უკრაინის „ავღანეთიზაციის“ საფრთხე და საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები - კვირის პალიტრა

უკრაინის „ავღანეთიზაციის“ საფრთხე და საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები

2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 19,2%-ით გაიზარდა და 3,05 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლის პირველ ნახევარში აღრიცხული ექსპორტის რეკორდული მოცულობაა - ასეთია "საქსტატის" წინასწარი მონაცემები. ივნისში ზრდა 22% იყო, 6%-ით ნაკლები 2022 წლის ივნისის მაჩვენებელზე, როდესაც ექსპორტის ზრდამ 28% შეადგინა, თუმცა ხელისუფლება ამ მონაცემებსაც პოზიტიურად აფასებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, "ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს ექსპორტის ზრდა წარმოადგენს... საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი, ექსპორტის წახალისება, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი წარმოების განვითარებაა. ადგილობრივი მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა გვაქვს, რომელთაც მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები აქვთ". ეს პოზიტიური ტენდენციები რამდენად საკმარისია ეკონომიკის განვითარებისთვის, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომისა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების გათვალისწინებით, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ:

- 2023 წლის პირველმა ნახევარმა აჩვენა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტრენდი და, სავარაუდოდ, ის პროგნოზები, რომლებიც წლის დასაწყისში კეთდებოდა, სხვა თანაბარ პირობებში შესრულებადია. მეტიც, გამოიკვეთა ინფლაციის მაჩვენებლის საკმაოდ შემცირება, რაც ამ ეტაპზე ასევე გლობალური ტენდენციაა და ამ პრობლემას საქართველომაც გაართვა თავი. ამიტომ დღევანდელ პირობებში წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლებით საქართველო საკმაოდ კარგ ეკონომიკურ მდგომარეობას აჩვენებს. სხვა თანაბარ პირობებში, თუ სიტუაცია დრამატულად არ შეიცვლება, ეს წელიწადიც ეკონომიკურად წარმატებული იქნება.

- რამ შეიძლება სიტუაცია დრამატულად შეცვალოს?

- იმ ფაქტორებმა, რაც დამახასიათებელია მსოფლიოსთვის და დაკავშირებულია რუსეთის ომთან უკრაინაში. ნებისმიერი სამხედრო მოქმედება და მით უფრო, ასეთი მასშტაბური ომი, ძნელად პროგნოზირებადია, არავინ იცის, როგორ შეიცვლება სიტუაცია და ცხადია, ეს გაურთულებს მდგომარეობას მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოსაც.

- ომის დასაწყისში ვითარება ძალიან მწვავე იყო, თუნდაც მოულოდნელობის ეფექტის გამო. რისკების დონე წელიწად-ნახევრის შემდეგაც არ შემცირებულა? შეიძლებოდა ამ პერიოდში რამე პრევენციული ნაბიჯების გადადგმა?

- ომის განვითარების სხვადასხვა სცენარი განიხილება. ერთ-ერთის თანახმად, რომელიც ამერიკელებს ეკუთვნის და რომლის შესახებაც გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ჯეფრი საქსი საუბრობს, ეს უკრაინის "ავღანეთიზაციაა". ღმერთმა დაიფაროს და, თუკი უკრაინის "ავღანეთიზაცია" მოხდა, ანუ ომი მრავალ წელიწადს გაგრძელდა, პროგნოზების გაკეთება, რამდენად დამანგრეველი იქნება ეს არა მარტო უკრაინისთვის, არამედ გლობალურად მსოფლიო ეკონომიკისთვის, შეუძლებელია. უფრო მძიმე სცენარია, თუკი რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ეს საფრთხე, სამწუხაროდ, მოხსნილი არ არის.

- სამხედრო სპეციალისტები ამბობენ, რომ კარგ შემთხვევაშიც კი ამ ომის დასრულებას რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. ამ პერიოდში მსოფლიო ეკონომიკაზე რა გავლენა ექნება ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების ჩათვლით, და როგორ აისახება ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა?

