ყველაფერი პენსიისა და სოციალური დახმარების შესახებ
რა პროცედურების გავლაა საჭირო პენსიის და სოციალურად დაუცველის სტატუსის მოსაპოვებლად, რა შემთხვევაში შეიძლება შეგიწყდეთ სტატუსი? - მკითხველებისგან შემოსულ კითხვებს სისხლის სამართლის საქმეების, ასევე სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა უპასუხებს:
- აგვისტოში შემისრულდება 60 წელი, პენსია რომ დამენიშნოს ამისთვის აუცილებლად ვინმეს უნდა მივმართო განცხადებით თუ სახელმწიფო თვითონ დამინიშნავს პენსიას?
- პენსიის დასანიშნად სოციალური მომსახურების სააგენტოში განცხადება უნდა დაწეროთ. ასეთ დროს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს შეგიძლიათ მიმართოთ. არა აქვს მნიშვნელობა, სად ხართ ჩაწერილი. მაგალითად, თუ ხართ თბილისში და ჩაწერილი ბრძანდებით რაიონში, არ არის აუცილებელი პენსიის დასანიშნად რაიონში ჩასვლა. განცხადებას დაწერთ ნებისმიერ უახლოეს სოციალურ სააგენტოში, რომელსაც დაურთავთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ სააგენტოში ვერ ახერხებთ პირადად მისვლას და გყავთ კანონიერი წარმომადგენელი, განცხადებას დაწერს ის, ამ შემთხვევაში საჭიროა მისი პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ქალები პენსიაზე გადიან 60 წლის ასაკიდან, მამაკაცები - 65 წლიდან. პენსია ენიშნებათ საქართველოს მოქალაქეებს; საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს; უცხო ქვეყნის მოქალაქეს იმ შემთხვევაში, თუ პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მუდმივად ცხოვრობდა. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ. უცხო ქვეყნის მოქალაქემ კი პენსიის დანიშვნისათვის სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრება.
თუ გიწევთ პენსიაზე გასვლა, ჯობია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არაუმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე შეიტანოთ განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას. პენსია ინიშნება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
რაც შეეხება ოდენობას, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერისთვის სახელმწიფო პენსია 295 ლარია. თუ ამავე ასაკის პენსიონერი მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობს, იღებს 20%-იან დანამატსაც, ანუ 354 ლარს; 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 365 ლარია, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები კი 20%-იანი დანამატით იღებს 438 ლარს.
პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და ეს უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის პერიოდში. საჯარო საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო დაწესებულებებისა). საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. თუ აქ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი საფუძველი არსებობს, პენსიას ვერ მიიღებთ. როცა ეს საფუძველი არ იქნება, მაშინ პენსია განახლდება...
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ვთქვათ, არ იღIებ და აგროვებ პენსიას და გგონია, რომ ერთ დღესაც ერთიანად გამოიტან. უნდა იცოდეთ, თუ პენსიას ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ გაიტანს პენსიონერი, პენსია შეუჩერდება; პენსია შეიძლება შეუჩერდეთ იმ პირებსაც, რომლებსაც ახლობლების სახელზე აქვთ მინდობილობა და ამ დოკუმენტს ვადა გაუვა. მინდობილობის გაცემიდან 1 წლის შემდეგ მინდობილობა უნდა განახლდეს; თუ პირი არ იღებს პენსიას და პირდაპირ დეპოზიტზე გადააქვს, ამ შემთხვევაშიც ვალდებულია 1 წლის შემდეგ პირადად მიმართოს ისევ პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებას განცხადებით... თუ ამ რომელიმე საფუძვლით შეგიჩერდათ პენსია, უნდა დაწეროთ განცხადება და მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ანაზღაურდება მიუღებელი თანხა, მაგრამ გახსოვდეთ, ანაზღაურდება პენსიის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლის თანხა!
