„იმდენად დიდ გაუგებრობაში ვცხოვრობთ, ზოგჯერ ვფიქრობ, საერთოდ ვინა ვართ, რა ვართ, რატომ ვართ, სად ვართ?“
მისი სცენაზე გამოჩენა ყველა თაობისათვის დღესასწაული იყო და არის. მასთან შეხვედრა და საუბარიც ცალკე დღესასწაულია. ჩვენი სტუმარი ბატონი ზურა ყიფშიძეა, რომელსაც პრემიერის დღეს ვესტუმრეთ სოხუმის თეატრში, სადაც ზურაბ გეწაძის სპექტაკლ "მარტორქებში" ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერსონაჟს განასახიერებს.
- ის რაც ვნახე, არის დღევანდელი დღე, ადამიანები, მთლიანად სოციუმი...
- რა თქმა უნდა, გეთანხმები, რომ ნებისმიერ დროს მიუსადაგებ. კლასიკად გადაიქცა უკვე ეს მიმართულება და თემა. იმდენად დიდ გაუგებრობაში ვცხოვრობთ, ზოგჯერ ვფიქრობ, საერთოდ ვინა ვართ, რა ვართ, რატომ ვართ, სად ვართ.რაც მთავარია, ასეთი სქელკანიანები რომ ვხდებით და მერე მთელი საზოგადოება იტანჯება, ჩვეულებრივი ხალხიც. ასეთებიც, ისეთებიც... გასაგებია ხო?
ჩვენ ცოტა ნაადრევად მოგვივიდა ამ სპექტაკლის გამოშვება, თუმცა ვეცადეთ გამოსულიყო ისეთი, როგორიც რეჟისორს ჰქონდა ჩაფიქრებული. დროთა განმავლობაში, როცა კარგად გათამაშდება, უფრო საინტერესო სანახავი გახდება... "მეფე ლირიც" თავიდან სულ სხვა იყო და ახლა სხვაა.
- "მეფე ლირზე" ბილეთების შეძენაზე სასწაული ხდებოდა ხოლმე...
- ეს დიდი ბედნიერებაა მსახიობისთვის, მაგრამ "მეფე ლირი" თუმანიშვილის რეპერტუარიდან მოხსნეს. რატომღაც ეჭიდავებიან, ოღონდ ვერ გავიგეთ, ვის, მე თუ ზურა გეწაძეს. მოკლედ, ყველაფერი გააკეთეს, რომ "მეფე ლირი" მომკვდარიყო, მაგრამ ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ გავაცოცხლებთ. არ შეიძლება სპექტაკლის, რომელიც ყოველთვის ანშლაგით მიდის, ვიღაცის მიზეზით ასე მოსპობა! ეს მავნებლობაა.
- თქვენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც დაბადებიდან თეატრში გაიზარდა, ვის თვალწინაც განვითარდა მრავალი თეატრალური პროცესი. დღევანდელ რეფორმებზე რას იტყვით?
- პრაქტიკიდან გამომდინარე, მე მაინც მგონია, სწორედ "ჩარჩომ" წარმოშვა 60-70-იანები, წინა საუკუნის უსაინტერესოესი ხალხი. იმ ჩარჩომ და წინააღმდეგობამ ბევრი სიკეთე დაბადა, მიუხედავად ყველაფრისა. იცი, რა, ყველაფერს უნდა დაკვალიანება, ვიღაცა რაღაცას უნდა განაგებდეს, ამბობდეს, ეს გავაკეთოთ, ის არ გავაკეთოთო. არ მახსენდება უფრო დიდი კრიზისი თეატრში, როგორიც დღეს არის. ეჭვი მეპარება სარეპერტუარო თეატრის არსებობაში. საშინელი ფრაზაა, დავანგრიოთ ყველაფერი და ახალი ავაშენოთო. რატომ? ფასეულობების გადაფასება არ გულისხმობს ფორმის დაკარგვას. თეატრი არ არის ქარხანა, რომელსაც უცხოელი ინვესტორი აგვიმუშავებს. თეატრში პროცესები უწყვეტად უნდა მიედინებოდეს, სხვანაირად ყველაფერი დაიკარგება.- ჯერ მუზეუმები, მერე თეატრები, ახლა კინო...- მუზეუმი ძალიან ფაქიზი ადგილია, თეატრი - კიდევ უფრო რთული. ნივთები ქრებოდაო, მაგრამ თეატრში რა ქრებოდა, გამაგებინეთ? იქა ვარ 50 წელია. ან ზურა გეწაძემ რა დაუშავა ვინმეს. ხომ იცით, მინისტრს მრჩევლები ჰყავს, იმ მრჩევლებს კი თავის მიმწოდებლები ჰყავთ, გესმით? ჰოდა, ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს. ის თავის აზრს აწვეთებს, მერე ის რაღაც აბსურდულ დასკვნებს აკეთებს და საქმე ბოლომდე მიჰყავს. საშინელება ხდება კინოშიც. რა უნდათ ამ "კინოშნიკებისგან", არ ვიცი. მე მაინც მგონია, მთავარი პრობლემა ის არის, ვინ განსაზღვრავს თანხებს მომავალი ფილმისათვის და ამაზე მიდის დიდი დავიდარაბა. იმდენს კი ვერ ხვდებიან, რომ ამ დროს ყველაზე მთავარი - კინო ზარალდება.ამას სჯობია მეტად გავნათლდეთ, მეტი წავიკითხოთ, რაც უფრო ბევრს ვიფიქრებთ ხელოვნებაზე, უკეთესია.
