22-26 აგვისტოს მესტია უკვე მესამედ უმასპინძლებს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს
22-26 აგვისტოს დაბა მესტია უკვე მესამედ უმასპინძლებს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს.
2023 წელს 114 ქვეყნიდან 1791 ფილმია შემოსული, საკონკურსოდ 25 ქვეყნის 25 ფილმი შეირჩა. აქედან 20 მოკლემეტრაჟიანი და 5 სრულმეტრაჟიანი მთის თემატიკის ფილმია, საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური შეარჩევს.
ფესტივალის შესახებ მისი დამფუძნებელი და დირექტორი ხათუნა ხუნდაძე გვესაუბრება:
- ფესტივალის იდეა მესტიაში, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ვერანდაზე, ცენტრის დირექტორთან, გეგი ფალიანთან საუბრისას დაიბადა, რომ ამ საოცარ ადგილას მთის თემატიკის კინოფესტივალი დაგვეარსებინა. მესტია მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის მთამსვლელის მშობელია, ყველა მათგანი გმირია, მაგრამ ჩემთვის გმირთა გმირი მაინც მიხეილ ხერგიანია. ბევრი არც გვიფიქრია და მთის თემატიკის სექციას მისი სახელი მივანიჭეთ და პრიზიც მის სახელს ატარებს.
2021 წლის 15 სექტემბერს, პანდემიის პერიოდში, როცა პირველად დაიშვა საჯარო თავყრილობები, ზუსტად იმ დღეს გაიხსნა მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალი.

- და მესტიაში წითელი ხალიჩა გაიშალა...
- არა მარტო მესტიაში, მთელ სვანეთშიც წითელი ხალიჩა პირველად გაიშალა... 180-კაციან დარბაზში ხალხის ტევა არ იყო, რომელშიც მაყურებელს ყველა წესის დაცვითა და გათვალისწინებით ვუშვებდით, გარეთ დარჩენილ სტუმრებს კი თეატრის ტერასაზე ვმასპინძლობდით და ფესტივალის შესახებ ვუყვებოდით.
მიუხედავად საქართველოს მდებარეობისა, მთის თემატიკის ფილმების ფესტივალი არა თუ საქართველოში, კავკასიაშიც არ არსებობდა. გვინდოდა, ფესტივალი მრავალმხრივი ყოფილიყო, რომ სტუმრებს ერთი მოსვლით სხვადასხვა ფილმი ენახათ და პროექტი 2 განყოფილებად დავყავით - მთის თემატიკის ფილმები და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ექსპერიმენტმა გაამართლა და ორივე სექციას თავის მაყურებელი ჰყავს.
- ე.ი. სვანეთში მხარდაჭერა გქონდათ...
- იდეა იდეად დარჩებოდა, რომ არა მესტიის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობა, რამაც ძალა მოგვცა და ენთუზიაზმზე დაწყებულ ფესტივალს პირველი მხარდაჭერა აღმოუჩნდა. აი, აგერ უკვე მესამე წელია, მუნიციპალიტეტი ჩვენს გვერდშია, ეროვნულ კინოცენტრთან და კულტურის სამინისტროსთან, ტურიზმის დეპარტამენტსა და სხვა სპონსორებთან ერთად.
- მაგრამ ფესტივალი მხოლოდ ფილმები არაა...
- კი, ასეა. ფესტივალი, ასევე, მაღალი რანგის ჟიურის წევრები და საინტერესო სტუმრები არიან. ჩვენთვისაც გასაოცარი იყო იმ რანგის კინომოღვაწეების, კინოჟურნალისტების ნდობა და თანხმობა, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მესტიას ეწვივნენ. ჩვენ ხომ გაგვამდიდრეს სტუმრობით და თვითონაც საოცარი ემოციით დაბრუნდნენ უკან.
