როგორ  "ებრძოდა" ედუარდ შევარდნაძე კორუფციას: "მექრთამეებისა და საქმოსნების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს" - კვირის პალიტრა

როგორ  "ებრძოდა" ედუარდ შევარდნაძე კორუფციას: "მექრთამეებისა და საქმოსნების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს"

ორშაბათი მართლაც მძიმე დღეა, ამას ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამტკიცებდნენ. ძნელია, არ დაეთანხმო ჭკვიან და გამოცდილ ხალხს. არ გინდა სამსახურში მისვლა (მით უფრო, თუ წინადღეს მეგობრებთან ერთად იყავი), "ქაჯეთის ციხის" მეშვიდე სართული, თათბირები, ქაღალდები - " სულს თავისუფლება სწყურია" . . . . მაგრამ 1996 წლის აპრილია და ცხოვრების რეალობა ღრუბლებიდან დედამიწაზე მაბრუნებს. სამსახურში დაგვიანება გამორიცხულია: ეს ნ. საჯაიას ან ჩემი "შეფის" ბიუროკრატიული ახირება და მკაცრი წესი იმდენად არაა (არავინ არ დადის, კაბინეტის კარებს არ გიღებს და არ გამოწმებს), რამდენადაც შინაგანი მოთხოვნა.

ეროვნული უშიშროების საბჭო და მისი აპარატი პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანოებს წარმოადგენდნენ. პირველ ეტაპზე ეუს აპარატის სტრუქტურა ამგვარი იყო: სამხედრო მრჩეველთა განყოფილება; სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება; უშიშროების საკითხთა განყოფილება; საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის განყოფილება; საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება და საქართველოს პრეზიდენტის - სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახური. შემდეგ ეუს აპარატში დამატებით შეიქმნა: მთავარი სამხედრო ინსპექცია; შეწყალების საკითხთა განყოფილება და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და კონვერსიის საკითხთა განყოფილება. ზემოაღნიშნულ დანაყოფებს, უმრავლეს შემთხვევაში, გამოცდილი პროფესიონალები, ასევე პატრიოტი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.

ეუს აპარატს ნუგზარ საჯაია ხელმძღვანელობდა, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძის დიდი ნდობით სარგებლობდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: შევარდნაძის მართვის სტილიდან გამომდინარე ნ. საჯაია "ბაბუს" გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებდა და ვერც მიიღებდა. ამის გათვალისწინება ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ნ. საჯაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვერსიების განხილვის დროს.

ვიხსენებ რა იმ წლებს, კიდევ ერთხელ გულწრფელ მადლობას ვუხდი კოლეგებსა და მეგობრებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან, რომლებთან ერთადაც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ბევრი, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი, ღონისძიება ჩატარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეუს აპარატის მუშაობის პირველი წლები, როდესაც "აპარატში" ჭირი და ლხინი საერთო გვქონდა. პირდაპირ ვიტყვი: 1996 წლის თებერვლიდან დიდი მოწადინებითა და ენთუზიაზმით შევეჭიდეთ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინაშე მდგარი საფრთხეების გამოვლენისა და გადაწყვეტის რეკომენდაციების მომზადების ურთულეს პრობლემებს. მჯერა, რომ ამგვარი განცდა მაშინ მარტო ეუს აპარატის თანამშრომლებს არ გვქონდა, იმიტომ, რომ 1996 წელი ძალზე იმედისმომცემად დაიწყო. 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოღებულ იქნა ეროვნული ვალუტა "ლარი", ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ის გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად; კრი­მი­ნა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაც შედარებით გა­­უმ­ჯო­ბე­სდა, ქუჩაში ავტომატიანი "საძმოები" აღარ თარეშობდნენ - ქვეყანა სახელმწიფოს ემსგავსებოდა. "დასავლურ სტილში" მუშაობა დაიწყო საქართველოს პარლამენტმა ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობით: იღებდნენ ახალ და პროგრესულ კანონებს. "საგარეო ფრონტზე" საქართველო მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ასე თუ ისე საქართველო მართლაც "იქოქებოდა". ყველა ახალი, ეფექტიანი რეფორმებისა და რადიკალური ცვლილებების მოლოდინში ვიყავით.

