გზა მართვის მოწმობის თეორიულიდან პრაქტიკულ გამოცდამდე - კვირის პალიტრა

გზა მართვის მოწმობის თეორიულიდან პრაქტიკულ გამოცდამდე

მცირემანქანიან რეგიონებში მართვის ­ მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება­ ადვილიაო, რომ ამბობენ, დავიჯერე და დავრეგისტრირდი ახალციხეში. ჰოდა, იცოდეთ, ტყუილია, არ არსებობს ადვილი და ძნელი ქალაქები, უბრალოდ, გამოცდის ჩაბარებაა ზოგისთვის შედარებით ადვილი, ზოგისთვის შედარებით ძნელი... 18 წლის მაგდა ზარქუა გვიამბობს, მართვის მოწმობის აღების გადაწყვეტილებიდან დღემდე­ რა გზა გაიარა, რამდენი დახარჯა და რა ეტაპზეა ამჟამად.

- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 25 თებერვალს ჩემმა ძმამ სიურპრიზად დამარეგისტრირა მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე გორში. სხვაგან ადგილები არ იყო. ჯავშნის ფასი 55 ლარს შეადგენდა. სულ მინდოდა მართვის მოწმობა მქონოდა, მაგრამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ვერ ვიცლიდი მართვის მოწმობის საგამოცდო ბილეთების სასწავლად, ახლა კი ფაქტის წინაშე დავდექი და მეცადინეობას შევუდექი. თეორიულ გამოცდაზე გასვლამდე თბილისში 1 პრაქტიკის გაკვეთილი გავიარე, რაც 35 ლარი ღირდა. გამოცდის წინ 30 ლარად ავიღე ფსიქოც. გორში­ ჩასულმა თეორიული გამოცდა პირველ ჯერზე ჩავაბარე, შემდეგ დახურულ მოედანზე გავედი, სადაც პირველი გასვლა უფასოა, შემდეგ კვირაში ერთხელ უფასო, სხვა დროს კი 30 ლარი. მე იმ დღეს უფასო გასვლითაც ვისარგებლე და ფასიანითაც­, მაგრამ არ გამიმართლა. რამდენიმე დღეში ისევ ჩავედი გორში, კვლავ ფასიანი გასვლით ვისარგებლე (ანუ კიდევ 30 ლარი გადავიხადე). გამოცდამდე 2 წრე გავიარე სავარჯიშო მოედანზე ინსტრუქტორის თანხლებით, რაც 10-10 ლარი ღირდა. ამის შემდეგ ჩავაბარე. ესე იგი თეორია პირველზე, ხოლო დახურულ მოედანზე გამოცდა მესამე ცდაზე ჩავაბარე და მთლიანობაში ეს 200 ლარი დამიჯდა.

- შემდეგი ეტაპი რა იყო?

- ავტომობილის მართვის პრაქტი­კული­ გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება, რისთვისაც 27 აპრილს ახალციხეში დავჯავშნე საგამოცდო დრო, 90 ლარის სანაცვლოდ. ზოგი ამბობს, კარგია ეს გამოცდა რომ დაამატეს, კვალიფიციური მძღოლებით შეივსება ქვეყანაო. სექტემბრიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო რომ იქნება, ესეც კარგია, მძღოლს აუცილებელი უნარებით გაამდიდრებს (ეს მოთხოვნა გულისხმობს ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის პასუხს ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად).

გამოცდაზე ჩასულმა­ მარშრუტების გასაცნობად ავტოსკოლის­ ინსტრუქტორი დავიქირავე. "დევ­ენთეთო"­ რომ გვეტყოდა, ნიშნავდა, რომ რომელიღაც­ კონკრეტული­ მარშრუტის სტარტზე ვიდექით. ზუსტად იმ მარკის ავტომობილით ვიმეცადინე, რომლითაც გამოცდა ბარდება.

ახალციხეში 3 საგამოცდო მარშრუტია, თითოში 30 ლარი გადავიხადე. შემდეგ გამოცდაზე შევედი, კარგად დავიწყე, თუმცა მსუბუქი შეცდომებით. შუქნიშანთან რომ გავჩერდი, მიმართულება დამავიწყდა, უკნიდან მანქანები მომადგნენ, რის გამოც ვიჩქარე მანქანის დაძვრა, და ამ სიჩქარეში­ ღერძულა ხაზი გადავკვეთე... და ჩავიჭერი. მე პირველ უიღბლობას ვდარდობდი, თუმცა როგორც შემდეგ შევიტყვე, ჩემზე ბევრად სტაჟიანებიც ყოფილან, თურმე ერთი გოგონა 17-ჯერ გასულა ჩასაბარებლად. ჩვენ სადაც დავბინავდით, მეზობელმა ვართანამ მითხრა, ჩემი შვილიშვილი­ 18-ჯერ გავიდა და ჯერ კიდევ არ აუღია მართვის მოწმობაო. დარდობდა, რაც მაგ გამოცდებში ფული ჩაყარა, მაგის ნახევარ ფასად ერევანში გაწიკწიკებულ მართვის მოწმობას იყიდდაო.

