"ევროპა ისე იქცევა, თითქოსდა აშშ-ის გარეშე რუსეთისაგან თავდაცვა არ შეუძლია"
"უკრაინაში ვლადიმერ პუტინის შეჭრის შემდეგ ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ რუსეთი, როგორც მტაცებელი ქვეყანა, ცდილობს თავის მეზობლებზე დომინირებას და უფრო მეტიც - მთელი ევროპისათვის სერიოზულ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენსო. ამ ვარაუდს ადასტურებს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილება ნატოში გაწევრებაზე. თავის მხრივ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ეს იდეა, როგორც ჩანს, ვილნიუსის სამიტზე ნამდვილად და უდავოდ აღიარა", - წერს ამერიკული გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" (The New York Times) სტატიაში სათაურით - "ევროპა ისე იქცევა, თითქოსდა აშშ-ის გარეშე რუსეთისაგან თავდაცვა არ შეუძლია" (ავტორი - რეჯან მენონი, პოლიტიკური მიმომხილველი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ომისა და მშვიდობის შემსწავლელი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
"დასავლური კონსენსუსის მიხედვით, ყველა თანხმდებოდა, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმია მრისხანე საბრძოლო მანქანად გადააქცია. ბრიტანული ჟურნალის - "ეკონომისტის" მიერ 2020 წელს გაკეთებული შეფასების მიხედვით, "გასაოცარია, რომ ათწლიანი რეფორმების შედეგად რუსეთის არმია შთამბეჭდავი და ანგარიშგასაწევი ძალა გახდა". როგორც ცნობილია, რუსეთის მთავრობამ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაზე 650 მილიარდი დოლარი დახარჯა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან ომი ამ შეფასებას არ ადასტურებს (რუსეთმა ათასობით მძიმე ტექნიკა დაკარგა, დაიღუპა მრავალი ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი, მათი ბრძოლისუნარიანობა დაბალია, ნაკლოვანებებია მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში, მოძველებულია ჯარების მართვის სისტემა და ა.შ.), ევროპა ისე იქცევა, თითქოსდა მას არავითარი შესაძლებლობა არ აქვს, თავიდან აიცილოს აღმოსავლელი მეზობლის თავდასხმა და აგრძელებს აშშ-ის იმედად ყოფნას სამხედრო დახმარების გაწევის საკითხში. ვილნიუსის სამიტზე, ისევე, როგორც წინა შეხვედრების დროს, ევროპელმა მოკავშირეებმა ამერიკას აღუთქვეს, რომ სამხედრო ხარჯებს მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) 2%-მდე გაზრდიდნენ. მაგრამ მათ შორის არის უთანხმოება და დავა, თუ როგორ უნდა იქნეს აღქმული ეს 2%-იანი სამხედრო ხარჯები - მინიმუმად თუ მაქსიმუმად.
სხვათა შორის, 2016 წლიდან ნატოს წევრების მხოლოდ უმცირესობამ შეძლო ამ მიზნის მიღწევა, აშშ-ის ჩათვლით. ალიანსის უმეტესი წევრი, თავიანთი უუნარობის შესანიღბად, თავდაცვის ხარჯები რომ გაეზარდათ, ასახელებენ რესურსების უკმარისობას. სინამდვილეში კი მათ პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ.
"მოტივაციის ასეთი დეფიციტი" დაკავშირებულია ამერიკის ფაქტორთან - მრავალი წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს თავდაცვის უზრუნველყოფის სფეროში აშშ-ის იმედი ჰქონდათ. თავის მხრივ, ვაშინგტონიც ცდილობდა, ასეთი ტენდენცია შენარჩუნებულიყო, რათა აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს იარაღის წარმოებისთვის ევროპული შეკვეთები ჰქონოდა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნატოს ევროპელი წევრების აშშ-ზე დამოკიდებულება გაეღრმავებინა.
ამავე დროს, იმის მტკიცება, რომ მდიდარ, ტექნოლოგიურად განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს, თითქოსდა, არ შეუძლიათ ძალისხმევის გაერთიანება საკმაო ძალის მქონე სამხედრო ქვედანაყოფების შესაქმნელად - რუსეთის შესაკავებლად ან მასზე გასამარჯვებლად, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. როდემდე უნდა იყოს ევროპა ამერიკის იმედად? დროა, ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე თავად იზრუნოს.
