„საცდელი ვირთხებივით ვიყავით წლევანდელი აბიტურიენტები“ - კვირის პალიტრა

„საცდელი ვირთხებივით ვიყავით წლევანდელი აბიტურიენტები“

"დაშოკილები და დასტრესილები მოვიდნენ ბავშვები გამოცდიდან" - ამბობენ აბიტურიენტების მშობლები და მათემატიკის გამოცდის ტესტებს აპროტესტებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს მათემატიკას 15700-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. გამოცდა ორ სესიად ჩატარდა და როგორც ამბობენ, იშვიათად თუ დაინახავდი გამოცდიდან კმაყოფილი სახით გამოსულ აბიტურიენტს.

"მე ის მაინტერესებს, საჯარო სკოლის პედაგოგი რამდენ ქულას აიღებდა მათემატიკაში?"

"საქმე სირთულეში არ არის, დროის ფაქტორი იყო საზიზღრობა. საცდელი ვირთხებივით ვიყავით წლევანდელი ბავშვები".

"რატომ გაატარეს ბავშვებს ეს ჯოჯოხეთი? ამდენი დასტრესილი ბავშვი უღირს ჩვენს ქვეყანას რამედ? გავერთიანდეთ მშობლები და დავიცვათ ჩვენი შვილების უფლებები. ეს ერთიანი ეროვნული გამოცდებია თუ რომელიმე კონკრეტულ სკოლაზე გათვლილი გამოცდები?"

"ასეთ დონეზე რომელ საჯარო სკოლაში­ ასწავლიან მათემატიკას? თუ ვეკუას და კომაროვის სკოლების მოსწავლეებზეა გათვლილი მათემატიკის გამოცდის საკითხები?"

"მათემატიკის გამოცდა ასეთი რთული არც ერთ წელს არ ყოფილა. ვფიქრობ, ბარიერის გადალახვა მარტივია, მაგრამ კარგი ქულის აღება რთული... ალბათ, ბევრს ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებოდა", - ამგვარი უამრავი კომენტარია სოცქსელში.

"არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს ამოცანები, ჩვენთან უმეტესად ნათარგმნია ყველაფერი"

გია სიხარულიძე, მათემატიკის მასწავლებელი: - გამოცდის საკითხები თანხვე­დრაში არ არის იმ დონესთან, რომელიც ჩვენს სკოლებშია. ბევრმა აბიტურიენტმა საგამოცდო მასალის სრულად დაწერა­ ვერ მოასწრო. ან უნდა შეამცირონ საკითხების­ რაოდენობა, ან უნდა გაზარდონ გამოცდის­ ხანგრძლივობა. უჭირთ ბავშვებს და მისცენ­ ცოტა მეტი დრო. ვინც არ იცის, ის ხომ მაინც ვერ გამოიყვანს. ზოგმა დაიწყო რაღაცის ამოხსნა, მაგრამ ვერ მოასწრო.

- ამოცანების სირთულეზე რას იტყვით?

- ზოგიერთი საკითხი არ შეესაბამებოდა­ 1 ქულას. 2-3 საკითხი რომ შედის ამოცანაში, ის 1-ქულიანი არ უნდა იყოს. ეს უფრო უნარების გამოცდას ჰგავდა, ვიდრე მათემატიკისას. სულ გააზრებაზე, ლოგიკაზე­ იყო აგებული. მაშინ სწავლება უნდა იყოს ალგორითმული ან ლოგიკაზე აწყობილი. არადა, არ არის ასეთი ჩვენი სწავლება, არც სახელმძღვანელოებია შესაბამისი, არც სტანდარტები. უკეთესი იქნებოდა სკოლაში უფრო ალგორითმული სწავლება იყოს, მაშინ ასეთი გამოცდაც არ იქნებოდა რთული.

- ამოცანის ტექსტებზეც ამბობდნენ ბავშვები, გასაგები არ იყოო.

- ჩემი აზრით, ყველაფერი მკაფიოდ იყო გამოსახული, უბრალოდ, პირველ ვარიანტში მე-40 ტექსტური ამოცანის შინაარსი ძალიან ჩახუჭუჭებული იყო. ტექსტის გააზრება ყველაზე დიდი პრობლემაა. ვერბალური პრობლემა უფრო აქვთ, ვიდრე მათემატიკური. უფრო მარტივად შეიძლებოდა ამ ამოცანის შინაარსის მიწოდება. არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს ამოცანები, ჩვენთან უმეტესად ნათარგმნია ყველაფერი.

