუსებმა პირველ რიგში იმ რაიონს დაარტყესო. რამდენიმე ხნის შემდეგ "აზოველი" დისშვილი დაუკავშირდა ჩემს შვილს, დედა და მამა იქაურობას გავარიდებინე, მაგრამ მამამ მგზავრობას ვერ გაუძლო და გარდაიცვალაო... გარკვეული დროის შემდეგ ჩემი და შინ დაბრუნდა და ქმარი გადაასვენა საგვარეულო სასაფლაოზე. პერიოდულად მეხმიანებოდა, აქაურობა ერთი დიდი სასაფლაოაო. კორპუსი, სადაც მე ვცხოვრობდი, შუაზე ყოფილა გადახსნილი. მისი სახლიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ მაინც დარჩა.
რუსული მედია მარიუპოლის "სწრაფი ტემპით აღდგენის" შესახებ კი აქტიურად წერს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ახალი სახლები შენდება, ოღონდ რუსეთის სხვადასხვა რესპუბლიკებიდან ჩამოყვანილი ახალი "ბინადრებისთვის" - კაზაკებისთვის, დაღესტნელებისთვის, თათრებისთვის, ბურიატებისთვის... ისინი მშენებლობაზე მუშაობენ. სხვა სამუშაო არც არსებობს. მხოლოდ ერთადერთი რაიონი აღადგინეს - "ნევსკი" და თეატრის შენობა.
ქალაქში ვითომ 1,5 ათასი ბინა ჩააბარეს, მაგრამ უმეტესობა იმდენად უხარისხოდ არის აშენებული, რამდენიმე წელში ავარიული იქნება. იმედია, მანამდე მარიუპოლი ისევ უკრაინელების კონტროლს დაუბრუნდება. ახალ ან გარემონტებულ სახლებში ფანჯრები უსწორმასწოროდ არის ჩასმული, ღრიჭოები აქვს. ჩემი დის სახლს სახურავი არა აქვს, ყოველ წვიმაზე წყალი ჩამოსდის, არაერთხელ შეჰპირდნენ, მაგრამ არ გადახურეს, ჯერ სხვა გეგმები გვაქვსო - ალბათ, უზბეკები, ტაჯიკები, კაზაკები და დაღესტნელები უნდა დააბინაონ. ჩემი ახლობლის კორპუსს სახურავი გამოუცვალეს, მაგრამ მეტი ფული არა გვაქვს, დანარჩენი შენ გააკეთეო. სად აქვს ხალხს ფული, მაღაზიებში სურსათი ისეთი ძვირია, ერთეულები ყიდულობენ. ჩემს დას პენსია აქვს და როგორღაც გააქვს თავი.
- შვილზე არაფერს ეუბნებიან?
- არა, რადგან ქალაქში დარჩენილების უმეტესობის ოჯახის წევრი იბრძოდა და ერთმანეთის საიდუმლოს ინახავენ. მითხრა, რომ პირველ ხანებში ბინის მოსაწყობად 100.000 რუბლს (3.000 ლარი) აძლევდნენ, მაგრამ ახლა ამასაც არ იძლევიან. კორპუსებში წყალი არ არის. ვინც მაინც დაბრუნდა და გაურემონტებელ სახლებში შესახლდა, ამბობს, რომ ზოგჯერ ერთიდან მეორე ბინაში უწევთ გადაბარგება, რადგან საცხოვრებლად ვარგისი ფართობებიდან სამუშაოდ და საცხოვრებლად ჩამოსულები აგდებენ, აქაურობის პატრონი ახლა ჩვენ ვართ, თქვენ ახალი ბინა იშოვეთო. ფილტრაციის ბანაკგავლილები ბრუნდებიან, ოჯახის წევრები ასე ცდილობენ ერთმანეთის პოვნას. შემოდგომაზე ვფიქრობდი შვილიშვილთან ერთად მარიუპოლში ჩასვლას, მაგრამ მითხრეს, არავინ იცის, ხვალ-ზეგ რა იქნება და თავის შეკავება ჯობიაო. არ არის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, განათლება, ექიმები და სამედიცინო ინვენტარი არ არსებობს. ადგილობრივებს ქალაქიდან გასვლა, ახალჩამოსულებისგან განსხვავებით, შეზღუდული აქვთ. ამბობენ, ოკუპაცია ნელ-ნელა გვხოცავსო.