თუმცა იყო ერთი, გლობალური და საქართველოსთვის "ისტორიული" პრობლემა, "ეკონომიკური სიმსივნე", რომლის წინაშეც თვით ზესახელმწიფოებიც უძლურნი არიან, თუ დროულ და პრინციპულ პოლიტიკას არ გაატარებენ. ესაა კორუფცია და ჩრდილოვანი ეკონომიკა. ეს უდიდესი საფრთხეა: ამ დროს მცირდება საგადასახადო შემოსავლები და ადგილი აქვს ბიუჯეტის დეფიციტს, რის გამოც სახელმწიფო კარგავს ქვეყნის მართვის ფინანსურ ბერკეტებს; უკიდურესად მწვავდება სოციალური პრობლემები, იზრდება "უფსკრული" მდიდრებსა და ღარიბებს შორის; სუსტდება საბაზრო სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი - კონკურენცია; სწრაფი ტემპით იზრდება ინფლაცია; სახელმწიფო ქონების პრივატიზების დროს იკარგება სამართლიანობისა და ეფექტიანობის პრინციპი; ფერხდება საზოგადოების სტაბილური განვითარების გადამწყვეტი წინაპირობის - საშუალო ფენის ჩამოყალიბების პროცესი. ყოველივე ზემოაღნიშნული საბაზრო ეკონომიკის დისკრედიტირებას ახდენს, რაც განსაკუთრებით საშიშია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის. არის კიდევ კორუფციის თამნდევი ფარული საფრთხე: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ კორუმპირებული და ამით დაშანტაჟებული ჩინოვნიკის გადაბირების შესაძლებლობა ძალზე მაღალია.

ბიუჯეტის დეფიციტი პირდაპირ აისახებოდა საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასებზე, რაც, მით უმეტეს დღევანდელი გადასახედიდან, პირდაპირ სასაცილო იყო. პრეზიდენტის ხელფასი დაახლოებით 400, უშიშროების საბჭოს მდივნის - 300, განყოფილების უფროსების - 250, ხოლო წამყვანი სახელმწიფო მრჩევლების - 160 ლარი იყო. ამას ემატებოდა: სამხედრო წოდების, წელთა ნამსახურეობის, ულუფის, უცხო ენების ცოდნის (ევროპული - ხელფასის 10 %, აღმოსავლური -20%), ე.წ. "ფორმის" (წელიწადში ერთი-ორჯერ) - სულ 100- 180 ლარი. ალბათ ერთ-ერთი, ფინანსური ფაქტორიც იყო, როდესაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ 1996 წლის 11 აგვისტოს გენერალ-მაიორის, ხოლო 2001 წლის 21 დეკემბერს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიანიჭა ნ. საჯაიას. მიუხედავად ამგვარი დაბალი ხელფასებისა იმ პერიოდში ეუს აპარატში პატრიოტული გრძნობა და მომავალი რეფორმების იმედი მაღალი იყო და ყველა პრობლემას გვავიწყებდა.

ედუარდ შევარდნაძეს პოლიტიკური კარიერა და "კორუფცია-ჩრდილოვანი ეკონომიკა" ისტორიულად დაკავშირებული საკითხებია. 1964 წლის 7 ივლისს საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი ე. შევარდნაძე ფაქტიურად "პარტიული ორბიტიდან" გააძევეს, როდესაც საქართველოს სსრ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის (შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტრო) მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნეს. როგორც იტყვიან შსს-დან პარტიულ სამუშაოზე უკან მობრუნებული არავის უნახავსო, თუმცა შევარდნაძემ აქაც დაარღვია "პარტიული ტრადიცია". ერთი წელიც არ იყო გასული, რომ 1965 წლის 21 მაისს ვასილ მჟავანაძემ ის უკვე მინისტრად დანიშნა.