მარცხი გულსატკენია, თუმცა მესმის, რომ მძღოლი აუცილებლად კვალიფიციური უნდა იყოს და გამოცდაზეც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა გადიოდეს, მით უმეტეს, რომ ყველა მხრიდან კამერა აქვს საგამოცდო მანქანას დამონტაჟებული, პლუს ერთი ზემოდან, ასე რომ, გულითაც რომ უნდოდეს ინსტრუქტორს დახმარება ან მინიშნება, ამას ვერ იზამს.

ბუნებრივია, პირველ მარცხზე არ დამიყრია ფარ-ხმალი და რადგან საგამოცდო­ მარშრუტები, ასე თუ ისე, უკვე ვიცოდი, მომდევნო ჯერზე ისევ ახალციხეში 90 ლარად დავრეგისტრირდი.

ახლა გიამბობთ, რაც გამოცდაზე გასვლამდე მოვისმინე, თუ რა გამოცდილებას უზიარებდნენ ჩემს დღეში მყოფნი ერთმანეთს. გასათვალისწინებელია, როდის რეგისტრირდები, როდის დაჯავშნი დროს. პიკის საათში არ გირჩევთ, ამ დროს ყველაზე მეტი მანქანა­ მოძრაობს. თურმე­ ზოგიერთი გამოცდის წინ პოსტავს­ სოცქსელში,­ დღეს 3-დან 4 საათამდე გამოცდა მაქვს და გთხოვთ­ ამ საათებში მანქანით ქალაქში გამოსვლისგან თავი შეიკავოთო.

- თითო მარშრუტის ხანგრძლივობა რამდენ წუთს შეადგენს?

- როგორც ტრენერმა მითხრა, 30-40 წუთს (დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მოძრაობაა ქალაქში). წინასწარ არ იცი, რომელი მარშრუტი შეგხვდება, მას კომპიუტერი გირჩევს. გამოცდის წინ ისევ გავიარე სარეპეტიციოდ ახალციხის საგამოცდო მარშრუტები, რაშიც 90 ლარი გადავიხადე. იმის მიუხედავად, რომ გამოცდა კარგად დაიწყო, არ ვნერვიულობდი და მარშრუტის ნახევარი თითქმის გავლილი მქონდა, გზაზე მოულოდნელად ქვეითი ჩამოვიდა ტროტუარიდან, "ზებრიდან" საკმაოდ შორს იდგა. რადგან ჩემკენ არ იყურებოდა, ვიფიქრე, არ აპირებს გზის გადაკვეთას-მეთქი, ამიტომ სვლა კი შევანელე, მაგრამ არ დავამუხრუჭე, ჩემ ნაცვლად ინსტრუქტორმა დაამუხრუჭა - ანუ ისევ ჩავიჭერი...

იცით, დღეს ჩემთვის რა არის ყველაზე­ ბედნიერი დასანახავი? - მარშრუტზე გასული მანქანა უკან რომ ბრუნდება და ინსტრუქტორი კვლავ მძღოლის გვერდით ზის. ეს ნიშნავს, რომ გამოცდა ჩაბარებულია. იმედია, მესამე ჯერზე მეც ასე მივაბრძანებ ჩემს გამომცდელს მარშრუტის ფინიშზე, მანამდე კი 280 ლარით გაღარიბებული ჯერ მხოლოდ გამოცდილებით ვმდიდრდები.

მალე გამოცდებს პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც დაემატება

"კვირის პალიტრა" შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის, ახალციხე-ახალქალაქის სამსახურის უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკ გივი სანდროშვილს დაუკავშირდა:

- რა შედეგი მოიტანა ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებამ?

- უფრო საფუძვლიანად სწავლობენ, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (შიდა მოედანზე) შემდეგ, მეორე ეტაპი შედარებით უფრო რთულია, რეალურ პირობებში უწევთ მოძრაობა.

- ამბობენ, ახალციხეში ჩაბარება შედარებით ადვილიაო, თქვენ ეთანხმებით?

- ეს ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია. ზოგი აბარებს, ზოგი ვერ აბარებს, რადგან სათანადოდ მომზადებული არ არის. მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ერთი და იმავე პირობებით და წესებით მუშაობს. ყველაფერი მომზადებაზეა დამოკიდებული.

- გოგონები უფრო ყოჩაღები არიან თუ ბიჭები?

