ჩემი თანამედროვე გურული ბებო - კვირის პალიტრა

ჩემი თანამედროვე გურული ბებო

საქართველო მარტო თავისი ბუნებით, ისტორიით, ეკლესია-მონასტრებით ან კულინარიით როდია მიმზიდველი. ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ხალხის წეს-ჩვეულებებითაც არის საინტერესო, მაგრამ ზოგჯერ აბსურდული გამონათქვამები გვესმის, როგორიცაა, მაგალითად: "ცოლი ქმრის კუთვნილებაა", "ქმარს უფლება აქვს სცემოს ცოლს" და მსგავსი ფრაზები, მაგრამ შეიძლება ყველაზე მიყრუებულ სოფელშიც კი ასაკოვან ადამიანს ისეთი დემოკრატიული აზროვნება ჰქონდეს, ევროპაც გააოცოს...

ჩვენში გოგონა ან ვაჟი 20-25 წელს რომ გადასცილდება, მათი ე.წ. გულშემატკივრები­, მეზობლით დაწყებული, შორეული ნათესავით დამთავრებული, ინტერესს ვერ მალავენ და იწყება გაცვეთილი კითხვები:

- როდის თხოვდები? (ან როდის მოგყავს ცოლი?)

- ამდენი ხანია დადიხართ ერთად და რით ვეღარ გადაწყვიტეთ დაქორწინება?

დამეთანხმებით, არამკითხე ვასასების მოგერიება ძალიან ძნელია. ჩემმა რესპონდენტმა თავ­ისი "შინაბერული" ცხოვრების შესახებ იუმორით მიამბო და ისიც აღნიშნა, რომ არა ჩემი გურული ბებოს ჩარევა, იმდენად ვიყავი შეწუხებული მშობლებისა და ნათესავების ჩიჩინით, ალბათ, საქართველოდან გადავიკარგებოდიო.

დიანა სალუქვაძე: - თბილისში დავ­იბადე და გავიზარდე. ჩემი მშობლები 18 წლის ასაკში შეუღლდნენ. ბებია-ბაბუებმა­ ოროთახიანი ბინა უყიდეს. მე რომ დავიბადე,­ ქსენია ბებო (დედის დედა) საგანგებოდ ჩამოვიდა, რომ ქალიშვილისთვის ხელი შეეწყო. დედა პედაგოგიურზე სწავლობდა, მამა - პოლიტექნიკურში.­ ორი წლის რომ გავხდი, ბებომ შვილსა და სიძეს უთხრა, ბაღანას სოფელში წავიყვან, სუფთა ჰაერზე გავზრდი, კარგს ვაჭმევ და ვასმევ, თქვენ სწავლას მიხედეთო. მართლაც­ ცივ ნიავს არ მაკარებდნენ ქსენია­ ბებო და ბაბუა რაჟდენი. 5 წლის რომ გავხდი, ძამიკო შემეძინა. დედაჩემი ჩემთვის ვერ მოიცლიდა,­ მამას ხშირად გზავნიდნენ მივლი­ნებებში, ამიტომ გადაწყდა, სოფლის სკოლაში უნდა შევსულიყავი. მე კი მახარებდა, რომ სოფელში კიდევ კარგა ხანს მომიწევდა ყოფნა. ბებომ უშანგია თარგამიძის რძალთან მიმიყვანა სამეცადინოდ, არ მინდა აი ბაღანა ტყემალზე იჯდეს, ასწავლე, ნენა, რაცხა-რაცხა, სკოლაში რომ მივა, არ შევრცხვეთო... სკოლაში რომ შევედი, ასამდე თვლაც ვიცოდი, ანგარიშიც, წერაც, კითხვაც და ინგლისურადაც ვიცოდი რამდენიმე სიტყვა. მეხუთე კლასიდან კი თბილისში­ გადმოვინაცვლე, მაგრამ ერთი სული მქონდა, როდის დამეწყებოდა არდადეგები, რომ გურიაში წავსულიყავი. იქ ისეთი ბედნიერი ვიყავი, სხვაგან მოგზაურობაზე ან დასვენებაზე არც ვფიქრობდი.