სწორედ მაშინ დაიწყო ე. შევარდნაძემ საკუთარი გუნდის შექმნა: ახალგაზრდა კომკავშირული და პარტიული მუშაკების შსს-ში გადაყვანა. ასე მოხვდნენ მის "გუნდში" მომავალი მილიციის გენერლები და შსს მინისტრები, თუ მოადგილეები: გურამ გვეტაძე, შოთა გორგოძე, გივი კვანტალიანი, რობინზონ თუშურაშვილი და სხვ. ისინი კარიერას შევარდნაძეს უმადლოდნენ და ათწლეულების მანძილზე მისდამი განსაკუთრებული პირადი ერთგულებით გამოირჩეოდნენ. "დამნაშავეობასთან, საქმოსნობასთან და მექრთამეობასთან” ბრძოლის ლოზუნგის საფარქვეშ მიდიოდა ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა და კომპრომატების შეგროვება. როგორც საქართველოს ცკ-ს პირველ მდივან ვასილ მჟავანაძესა და მის ოჯახზე, ასევე სხვა პარტიული კონკურენტების წინააღმდეგაც. ამ დროს კი, 1965-1972 ნლებში, თავად "შევარდნაძის ბიჭები" იკავებდნენ ყველაზე კორუმპირებულ: სოციალისტური საკუთრების დატაცებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს (ე.წ. "ობეხეს") და სახელმწიფო ავტოინსპექციის უფროსის თანამდებობებს. დამეთანხმებით, რომ სწორედ ეს უწყებები იყო საბჭოთა საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით კორუმპირებული. ე. შევარდნაძემ ეს კარგად იცოდა მაშინაც და შემდგომ, 1972 წლის 29 სექტემბრიდან 1985 წლის 6 ივლისამდე პერიოდშიც , როდესაც საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო.

ე. შევარდნაძე "პიარის" დიდოსტატი რომ იყო, მაშინვე ჩანდა: 1965- 1970 წლებში ქართულ და რუსულ ენებზე გამოდიოდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველკვირეული გაზეთი "მებრძოლი გუშაგი" (რუსული გამოცემა- "ბოევოი სტრაჟ"), სადაც. როგორც სამინისტროს, ასევე პირადად მინისტრის დიდი რეკლამირება ხდებოდა. "მექრთამეებისა და საქმოსნების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს" ეს სლოგანი "მებრძოლი გუშაგის" მაშინდელ რედაქტორს ეკუთვნის. აქვე ვიტყვი: ეს, საკმაოდ ნიჭიერი და ამავე დროს ძალზე ექსცენტრიკული პიროვნება, შევარდნაძის "გუნდში" იყო სიცოცხლის ბოლო წუთამდე - "ბაბუს" მრჩეველის რანგში სახელმწიფო კანცელარიის მერვე სართულზე საკუთარ კაბინეტში (სადაც ის ხშირად ღამეც რჩებოდა) გარდაცვლილი იპოვეს.

beso2-1689666041.jpg

ლ. ბრეჟნევის უკანასკნელი "გასეირნება" თბილისში. 1981 წლის მაისი.

გასული საუკუნის 70 იანი წლების დასაწყისში შევარდნაძე "პოლიტიკური ქულების" დაგროვებას საჩვენებელი სასამართლო პროცესების ჩატარებითაც ცდილობდა. გავიხსენოთ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, აკა­დე­მი­კოს პეტ­რე გელ­ბა­ხი­ა­ნის საქ­მე, რო­მე­ლიც 1973 წელს მექ­რთა­მე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და 15 წელი მიუსაჯეს. ასევე დიდი რეზონანსი ჰქონდა ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით 26 კო­მის­რის რა­ი­ო­ნის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ­თა საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის თავ­მჯდო­მა­რის იუზა კო­ბა­ხი­ძის 1979 წელს დაპატიმრებასა და შემდგომ დახ­ვრე­ტას. პარალელურად კი "შევარდნაძის ხალხი" ჩაისა და ყურძნის "არნახულ მოსავლს” მხოლოდ ქაღალდზე აფიქსირებდა და მილიონებს იპარავდა. "ბაბუმ" ესეც კარგად იცოდა, თუმცა სანამ სჭირდებოდა ამ ხალხს ხელს აფარებდა, შემდეგ კი - ვითომ არც კი იცნობდა (თუნდაც სოლიკო ხაბეიშვილის ისტორია გავიხსენოთ). 1992 წლის 7 მარტს საქართველოში დაბრუნების შემდეგაც შევარდნაძე კვლავ ძველებურად ფიქრობდა, რომ: "კორუმპირებული ჩინოვნიკების მართვა გაცილებით იოლია". რუსეთის სპეცსამსახურებშიც კმაყოფილებით ფიქრობდნენ: " კორუმპირებული ქართველი ჩინოვნიკების გადაბირება ძალზე იოლიაო".

