„პრემიერობის საკითხზე ჯერ არ ყოფილა საუბარი არც ერთ კონსულტაციაზე“ - კვირის პალიტრა

„პრემიერობის საკითხზე ჯერ არ ყოფილა საუბარი არც ერთ კონსულტაციაზე“

ოპოზიციონერი ლიდერების ერთი ნაწილი ისევ განიხილავს დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნის შესაძლებლობას. ეს იქნება არა მესამე ძალა, არამედ ძალა, რომელიც­ დაამარცხებს ხელისუფლებას არჩევნებში. პოლიტოლოგების აზრით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნება და ისევ მმართველი პარტიის წისქვილზე დაასხამს წყალს იმ მარტივი ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, რომ ორპოლუსიან გარემოში, იქ, სადაც მთავარი ოპოზიციური ძალა "ნაციონალური მოძრაობაა", ყოველთვის "ქართული ოცნება" იმარჯვებს. ამ საკითხზე გვესაუბრება "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, რომლის თანამებრძოლი და პარტიის თავმჯდომარე გიორგი­ ვაშაძე, კულუარებში გავრცელებული მოსაზრებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება.

- ოპოზიციურ ველზე კონსოლიდაცია ყველაზე სწორი ფორმულაა "ოცნების" დასამარცხებლად. "სტრატეგია­ აღმაშენებელი" არა მარტო "ნაცმოძრაობასთან", ყველა ოპოზიციურ, პროდასავლურ პარტიასთან მართავს კონსულტაციებს, ყველა ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიას ხვდება, მათ შორის "ნაცმოძრაობასაც". რამდენიმე თვეში გამოიკვეთება, რა სახის კონსოლიდაციით, ვისთან და როგორ მოვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის. რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, ამ თემაზე ჯერ არ ყოფილა საუბარი არც ერთ კონსულტაციაზე, არც ერთ პარტიასთან, რადგან ჯერ ისიც არ არის ცნობილი, რა სახის ერთობა იქნება.

- ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციური კოალიციის შექმნა ისევ ორპოლუსიან გარემოს შექმნის, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ოპოზიციას. მაგალითად, ექსპერტი გია ხუხაშვილი­ ამბობს, რომ ორპოლუსიანობა ზუსტად ის მატრიცაა, რითაც ხელისუფლება ძალიან კარგად სარგებლობს - ამომრჩეველი ისევ ნეგატიური არჩევანის, ცუდისა და უარესის წინაშე აღმოჩნდება და აირჩევს იმას, ვისაც მეტი რესურსი აქვს.

- ეს შეიძლება სულაც არ იყოს ერთი დიდი ოპოზიციური კოალიცია და არც ერთი-ერთზე დაპირისპირებამ მოგვიწიოს არჩევნებზე. საუბარი უფრო ოპოზიციური პარტიების კონსოლიდირებაზეა. არ იქნება სწორი, თუ წვრილ-წვრილი პარტიების ხმები გაიხლიჩება და შემდეგ მათი ნაწილი ისევ "ოცნებისკენ" წავა. მე გთხოვთ, ჩემი სახელით დაუსვათ კითხვა ამ ექსპერტებს - დაავიწყდათ, რომ 2016 წელს ოპოზიციური ხმების 21% დაიკარგა? ზოგიერთ პარტიას ათასი ხმა მოჰპარეს, ზოგიერთს - ათას ხუთასი. რატომ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა, რატომ უნდა ვაჩუქოთ "ოცნებას" ყოველი მეხუთე ოპოზიციური ხმა?! აქედან გამომდინარე, ოპოზიციური კოალიციები და ერთობები სწორედაც სწორი გამოსავალია. მე შემიძლია დავამშვიდო საზოგადოება, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ერთი, შეიძლება იყოს ორი ან სამი.

- როგორც ვიცი, პროდასავლური პარტიების დიდი ნაწილი უარს ამბობს "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობაზე. მასთან მხოლოდ "სტრატეგია აღმაშენებელი" რჩება?

- ოპოზიციურ ველზე სულ ხუთი თუ ექვსი პროდასავლური პარტიაა, ვისაც ანგარიშგასაწევი მხარდაჭერა აქვს. წინასწარ ჯერ ნურაფერს ვიტყვით, ჯერ კიდევ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

- "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ იქნება "ლელო", გახარიას პარტია, "გირჩი"...