სკოლის დამთავრების შემდეგ თანასოფლელები გააქტიურდნენ და მაჭანკალიც გამოუგზავნეს ჩემს ქსენია ბებოს: ნამეტანი­ მოგვწონს თქვენი დიანა, სანამ ვინცხა­ ნარკომანს წაუყვანია, აგერაა ორი კაი ოჯახიშვილი და მშრომელი ბიჭი, ერთ-ერთი­ აირჩიეთო. ხელები გაასავსავა ბებიაჩემმა, რა დროის ჩემი დიკოს გათხუებაა, მთლა ბაღანაა, ჯერ 17 წლისაც არაა, მაგან ჯერ უნდა ისწავლოსო... უცხო ენებზე ჩავაბარე, პროექტში გავიმარჯვე და ოქსფორდის უნივერსიტეტში გამგზავნეს საზაფხულო ორთვიან კურსებზე. ნეტავ გენახათ, რა ბედნიერები იყვნენ ჩემი გამზრდელი ბებია და ბაბუა. მათ უმაღლესში არ უსწავლიათ, მაგრამ კარგად იცოდნენ სწავლის ფასი და ყველაფერს აკეთებდნენ­, რომ შვილებიც და შვილიშვილებიც განა­თლებული ჰყოლოდათ. ოქსფორდიდან დაბრუნებულმა უნივერსიტეტიც წარჩინებით დავამთავრე და პრესტიჟულ კერძო სკოლაში დავიწყე მუშაობა. პარალელურად, მოსწავლეებს და სტუდენტებსაც ვამზადებდი ინგლისურ ენაში. ამასობაში 28-ის გავხდი და მშობლებმაც შემომაპარეს, დროა, პირად ცხოვრებას მიხედოო, მაგრამ მე გული არავისკენ მიმიწევდა. როცა ქსენია ბებოს შევჩივლე, დედ-მამა ტვინს მიბურღავს გათხოვებაზე-მეთქი, გაეცინა, ცა, ნუ აქცევ მაგენს ყურადღებას, მეც ამიკლეს აქანე, მაგრამ ყველას ასთე ვეუბნები, მისი ნებაა, როცა უნდა, მაშინ გათხოვდება-თქვა... უკვე 35 წლის "შინაბერა" გახლდით, რომ მორიგი მაჭანკალი გვესტუმრა სასიძოიან-მშობლებიანად და ჩემი მშობლებიც გაშლილი სუფრით დახვდნენ. სტუმრების წასვლის შემდეგ, სასტიკი უარი განვაცხადე­ გათხოვებაზე. საზაფხულო არდადეგები მეწყებოდა და გურიაში მოვკურცხლე. ჩავედი თუ არა, მეორე დღესვე გვესტუმრნენ­ იქაური "კეთილისმსურველები". მესმოდა, როგორ ეჩიჩინებოდნენ მეზობ­ლის ქალები ბებოს, ქსენო, შენი გაზრდი­ლია და დაგიჯერებს, ამისთანა ანტიკა გოგო გიბერდებათ და ცოდვაა. გენადიეს ბიჭი რომაა, შაკო უჯმაჯურიძე, მოსკოვიდან ჩამევიდა, იქინე ბიზნესი ჰქონია, რუსი ქალი არ უნდა ცოლად, განათლებულ და პატიოსან ქართველ გოგოს ეძებსო... ბებომ აღარ დაასრულებინა,­ ოქსფორდში ნამყოფი გოგო მოსკოვში არ წავა, ვიცი მაგიო. იმათაც არ დაიხიეს უკან, ნუ წავა მერე, ამხელა სასახლე აქვთ აქანეო. მოკლედ, ბებომ ხათრი ვეღარ გაუტეხა მეზობლებს და შეთანხმებაც შედგა: შაკოს და ჩემი მეგობრები ერთად წავიდოდით პიკნიკზე. ვგრძნობდი, რომ კომედია მელოდა, თუმცა ჩემმა წინათგრძნობამ მოლოდინს გადააჭარბა... "ბიზნესმენი" შაკო (გვიან გავიგეთ, ავტოპროფილაქტიკა ჰქონია მოსკოვში) სანამ დალევდა, დინჯად იქცეოდა, მაგრამ "ეგზოტიკური" სანახაობა მეხუთე ჭიქის მერე დაიწყო, როცა ლექსის, "გურიის მთების" წაკითხვის შემდეგ ძმაკაცს თვალით რაღაც ანიშნა. ისიც მკვირცხლად წამოდგა,­ დანით პატარა ორმო ამოჩიჩქნა, ფოთლები ჩააფინა და ღვინო ჩაასხა. სასიძომ კი ორმოსთან დაიჩოქა და ღვინოს ხარბად დაეწაფა. ჩემებმა თვალები დააჭყიტეს, ნესტანს ლუკმა სასულეში გადასცდა და კინაღამ დაიხრჩო. სამაგიეროდ, შაკოს მეგობრები აღტაცებით უმზერდნენ ძმაკაცს. ბოლომდე რომ ამოხაპა ღვინო, მედიდურად წამოდგა და გამარჯვებული გლადიატორივით გადმოგვხედა. სხვა რა გზა გვქონდა, ტაში დავუკარით. მეცხრე სადღეგრძელო­ სიყვარულისა აღმოჩნდა და შაკომაც "სიყვარულო, ძალსა შენსა" დასჭექა. ბოლოს წამოღებული თოფი ჩახმახზე შეაყენა, ორივე ლულაში ღვინო ჩაასხმევინა ძმაკაცს, მერე ხახაში ჩაიპირქვავა. როცა დაცალა, გასროლაც მიაყოლა და ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ. ვგრძნობდი, ჩემი გულის მოსაგებად კიდევ ბევრ სისულელეს ჩაიდენდა, ამიტომაც ავიჩემე, წავიდეთ-მეთქი და დავიშალეთ.

