შეიძლება თუ არა ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა
პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ვაზიანის აეროდრომზე საერთაშორისო აეროპორტის აშენების იდეა განიხილება, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. პრემიერი აქცენტს ეკონომიკურ ასპექტზე აკეთებს, რადგან მთავრობის "ამბიციური გადაწყვეტილების", საქართველო "რეგიონში საავიაციო ჰაბი" გახდეს, შესასრულებლად საერთაშორისო დონის აეროპორტის აშენებაა საჭირო და ამისთვის "იდეალურ ადგილად" ვაზიანის აეროდრომს ასახელებს. ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზაა. აქვეა ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსეთის უკმაყოფილების საბაბი.
რა საფრთხეებს ქმნის ვაზიანის ტერიტორიაზე საერთაშორისო აეროპორტის განთავსება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რა უპირატესობები აქვს სამოქალაქო აეროპორტის აშენებას, ქვეყნისთვის რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებას, ამ საკითხებზე სამხედრო მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და ავიაციის ექსპერტს იასე ზაუტაშვილს ვესაუბრეთ.
"დაუშვებელია პოლიგონის გვერდზე იყოს სამოქალაქო და მით უმეტეს საერთაშორისო აეროპორტი"
ვახტანგ კაპანაძე: - აეროპორტი და აეროდრომი არ უნდა იყოს სამხედრო ბაზის ახლოს, სადაც სწავლებები მიმდინარეობს. დღესაც კი, როდესაც ვაზიანში სწავლება მიმდინარეობს, აფრთხილებენ "საქაერონავიგაციას", რომ მიიღოს ზომები და გაითვალისწინოს არსებული ვითარება, სწავლების დრო, პერიოდი და ა.შ. ამდენად, დგება საკითხი, თუკი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო აეროპორტი, მაშინ ვაზიანის პოლიგონი, სასწავლო ცენტრი სად გადაგვაქვს? არ დაგვავიწყდეს, რომ ამჟამად იქ ფუნქციონირებს ამერიკელების დახმარებით ჩამოყალიბებული სკოლა, სადაც კონვენციური უზრუნველყოფისთვის ქართული ბატალიონები ემზადებიან. ვიმეორებ, თუკი შენდება აეროპორტი, მაშინ დგება საკითხი, თუ სად გადაგვაქვს პოლიგონი, სასწავლო ცენტრი, ეს ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის რამდენად იქნება მომგებიანი, ასეთი დიდი ბაზა თუ დაიკარგება. აღმოსავლეთ საქართველოში ასეთი დიდი ბაზა არა გვაქვს, სადაც შესაძლებელი იქნება ფართომასშტაბიანი სწავლებების ჩატარება. იმხელა პოლიგონიც კი არა გვაქვს, რომ ბატალიონის ზომის დანაყოფის სრულმასშტაბიანი სწავლება ჩავატაროთ. ვაზიანში იმ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, რაც ნატოს სტანდარტებთან არის თავსებადი, შესაძლებელია ბატალიონამდე დანაყოფების სწავლების ჩატარება თავისი ყველა კომპონენტით. ამიტომ პირველ რიგში დგება საკითხი, თუ სად უნდა გადავიდეს. მეორე საკითხია, თუ სად გვექნება სამხედრო აეროდრომი.
საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავედ სამხედრო აეროდრომის გაკეთება დიდ პრობლემებს წარმოქმნის. სამხედრო აეროდრომს აქვს თავისი ინფრასტრუქტურა - თვითმფრინავები უნდა იდგნენ ანგარებში, მორიგე პერსონალისთვის უნდა არსებობდეს საცხოვრებელი, უნდა იყოს სარემონტო მოწყობილობები... არ შეიძლება საერთო იყოს რამე სამხედრო და სამოქალაქო აეროდრომებისთვის. სამხედრო აეროდრომს სხვა სპეციფიკა აქვს. ამავე დროს, თვითმფრინავების საბრძოლო აღჭურვილობა, რომელიც მორიგე თვითმფრინავებს სჭირდება, სამხედრო ბაზაში უნდა ინახებოდეს, სამოქალაქო აეროპორტის ახლოს კი სამხედრო ბაზის არსებობა დაუშვებელია. ასე რომ, ძალიან ბევრი კითხვაა - თუ არის გადაწყვეტილი, რომ სამხედრო ბაზა და სამხედრო აეროდრომი იქნება მარნეულში იმ ბაზაზე, რაც ახლა არსებობს, ეს სხვა თემაა. თუ პოლიგონის გადატანაა გადაწყვეტილი სადღაც სხვაგან, მაშინ ესეც უნდა ითქვას. მოკლედ, ძალიან ბუნდოვანი ჩანაფიქრია.
