მენახშირეობა ძველ თბილისში
ძველ საქართველოში მოსახლეობის ერთი ნაწილი სათბობის ძირითად საშუალებად ხის ნახშირს იყენებდა. მასზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა თბილისში იყო.
თავდაპირველად მენახშირეობა რაჭველებმა და იმერლებმა დაიწყეს. თუმცა ახალ საქმეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმაც ადვილად აუღეს ალღო. ამიტომ, მენახშირეობა ყველაზე მეტად თბილისის მიმდებარე სოფლებში - წყნეთში, ბაგებში, ნახშირგორაზე, დიღომში, შინდისში, ტაბახმელაში, გუდელისში, კოჯორში, ბორბალოსა და მარტყოფში განვითარდა.
თბილისის გარშემო არსებული ტყეები, რაც კი მტრის გაუთავებელ შემოსევებს გადაურჩა, სარეწაო ნახშირისა და შეშის გამო იჩეხებოდა და ნადგურდებოდა. ტყე ამ დროს ძირითადად მემამულეთა ხელში იყო. გლეხები და უმეტესად ვაჭრები შეშას ყიდულობდნენ და საგანგებოდ გამართულ ორმოებში ერთ ადგილას წვავდნენ, ნახშირს ამოარჩევდნენ, ნამწვავი და ნაცარი კი ადგილზე რჩებოდა. ამ საქმიანობის ნაკვალევი, ანუ ნახშირის დამზადების ადგილები ტყეებში დღემდე გვხვდება.
ძველად ხელოსანთა გაერთიანებას ამქარი ეწოდებოდა. ხელოსნობის თითოეულ დარგს საკუთარი ამქარი ჰყავდა. ამქრის გამგეობას უსტაბაში განაგებდა. ყველა ამქარს ჰქონდა თავისი დროშა, გერბი, წესდება, სალარო; ჰყავდა თავისი მფარველი წმინდანი.
თბილისის მენახშირეებიც, ქალაქის სხვა ხელოსანთა მსგავსად, ამქარში იყვნენ გაერთიანებული. ერთად წვავდნენ ნახშირს და მოგებულ ფულსაც თანაბრად ინაწილებდნენ, ხოლო ტყის მეპატრონეს გამოსაწვავი ორმოდან კვირაში ერთი გოდორი ნახშირის საფასურს უხდიდნენ. განსაზღვრული იყო ნახშირის წვის სხვადასხვა ხერხი, ხარისხის განსაზღვრისა და გასაღების ადგილები.
მენახშირეობა განსაკუთრებით XVIII საუკუნიდან იწყებს განვითარებას.
როგორც ჩანს, ქალაქის მიმდებარე სოფლებს შეშითაც ევალებოდათ სახელმწიფო ბეგარის გადახდა. შემორჩენილია 1796 წლის საბუთი.
„ქ-კს უპდ (1796) იანვარს, კვ. (26) ქალაქის ნაპირის სოფლებს შეშა შესწერდა და ეს იმისი პირია... ვ (6) ურემი ქ. ტაბახმელას...“
1779 წლის უცნობი პირის ქორწილისთვის გაწეული ხარჯების ნუსხაში ჩამოთვლილია შეშა და ნახშირი. აქედან შეიძლება შევიტყოთ, რა ღირდა იმ დროს ნახშირი და შეშა.
"გ (3) ცალი ნახშირი - მარჩილი
ერთი ურემი ნახშირი - სამი მინალთუნი და ორი აბაზი
ერთი ურემი შეშა - ერთი მინალთუნი და სამი შაური".
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მსგავსი დოკუმენტები უამრავია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მენახშირეობის განვითარებას ერეკლე II-ის მიერ გატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა და საქალაქო ცხოვრების განვითარებამაც შეუწყო ხელი.
ძველი თბილისისთვის გათბობის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება სწორედ ხის ნახშირი გახლდათ. ქალაქელები ყოველდღე რამდენიმე ათეულ ფუთ ნახშირს მოიხმარდნენ. თბილისელები ნახშირს როგორც სათბობად, ისე საკვების მოსამზადებლად იყენებდნენ. ქალაქში ოჯახს ვერ ნახავდით, მაყალი და ქურსი არ ჰქონოდა. მაყალზე თუ მწვადსა და ქაბაბს წვავდნენ, ქურსი ერთგვარი გადასატანი ღუმელი იყო, რომელშიც გაღვივებული ნახშირი იყრებოდა. მაყალი ოთხ ფეხზე შემდგარი მოგრძო სწორკუთხა (ოთხკუთხა) ფორმის იყო, ქურსი კი დაბალი, ოთხ ან ექვს ფეხზე შემდგარი, ექვსკუთხა ან რვაკუთხა, აჟურული გვერდებით მოხარატებული. ქურსი ძირითადად ხელოსნებსა და ვაჭრებს ჰქონდათ დუქნებში, ზამთარში ფეხებქვეშ იდგამდნენ და თბებოდნენ. ამიტომ ნახშირზე განსაკუთრებული მოთხოვნა იყო მჭედლების, მეთევზეების, ყასბების მხრიდან. ნახშირს იყენებდნენ ასევე ძველი თბილისის სასადილოები, სახაშეები, საჩაიეები და საბაყლოები.
დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩის ადგილას უზარმაზარი ხევი იყო, რომელსაც თბილისელები ავანაანთ ხევს ეძახდნენ. ხევის ორივე მხარეს პატარა მოედნები იყო, სწორედ აქ იყიდებოდა შეშა და ნახშირი, ამიტომ ქალაქის მოსახლეობა ამ ადგილს შეშის მოედანს ეძახდა. შეშის მოედანი XIX საუკუნის 40-იან წლებში გაუქმდა, ამ დროს პასკევიჩ ერევანსკის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი) გამავალი ავანაანთხევი გადახურეს და იქ ქარვასლა ააშენეს. ამის შემდეგ ნახშირის გასაღების მთავარ ადგილად თათრის მოედანი შეიქნა. იგი დღევანდელი გორგასლის მოედნის ადგილზე მდებარეობდა. თათრის მოედანს სხვა სახელებითაც მოიხსენიებდნენ: ქვემო მოედანი, შეითანბაზარი, მეიდანი. გვიანფეოდალურ ხანაში ეს სახელები ერთმანეთის პარალელურადაც იხმარებოდა. ქალაქში შეშასა და ნახშირს მალაკნების ბაზარსა და რიყეზეც ყიდდნენ.
მენახშირეობა აისახა ქართულ ფოლკლორში და ქართველი მწერლების შემოქმედებაში (ეკატერინე გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა“, მიხეილ ჯავახიშვილის „ორი განაჩენი“ და სხვ).
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარებამ და სათბობის ახალი საშუალებების ფართოდ გავრცელებამ ხის ნახშირზე მოთხოვნილება თანდათან შეამცირა.
ალექსანდრე ბოშიშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”