"თუ ხელოვანს რაც მოეპრიანება გამოაქვს საჯაროდ, მისი ნამუშევარი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, გარდა სკანდალური შიგთავსისა" - კვირის პალიტრა

"თუ ხელოვანს რაც მოეპრიანება გამოაქვს საჯაროდ, მისი ნამუშევარი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, გარდა სკანდალური შიგთავსისა"

ავთო ვარაზი იმ დღიდან მიყვარს, როდესაც ვნახე გიორგი შენგელაიას ფილმში, სადაც ის ფიროსმანის როლს ასრულებდა.­ მახსოვს, მე და მამამ ერთად ვუყურეთ და ორივეს ცრემლები მოგვადგა. მაშინ მამამ­ მითხრა, ავთო გამაგიჟებს, ფიროსმანზე უფრო ფიროსმანიაო, მეც ზუსტად ასე აღვიქვი და გამიხარდა. მას შემდეგ დავინტერესდი მისი შემოქმედებით. სამწუხაროდ, კარგად ვერ ვერკვევი ფერწერაში, ჩემთვის მხოლოდ ერთი კრიტერიუმი არსებობს - დავკიდებდი თუ არა ამა თუ იმ მხატვრის სურათს ჩემს ოთახში და მზად ვარ თუ არა, რომ სულ ვუყურო. ბატონი ავთოს სურათები ჩემთვის იმდენად ახლოა, რომ ჩემს მოკრძალებულ გალერეას ავთო ვარაზის ნატიურმორტიც ამშვენებს... ალბათ, ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო იქნება მის შთამომავალთან შეხვედრა, რომელიც ასევე გამორჩეული ხელ­წერის მხატვარია. პროფესიით კოსტიუმის მხატვარმა სამყაროს ორი ნაწილის - შუა საუკუნეების აღმოსავლეთისა და დასა­ვლეთის, როგორც აზიის, ასევე რენესანსის­ ეპოქის ჰარმონიული სინთეზით უამრავი ნამუშევარი შექმნა. ამბობს, რომ ხიდივით გრძნობს თავს აზიასა და ევროპას შორის, ყველა ნახატის მიღმა კი დგას ამბავი, მოთხრობა, სიუჟეტი მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირებით. მონაწილეობდა ინგლისის, ირანისა და საქართველოს ერთობლივ პროექტში და დაასურათა სპარსული და შუა საუკუნეების პოეზიის კრებული "აღმოსავლეთის ხიბლი", ასევე შექმნა ვარიაციები "ვეფხისტყაოსნის" თემაზე. მხატვარი სოფიო ვარაზი ექვსი პერსონალური გამოფენის ავტორია:

- შეუძლებელია, თქვენთან საუბარი ავთო ვარაზის გახსენებით არ დავიწყოთ...

- ავთო ბაბუაჩემის უმცროსი ძმა იყო. რომ გარდაიცვალა, 8 წლის ვიყავი, მაგრამ მაინც მახსოვს ზოგიერთი რამ - აი, ავთო ზის გახეხილი ჯინსის ქურთუკით ბებია-ბაბუის­ სახლში, სადაც მე არდადეგებს ვატარებ, სამზარეულოში ბებია ტრიალებს, ნუგბარებს უმზადებს. ავთო წვერმოშვებულია, შეიძლება, მაშინ ნიკალას როლში იყო და იმიტომ მოუშვა. მეკითხება, რა დაგიხატოო, და მეც ვპასუხობ "პრინცესა", მერე მჩუქნის­ კარამელს, რომელსაც სიმწრით ვაცლი ქაღალდს, არ სძვრება და ქაღალდია­ნად ვღეჭავ. ბებია და ბაბუა ათიკოთი მიმართავენ, ის იაფ პაპიროსს ეწევა და სამზარეულო გახვეულია იისფერ ბოლში. კიდევ მახსოვს, სტუმრად ვართ ავთოსთან, მის ბინაში. ერთი ოთახის კარი რატომღაც დაკეტილია, შუშის კარზე შიგნიდან ლამაზი და კოხტა ფარდა კიდია, რასაც დისონანსი შეაქვს ბინის დანარჩენ ანტურაჟთან­ - ფერწერული ტილოებით სავსე კედლები­ და ქაოსი. მე და ჩემს ძმას ძალიან გვაინტერესებს,­ რა ხდება იმ ოთახში და შესვლას ვცდილობთ. ავთო გვეუბნება, რომ ეს ბავშვების, მისი შვილების ოთახია და იმიტომ აქვს დაკეტილი, რომ ყველაფერი ისე უნდა შენარჩუნდეს, როგორც მათ დატოვეს, მათ შემდეგ მოსვლამდე. მე და ჩემი ძმა ვწვებით იატა­კზე და ვცდილობთ დავინახოთ ჭუჭრუტა­ნიდან, რა ხდება იმ ჯადოსნურ ოთახში. მანდ ხომ, სავარაუდოდ, ავთოს შვილების სათამაშოები უნდა იყოს! ეს გვაინტერესებს.

ავთო ძალიან დიდი ფერმწერი იყო. სადღაც მიხარია, რომ მე გრაფიკოსი გახლავართ და ჩვენი შედარება შეუძლებელია, ვერავინ დამდებს ბრალს, რომ ავთოს ვბაძავ.

naxat2-1689522562.jpg

- რას ნიშნავს თქვენთვის­ ვარაზის გვარი?