თუ პირი წინასწარ პატიმრობაშია და მას ამ საფუძვლით შეუჩერდება პენსია, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პენსია განახლდება. განახლების თაობაზე განცხადება უნდა დაიწეროს და მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ისევ მიიღებს პენსიას, წარსული დროისთვის მიუღებელი თანხა კი ანაზღაურდება პირისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან განცხადებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
თუ პირი უარს იტყვის პენსიაზე და დაწერს განცხადებას, მისი პირადი განცხადების საფუძველზე, მაშინ მოხდება პენსიის შეწყვეტა. როგორც აღვნიშნე, შეუწყდება პირს პენსია საჯარო საქმიანობის პერიოდში; სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა; უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას, ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; პენსიონერის გარდაცვალებისას... პენსია გაიცემა ლიბერთი ბანკში და პენსიონერს უფლება აქვს მოითხოვოს პენსიის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა მომდევნო თვის ბოლომდე; პენსიონერს პენსიას ბინაზე მიუტანენ განსაკუთრებულ შემთხვევებში წერილობითი განცხადების საფუძველზე.
- ვარ სოციალურად დაუცველი, შემიწყვიტეს სოციალური დახმარება, არადა, არანაირი პირობები არ მაქვს გაუმჯობესებული. რა შემიძლია გავაკეთო?
- ფულადი სოციალური დახმარება ეძლევათ ოჯახებს, თუ მათ მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი. ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა 30 001-ზე ნაკლებია, ამ ოჯახის ყველა წევრზე საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით; თუ სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ 57 001 ქულაზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ხოლო თუ ოჯახის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; იმ ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განესაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 200 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე. ფულად დახმარებას ოჯახი მიიღებს, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის განხორციელების შემდგომ, მინიჭებული სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლის მომდევნო მეორე თვიდან და ამ შემთხვევაშიც ამ თანხებს გასცემს ლიბერთი ბანკი.
საარსებო შემწეობის მიღება, შეჩერება ან შეცვლა დამოკიდებულია ფაქტობრივ გარემოებებზე, მაგალითად ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებაზე (დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება და სხვ.); ოჯახის წევრისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება, ან დაკარგვაზე, თუ პირი დასაქმდება და გაუჩნდება ლეგალური შემოსავალი; ასევე, კანონით დადგენილი სხვა შემთხვევების დროს შეიძლება შეჩერდეს სოციალური დახმარების გაცემა, მაგალითად, თუ ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე; ან თუ ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი; ან პირიქით, ხელოვნურად არის გაერთიანებული; ან თუ შეიცვალა შემადგენლობა, მაგალითად დაემატა სრულწლოვანი წევრი; ოჯახში ბავშვის დაბადებიდან და ბოლო შეფასებიდან გასულია 2 წელზე მეტი; ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თუ Uოჯახი საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას. საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს შეუძლია მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი; საარსებო შემწეობასთან ერთად შეუძლია მიიღოს მან სოციალური პაკეტი, სახელმწიფო პენსია/კომპენსაცია, სხვა ინდივიდუალური სოციალური დახმარება.
თუ ოჯახის შემადგენლობაში მოხდა ცვლილება, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია ეს ფაქტი აცნობოს მომსახურების სააგენტოს. ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები: წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვა. ან თუ ოჯახის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, უნდა აცნობოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს არაუგვიანეს 1 თვისა.
თუკი ოჯახი მინიჭებულ ქულას არ ეთანხმება და თვლის, რომ უსაფუძვლოდ შეუწყვიტეს სტატუსი, ან უსაფუძვლოდ არ მიენიჭა სტატუსი, შეუძლია განმეორებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოს ოჯახის ხელახალი გადამოწმება. ხელახალი გადამოწმება შემწეობის მისაღებად შეიძლება მოითხოვოს ადამიანმა ბოლო შემოწმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ. ხელახლა გადამოწმებაზე უარის ან ხელახლა გადამოწმების დროს მინიჭებულ ქულაზე კვლავ არ დათანხმების შემთხვევაში, ოჯახს შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში. ადმინისტრაციული ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება ასევე შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოშიც.