„თუ გიორგი ვაშაძე ხელისუფლებაში მოვა, რა გარანტია მაქვს, რომ ის უფრო პრორუსული არ იქნება?“ - კვირის პალიტრა

„თუ გიორგი ვაშაძე ხელისუფლებაში მოვა, რა გარანტია მაქვს, რომ ის უფრო პრორუსული არ იქნება?“

"მე ვერ გავიზიარებ "ნაციონალებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერების ენთუზიაზმს იმის თაობაზე, რომ მათი პარტიების თანამშრომლობა წარმატების ფორმულაა "ოცნების" დასამარცხებლად", - ასე ეხმაურება პარტია "გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ოპოზიციური ერთობის შექმნის ინიციატორებს. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში ჭორები განიხილებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ვაშაძე "ნაციონალების" პრემიერობის კანდიდატი იქნება 2024 წლის არჩევნებისთვის, სინამდვილეში კი ამ ორ პარტიას შორის ჯერ დიალოგიც არ დაწყებულა.

- ისევ ძველებურად თამაშობენ... მათ არა აქვთ ჩამოყალიბებული შეხედულებები­, ამიტომ ყველაფერი გადადის პერსონალიებზე. სანამ ოპოზიცია მაღალი კლასის თამაშზე არ გადავა, სულ იმის გარჩევა­ იქნება­, ვინ ვის სიაში ჩაეწეროს. ჩვენ ოპოზიციო­ნერ კოლეგებს­ სულ ვთავაზობდით ერთი მაგიდის­ გარშემო დასხდომას და სხვადასხვა­ საკითხზე შეთანხმებას. ახლაც ვამბობ, ერთი ოპოზიციური ტელევიზია მაინც გავაკეთოთ, რომ დავიწყოთ საარჩევნო კამპანია ერთმანეთთან დისკუსიით,­ აზრების გაზიარებით. სანამ ეს არ დაიწყება, ამომრჩეველი ვერ გაიგებს­, ვის რა შეუძლია.

- ოპოზიციური მედიები არსებობს, ამას გარდა, თქვენც გაქვთ ინტერნეტტელევიზია.

- თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენც კი გვიჭირს კოლეგების სერიოზულ საკითხებზე­ ალაპარაკება, იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომლის პოზიციასაც ვინმე წარმოადგენს. ოპოზიციონერები ერთმანეთს ემალებიან, ერთმანეთის გაკრიტიკებამ რომ არ მოუწიოთ, სამაგიეროდ, ერთობლივად აგინებენ "ოცნებას". არადა, ადამიანებმა უკვე იციან, რომ ხელისუფლება არ ვარგა, ახლა იმის გარკვევა უნდათ, ვინ ვარგა. \პარტიებს­ რომ საკუთარი პოზიციები არ გააჩნ­იათ, ამას საპარლამენტო პროცესიც ადასტურებს. მაგალითად, "თავდაცვის კოდექსთან" დაკავშირებული ამბავი. ირკვევა, რომ ამ საკითხზე არც ერთ პარტიას არა აქვს ჩამოყალიბებული აზრი. დარწმუნებული ვარ, არც თქვენ იცით, როგორი თავდა­ცვის კოდექსი სურთ "ნაცმოძრაობას", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებელს"... ამხელა "ნაცმოძრაობიდან" ერთადერთი ანი წითლიძე იყო, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობდა.

- ის ხომ "ნაცმოძრაობას" წარმოადგენს?

- კი წარმოადგენს, მაგრამ ის პარტიის­ პოზიციას კი არა, საკუთარ პოზიციას წარმოადგენდა. მის პარტიას არა აქვს პოზიცია, ისე როგორც, მაგალითად, ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვინდა ნებაყოფლობითი და კარგად დაფინანსებული ჯარი?! პარტიებს არა აქვთ დალაგებული კონფიგურაცია, არ აქვთ საჯარო სივრცეში პოზიციის დაცვის უნარი. ასე რომ იყოს, ამომრჩევლისთვის გასაგები იქნებოდა, რატომ ერთიანდება "სტრატეგია აღმაშენებელი" "ნაციონალებთან". ისიც არავინ იცის, რა შეცდომები გადაიაზრეს, რატომ ერთიანდებიან სინამდვილეში.

- "სტრატეგია აღმაშენებელი" "ნაციონალებთან" ერთობის შექმნისთვის ორ მიზეზს ასახელებს: არ სურთ, წარსულის შეცდომების გამეორება და ცალ-ცალკე პოზიციონირებით ოპოზიციური ხმების დაკარგვა.