- სასწავლო ცენტრის, პოლიგონის, სამხედრო ბაზის გადატანა სხვა ადგილზე შესაძლებელია?
- შეუძლებელი არაფერია, მაგრამ დაუშვებელია პოლიგონის გვერდზე იყოს სამოქალაქო და მით უმეტეს, საერთაშორისო აეროპორტი. გარნიზონი, რომელიც იქ არის დისლოცირებული, ამას ხელს არ შეუშლის. აეროდრომი და სამხედრო ბაზა ერთმანეთზე მიდგმული არ არის, მაგრამ სასწავლო ცენტრის საკითხი ბადებს ბევრ კითხვას. თანხებს გავანებოთ თავი, ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა. პრობლემა ის არის, თუ სად უნდა გაიწვრთნას ჯარი, რადგან სამოქალაქო აეროპორტის ახლოს სამხედრო წვრთნები ვერ ჩატარდება. ვაზიანის ტერიტორიას ვიყენებთ მანევრების სწავლებისთვის, მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ის სად გადადის? საჭიროა დანაყოფების, ტანკების გადაადგილება, ჯავშანტექნიკიდან სროლა, საარტილერიო სროლა, ავიაციით დაბომბვის შესწავლა და ა.შ., ამას სად ჩაატარებენ? ვაზიანი უდაბურია და მოსახლეობისგან ძალიან დაშორებული. მაგალითად, ჭურვი რომ გაისროლო და მიზანს ასცდეს, სადმე ხომ უნდა დავარდეს? ასე მარტივად არ არის, მე ამ ტერიტორიაზე აეროპორტს ავაშენებ და შენ წადი, სადმე ისროლეო. ვაზიანი სპეციალურად შერჩეული ტერიტორიაა. ასეთივე ტერიტორია იყო გარეჯთან და მაშინ ერთი ამბავი ატყდა, რადგან ისტორიული ძეგლი ზიანდებოდა. ახლაც ვერ გადაიტან სწორედ ამ მიზეზით და მეორეც, ეს უკვე სასაზღვრო ტერიტორიაა და სწავლებებს ვერ ჩაატარებ. საქართველო შეზღუდულია სამხედრო სწავლებისთვის საჭირო ტერიტორიებით და ერთადერთზე, რაც გვაქვს, ამაზეც უარს ვამბობთ? რის სანაცვლოდ?
- გაჩნდა ეჭვი, რომ ეს მიზანმიმართულად კეთდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შემცირებისა და ნატოზე უარის თქმისთვის.
- პოლიგონი რომც შენარჩუნდეს, ნატოზე უარის თქმა მაინც შეეძლებათ, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ძალიან პაციფისტური ჩანაფიქრია. თუკი მართლა გადაწყვეტილია, რომ ეს ტერიტორია ეკონომიკური მიზნებით აითვისონ, რაც არ უნდა სასიკეთო იყოს და თქვან, ერთადერთი პოლიგონი დავტოვოთ ორფოლოშიო, იქ საკმარისი ტერიტორია არ არის. თუ ვამბობთ, რომ ტერიტორიული თავდაცვის ძალები მოსამზადებელი გვყავს, რომ ტოტალური თავდაცვისთვის მოსამზადებელი გვყავს რეზერვი, ეს ყველაფერი ხომ სადღაც უნდა მომზადდეს? ყველას დასავლეთში ხომ ვერ წაიყვან?
