რამდენიმე რაუნდში ჩატეული ცხოვრება - კვირის პალიტრა

რამდენიმე რაუნდში ჩატეული ცხოვრება

"ნოკაუტი დღეისათვის მკვლელობის ერთადერთი სახეობაა, რომელიც კანონითაა ნებადართული" - ეს სიტყვები საქვეყნოდ ცნობილ ლათინურამერიკელ ექიმს ენტონი ჯოკლს ეკუთვნის. ჯოკლი ძირითადად ტრავმირებულ სპორტსმენებს მკურნალობს და მისგან ამის თქმა, ალბათ, ბუნებრივია. ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც აპროტესტებენ ამ "ორგანიზებულ ცემა-ტყეპას". ერთხანს სპორტის ოლიმპიურ სახეობათა პროგრამიდანაც კი უპირებდნენ ამოღებას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰელსინკის ოლიმპიადის ჩემპიონი ედვარდ სენდერსი პროფესიულ რინგზე თავის პირველ ორთაბრძოლაში მიღებული ტრავმით გარდაიცვალა.

7 დეკემბერს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში რუსი პროფესიონალი მოკრივე რომან სიმაკოვი დაიღუპა. იგი საავადმყოფოში სამი დღით ადრე კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს. ექიმებმა მას თავის ტრეპანაცია ჩაუტარეს და დიდი ჰემატომა აღმოუჩინეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ეკატერინბურგის ცენტრალურ არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში, რომელსაც აზიის ჩემპიონი უნდა გამოერკვია, მე-6 რაუნდში მოწინააღმდეგის მორიგი შემოტევის შემდეგ სიმაკოვი რინგზე უგონოდ დაეცა. ახლა ბევრს მსჯელობენ, თუ რატომ არ შეწყვიტეს ორთაბრძოლა დაღუპულის სეკუნდანტებმა მანამ,  სანამ მათი ფალავანი გონებას დაკარგავდა, ვინაიდან ნოკაუტამდეც ნათლად ჩანდა, რომ მოწინააღმდეგე აშკარად ჯაბნიდა. ან იმავე საბაბით რატომ არ შეაჩერა ბრძოლა რეფერიმ. თუმცა, ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს. 27 წლის სპორტსმენი ამ სასტიკი სპორტის სახეობის მსხვერპლთა არცთუ მცირე რიცხვს შეემატა.