- თუ ბავშვი რეპეტიტორთან არ ემზადე­ბოდა, ამ საკითხებს სკოლის ცოდნით ამოხსნიდა?

- რეპეტიტორთან რომ არ ემზადებოდეს, ასეთი ბავშვი, მგონი, აღარ არსებობს. დღევანდელი სკოლის მდგომარეობა­ კატასტროფულია და არავინ ფიქრობს ამის გამოსწორებაზე. ვითომ რეფორმებს­ ატარებენ, ტრენინგები არაფრისმომცემია... უამრავ ტრენინგზე ვიყავი და მხოლოდ ერთი იყო საინტერესო - სახელმძღვანელოების ავტორებს შევხვდით. პრობლემა ის არის, რომ აქცენტი პროფესიონალიზმზე­ არ კეთდება. ახლა რომ გამოცდები იყო მენტორებისა და პედაგოგების სტატუსის გაუმჯობესებისთვის, მე არც დავრეგისტრი­რებულვარ. რა თქმა უნდა, მინდოდა და ვფიქრობ, მეკუთვნის კიდეც, მაგრამ სულელური გამოცდა იყო, მათემატიკაზე არც ყოფილა აქცენტი. ისეთი მასწავლებლები გახდნენ წამყვანები და მენტორები, 7-8 წელი რომ ვერ აბარებდნენ გამოცდას. ჯერაც ვერ გადავეჩვიეთ ყველაფრის ძმაკაცობით და ნათესავებით გაკეთებას. ეს იწვევს­ სწორედ იმას, რომ პროფესიონალიზმი ძალიან დაბალია. უნდა არსებობდეს პროფესიული გაერთიანებები. საქმის მკეთებელი ხალხი ერთმანეთს ვერ ვხვდებით, პროექტებს ერთად ვერ ვქმნით. სამინისტრო რაღაცას შემოიტანს ჰოლანდიიდან, ხან იტალიიდან, ხან საიდან, გრანტებს აიღებენ და ეგ არის. #24 საჯარო სკოლა, სადაც მე ვმუშაობ, სამინისტროდან 300 მეტრშია. ვინმე არ უნდა მოსულიყო და ეკითხა, რა გიჭირთო? ასე მუშაობა არ შეიძლება. თვითონ საზოგადოებაც ვერ ვართ სათანადო დონეზე.­ ნიჰილისტური განწყობაა, ჩვენ მაინც არავინ არაფერს გვეკითხებაო. არც გვკითხავს, შენ უნდა აკითხვინო. ტელევიზიაც უნდა ჩაერთოს, თვეში ერთხელ მაინც გაიმართოს განათლების მუშაკების შეხვედრა, გააშუქონ, რა ხდება განათლების სისტემაში. გვყავს ხალხი, რომელსაც შეუძლია ეს ქვეყანა 5-10 წელიწადში შვეიცარიად გადააქციოს, მაგრამ იმ გზაზე არ ვდგავართ, რომელიც ტაძართან მიგვიყვანს.

- თქვენი აზრით, ბევრი ჩაიჭრება?

- ეს მთავარი საკითხია, რომლიდანაც სხვა პრობლემებამდე მივდივართ. უმრავლესობა გადალახავს ზღვარს და სახელმწიფოს ფასიანი სტუდენტები დარჩება. ვფიქრობ, ეს პოლიტიკა აშკარაა. "გარტყმაში" რომ არ არიან, ისეთები აბარებენ.

"ჩვენი უნივერსიტეტები დიპლომების გასაყიდი ჯიხურებია"

