პუტინის "გამრუდებული სარკე" ანუ ვინ გამოიყენა პირველად კასეტური იარაღი ამ ომში?!
რუსეთის პრეზიდენტმა 16 ივლისის საღამოს სენსაციური განცხადება გააკეთა რუსეთ-უკრაინის ომში კასეტური იარაღის გამოყენება-არგამოყენების ფაქტის კომენტირებისას - „აქამდე ეს არ გაგვიკეთებია, არც გამოგვიყენებია და არც ასეთი საჭიროება გვქონია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობილი დეფიციტის მიუხედავად და გვაქვს საბრძოლო მასალაც, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ - ჩვენ სარკისებური ქმედების უფლებას ვიტოვებთ“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთს ასეთი კასეტური ჭურვების საკმარისი მარაგი აქვს.
ეს განცხადება განა იმიტომაა სენსაციური,რომ რუსეთის პრეზიდენტმა და ამასთანავე ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ომში ჩაბმული თავისი არმიის რაღაც ზესაიდუმლოება გათქვა,არამედ იმიტომ,რომ პუტინი „ნაგლად“ ტყუის და მისი სარკე სერიოზულადაა „გამრუდებული“.
როგორ გგონიათ ის რუსეთი, რომელმაც ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში ჩეჩნური აულები სწორედ კასეტური საავიაციო ბომბებისა და კასეტური უმართავი რაკეტების მუდმივ სამიზნედ აქცია, ხოლო შემდეგ, აგვისტოს ომში „ურაგანების“ კასეტურქობინიანი რაკეტების სროლა არ დააკლო ქართულ სოფლებს, უკრაინელებს დაიდობდა?
როგორც იტყვიან-ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო და პუტინის დიდ ტყუილსაც პატარა ფეხები აღმოაჩნდა,რაზეც თუნდაც ეს უნიკალური ფოტო მეტყველებს...
იცით ეს „მთა“ ხარკოვში რისგან ააგეს? სწორედ რუსი ოკუპანტების მიერ ამ უკრაინული ქალაქისკენ დაუზოგავად გაშვებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების „ურაგანების“ კასეტურქობინიანი რაკეტების ცარიელი კორპუსებისგან!
საბჭოთადროინდელ 9К57 «Ураган»-ს 220 მმ კალიბრის 12 დასახელების უმართავი რაკეტის გაშვება შეუძლია და მათ შორის ხუთი(!) კასეტურქობინიანია.
„ურაგანის“ 9М27К ტიპის კასეტურქობინიანი უმართავი რაკეტა 271 კგ-ს იწონის და სტარტის შემდეგ მიწაზე დაცემამდე, რაკეტა ჰაერში ფანტავს 9Н235 ტიპის 30 საბრძოლო ელემენტს. თითოეული ასეთი საბრძოლო ელემენტის მასა 1,75 კგ-ია და მიწაზე დაცემისას ფეთქდება მის შიგნით განთავსებული 300 გრამი ტროტილი, რის შემდეგაც დიდი სიჩქარით გამოიტყორცნება ამ საბრძოლო ელემენტში თავიდანვე ჩადებული, გამზადებული 96 ცალი 4,5 გრამი მასის ნამსხვრევი ტექნიკის მწყობრიდან გამოსაყვანად და 360-400 ცალი 2 გრამიანი ნამსხვრევი ცოცხალი ძალის გასანადგურებლად...
აი, ჰაერში გაშლილი რაკეტის კორპუსი კი მიწაზე აუფეთქებლად ეცემა და საუკეთესო ნივთმტკიცებას წარმოადგენს იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სწორედ კასეტური იარაღის გამოიყენა!
ხარკოველებმა კი რუსი ოკუპანტების მხრიდან მათი მშობლიური ქალაქის მიმართულებით გაშვებული რუსული „ურაგანების“ კასეტურქობინიანი რაკეტების იმდენი ნივთმთკიცება დააგროვეს, რომ ეს, ფოტოზე ასახული „მთაც“ კი წამოჭიმეს...
და ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ჰყოფნის იმის თავხედობა,რომ ოფიციალურად განაცხადოს - აქამდე ეს არ გაგვიკეთებია, არც გამოგვიყენებია და არც ასეთი საჭიროება გვქონიაო…
თუმცა, რა უნდა გაგიკვირდეს იმ კრემლისგან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც უსინდისოდ ტყუოდა, როდესაც იფიცებოდა, თითქოს ქალაქ გორის თავზე მან არ ააფეთქა სწორედ კასეტურქობინიანი „ისკანდერ-მ“-ის ბალისტიკური რაკეტა...
„თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ კასეტურ იარაღს გამოიყენებენ - ჩვენ სარკისებური ქმედების უფლებას ვიტოვებთ“ - პუტინის ეს დამუქრება უფრო პროპაგანდისტულ დატვირთვას ატარებს, რადგან ომის 17 თვის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ შეუწყვეტიათ კასეტური ჭურვების, რაკეტებისა და საავიაციო ბომბების გამოყენება და მიუხედავად იმისა გაისვრიან თუ არა ამერიკელებისგან მიღებულ კასეტურ ჭურვებს უკრაინელები, რუსი ოკუპანტები ამის გაკეთებას ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ.
ისე კი, ამერიკული კასეტური ჭურვების გადაცემა უკრაინის არმიას ბევრს ვერაფერს შემატებს, რადგან ამას ბევრად სჯობდა იმავე 155 მმ-იანი კალიბრის მსხვრევად-ფუგასური საარტილერიო ჭურვების მიცემა, მაგრამ მილიონზე მეტი ასეთი ჭურვის უკრაინის ფრონტზე გაგზავნის შემდეგ, პენტაგონი მათი დეფიციტის მწარე რეალობის წინაშე დადგა.
სხვათაშორის, ამას კი სწორედ აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, როდესაც ამბობს - „უკრაინის არმია საომარ მოქმედებებში დღეში ხუთ-ექვს ათასამდე, ვთქვათ, 155 მმ კალიბრის ჭურვებს ხარჯავს, ხოლო შეერთებული შტატები თვეში 15 ათასს აწარმოებს. მათ არ აქვთ საკმარისი და ევროპასაც უკვე აღარ აქვს საკმარისი. კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შეთავაზებაზე უკეთესი ვერაფერი გამონახეს“.
აშშ-ებშიც და ევროპაშიც რატომღაც ძალზე ნელი ტემპებით მიმდინარეობს საბრძოლო მასალების წარმოების მასშტაბების ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანმა ომმა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ორივე დაპირისპირებულ მხარეს კარგად დაანახვა, თუ რას ნიშნავს „ჭურვების შიმშილი“...
და ერთიც, უკრაინისთვის კასეტური საარტილერიო ჭურვების თითქმის მთელი მარაგის გადაცემის მიუხედავად, პენტაგონი აღარ აპირებს კასეტური ჭურვების ახალი პარტიების შეკვეთას, ის სავარაუდოდ, შეიარაღებიდან საერთოდ ამოიღებს ამ დანიშნულების საარტილერიო ჭურვებს...