სხვა მძიმე თარიღებიც ახსოვს პროფესიული კრივის ისტორიას. მათ შორის 1982 წლის 13 ნოემბერი, როდესაც ლას-ვეგასში მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის რინგზე მოქმედი ჩემპიონი როი მანჩინი და ტიტულისათვის მებრძოლი უპირველესი პრეტენდენტი დუკ კუ კიმი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მთელი ბრძოლის განმავლობაში მანჩინი დომინირებდა, მე-14 რაუნდში მისი უპირატესობა აშკარა შეიქნა, - მოწინააღმდეგის დარტყმებით ძალაწართმეული კიმი რინგის თოკებზე გადაწვა. რეფერიმ სასწრაფოდ შეაჩერა ბრძოლა, მაგრამ გვიან იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ დამარცხებული მოკრივე კომაში ჩავარდა და გონს აღარც მოსულა. შეხვედრიდან მე-5 დღეს 23 წლის სპორტსმენი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტრაგიკული მოვლენები ამით არ დასრულებულა. კიმის გარდაცვალებიდან 3 თვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა რეფერიმ, რომელიც ამ ორთაბრძოლას მსაჯობდა, ხოლო 4 თვის თავზე თავი მოიკლა მოკრივის დედამ. ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ შეამცირეს პროფესიულ რინგში რაუნდთა რაოდენობა 15-დან 12-მდე. მანამდე კი, 20 წლით ადრე, მოწინააღმდეგის დარტყმებთან ერთად  სეკუნდანტებისა და რეფერის შეცდომას ემსხვერპლა ლეგენდარული ბენი პარე. მან ნიუ-იორკის "მედისონ სკვერ გარდენის" არენაზე შეხვედრათა სერია ჩაატარა ემილ გრიფიტთან საშუალი წონაში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. პირველ შეხვედრაში პარე ნოკაუტით დამარცხდა, მეორეში - ქულებით გაიმარჯვა. ასე რომ, გადამწყვეტ მე-3 შეხვედრამდე მოკრივეებმა ერთმანეთის კარგად გაცნობა და შეურაცხყოფის მიყენებაც მოახერხეს. ამდენად, ბოლო შეხვედრაზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია. თავიდან პარე ჯაბნიდა და მე-6 რაუნდში დარტყმებისაგან გაბრუებული გრიფიტი გონგმა გადაარჩინა, მაგრამ მომდევნო რაუნდებში სიტუაცია შეიცვალა. გრიფიტმა შეძლო ძალების აღდგენა და მე-12 რაუნდში მისი დარტყმებისაგან გასავათებული პარე თოკებს მიაწვა ზურგით. მას გონება ფაქტობრივად დაკარგული ჰქონდა და ძირს მხოლოდ იმიტომ არ ეცემოდა, რომ ხელებით თოკებზე იყო ჩამოკიდებული. ეს ვერ ან არ დაინახეს რეფერიმ და სეკუნდანტებმა, გამწარებული გრიფიტიც ურტყამდა მთელი ძალით. ბოლოს და ბოლოს პარე დაეცა, მაგრამ გონს აღარ მოსულა - 10 დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა, სპორტსმენთა სიკვდილიანობის მხრივ კრივი პირველ ათეულშიც კი ვერ ხვდება ამ მხრივ გამორჩეულ სპორტის სახეობათა ჩამონათვალში და ჩამორჩება ისეთ "ჰუმანურ და ცივილიზებულ" სპორტის სახეობებს, როგორიცაა ფეხბურთი და მძლეოსნობა. 1918-1997 წლებში რინგზე ოფიციალურად 659 მოკრივე დაიღუპა. დავუშვათ, ეს ციფრი რეალობას არ შეესაბამება და მსხვერპლი 2-ჯერ მეტია. ასეც რომ იყოს, შესადარებლად მეორე მონაცემს შემოგთავაზებთ: დადგენილია, რომ გოლფის თამაშისას ყოველწლიურად საშუალოდ 900 კაცი იღუპება, მათ შორის 20% - მეხის დარტყმით. დანარჩენი გოლფის მაგარი ბურთის მოხვედრით, ხერხემლის გადატეხითა და გულის შეტევით.

რაც მთავარია, არასოდეს არც ერთ მოკრივეს ერთხელაც არ წამოსცდენია, რომ კრივი არ უყვარს და უამრავ დარტყმასა და ტკივილს მხოლოდ ფულისა და სახელის საშოვნელად უძლებს. მაგალითად, ლეგენდარული მუჰამედ ალი ამაყობდა, რომ მასავით არავის შეეძლო მოწინააღმდეგის მოქანცვა, ანუ მისგან მიღებული უმძიმესი დარტყმების იმგვარად "დამუშავება", რომ თავად ძალა დაეზოგა, გააფთრებული მოწინააღმდეგისათვის კი უკანასკნელი ენერგიაც წაერთმია. ამბობდნენ, რომ ამისათვის მას მიღებული დარტყმის მთელ სხეულზე გადანაწილების თავისი თეორია ჰქონდა შემუშავებული. ალბათ, ასეც იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სასწაულის მოხდენა არავის ძალუძს. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე რინგზე მიღებულმა დარტყმებმა დამანგრეველი ძალა მოგვიანებით მაინც "გამოავლინეს" და კრივის ლეგენდა, რომელსაც განუმეორებელი პლასტიკის გამო ხშირად "მოცეკვავესაც" უწოდებდნენ, პარკინსონის უმძიმესი სენით ინვალიდის სავარძელს მიაჯაჭვეს. მეორე მხრივ, ალის ასევე ლეგენდარული მოწინააღმდეგე ჯო ფრეზერი დღესაც ამაყობს, რომ ალის პარკინსონი მისი მუშტების დამსახურებაცაა. საერთოდ, მოკრივეები და მათი ფანატები (რომელთა რიცხვშიც უამრავი მსოფლიოში ცნობილი ხელოვანი და მეცნიერია) ერთხმად აცხადებენ, რომ კრივი იგივე ცხოვრებაა, მხოლოდ რამდენიმე რაუნდში ჩატეული და რაც მთავარია, სიყალბისაგან გათავისუფლებული.

იხილეთ ვიდეო: რუსი მოკრივე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)