"მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ „ნაცმოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა“ - კვირის პალიტრა

"მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ „ნაცმოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა“

"ქართულ ოცნებას" დაამარცხებს ალტერნატივის შეთავაზება საქართველოს მოქალაქეებისთვის", - ამბობს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი­.

- მე მექანიკური გაერ­თი­ანებების არ მჯერა. ეს ერთჯერადი ეფექტის­ მოსახდენად უფროა გამიზნული და რეალური ღირებულებითი ერთობა ვერ იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება, რომ ასეთი გაერთიანება არ არის მყარი და ამომრჩეველს ვერ სთავაზობს სიახლეს. ქართველ ხალხს სჭირდება იმ პოლიტიკური აქტორების დანახვა, რომლებიც გვარების შეცვლას კი არ დაჰპირდებიან, აუხსნიან, თუ რას მოუტანენ შეცვლილი გვარები მოქალაქეებს. საზოგადოება ითხოვს ახალ, სუფთა ადამიანებს, რომლებსაც არ ამძიმებს შეცდომები და დანაშაულები. გამარჯვების გასაღ­ები არის სწორედ ალტერნატიული პოლიტიკური­ ცენტრი. ყოველი არჩევნების წინ არ შეიძლება ერთი და იგივე რეცეპტი შესთავაზო ამომრჩეველს, თან ის რეცეპტი, რომელიც არ მუშაობს, მაგრამ მთავარი საკითხია, თუ ვის შეუძლია ამომრჩეველს შესთავაზოს რადიკალური სიახლე.

- ანუ "ლელო" ერთადერთია?

- დიახ, ვისიც მჯერა, მათთან ვარ - ეს არის "ლელო". თუ დავინახავ, რომ ვინმეს უკეთესი რეცეპტი აქვს, ვიზრუნებ, რომ "ლელოსთან" მოხდეს შეთანხმება. მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ "ნაცმოძრაობა" მთავარი ოპოზიციური პარტიაა. ამას ვერ ვხედავ საპარლამენტო ველზე და ვერც მის გარეთ...

- ე.ი. "ნაციონალებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობასთან თანამშრომლობაზე­ უარს ამბობთ, გახარიას პარტია იმთავითვე გამორიცხული გაქვთ, ასევე "გირჩი" და "მოქალაქეებიც", "გირჩი - მეტი თავისუფლება"­ და ხოშტარიაც, სავარაუდოდ, "ნაციონალებს" შეუერთდებიან, ვინ შეიძლება დარჩეს "ლელოს" ალტერნატიული ცენტრის პლატფორმაზე?

- ამას დრო გამოაჩენეს. "ლელომ" ყველაზე მეტ ახალგაზრდას მისცა პოლიტიკაში საქმიანობის, პოლიტიკური ლიდერობის შესაძლებლობა. ისინი არც ერთ ყოფილ ხელისუფლებას არ წარმოადგენენ, შესაბამისად, არ არიან დისკრედიტირებული. ჩვენ უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა გვიპირისპირდება. "ქართული ოცნება" უზარმაზარ რესურსს ხარჯავს "ლელოს" ლიდერებზე ჭორების გავრცელებისთვის.

- ანალიტიკოსები, ასევე თქვენი პარტიის­ აქტიური მხარდამჭერები, მაგალითად, თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება "ლელოს" თანამშრომლობა გახარიას პარტიასთან, თუ ლიდერები პირად წყენებს დაივიწყებენ.

- ძალიან მიხარია, რომ ანალიტიკოსების თვალსაწიერში "ლელო" ხშირად ხვდება, მაგრამ პარტიას უკვე გაცხადებული აქვს საკუთარი აზრი ამ საკითხზე.

- როგორია "ლელოს" აზრი საქართველო­-უკრაინის ურთიერთობების გართულების შესახებ?

- დღეს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებში შედის პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობის გამოსწორება. უცნაურია, რომ "ოცნების"­ ლიდერებს ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება მაშინ არ ახსენდებათ, როდესაც 30-წლიანი დიპლომატიური მუშაობის შედეგებს წყალში ყრიან და თავს ესხმიან ამერიკელ, ევროპელ, უკრაინელ კოლეგებს, მაგრამ ხმას არ იღებენ რუსეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკაზე, ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებაზე, ბიჭვინთის ანექსიაზე...

- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი ზურა­ბიშვილი გაითვალისწინებს რადის მოთხოვნას სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ?

- მე არ ვფიქრობ, რომ საქართველო-უკრაინას, ან სხვა პარტნიორებს შორის დაძაბულობის მიზეზი სააკაშვილია. მათი წუხილი ხელისუფლების არასწორი ორიენტირები, კანონისა და დემოკრატიული პრინციპების უხეში­ ხელყოფაა. სააკაშვილის საკითხიც ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა. საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის დროსაც აკრიტიკებდა ვიოლა ფონ კრამონი. მას არც სააკაშვილის ჯინი სჭირდა და არც "ქართული ოცნება" ჰყავს ამოჩემებული. მისთვის­ კონკრეტული პრინციპების დარღვევაა მიუღებელი და სულ არ აინტერესებს გვარ-სახელები. შესაბამისად, ყველაფერი ქართველი ხალხის ხელშია.

ხათუნა ბახტურიძე