ციური მებონია, რეპეტიტორი: - დღეს რეპეტიტორების ინსტიტუტზე დგას ჩვენი განათლების სისტემა. 45 წელია ამ სისტემაში ვმუშაობ. ადრე უნივერსიტეტში ვმუშაობდი. ვიცი, როგორ მოწმდებოდა ცოდნა... რთული არ იყო მათემატიკის გამოცდა, მაგრამ აბიტურიენტებს­ დრო უნდა ჰქონოდათ მეტი. ერთქულიანებში პატარ-პატარა ნაღმები იყო ჩადებული­ - ანუ გათვლილი იყო გააზრებულ ცოდნაზე. ამას მივესალმები, მაგრამ რომ არ აძლევ, რას სთხოვ?! სწორი არ არის, რომ ტესტების წილი გაზარდეს. პირიქით უნდა ყოფილიყო, ორქულიანი საკითხები უნდა გაეზარდათ. ორქულიანი ცოდნაზეა აგებული და ბავშვს პროგრამა ოდნავ მაინც თუ გავლილი აქვს, ამოხსნის. თუ მექანიკურად რამე შეეშალა, შიში არა აქვს, იმიტომ, რომ მარტო პასუხზე კი არაა დამოკიდებული, არამედ იმაზეც, როგორ იმსჯელა, როგორ წაიყვანა პროცესი. ამიტომ პასუხი რომც შეეშალოს, ქულებს მაინც იღებს. ტესტური ნაწილის იმ 37 საკითხში არც ერთი არ იყო რთული, მაგრამ 37 ძალიან ბევრია. რაც არ უნდა მარტივი იყოს, ერთხელ დაწერილს ვერ ენდობი, რადგან მარტო სწორი პასუ­ხის შემოხაზვაზე ხარ დამოკიდებული. ამიტომ მეორედაც უნდა გადაამოწმო. ამაში კი დრო გადის. პირდაპირ გადასვლა ერთქულიანი საკითხებიდან სამქულიანზე, მართებული არა მგონია. ორქულიანს ბევრი ხსნის, სამქულიანზე მეტი დაფიქრება სჭირდებათ, მით უმეტეს, 37 საკითხზე რომ დიდი დრო დაეხარჯათ, 3-ქულიანი რომელთაც უნდა ამოეხსნათ, იმათაც ვეღარ ამოხსნეს. ნათარგმნი ცუდად იყოო, თქვეს ამოცანაზე­, მე ასე არ ვფიქრობ. პირიქით, ოთხქულიანი ამოცანები უფრო ადვილი იყო, ვიდრე წინა წლებში. უბრალოდ, ბავშვებს დრო არ ეყოთ, ოთხქულიანს დაუფიქრებლად ვერ დაწერდნენ. ძლიერ ბავშვებს, მაგალითად­, კომაროველებს, ვეკუადამთავრებულებს და ქუთაისის­ ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ბავშვებს, არ ექნებათ პრეტენზია. ჩვეულებრივი სკოლის ბავშვებზე­ რა გითხრათ. მე ამ განათლების სისტემას არ ვცნობ. ამას ხმამაღლა რომ ვამბობ, ცხენი კი არ უნდა მყავდეს გასაქცევად შეკაზმული, არამედ რაკეტა უნდა მქონდეს გამზადებული. განათლების სისტემა ძირფესვიანად შესაცვლელია. არც მიდგომა მომწონს. ამიტომ როგორც ვფიქრობ, ისე ვასწავლი.

სკოლაში ბევრი პრობლემაა და ეს ისევ და ისევ განათლების პოლიტიკიდან მოდის, საზოგადოდ, პოლიტიკიდანაც. ბავშვი რომ ხედავს, ვიღაც დაუმსახურებლად წინაურდება, კარიერას იწყობს და მერე ჭკუას გვასწავლის, პროტესტი აქვს. ნაცნობ-მეგობრობაც ხომ არ მოსპობილა, პირიქით.

ამდენი ფასიანი ინსტიტუტიც რა საჭიროა? მაგრამ ყველა ფულის საჭრელი მანქანაა და ვინ გააუქმებს. ნორმალურ სახელმწიფოებში ახალგაზრდების 35-40% იღებს უმაღლეს განათლებას. ადამიანს 11 ქულით რომ მიიღებ სტუდენტად (ბარიე­რი არის 11 ქულა 51-დან), იმას რა უნდა მოსთხოვო?! ფაქტობრივად, ჩვენი უნივერსიტეტები დიპლომების გასაყიდი ჯიხურებია. რად უნდა სამმილიონნახევრიან ერს სამასზე მეტი უნივერსიტეტი?

- თქვენი აზრით, რამდენი ჩააბარებს წლევანდელი ნაკადიდან?

- წინა წლებში 17-18% იჭრებოდა. ბარიერს რომ გადააფოფხდნენ და მაღალი ქულები ნაკლებად დაიწეროს, ამაზეა ყველაფერი გათვლილი. ჩემი უფლება რომ იყოს, ტესტურ საკითხებს გავაუქმებდი, რადგან ცოდნას კი არ ამოწმებს, მხოლოდ ბარიერის გადალახვასა და ორღობის უნივერსიტეტების შევსებაზეა გათვლილი.

