"ჯოხს ნუ გადავტეხთ 22 წლის ბიჭზე, რომელზეც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ "მზე და მთვარე ამოგვდიოდა..." - კვირის პალიტრა

"ჯოხს ნუ გადავტეხთ 22 წლის ბიჭზე, რომელზეც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ "მზე და მთვარე ამოგვდიოდა..."

გაზეთ "კვირის პალიტრის" 10 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ თემურ ქეცბაიასთან. გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან, რომელშიც ქეცბაია ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს:

- ხვიჩა ფენომენური ფეხბურთელია. ერთ წელიწადში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელ სიმაღლეს მიაღწია - გახდა სერია "ა"-ს წლის საუკეთესო მოთამაშე! დაამტკიცა, რომ მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელია, საქართველოში ფეხბურთის ბუმი გამოიწვია, ქართული ფეხბურთი ცნობადობის ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ჯერ მხოლოდ 22 წლის არის, მთელი კარიერა წინ აქვს და უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ!

- კვარაცხელიამ ძველი, "რომანტიკული" ფეხბურთი გაგვახსენაო, რომ ამბობენ, ფურორის გამომწვევი სეზონი სწორედ მისი არაორდინარული სათამაშო სტილის დამსახურებაა, არა?

- თანამედროვე ფეხბურთში ფული ბევრია, ისეთი მოთამაშე კი, ვისაც რამდენიმე მეტოქის მოტყუება, ერთდროულად სანახაობრივი და სასარგებლო თამაშის ჩვენება შეუძლია, ძალიან ცოტა. ამდენი ტაქტიკური სქემის, კარის დაცვაზე გადამეტებული ფიქრის გამო ინდივიდუალიზმი თითქოს გაქრა ფეხბურთიდან... ამ დროს გამოჩნდა კვარა, რომელსაც შეუძლია ისე თამაში, როგორიც მაყურებელს მოსწონს. ხვიჩას შთამბეჭდავმა თამაშმა დიდი სამსახური გაუწია ქართულ ფეხბურთს, სხვა ქართველ მოთამაშეებსაც დიდ სტიმულს აძლევს. შესაძლოა კვარაზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო შედარებით "ჩრდილში" არიან მამარდაშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე და სხვები, თუმცა ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და ეს თაობა აუცილებლად იტყვის ხმამაღალ სიტყვას!

- საქართველოში დიდი კრიტიკა მოჰყვა მის გადაწყვეტილებას, არ ეთამაშა 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.

- სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა. ხვიჩას თამაშის ნახვა ყველას გვინდა - ყოველდღე! მაგრამ სიტუაცია ყოველთვის ობიექტურად უნდა შევაფასოთ - კვარამ არ ითამაშა, სამაგიეროდ, სხვას მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალიან მაგარი შედეგი აჩვენა ქვეჯგუფში, სადაც სამივე მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო. კვარაცხელიას რომ ეთამაშა, შესაძლოა ჩვენს გუნდს სხვანაირი ტაქტიკა და შედეგი ჰქონოდა, იქნებ ვერც გასულიყო ჯგუფიდან და კრიტიკა მერე გენახათ. ამიტომ ვიღაცებისთვის გადაბრალება, რომ ეთამაშათ, აუცილებლად გავიდოდით ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და ოლიმპიადის საგზურიც ჩვენი იქნებოდაო, არასწორი მგონია. ტურნირის დაწყებამდე ვერც კი ვინატრებდით შედეგს, რაც საბოლოოდ მივიღეთ. მესმის, რომ "მადა ჭამაში მოდის", მაგრამ ჯობს საბოლოო შედეგით გავიხაროთ და ჯოხს ნუ გადავტეხთ 22 წლის ბიჭზე, რომელზეც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ "მზე და მთვარე ამოგვდიოდა"... ხვიჩას მთელი კარიერა წინ აქვს და საქართველოს კიდევ ბევრჯერ გაახარებს! გული დაგვწყდა, ჩვენთვის ისტორიულმა ევროპის ჩემპონატმა კვარას გარეშე რომ ჩაიარა, მაგრამ რადგან არ ითამაშა, ყველაფერს ხაზი გადავუსვათო, არასწორია. იმისთვის, რომ მომავალ სეზონში უფრო კარგად ითამაშოს, დაკარგული ენერგიის აღდგენა უნდა შეძლოს.

- კრიტიკოსების მთავარი არგუმენტია, ხვიჩას ყოფნა ფსიქოლოგიურადაც ძალიან დაეხმარებოდა ჩვენს ფეხბურთელებს, ბოლოს და ბოლოს, უკრაინელი მუდრიკის მსგავსად მეოთხედფინალის ბოლო წუთებზე მაინც ეთამაშაო...

- თუ იქნებოდა, 15 წუთი კი არა, მთელ თამაშს ითამაშებდა. ქვეჯგუფიდან რომ ვერ გავსულიყავით, არც ატყდებოდა ამხელა აჟიოტაჟი. თუმცა, როგორც არ უნდა მოქცეულიყო, მაინც მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც მის საქციელს/თამაშს გააკრიტიკებდნენ. არადა, შესაძლოა ხვიჩასთან ერთად სულ სხვა შედეგი გვქონოდა. ყველას გვსურდა ახალგაზრდულ ნაკრებში კვარას ნახვა, თვითონაც უნდოდა, მაგრამ გამოვიდა და თქვა მიზეზი, რის გამოც ვერ შეძლებდა თამაშს. ნუ დავივიწყებთ, რომ უპირველესად სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა დღევანდელი საფეხბურთო ბუმი საქართველოში. ამიტომაც შევეშვათ "განტევების ვაცის" ძებნას, მოვრჩეთ ფეხბურთელების ლანძღვას, ვიამაყოთ, ამ დონის ფეხბურთელით და წარმატება ვუსურვოთ ახალ სეზონში. წაიკითხე სტატია სრულად