- ის, რომ ომი რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება, გახდა იმ მოსაზრების საფუძველი, რომ შესაძლოა უკრაინის "ავღანეთიზაცია". ეს თავისი შინაარსით დროში გაწელილი ომია, რომელიც, გარდა იმისა, რომ ადამიანები იღუპებიან, ანგრევს ყველაფერს - ინფრასტრუქტურას, ეკონომიკას, კულტურას, მეცნიერებას და სხვ. ამიტომაცაა საუბარი იმაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს საომარი მოქმედებები. გარდა ამისა, მსოფლიოში დაწყებულია სხვადასხვა გლობალური პროცესი, რაზეც პროგნოზების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, მსოფლიოში დაწყებულია დედოლარიზაციის პროცესი. ჯერ ერთი, პუტინმა თავის დროზე თქვა, თუ გინდათ რუსეთისგან გაზის ყიდვა, გადაიხადეთ რუბლებშიო, და უნგრეთი, ავსტრია და ზოგიერთი სხვა ქვეყანა დათანხმდნენ ამას. ცალკე ჩინეთმა დაიწყო რუსული გაზის შესყიდვა იუანებში. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ მზადაა 18 სხვადასხვა ვალუტაში გაყიდოს თავისი ნავთობი. გარდა ამისა, BღIჩშ-ის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის გაერთიანება) ფიქრობენ, რომ გამოუშვან თავიანთი საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ერთიანი ვალუტა. ასევე საუბარია "ბრიკსის" შემადგენლობის გაფართოებაზე - 24 ქვეყანას სურს გახდეს ამ გაერთიანების წევრი. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს დედოლარიზაციის პროცესზე და ამ მიმართულებით რა მოხდება, ეკონომისტებს ერთიანი პოზიცია არა აქვთ. მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში პოლ კრუგმანი თვლის, რომ თუ დოლარი დაკარგავს გლობალური ვალუტის ფუნქციას, ეს ამერიკის ეკონომიკისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება. საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამენ სხვა ამერიკელი ეკონომისტები. ასე რომ, ამ სიტუაციის შეფასებისას ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ამიტომაც ჩვენ პირობითად ვამბობთ, რომ საქართველოში მიღწეული ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ პოზიტიურია და სხვა თანაბარ პირობებში, პოზიტიური შედეგები გაგრძელდება, თუ ვითარება დრამატულად არ შეიცვალა. ეკონომისტები ხშირად ვიყენებთ ამ სიტყვათწყობას "სხვა თანაბარ პირობებში", რადგან თუ ვითარება შეიცვალა, რამე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელი გახდება არამარტო სამხედრო, არამედ გლობალური ეკონომიკის თვალსაზრისითაც. ახალი ვალუტების გამოჩენა, ახალ ვალუტებში ვაჭრობის დაწყება, "ბრიკსის" გაფართოება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პროცესებია. მაგალითად, დღეს რომ ჩინეთმა მოგვთხოვოს იუანებში ვაჭრობა, ან "ბრიკსის" ერთიანი ვალუტის გამოშვების შემთხვევაში ამ გაერთიანებაში შემავალმა ქვეყნებმა რომ მოგვთხოვონ ამ ვალუტაში ვაჭრობა, საქართველო იძულებული გახდება ამ წინადადებას დაეთანხმოს.

- უკრაინას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ეკონომიკურ დახმარებას უწევენ. ეს რამდენად საკმარისია უკრაინის ეკონომიკის თუნდაც სტაბილურობის შენარჩუნებისთვის?

- დღეს უკრაინაში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება შეუძლებელია. სანამ ომი დაიწყებოდა, უკრაინა ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა იყო, რომელიც გამოირჩეოდა მარცვლეულის ექსპორტით და ყველამ ვნახეთ, თუ რა დადებითი როლი შეასრულეს თურქეთის პრეზიდენტმა და გაეროს გენმდივანმა, რომელთა ძალისხმევითაც მოხერხდა უკრაინული პორტებისთვის სამხედრო ბლოკადის მოხსნა. ამის მეშვეობით შესაძლებელი გახდა უკრაინული ხორბლით დატვირთული გემების პორტებიდან გასვლა, მაგრამ ეს მოსავალი უკრაინას მომავალში კვლავ ექნება? მიწები, სადაც ხორბალი მოჰყავთ, დანაღმულია და თუკი "ავღანეთიზაცია" გაგრძელდა, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს უკრაინის ეკონომიკურ მდგომარეობას. ამიტომაც ამ ეტაპზე უკრაინის ეკონომიკის მდგრადობაზე საუბარი ნაადრევია. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება.