ნინია ახალაძე, აბიტურიენტი: - ჩემი, ჩემი მეგობრებისა და ნაცნობი აბიტურიენტების აზრითაც, მათემატიკის გამოცდა ურთულესი იყო. განსაკუთრებით, მათემატიკის პირველი ვარიანტის ტექსტური ამოცანა, რომელიც მოცულობითაც იყო დიდი, თანაც ისეთი შეუსაბამო სიტყვებით იყო გადმოცემული შინაარსი, ალბათ, 8-ჯერ წავიკითხე და მაინც ვერ ვხვდებოდი, რა შუაში იყო ის სიტყვები ერთმანეთთან. "გუგლის" დონით გადათარგმნილს ჰგავდა.

ისეთი საკითხები იყო, საშუალო რგოლი თითქმის გაგვცხრილეს. დროც არასაკმარისი გვქონდა. სიმართლე გითხრათ, გამოცდიდან რომ გამოვედი, არასრულფასოვნების შეგრძნება მქონდა. მეგონა, მთელი წლის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია მათემატიკაში. ყველას არა აქვს იმის საშუალება, რომ სკოლის პარალელურად მოემზადოს რეპეტიტორთან, ჩვეულებრივი მოსწავლე, რომელიც საჯარო სკოლაში კარგ მოსწავლედ ითვლება, ამ გამოცდას ვერ ჩააბარებდა.

ანანო ჯიქია, აბიტურიენტი: - კარგად ვიყავი მომზადებული და ქულასაც მაღალს ველოდი, მაგრამ ტესტის სირთულეს რომ გადავაწყდი, იმედი გამიცრუვდა. ეს ტესტი სრულიად განსხვავებული იყო წინა წლების ტესტებისგან. უკმაყოფილო გამოვედი გამოცდიდან. ეს საკითხები სკოლაში გავლილის არ ჰგავდა. თუ რეპეტიტორთან არ დადიოდი, ამ გამოცდაზე გასვლას აზრი არ ჰქონდა. 4 და 3-ქულიანი საკითხები აშკარად ნათარგმნი იყო, თან არაპროფესიონალურად - ანუ ამოხსნა კი არ იყო რთული, არამედ ტექსტის გააზრება, თვითონ ამოცანის შინაარსი. ამას დიდი დრო დაეთმო, მერე ამოხსნას, საბოლოოდ მოვასწარი, კიდევ კარგი. ვფიქრობდი, იქნებ ჩემშია პრობლემა და გამოცდის სირთულე არაფერ შუაშია-მეთქი, მაგრამ რომ გავიკითხე, სხვებიც იმავეს ფიქრობენ. ყველა უკმაყოფილო გამოვიდა ამ გამოცდიდან, ყველა დაბალ ქულებს ველოდებით.

ლიკა დიდია, აბიტურიენტი: - ეს გამოცდა კომაროვის, ვეკუას ბავშვებზე იყო გათვლილი. ამას სტრესიც დაემატა და კლასში მყოფი 10 ბავშვიდან 5 ტირილით გავიდა, ისე გაუჭირდათ. ტესტები, ერთქულიანები ძალიან რთული იყო, 3-4 ქულიანებზე რომ არაფერი ვთქვა. დროის ფაქტორი ცალკე განსაცდელად მოგვევლინა, მაღალქულიან ამოცანებს მინიმუმ ნახევარი საათი მაინც სჭირდება. ამოცანებს რაც შეეხება, ძალიან გაურკვევლად ეწერა. წინადადებები ისე იყო აწყობილი, აზრი ვერ გამოგვქონდა და ამას დრო მიჰქონდა. მაღალი ქულის იმედი არა მაქვს, არადა, მთელი წელი რამხელა შრომა გავწიე.საბა ქურხული, აბიტურიენტი: - 1-ქულიანი ტესტები იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.L დიდი დრო დამჭირდა მათ ამოსახსნელად და დანარჩენი საკითხებისთვის დრო აღარ დამრჩა. საკითხები დაუბალანსებელი იყო, მეოთხე კითხვიდანვე იწყებოდა სააზროვნო და რთული მასალა. გამოცდიდან გამოსვლისთანავე მივხვდი, რომ მაღალ ქულაზე ფიქრი ზედმეტია. ჩემს ყველა მეგობარს მსგავსი პრობლემა შეექმნა. ისე დამაბნევლად ეწერა საკითხები, რთული იყო შინაარსის გამოტანა.