"ერთი საქმის გაკეთებით სხვა საქმე არ უნდა გავაფუჭოთ"
იასე ზაუტაშვილი: - ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ტურისტული პოტენციალი გაზარდოს, და ვფიქრობთ, რომ ხვალ-ზეგ უნდა გვქონდეს ჰაბის ფუნქცია, რასაკვირველია, თბილისის დღევანდელი აეროპორტი ამ გამოწვევებს ვერ პასუხობს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანაში "ტავ ურბანი" შემოუშვეს, ჰაბის ფუნქცია ჩაკლეს და მივიღეთ აეროპორტი, რომელიც აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია, სადაც მგზავრისთვის არანაირი კომფორტი არ არის შექმნილი, და რაც მთავარია, ჰაბის ფუნქციისთვის არ არის სატრანზიტო დერეფანი, არ შეუძლია 4-5 რეისის ერთდროულად მიღება. 2014 წელს კი, როცა "ტავს" ხელშეკრულება გაუგრძელეს, პირობად დაამატეს მეორე სამგზავრო ტერმინალი, ე.წ. ფრენის ტერმინალი, გარემონტდა ასაფრენი ბილიკიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ყველაზე ჩამორჩენილია. საქართველოს სჭირდება თანამედროვე სტანდარტების საერთაშორისო აეროპორტი. დღეს თბილისის აეროპორტში ტრანზიტული ფრენები შეუძლებელია, რადგან რეისებს შორის მგზავრების მოსაცდელი ადგილიც არ არის. ყველა ფუნქცია და ყველა სერვისი მონოპოლიზებული აქვს "ტავს", გეუბნებიან, სანამ ჩვენ აქ ვართ, არაფრის გაკეთების უფლება არა გაქვთო. რაც მთავარია, არ შეიძლება აეროდრომის ტერიტორია და ასაფრენი ბილიკი, რომელიც სტრატეგიული ობიექტია, იყოს უვადოდ მიცემული სხვა ქვეყნისთვის.
- "ტავთან" გაფორმებული ხელშეკრულება თავიდანვე კითხვებს ბადებდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაინც არ შეიძლებოდა პირობები შეცვლილიყო, ან აღარ გაგვეგრძელებინა?
- რასაკვირველია, "ტავისთვის" ხელშეკრულების გაგრძელების პირობა, ალბათ, დაკავშირებული იყო გარიგებასთან იმდროინდელი ხელისუფლების პირებსა და "ტავ ურბანის" ხელმძღვანელობას შორის. რაც შეეხება ხელშეკრულების გადახედვას, ამ ხელისუფლების ხელში ხელშეკრულების გადახედვა კი არა, მეტსაც გეტყვით - სახელმწიფოს დაკვეთით ჩამოსული იყვნენ IAთA-ის (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) ექსპერტები, შეისწავლეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პოტენციალი, ხელშეკრულებაში ჩადებული პირობები და დადეს დასკვნა, რომ ის ამოცანა, რაც წლების წინ იყო განსაზღვრული, არ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს. მათ მთავრობას მისცეს 4 რეკომენდაცია, რაც მთავრობას "აიატას" კვლევაზე დაყრდნობით საშუალებას აძლევდა გაეწყვიტა "ტავთან" ხელშეკრულება ჯარიმის სანაცვლოდ. ასევე იძლეოდა საშუალებას, ხელშეკრულება 2021 წლამდე გაგვეგრძელებინა და დაგვევალდებულებინა გამოესწორებინათ ყველა პრობლემა, რაც არ გაკეთდა. მეტიც, განახლებულ ხელშეკრულებაში შევიდა პუნქტი, რომ "ტავს" უნდა დაემატებინა მეორე ტერმინალი, გაერემონტებინა ასაფრენი ბილიკი და დარჩებოდა 2027 წლამდე. 2014 წელს მთავრობამ მხარი დაუჭირა "ტავის" დატოვებას, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ერთ-ერთი საკითხი, რაზეც აპელირებდა "ქართული ოცნება", იყო სწორედ ის, რომ მიშამ "ტავს" არასწორად მისცა აეროპორტი. რაც მთავარია, ამ ხელშეკრულებაში არის ერთი კაბალური მუხლი, - სანამ საქართველოში "ტავი" არსებობს, არ შეგვიძლია 180 კილომეტრის რადიუსში ახალი აეროპორტის აშენება. ახლა, რამდენადაც ვიცი, კიდევ სურთ გაიხანგრძლივონ აქ ყოფნის ვადა.