- დავუშვათ, წლეულსვე დასრულდა ომი. უკრაინის ეკონომიკის აღდგენას რა დრო დასჭირდება?

- ამაზეც შეუძლებელია რაიმეს თქმა. წამიკითხავს, რომ უკრაინის დანაღმული ტერიტორიების განაღმვას რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. ეს ის ველებია, სადაც მარცვლეული მოჰყავდათ. ამასთან, რუსეთი სულ უფრო აგრესიულ ქმედებებზე გადადის, კვლავ დაიწყეს კიევის დაბომბვა. მეტიც, უკრაინის დასავლეთში, ლვოვსაც ბომბავენ. ასე რომ, ხვალ რას გააკეთებს ოფიციალური მოსკოვი, რთულად პროგნოზირებადია.

- საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა დიდწილად სწორედ ამ ომის შედეგების გამო გაუმჯობესდა. ხშირად ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდა განპირობებულია იმით, რომ საქართველომ ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით. ფაქტია, შარშან ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიდა და გადმოგზავნეს ფული. წლევანდელი განსხვავებული ვითარება საქართველოს ეკონომიკაზე როგორ აისახება?

- ვერ ვიტყოდი, რომ საქართველომ ამით ისარგებლა. საქართველომ დაიცვა თავისი ქვეყნის ინტერესები და ის ომში არ ჩაერთო. იმის გამო კი, რომ ქვეყანა არ არის ომში ჩართული და ტერიტორიულად რუსეთის მეზობელი სახელმწიფოა, რა თქმა უნდა, ბიზნესი მიდის იქ, სადაც მშვიდობაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი რუსეთს დაპყრობილი აქვს, სადაც განათავსა სამხედრო ბაზები და საქართველოს მეორე ფრონტი რომ გაეხსნა, რუსეთთან უკრაინის ერთი ოლქის სამხედრო დაპირისპირების მსგავსი სიტუაცია იქნებოდა. საქართველოს აქვს მწარე გამოცდილება, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთს არც სანქციები დაუწესა რომელიმე ქვეყანამ და არც რაიმე ქმედითი ზომები იქნა მიღებული რუსეთის წინააღმდეგ. მეტიც, მაშინ დაიწყო აშშ-ში ლაპარაკი რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვაზე", შემდეგ აშშ-ში გამოჩნდა პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, ბევრი რამ პუტინისგან უნდა ვისწავლოთო.

- ომის დაწყება-არდაწყებაზე არ არის ლაპარაკი. ეკონომიკური ზრდა ძირითადად ხომ რუსების შემოსვლით იყო განპირობებული? წლეულს ამგვარი მაჩვენებლები რომ აღარ არის, ჩვენს ეკონომიკაზე ეს როგორ აისახება?

- ეს ფაქტორები ნაკლებად მოქმედებს, რადგან ზოგი დაბრუნდა რუსეთში, ზოგიც სხვა ქვეყნებში გადავიდა. რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსი მოქალაქეების შემოსვლით გამოწვეული ეკონომიკური ზრდის ფაქტორები ვეღარ იმუშავებს, ესენი არ იყო სტაბილური ფაქტორები. უახლოეს მომავალში ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა უშუალოდ შუა დერეფნის პროექტის განვითარებასთანაა დაკავშირებული. თბილისში ჩამოსული იყვნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ასევე აზიის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა ეს პროექტი რაც შეიძლება მეტად დაიტვირთოს. საუბარია ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაზეც. ეს საკითხები უნდა გახდეს მამოძრავებელი ძალა, რამაც უახლოეს წლებში უნდა განაპირობოს ეკონომიკური ზრდა.

- შესაძლებელია, ამ პროექტებმა რამე შედეგი წლეულსვე მოიტანოს?