- თქვენ როგორ უყურებთ დღევანდელ კინოს?
- ვერ ვუყურებ. ფენომენური ქართული ფილმი აღარაა. იმ დიდ კინოქარხანაში რამდენიმე საავტორო ფილმიც იყო ჩართული. იყო იოსელიანი, იყო აბულაძე და ასე შემდეგ. წელიწადში 37 ფილმს უშვებდა ის ქარხანა. დღეს ყველაფერი მკვდარია, ერთჯერადი გახდა. "მანდარინები", "მეოთხე ბრაიტონი" და კიდევ თითზე ჩამოსათვლელი ფილმი, რაც ნორმალური გადაიღეს, ნიჭიერი კაცის ერთჯერადად გასეირნებაა. ამიტომ ვერ უყურებ.
- თქვენთვის, როგორც შემოქმედი ადამიანისთვის, ძალიან აქტიური პერიოდია...
- ახლა თან ფილმზე ვარ, თან სპექტაკლს ვუშვებ. არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ ძალიან საინტერესო როლია. რეჟისორი ის ქალია, რომელმაც უკვე გადაიღო ერთი საინტერესო ფილმი. ახლა იღებს მეორე ფილმსაც, სადაც მეც ვთამაშობ. აქვე მინდა გაგანდოთ, რომ ერთ დღესაც რეჟისორ ზაზა ურუშაძის შვილი, ანა, დამიკავშირდა, რომელიც ძალიან თავისებური საინტერესო ხედვით გამოირჩევა, და მითხრა, რომ ჩემზე დოკუმენტური ფილმის გადაღება სურს. უკვე მაწვდის სცენარის სხვადასხვა ვარიანტს. იმდენად მომწონს, იმდენად კარგად აკეთებს, მეც მთელი გულით ჩავერთე. სახელწოდებაც ძალიან მომწონს - "მეორეხარისხოვანი როლი".
- ვინ არის ზურა ყიფშიძე, გარდა იმისა, რაც ვიცით?
- ყველანი ვიღაცები ვართ დამატებით. გვერდიდან ჩემს თავს რომ ვუყურებ, ცოტა ჩამორჩენილი მეჩვენება. მე-20 საუკუნეში გაჭედილივით ვარ. ვერ ავყევი ამ ახალ საუკუნეს. სიამოვნებით გავჩნდებოდი იქ, სადაც ვიყავი... სიბერე ძალიან ცუდი გამოგონებაა. შეიძლება ბრძენდები, მაგრამ მეხსიერება გაკლდება...
- მაგრამ თქვენ თქვენი გარეგნობიდან, ცხოვრების წესისაგან გამომდინარე, არა ხართ "ბებერი", ეს სიტყვა არ შეგეფერებათ...
- ხორცი ხომ მაინც ბერდება? მაგრამ შიგნით მაინც ბიჭუშკა ვარ. მინდა ვიყო, ყოველ შემთხვევაში (იცინის). პროფესიაც ისეთი მაქვს, ხომ გესმით, არა? რაც უფრო ბავშვურად წარმოიდგენ ყველაფერს და ეცდები, მით უფრო ბავშვივით უნდა გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. რომ მეგონა, ყველაფერი მორჩა-მეთქი, მაშინ დამეწყო თავიდან ძალიან აქტიური პერიოდი.
- მალე თქვენი იუბილე მოდის... დიდი შემოქმედებითი გზა გაიარეთ დასაწყისიდან დღემდე... როგორია ამ გადასახედიდან ახლა ეს ყველაფერი?
- აუ, მაზალო! შიგნიდან იგივე ხარ, უბრალოდ, გარედან ხორცი ბერდება და გტკივა, ჯაჯღანა ხდები. სხვათა შორის, ძალიან ბევრ რამეს ხვდები. გადაფასება ხდება ფასეულობების. ბევრი შეცდომა გაქვს დაშვებული, ამას ყველაფერს იხსენებ და ნანობ, მაგრამ რადგან ცოტა ხანს გაცადა მამაზეციერმა, დასკვნები უნდა გააკეთო, იგივე შეცდომები არ უნდა გაიმეორო, და სხვას ასწავლო შენს მაგალითზე.
- ადამიანი მარტოსულია?
- კი, აბა, რა. ოჯახი მყავს დიდი ხანია, იმავე თეატრში ვარ დღესაც, რომელიც მიხეილ ივანიჩთან ერთად ავაშენეთ, ასევე მარჯანიშვილშიც, მაგრამ მაინც ყველა მარტოა. ალბათ, ჩემს თვალებშიც ჩანს ნაღველი. ცოტა მინორში წავედით. ხო?
- როგორ ფიქრობთ, დაფასებული ხართ?
- გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ. როგორ არა ვარ დაფასებული, როდესაც მაყურებელი გაუჩერებლად ტაშს გიკრავს, მაგრამ შეიძლება ზოგჯერ სიგარეტის ფული არ გქონდეს და შვილიშვილს კანფეტი ვერ უყიდო. ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ასეა.
რუსუდან შაიშმელაშვილი