- შესაძლებელია ხელისუფლება ვაზიანის აეროპორტის გაკეთებას ამის ალტერნატივად ცდილობდეს?
- შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ გეტყვით, რა უპირატესობა და რა ხარვეზები აქვს ამ ახალ გეგმას. პირველი - ვაზიანის აეროდრომის ტერიტორია გაცილებით შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც არის საერთაშორისო აეროპორტისთვის მისაღები. თბილისის აეროპორტისგან განსხვავებით, ვაზიანის ამ ტერიტორიას არც ერთი მხრიდან არა აქვს ხევი. თბილისის აეროპორტთან არის ორი ხევი, რაც ლიმიტირებულ საზღვრებს გიწესებს ასაფრენი ბილიკისთვის. გარდა ამისა, ვაზიანის ტერიტორიის კარგი მოდელირების შემთხვევაში, ძალიან დიდი, თანამედროვე, ბევრგეითიანი, საერთაშორისო სტანდარტების ტერმინალის გაკეთება შეიძლება. შეიძლება ორი გრძელი საფრენი ზოლის გაკეთება ან ბაქოს აეროპორტის სტილის აეროპორტის აშენება. ეს არის დადებითი მხარე, მაგრამ თუკი ვამბობთ, ვაზიანის აეროპორტიც უნდა გავაკეთოთ და თბილისის აეროპორტიც დავტოვოთო, მაშინ ეს აზრს კარგავს. 15 კილომეტრის რადიუსში ორი საერთაშორისო აეროპორტის არსებობა აბსოლუტური ნონსენსია და ბიზნესგეგმას მიზანშეწონილობა ეკარგება. რადგან მთავრობა ამბობს, რომ 2024 წელს ამ ახალი აეროპორტის მშენებლობას იწყებს, მაშინ უნდა დავსვათ კითხვა, თუ რა ფუნქციას შეიძენს თბილისის აეროპორტი.
- რა ფუნქცია შეიძლება მიენიჭოს?
- მაგალითად, სასაწყობე ფუნქცია ან კარბოტერმინალები გაკეთდეს. შეიძლება იყოს დამხმარე შენობა-ნაგებობები ვაზიანის აეროპორტებისთვის, ან შეიძლება ეს აეროპორტი მხოლოდ სატვირთო რეისებისთვის განისაზღვროს. საერთაშორისო აეროპორტის აშენების მიზანშეწონილობას ვხედავ, მაგრამ ერთი საქმის გაკეთებით სხვა არ უნდა გავაფუჭოთ.
- თუკი "ტავ"-თან ხელშეკრულებით 180 კილომეტრის რადიუსში აეროპორტის აშენება არ შეგვიძლია, ვაზიანში როგორ უნდა ააშენონ?
- 2024 წელსაც რომ დაიწყოს მშენებლობა, რამდენიმე წელი აუცილებლად დასჭირდება. შესაძლოა 2027 წლამდეც არ მოესწროს, როდესაც "ტავთან" ხელშეკრულების ვადა ამოიწურება. თუმცა დარწმუნებული ვარ, მთავრობას "ტავთან" მოლაპარაკება მაინც მოუწევს, რადგან თუ ეს პუნქტი არ ამოიღეს, მშენებლობას ვერ დაიწყებენ. მე ვაზიანის აეროპორტის გარეშეც ვიზრუნებდი ხელშეკრულებიდან ამ პუნქტის ამოღებაზე, რაც სამართლიანი იქნება.
- არსებულ აეროპორტს აქვს პოტენციალი, რომ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს?
- თუ ახალი აეროპორტი ვერ აშენდა, მე თბილისის აეროპორტში არსებულ ტერმინალს მოვშლიდი და გავაკეთებდი 2 დიდ, თანამედროვე ტიპის ტერმინალს უფრო ბევრი გეითით. პირობითად, ერთ საათში 5 რეისის მიღება მაინც რომ იყოს შესაძლებელი. გარდა ამისა, დასამატებელია მეორე ასაფრენი ზოლი დაგრძელებულ მასშტაბში. თუ ალტერნატივა არ იქნება, ცხადია, ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ არა იმ ბაზაზე, რაც დღეს არის "ტავის" შემთხვევაში.
რუსა მაჩაიძე