- გახარიას პარტია თავისი იდეოლოგიით ძალიან ახლოს დგას "ქართულ ოცნებასთან". შესაბამისად, შესაძლებელია მმართველი გუნდის ხმები ამ პარტიამ უფრო კარგად წაიღოს, ვიდრე ჩვენმა პარტიამ­. ჩვენ არავის ვედავებით, გინდა თუ არა, "ნაციონალებთან" კოალიციაში შემოდით და სხვა ცენტრები არ შექმნათ-მეთქი. პირიქით, რაც მეტი პოლიტიკური ცენტრი იქნება, მით უკეთესი. "სტრატეგია აღმაშენებელმა" ბევრი სხვადასხვა მიმართულება მოსინჯა, მათ შორის მესამე ცენტრის შექმნაც ვცადეთ, მაგრამ მაშინ არ იმუშავა. ღმერთმა ქნას, ახლა სხვებს გამოუვიდეთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2024 წელს ჩვეულებრივი არჩევნები არ ჩატარდება, ეს იქნება ერთგვარი რეფერენდუმი, ევროატლანტიკური ალიანსისკენ სვლა გვინდა თუ "ოცნება" და რუსეთი. ასეთი არჩევანის წინაშე რომ ვდგავართ, იმიტომ მივიჩნევთ აუცილებლობად სხვა პარტიებთან ერთად ერთობის შექმნას. მე, რა თქმა უნდა, მირჩევნია "სტრატეგია აღმაშენებელი" დამოუკიდებლად პოზიციონირებდეს, წამყვანი ოპოზიციური ძალა იყოს და არჩევნებში 32%-იანი მხარდაჭერის მოლოდინი ჰქონდეს, მაგრამ რეალობას ხომ უნდა გავუსწოროთ თვალი?!

- გიორგი ვაშაძეს არაერთხელ დაუდანაშაულებია "ნაციონალები" შეთანხმების დარღვევასა და პირობის შეუსრულებლობაში.

- პირადი შთაბეჭდილებებითა და განწყობებით კი არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, კვლევებზე, სოციოლოგიურ მონაცემებსა და რეიტინგებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. გამჭვირვალობა, ღიაობა, თამაშის წესები და მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილებებია იმის გარანტია, რომ შემდეგ ერთმანეთი შეთანხმებების დარღვევაში არ დავადანაშაულოთ. რაც შეეხება "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობას, ჩვენი პარტიები იდეოლოგიურად ახლოს დგანან ერთმანეთთან, პარტიაშიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა­ წევრი იყო და არის. კი, უთანხმოება და წყენის მომენტები იყო, მაგრამ წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებიც ხომ გვაქვს? მაგალითად, 2013 წლის არჩევნებია იმის მტკიცებულება,­ რომ დიდმა ერთობამ კარგი შედეგი მოგ­ვცა. პირველ ტურში პარტიამ "ძალა ერთობაშია" 40% აიღო. თითქმის 20% აიღო სხვა ოპოზიციამ. ეს არის წარმატების ფორმულა. ანალიტიკოსებმა აკეთონ ანალიზები, ჩვენ მათ აზრს ზოგჯერ გავითვალისწინებთ, მაგრამ ძირითადად ვეყრდნობით მტკიცებულებებს და ამომრჩევლის დაკვეთას.

- "ნაცმოძრაობაში" რომ კულუარულად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ამას თავად "ნაციონალებიც" ამბობენ. თქვენთვის კეზერაშვილი და მერაბიშვილი ფაქტორი არ არის?

- ბოლო თვეებში აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან" და არც ერთზე არ მინახავს რომელიმე­. ისე კი ისინი ყოველთვის იყვნენ პარტიის მხარდამჭერები. რაც არ უნდა გვარები დაასახელოთ, ჩვენი გადაწყვეტილებები დაფუძნებული იქნება ობიექტურ კვლევებზე.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ "ნაციონალებსა"­ და "სტრატეგია აღმაშენებელს" შორის იყო გაუგებრობები, მაგრამ პარტიაში იცვლება რაღაცები, მათ შორის მისი წევრებიცო. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნიკა მელიასთან ვერ თანამშრომლობდით და ლევან ხაბეიშვილთან ყველაფერი სხვაგვარად არის?

- სკანდალის საფუძველი არ არსებობს,­ უბრალოდ, იყო პოლიტიკური უთანხმოება, რომელიც პარტიებს შორის ჩვეულებრივი ამბავია. "სტრატეგია აღმაშენებელი" ხშირად არის თავდასხმების, ჭორების გავრცელების ობიექტი, მაგრამ ჩვენ ამას არასდროს ვპასუხობთ. პირადი წყენებით არ ვხელმძღვანელობთ, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ოპოზიციურ ველზე ურთიერთთავდასხმები ხელს არ შეუწყობს საერთო საქმეს. ახლა ყველას ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის დასავლურ ვექტორზე დაბრუნება.

ხათუნა ბახტურიძე