რუსეთმა დღემდე ვერ შეძლო უკრაინის არმიის განადგურება და გამარჯვების მოპოვება. როგორც ჩანს, სხვა ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინაზე ძლიერები არიან თავიანთი რესურსებითა და შესაძლებლობებით, რუსეთი ვერაფერს დააკლებს.
თვითონ განსაჯეთ: ევროპა რუსეთს ბევრ სფეროში უსწრებს და გავლენის მხრივ უკეთესი მაჩვენებლები აქვს. მაგალითისათვის მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) მოცულობა შევადაროთ: გასულ წელს რუსეთის მშპ 2,2 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, ევროკავშირისა კი - 16,6 ტრილიონს ანუ შვიდჯერ მეტს, თანაც ამ მოცულობაში დიდი ბრიტანეთი არ იგულისხმება.
კიდევ ერთი პარამეტრი, რომელსაც თანამედროვე ომის წარმოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს - ტექნოლოგიებია. იმის გამო, რომ ამ სფეროში ფართო სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, რუსეთისა და ევროკავშირის ერთმანეთთან შედარება პრობლემატურია, მაგრამ აშკარაა, რომ ევროპა ამ მიმართულებითაც რუსეთზე ძლიერი და წინწასული იქნება.
რუსეთი წინ უსწრებს ევროპულ ქვეყნებს ზოგიერთი ტიპის შეიარაღებაში, მაგრამ მთლიანობაში, მოსკოვს არ აქვს ისეთი რაოდენობრივი უპირატესობა, რომელიც შემტევ მხარეს უნდა ჰქონდეს და რომლის თანაფარდობა ჩვეულებრივ "სამი ერთთანს" წარმოადგენს.
უფრო მეტიც - ევროპას აქვს იარაღის წარმოების გაზრდის მეტი ეკონომიკური და ტექნიკური საშუალებები, ვიდრე - რუსეთს. ევროპელები ფლობენ მსოფლიო კლასის სამხედრო მრეწველობას, მათ შორის, ისეთი გიგანტების ჩათვლით, როგორებიც არიან ბრიტანული BAE Systems-ის, ფრანგული Thales-ისა და Safran-ის, იტალიური Leonardo-სა და გერმანული Rheinmetall-ის კომპანიები.
რა თქმა უნდა, მეტი თვითკმარობისათვის ევროპას სამხედრო სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიციების დაბანდება და ფართო კოორდინირება დასჭირდება მეტი ეფექტიანობისათვის, მაგრამ ეს შეუსრულებელი სულაც არაა, მით უმეტეს, რომ ევროპის ქვეყნებს აქვთ იმის გამოცდილება, თუ როგორ უნდა გადალახონ ეროვნული სუვერენიტეტის ტრადიციული ბარიერები - მათ ხომ უკვე შექმნეს საერთო ვალუტა, ევროპის ცენტრალური ბანკი და შენგენის ზონა.
რა თქმა უნდა, თავი არ უნდა დავირწმუნოთ იმაში, რომ რუსეთის არმია "ქაღალდის ვეფხვია" და საშიში არ არის, მაგრამ უკრაინის ომიდან სწორი დასკვნა უნდა გავაკეთოთ: ევროპას აქვს იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ თავდაცვის ძირითადი პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. ევროპელმა მოკავშირეებმა ეს ნაბიჯი "პირადი ინტერესითაც" უნდა გადადგან - მოსწონთ თუ არ მოსწონთ ევროპელებს, მათ უნდა გააცნობიერონ: ამერიკა სულ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონს და ჩინეთის მზარდ სამხედრო ძლიერებას.
ამიტომაც ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა აუცილებლად უნდა მოახმარონ მეტი ძალისხმევა საკუთარ თავდაცვას. ევროპამ უნდა შეწყვიტოს მრავალწლიანი დისკუსია შეერთებულ შტატებთან ხარჯების განაწილებაზე და სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ სამხედრო ხარჯები უფრო მეტად საკუთარ თავს დააკისროს. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