განსაკუთრებით საინტერესო იყო სტუმრების მასტერკლასები, რომლებიც იმდენად მრავალმხრივი იყო, რომ მარტო პროფესიონალებისთვის კი არა, არაპროფესიონალი მაყურებლისთვისაც ყურადსაღები აღმოჩნდა. განსაკუთრებით გვახარებს ფაქტი, რომ 2022 წლის ჩვენი ჟიურის თავმჯდომარის, ჰოლივუდის საერთაშორისო პრესის დირექტორთა საბჭოს წევრის, ბარბარა გასერის სტუმრობითა და მისი რეკომენდაციით, 2 ქართველი, ჩვენი ფესტივალის პროგრამერი, კინოისტორიკოსი, პროფესორ ზვიად დოლიძე და ფესტივალის მეგობარი კინოჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე „ოქროს გლობუსის“ ხმის მიმცემთა სიაში მოხვდნენ, ასევე, მოხვდნენ ჩვენი ფესტივალის ჟურნალისტებიც, კორეიდან და ინდოეთიდან.
- წელს ვინ იქნებიან ჟიურიში?
- 2023 წლის ფესტივალის ჟიურის წევრები გახლავთ:
1.მარტინ რენერტი - ჟიურის თავმჯდომარე (გერმანია). პროფესორი მარტინ რენერტი, აინშტაინის ფონდის თავმჯდომარე, 2011 წლიდან დღემდე ბერლინის საზოგადოებრივი მაუწყებლის კომპანია ARD-ს გამგეობის წევრია, ხოლო 2005-2020 წლებში - ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის UDK პრეზიდენტი;
2. დრ. პეტერ მუსატიჩი (უნგრეთი), კინოისტორიკოსი, ადრეული ჰოლივუდური ფილმის და ცენტრალური ევროპის კინოს ექსპერტი. დრ. მუსატიჩი არის უნგრეთის კინოფესტივალის (უნგრეთის ეროვნული კინოფესტივალის) პროგრამის დირექტორი, ყოველწლიური ფესტივალის Budapest Classics-ის კურატორი და CineFest-ის, უნგრეთის წამყვანი საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. დამთავრებული აქვს, ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს და პრაღის კინოუნივერსიტეტები. არის ათობით გამოქვეყნებული სტატიის და ესეის ავტორი, ასევე, ავტორი სამი წიგნისა, რომელთა შორისაა წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნიც;

3. იევა ნორვილიენე (ლიეტუვა) - პროდიუსერი, კომპანია Tremora-ს (2005 წ.) დამფუძნებელი. ის გახლავთ 14 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 7 მოკლემეტრაჟიანი და 2 დოკუმენტური ფილმის პროდიუსერი. ყველა მათგანი ნაჩვენები იქნა მსოფლიოს მრავალ ფესტივალზე და მოპოვებული აქვთ ასზე მეტი ჯილდო. ფილმების უმეტესობა ან ნომინირებული იყო ეროვნულ პრემიებზე, ან მოგებული აქვთ ეროვნული ჯილდოები. იევა ნორვილიენე არის ევროპის კინოაკადემიის (EU) და ალიანსის წევრი Cinema Auteurs-ის (ლიტვა) წევრი. 2017-2021 წლებში იყო ლიტვის კინემატოგრაფისტთა კავშირის მმართველი დირექტორი. ის გახლავთ ზაზა ხალვაშის ოსკარზე წარდგენილი ფილმის, „ნამეს“ კო-პროდიუსერი და, ასევე, ხალვაშის ბოლო ფილმის - „ლოტოს“ პროდიუსერი, რომლითაც გაიხსნება კინოფესტივალი მესტიაში და ამ ფილმის პრემიერა შედგება, რაც დიდი პატივია ჩვენთვის;
4. საქართველო პროფესორი ლელა ოჩიაური, კინოკრიტიკოსი, კულტურის ანალიტიკოსი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კინოს თეორიისა და კრიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. რამდენიმე ათეული სტატიისა და წიგნის ავტორი;
5. საქართველო. გიორგი ოვაშვილი - არა ერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ქართველი რეჟისორი.
- ფესტივალის პრიზის ავტორი პირადად თქვენ ხართ, ეს როგორ მოხდა?