- რა თქმა უნდა, არა დიდი, მაგრამ შედეგი იქნება. ამასთან, შუა დერეფანი უნდა იყოს არა მარტო სატრანსპორტო, არამედ ეკონომიკურიც, რაც ნიშნავს ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებასა და წარმოების ზრდას. ამ კონტექსტში ჯდება ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება, რასაც აანონსებს საქართველოს პრემიერი.

- ამ ფონზე მოსახლეობის განწყობა არ შეცვლილა. ხალხი ვერ გრძნობს ეკონომიკურ ზრდას. რატომ არის ასეთი აღქმები და რა უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობამ მართლა იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა?

- დავიწყოთ იმით, რომ გარკვეული ნაბიჯები საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა. მოგეხსენებათ, ბაზარზე გაჩნდა თურქული მედიკამენტები, რომლებიც აშკარად ბევრად იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი წამლები. გადაიდგა ნაბიჯები, რათა ნავთობპროდუქტები იმაზე მეტად არ გაძვირებულიყო, ვიდრე ეს რეალურად შეიძლებოდა. ასევე გადაიდგა ნაბიჯები პურპროდუქტების სისტემაშიც. ამ ყველაფერმა განაპირობა ინფლაციის შემცირება, რამაც მოსახლეობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა. ახლა საუბარია ახალი პროექტების ინიცირებაზე, რათა მეტად გაიზარდოს და გააქტიურდეს პროგრამა "აწარმოე საქართველოში". დღეს ამ პროექტში ტურიზმზე ორიენტირებული კომპონენტია. ჩემი აზრით, ის უნდა ამოიღონ და აქცენტები გაკეთდეს იმაზე, რასაც მართლა წარმოება ჰქვია და არა დასვენება საქართველოში. როცა წარმოება განვითარდება, ადამიანები მეტად ჩაერთვებიან ეკონომიკაში, გაუჩნდებათ შემოსავლები, რაც მათ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.

- ბოლო დროს ქვეყნიდან მოსახლეობა სწორედ ეკონომიკური პრობლემების გამო გაედინება და არის საშიშროება, რომ მათ ადგილს სხვა ქვეყნიდან შემოსულები დაიკავებენ. რა უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩართულნი იყვნენ ქართული ეკონომიკის წარმოებაში?

- ეს ყველა ქვეყანას ახასიათებს. როდესაც გადაადგილების თავისუფლებაა, ადამიანები ცდილობენ წავიდნენ იქ, სადაც მეტი ანაზღაურებაა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მოსახლეობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადის, რადგან იქ შრომის ანაზღაურების დონე უფრო მაღალია. ჩვენგანაც მიდიან იქ, სადაც უკეთესი ანაზღაურებაა, ხოლო ჩვენთან უცხოელი სამუშაოდ იმიტომ ჩამოდის, რომ აქ მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე მის სამშობლოში. ამ პროცესის შეკავება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარებით, იმით, რასაც ინკლუზიური ზრდა ჰქვია. ეს კი ისევ და ისევ დამოკიდებულია მრეწველობის განვითარებაზე, საზოგადოდ, წარმოების განვითარებაზე.

- რა შეიძლება ამისთვის გაკეთდეს?

- როგორც ზემოთ გითხარით, თუნდაც პროექტი "აწარმოე საქართველოში" უნდა გახდეს უფრო მასშტაბური. პროგრამიდან ამოიღონ ტურისტული და მომსახურების სექტორის კომპონენტები და დარჩეს მხოლოდ ის, რასაც მართლა ჰქვია წარმოება - მატერიალური დოვლათის წარმოება. ამის გაკეთება შესაძლებელია და გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა, მაგრამ უფრო ინტენსივობითაა საჭირო მუშაობა.

- დღეს საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარ გამოწვევად რა რჩება?

- რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად ავამოქმედოთ შუა დერეფნის პროექტი. ეს უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკური აღმავლობის მამოძრავებელი ძალა. ამის ყველა საფუძველი არსებობს და აუცილებელია თანამიმდევრული მუშაობა.

რუსა მაჩაიძე