- გოგონები. ბიჭები მეტად თავდაჯერებული არიან და ხშირად ეს ხდება მათი ჩაჭრის მიზეზი.

- უმეტესად მერამდენე გასვლაზე აბარებენ ამ ქალაქში პრაქტიკულ გამოცდას?

- არის კატეგორია, რომელიც პირველივე გასვლაზე აბარებს, ასეთი არც ისე ბევრია. თეორიას და შიდა მოედანზე გამოცდას ბევრი აბარებს პირველივე ცდაზე.

- ყველაზე მეტჯერ რამდენჯერ გასულან ქალაქში პრაქტიკულ გამოცდაზე?

- ინდივიდუალურია. 5-ჯერ, 7-ჯერ, 15-ჯერ, 20-ჯერაც გასულან.

- დისკვალიფიკაცია რა შემთხვევაში ეძლევა გამოცდაზე გასულს?

- დისკვალიფიკაციის მიზეზია: საავარიო სიტუაციის შექმნა და მანქანის დროულად ვერგაჩერება; საგამოცდო ელემენტის ვერდასრულება; საგამოცდო პროცესისთვის ხელის შეშლა; გამოცდის ელემენტების თანამიმდევრობის დარღვევა; გამოცდაზე ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა და სხვა. 12 მსუბუქ შეცდომაზეც იჭრება მართვის მოწმობის მოპოვების მსურველი. ასევე, თუ 6 ერთი სახის შეცდომა დაუშვა, მაშინაც.

- მალე კიდევ ერთი გამოცდა ემატება. რას ითვალისწინებს ის?

- პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმებას. მაგალითად, სად დევს სათადარიგო საბურავი, ან წყალი საიდან უნდა ჩავამატოთ და ა.შ. მძღოლობის კანდიდატს წარმოდგენა ხომ უნდა ჰქონდეს ასეთ საკითხებზე? ზოგი ისეთი გამოსულა გამოცდაზე, წვიმის დროს როგორ უნდა გაწმინდოს მინები, არ იცის. ღამით ხილვადობა რომ აღარაა, ფარების ჩართვა ან წყალი საიდან უნდა ჩაამატოს ხომ უნდა იცოდეს?

- ვთქვათ, არ ვეთანხმები ჩაჭრის შესახებ გადაწყვეტილებას, სად შემიძლია პრეტენზიის განცხადება?

- შეგიძლიათ საგამოცდო ოქმის მოთხოვნა და საგამოცდო ჩანაწერის ნახვაც. არის საჩივრის დაწერის შემთხვევებიც, გამოცდის მსვლელობის ვიდეოჩანაწერსა და ოქმს კომისია განიხილავს და შედეგიც გეცნობებათ.

- ძირითადად, რა ასაკის მოქალაქეები მოდიან მართვის მოწმობის ასაღებად?

- 17 წლიდან ყველას სურს მართვის მოწმობის აღება. იყო შემთხვევა, 60-65 წლის ქალბატონიც გამოვიდა გამოცდაზე.

- რამდენჯერ შეუძლიათ ქალაქში პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა?

- როცა მოქალაქე თეორიას ჩააბარებს, 30 დღე აქვს შიდა მოედანზე გამოცდის ჩაბარებისთვის, შემდგომ იწყება მეორე ეტაპი, რისთვისაც 1 წელი ეძლევა. აქედან 30 დღეში ერთხელ შეუძლია 90-ლარიანი მომსახურებით ისარგებლოს, დაჩქარებული წესით - კვირაში ერთხელ გამოცდაზე გასვლა 250 ლარი ღირს. თუ ამ 1 წლის განმავლობაში მოქალაქე ვერ ჩააბარებს გამოცდას, ხელახლა უწევს ყველა ეტაპის გავლა.

960-ჯერ?!

mowmoba2-1689521112.jpg

სამხრეთკორეელი 69 წლის ქალის ისტორია ბევრისთვის შეიძლება მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდეს. ქალი, სახელად ჩა სა-სუნი, მართვის მოწმობის გამოცდაზე 960-ჯერ (იგულისხმება თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლის ჯამური რაოდენობა) გავიდა და საბოლოოდ, მიიღო. ქალმა წლების განმავლობაში 13.500 დოლარი დახარჯა, რათა მოწმობა აეღო.

მან პირველად 2005 წელს სცადა თეორიული ნაწილის ჩაბარება, მაგრამ ჩაიჭრა. სა-სუნს ავტომობილის მართვა ბოსტნეულით ვაჭრობისთვის სჭირდებოდა. ჩა სა-სუნმა ისე გაითქვა სახელი, რომ სამხრეთკორეულმა ავტომობილების მწარმოებელმა Hyundai-მ 13.000 ევროს ღირებულების ავტომობილი აჩუქა.