მეორე დღეს ჩემი პასუხის გასაგებად მოსულ მაჭანკლებს ბებომ უთხრა, ამ ჩემს გოგოს საქმრო ჰყოლია და წუხელღა გამომიტყდა, თორემ შაკოს დასაწუნი რა სჭირს, იმფერი თამადობა სცოდნიაო...

თბილისში ჩამოსულს სულ საყვედურები­ მესმოდა, შინაბერად არ დარჩეო, მე კი კარიერაზე ვფიქრობდი. სკოლაში მუშაობა აღარ მინდოდა, ამიტომ ჩემი მონაცემები გავგზავნე სხვადასხვა სამსახურში და გამიხარდა, როცა სარფიანი წინადადება მივიღე ერთი კომპანიიდან. სწორედ იქ გავიცანი რეზი, 48 წლის ქვრივი. ცოლი მაშინ გარდაეცვალა, როცა ბავშვი 4 წლის ჰყავდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერთი ქალი გაურიგეს, მაგრამ როგორც კი ოჯახში მეორე ბავშვი გაჩნდა, ქმარს გამოუცხადა ქეთი (რეზის პირველი შვილი) შენმა მშობლებმა წაიყვანონ, მე ჩემი გოგო მყავს­ მისახედიო. კაცმა ეს ვერ აიტანა და მალევე გაშორდა.

რეზი კომპანიის დირექტორი გახლდათ, თავისი საქმის მცოდნე, გაწონასწორებული ადამიანი. ცოტა ხანში მისგან სიმპათია ვიგრძენი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მამაკაცის ყურადღება მესიამოვნა და როცა სიყვარულში გამომიტყდა, ბევრი აღარ მიფიქრია, დავთანხმდი. მშობლებს ჩემი არჩევანი არ მოეწონათ, რა გაჭირვება გაქვს განათლებულ, აქამდე თავშენახულ ქალს, რომ ქვრივს, მეორედ დაოჯახებულს და ცოლგაცილებულს, ორი შვილის მამას მიჰყვები ცოლადო. სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ბაბუ უკვე აღარ იყო ცოცხალი, ამიტომ ბებო ვიხმე გურიიდან. ქსენია ბებო მეორე დღესვე ჩემთან გაჩნდა და სიძეს და ქალიშვილს უთხრა, აგი ციცა მცდარ ნაბიჯს არ გადადგამს. რახან ამ კაცზე შეაჩერა არჩევანი, ე.ი. იმსახურებს ჩვენი დიკოს სიყვარულს. მერე რაი, რომ ქვრივია და ცოლგანაშობი, მთავარია, ერთმანეთი უყვართ და მჯერა, ბედნიერად იცხოვრებენო. ასე გავხდი რეზის ცოლი. 42 წლისამ გიო გავაჩინე. ახლა 5 წლისაა და ძალიან უყვარს თავისი უფროსი დაიკო ქეთი. სამწუხაროდ, მეორეს, ნინის, ვერ ვნახულობთ, დედამისმა ასე ისურვა. ჩემი საყვარელი ქსენია ბებო ამ სამი წლის წინ გარდაიცვალა, 92 წლის ასაკში. გიოს დაბადებას მოესწრო. ჩემს სამეგობროს დღემდე უკვირს მისი შეხედულებები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, რომ ქალი არავის მონა არაა, როგორც ქალს, ისე კაცსაც მართებს ერთგულება, ღალატი კი არც ერთს არ ეპატიება. მის ნააზრევს ბაბუაც ეთანხმებოდა, მათ 67 წელი ტკბილად იცხოვრეს ერთად. როგორც ბებომ ივარაუდა, ბედნიერი ვარ, რადგან გვიან, მაგრამ მაინც შემხვდა ღირსეული ადამიანი, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს და მეიმედება.