- გაგეცინებათ და, ვარაზის გვარი ბავშვობიდან ჩემთვის ნიშნავს კითხვას: ავთო ვარაზის რა ხარ? ავთო ძალიან ნიჭიერი, ექსტრაორდინარული და კომუნიკაბელური­ ადამიანი იყო, მთელი თბილისი იცნობდა, და არა მარტო თბილისი. ამას წინათ თელავში ვიყავი, სადაც ერთი კარგი ადამიანი გავიცანი და მანაც მკითხა, ავთო რა იყო შენიო. ავთოს გარდა, ოჯახის სხვა წევრებიც საინტერესო ადამიანები იყვნენ, ბევრი მათგანი კარგად ხატავდა, ჩემი დიდი ბებია (ავთოს დედა), ბაბუა, მამიდა, მაგრამ არავინ გაჰყვა მხატვრობას ავთოს და ჩემ გარდა. დიდი ბაბუა, პროფესორი ვასილ ვარაზი,­ მედიცინის დარგში ცნობილი მეცნიერი იყო. გვარი ვარაზი ვარაზაშვილიდან მოდის - მე-20 საუკუნის დასაწყისში დიდმა­ ბაბუამ, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა­ ჰქონდა ევროპის ქვეყნებთან (კერძოდ, გერმანიასთან), სადაც იბეჭდებოდა მისი ნაშრომები, გვარი შეამოკლა და დაუბრუნა მას პირვანდელი სახე - ვარაზი­. როგორც ამბობდა, დიდი ხნის წინ ჩვენი გვარი ასე იწერებოდა და შემდეგ მიემატა "შვილი". ისტორიულ წყაროებში პირველად მე-8-10 საუკუნეებში იხსენიება. ძველ სპარსულ ენაზე ნიშნავს გარეულ ტახს, მაგრამ ირანში მითხრეს, რომ ძლიერ ხარს ნიშნავს. ყველაზე­ უფრო კი ის გამიხარდა, ორი წლის წინ რაჭაში რომ ჩავედი, სოფელ მუხლში (მუხლიდან ჩამოვიდა­ დიდი ბაბუის მამა თბილისში ურმით, მე-19 საუკუნეში), საიდანაც მოდის ვარაზების გვარი, იქაურებმა კარგად იცოდნენ ვარაზაშვილების უბანი და დიდი ბაბუის მამის ნახევრად დანგრეული სახლიც მაჩვენეს­. მაშინ ვიგრძენი, რომ რაჭა რაღაცნაირად ჩემია.... გვარი ხშირად მეხმარებოდა სხვადასხვა­ სიტუაციაში, მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით ბოროტად­ და ვცდილობდი ჩემით გამეტანა თავი, არ მიმეღო ბონუსი მხოლოდ იმიტომ­, რომ ავთოს ძმის შვილიშვილი ვიყავი. მხოლოდ ერთხელ ძალიან შემრცხვა - აკადემიაში ერთი საგნის (არა სპეციალობის) ლექციებს ვაცდ­ენდი, მეორეხარისხოვნად მივიჩნევდი და არც ერთს არ დავსწრებივარ. მახსოვს, ლექტორმა 5-იანი დამიწერა სემესტრის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ არ დამიმსახურებია. ის ადამიანი ცოცხალი თუ არის და კითხულობს ამ ინტერვიუს, მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო.

naxat3-1689522563.jpg

- როგორ ფიქრობთ, ხელოვანი რამდენად თავისუფალი უნდა იყოს?

- რასაკვირველია, ხელოვანი თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ ასევე უნდა ფლობდეს შინაგან ეთიკას და ზომიერების­ გრძნობას, ვინაიდან შესაძლოა მისმა შემოქმედებამ შეურაცხყოფა მიაყენოს სხვის ხედვასა და ცხოვრების აღქმას. თუ ხელოვანი თვლის, რომ რაც მოეპრიანება, შეუძლია გამოიტანოს საჯაროდ, არ ფიქრობს, რომ ამან შეიძლება ავნოს საზოგადოების ამა თუ ჯგუფს, მხოლოდ ეპატაჟზეა გათვლილი, მისი ნამუშევარი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, გარდა სკანდალური შიგთავსისა. ასეთი თავისუფლება ჩემთვის მიუღებელია და სპეკულაცია მგონია. სხვათა შორის, არც არავინ ზღუდავს მათ თავისუფლებას. ასეთი თავისუფალი ხელოვანი არასოდეს ყოფილა­.

naxat4-1689522563.jpg

- რამდენად აისახება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები თქვენს შემოქმედებაზე?

- დიდი ხანია ვცდილობ პოლიტიკისგან აბსტრაჰირებას. შეუძლებელია, მთელი­ ცხოვრება პოლიტიკის პულსზე მეჭიროს ხელი და ხელჩართულ ბრძოლაში ვარჩევდე საქმეს თუნდაც სოცქსელებში. ჩვენი­ საზოგადოება ზედმეტად პოლიტიზებულია. გასაგებია, რომ უნდა გქონდეს მოქალაქეობრივი პოზიცია, რომელიც მეც მაქვს, მაგრამ არავის ვახვევ თავს. თუ სიტუაცია მოითხოვს, და არა ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი,­ მეც შემიძლია აქციაზე გავიდე და გავსულვარ კიდეც, ოღონდ გააჩნია, რისთვის.

ახლა სოფელ ვერონაში, კახეთის მთებში ვცხოვრობ. გარშემო ზღაპრულად ლამაზი ბუნება­ და სიმშვიდეა, რაც თბილისში მაკლდა. შემოქმედებაშიც ახალ-ახალი იდეები მაქვს. მოკლედ, ერთგვარი განახლების სტადიაზე ვარ როგორც ცხოვრებით, ასევე შემოქმედებით.

რუსუდან შაიშმელაშვილი