1996 წლის პირველი სამი თვის შემდეგ უკვე გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას დიდი პრობლემები ექმნებოდა, მასიურ კოუფციაზეც უკვე ღიად საუბრობდნენ და პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამ საკითხების ყოვემხრივი შესწავლა ნუგზარ საჯაიას დაავალა.

შესვენება ჯერ დაწყებული არ იყო, როცა "შეფმა" დამირეკა და მასთან შესვლა მთხოვა. უჩვეულოდ შუბლშეკრული იჯდა. აშკარად ვერ იყო ხასიათზე.

"ბაბუ" გაცოფებულია, პარლამენტში ჭორაობენ, ეს ჟურნალისტებიც არ ჩერდებიან, ერთი გამაგებინეთ ვინ, რომელი მინისტრი და უწყების ხელმძღვანელი იპარავს და სად მიქვსო" - პაუზა. ჯერ გაკვირვებული ვუყურებ, მერე ვხვდები, რომ იმ დილას ალბათ რომელიღაც გაზეთმა დაიბეჭდა "მწარე" სტატია და ამან გააღიზიანა საქართველოს პრეზიდენტი. აქვე ვიტყვი: შევარდნაძე მუდმივად ეცნობოდა არა მარტო შსს და უშიშროების სამინისტროს "კრებსებს" (გასულ დღე-ღამეს ქვეყანაში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების აღრიცხვის ნაერთი ინფორმაცია), არამედ ყურადღებით კითხულობდა პრესასაც, განსაკუთრებით კრიტიკულ სტატიებს. ხშირად რეზოლუციას საგაზეთო სტატიის ქსეროასლზე ან "კრებსის" ფურცელზე აწერდა. შემდეგ ჟურნალისტებმაც აუღეს ალღო "ბაბუს" მუშაობის ამ წესს და ზოგიერთმა მათგანმა (ხშირად გაზეთის რედაქტორების დავალებითაც) ქართველი ჩინოვნიკების დაშანტაჟების "ბიზნესი" დაიწყო: თუ გინდა შენზე სტატია და კომპრომატები არ გამოვაქვეყნოთ, მაშინ "ვიმეგობროთო". ერთ-ერთი უძველესი პროფესიის წარმომადგენლები ყოველთვის პოულობდნენ ახალ-ახალ "მეგობრებს".

"ამიტომ ჩვენ, როგორც უშიშროების საკითხთა განყოფილებას, დაგვევალა სასწრაფოდ შევისწავლოთ ეს საკითხი, გამოვიყენოთ ოპერატიული წყაროები და წარვადგინოთ ანალიტიკური ინფორმაცია" - მცირე პაუზის შემდეგ გააგრძელა "შეფმა". უკვე გასაგები იყო, რომ საქართველოს "კორუფციულ გველეშაპთან" შებრძოლება მე მომიწევდა. "შეფმა" ჯერ მე შემომხედა, შემდეგ შემოსასვლეთან ჩამოკიდებულ საათს მიაპყრო დამძიმებული მზერა. მხოლოდ შემდეგ, უფრო გამოცდილი კოლეგებისგან გავიგე, რომ ეს აუდენციის დამთავრებას ნიშნავდა. მაშინ კი ცოტა არ იყოს შევშფოთდი: ვიფიქრე, რომ ამ ურთულესი დავალების შესასრულებლად წამზომი ჩამირთეს.

წაიკითხე ბლოგის წინა ნაწილი

(მეშვიდე ნაწილის დასასრული)