- თუ "ოცნებამ" ხმები მოიპარა, ოპოზიციას უნდა დაემტკიცებინა. იმის გამო, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა, მათ შორის, გიორგი ვაშაძემაც, ვერ მოახერხეს ამის დამტკიცება, იმიტომ შედგა შარლ მიშელის დოკუმენტი და იმიტომ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში. ფაქტია, არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცა ოპოზიციამ. შესაბამისად, ეს ვერ გამოდგება ერთობის შექმნის არგუმენტად. გაერთიანების რეალური მიზეზი საარჩევნო 5%-იანი ბარიერია.

არც "ქართული ოცნების" პრორუსულობა გამოდგება გაერთიანების არგუმე­ნტად. იქნებ ჯერ ის თქვან, რაში გამოი­ხატება პრორუსულობა? ან რა წესია, "ოცნება" რომ ამბობს, პროდასავლურობა­ ლგბტ პროპაგანდას ნიშნავსო?! ამ ნარატივს მმართველი გუნდი აუცილებლად გამოიყენებს წინასაარჩევნოდ. ამიტომ შევიტანეთ პარლამენტში კანონპროექტი, მოსახლეობისთვის იმის საჩვენებლად, რომ თუ ვინმეს რამე გაუკეთებია ლგბტ თემის იდეოლოგიის საქართველოში შემოსატანად, ეს "ოცნებაა". დიახ, სწორედ მათ მიიღეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც ლგბტ თემს აწყობდა. როდესაც სს კოდექსში ცვლილებები შევიტანეთ და ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი­ იყო პრემიერი. თუ მმართველი­ გუნდი მართლა მიიჩნევს, რომ ლგბტ თემი საფრთხეს წარმოადგენს, ავსახოთ ეს კანონებში. ეს საკითხი ისევეა გასარჩევი, როგორც ის, თუ რა არის პროდასავლური და რა - პრორუსული. ასევე გასარკვევია, გვაქვს თუ არა უფლება გვქონდეს საკუთარი აზრი, რომელიც არც პრორუსული იქნება და არც პროდასავლური... მე ხომ არ ვიცი, როგორ მოიქცევა გიორგი ვაშაძე ან სხვა პოლიტიკოსი იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში აღმოჩნდება. რა გარანტია მაქვს, რომ ის უფრო პრორუსული არ იქნება? ან კიდევ არ იქნება, მაგრამ მე მომეჩვენება პრორუსულად?!

- კოლეგები და საზოგადოების ნაწილი თქვენც გვარიანად დააბნიეთ, როდესაც სწორედ იმ "თავდაცვის კოდექსის" წინააღმდეგ არ მიეცით ხმა, რომელიც ასე არ მოგწონთ.

- მე არაფერიც არ დამიბნევია! უბრალოდ, პროვოკაცია იყო. ასზე მეტი საკითხი­ იყო წარმოდგენილი, რომლისთვისაც კენჭი უნდა გვეყარა. ვინაიდან კანონების მიღება-არმიღებაზე ჩვენ გავლენა არ გვქონდა, აზრი არ ჰქონდა ყველა ჯერზე იქ იმისთვის მისვლას, რომ წითელი ღილაკისთვის დაგვეჭირა თითი. აქედან გამომდინარე, ჩვენ წითელ ღილაკს იშვიათად, მხოლოდ ჩვენი განწყობის გამოსახატავად ვაჭერდით­ ხელს, ანუ იმ შემთხვევაში, თუ გვინდოდა გვეთქვა, "კარგი რა, ხალხო". შესაბამისად, ვიღაცას მიზანმიმართულად უნდოდა პროვოკაციის მოწყობა, რათა წითელ ღილაკზე ხელის არდაჭერის გამო აეტეხა ამბავი.

- ანუ თაკო ჩარკვიანმა პროვოკაცია მოგიწყოთ?

- რა თქმა უნდა! ჩარკვიანი არ არის პოლიტიკოსი და არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს. პარლამენტში რომელი პარტიის სიითაც შემოვიდა, ისე გავიდა იმ პარტიიდან, რომ ვითომც არაფერი კავშირი არ ჰქონია. ერთხანს ვაშაძესაც ლანძღავდა. არავინ ვიცით, როგორია მისი პოზიცია, მხოლოდ ის ვიცით, რომ მუდმივად ისტერიკა აქვს.

- ზელენსკის მოთხოვნას სააკაშვილის­ გადაცემის შესახებ რადას განცხადებაც მოჰყვა. ამასთან, ევროპარლამენტარებიც გააქტიურდნენ...

- სწორედ სააკაშვილისა და "ოცნების" ბრალია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ იხსნება. ორივეს ურჩევნია სააკაშვილის ბოდვები ვარჩიოთ, ვიდრე "თავდაცვის კოდექსსა" და მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე ვილაპარაკოთ.

სექტემბრიდან მედიაშიც უფრო გავაქტიურდებით. წინასაარჩევნო პერიოდი უფრო შინაარსიან თემებზე საუბარში უნდა გავატაროთ, ვიდრე მიშას კუჭის მოქმედებაა.

ხათუნა ბახტურიძე