- „ყველაფერი სვანური და არაფერი სვანურის გარდა“ - ეს იყო ჩემი დევიზი, როცა მესტიის კინოფესტივალის ტროფეებზე დავიწყე ფიქრი. მიუხედავად დირექტორის უამრავი საქმისა, იმდენად შევედი ფიქრებსა და როლში, რომ სხვას ვეღარ ვანდე მათი გაკეთება, დავუბრუნდი ჩემს ძველ პროფესიას, მოქანდაკეობას და შევქმენი ესკიზები და პროტოტიპები, რომლისგანაც ბესო სიხარულიძის სახელოსნოში, ეპოქსიდისგან და სხვა დამხმარე მასალისგან დამზადდა 3 სხვადასხვა ტროფეი.
1. გრან-პრი - ბროლის სვანურ კოშკში ჩაყინული სვანური ოქრო;
2. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის - ბროლის სვანურ კოშკში ჩაყინული სვანური ბროლი;
3. მთის თემატიკის პრიზი, რომელიც მიხეილ ხერგიანის სახელს ატარებს - სვანურ ბროლის კოშკში ჩაყინული მიხეილ ხერგიანის ბოლო საბედისწერო თოკი, რომელიც მას დოლომიტებში გაუწყდა. ეს ყველაფერი სვანური ურთხლის სადგამზე დგას. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ყველა გამარჯვებულს თავის წილი სვანეთი წაეღო საქართველოდან და ეს გზა ვიპოვე.
- ფესტივალს აქვს ლოგო, კლიპი და აფიშები...
- დიზაინერ ლაშა გიორგაძის მიერ შეიქმნა ფესტივალის ლოგო, ლურჯ ფერზე ასოებად განფენილი სვანური კოშკი, რომელიც ყოველგვარი ზედმეტი შესწორების გარეშე, პირველივე დანახვაზე შევიყვარეთ და დავამტკიცეთ. ფესტივალს ვიზუალურად ფუთავს არა ერთი საინტერესო ადამიანი. ელია ფარსადანიშვილი, რომელიც ჩვენი საიმიჯო ფილმების და მინიკლიპების ავტორია, ის ასევე ფესტივალის ტექნიკური მენეჯერიცაა. ღონისძიებას ყოველწლიურად მუსიკალურად აფორმებს, გერმანიაში მცხოვრები კინოკომპოზიტორი მანანა ხუნდაძე-ლემანი.
ჩვენი აფიშები კი დიზაინერ გიორგი მამულაშვილის შემოქმედებაა. საერთაშორისო ურთიერთობები. სალი ჩოხელის დამსახურებაცაა ამდენი საინტერესო სტუმრის საქართველოსკენ მოზიდვა. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, ზვიად დოლიძე უკვე 2 წელია, სელექტორების ჯგუფს ხელმძღვანელობს. ქეთევან ჯანელიძე, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი, კინომცოდნე, ჩვენი გუნდის წევრია. ჩვენი დევიზია, რომ ახალ თაობას შევუწყოთ ხელი და ფილმების სელექციაში სტუდენტებიც იღებენ მონაწილეობას, ეთერ ფარჩუკიძე და საბა მახარაშვილი. ისინი ფესტივალის დაარსებიდან ჩვენი გუნდის წევრები არიან, მათ წელს გვანცა ნოზაძეც შემოუერთდა. ფესტივალის დირექტორის მოადგილეა, მსახიობი და მესტიის კოლორიტი, გეგი ფალიანი, საზოგადოებასთან ურთიერთობა მსახიობებს - მარი ნავერიანს და რამაზ ფილფანს აბარია, ფესტივალის იურისტი მამუკა ნინუაა. ეს პატარა გუნდი ყოველწლიურად ამხელა ზეიმს ჩუქნის მესტიას. წლევანდელი ფესტივალის ხელშეწყობისთვის კი დიდი მადლობა მესტიის მუნიციპალიტეტს, ეროვნულ კინოცენტრს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს და ყველა პარტნიორს, რომლებიც გვერდში გვიდგანან.
ლალი ფაცია