"მსოფლიო სიცხისაგან იწვის: უკან დაბრუნების წერტილი უკვე გავლილია" - BBC
მაშინ, როდესაც მსოფლიოში უამრავი სამხედრო-პოლიტიკური და დიპლომატიური პრობლემაა დაგროვილი; როცა პოლიტიკოსები ომსა და მშვიდობაზე ბჭობენ და კონსენსუსისთვის ვერ მიუღწევიათ; როცა შეთქმულებები, ამბოხებები, ბრძოლები და თავდასხმები კვლავ გრძელდება; როცა რიგი ქვეყნების საზოგადოებაში დაპირისპირების პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს - ამ ყველაფერს ბუნებრივი უბედურებაც ემატება, თანაც - ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის განუხრელი მატება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწა გლობალური დათბობის პირველი ეტაპიდან თანდათან მეორეზე გადადის და, სავარაუდოდ, უკან დაბრუნების წერტილი უკვე გავლილია.
გთავაზობთ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას სათურით - "მსოფლიო სიცხისგან იწვის: აშშ-ში და ჩინეთში ტემპერატურა 50 გრადუსს აჭარბებს", რომელშიც მიმოხილულია ჩვენს პლანეტაზე შექმნილი ანომალიური მდგომარეობა.
"მიმდინარე წელს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მოსახლეობა ზარალდება ანომალიურად მაღალი ტემპერატურით. დიდი სიცხეებია სამხრეთ ევროპაში, აგრეთვე, აშშ-ში და ჩინეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურამ ცელსიუსით 50 გრადუსს გადააჭარბა.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე ტემპერატურის მომატება გაგრძელდება. ამინდის პროგნოზების მიხედვით, კუნძულ სარდინიაზე, სადაც ადრე მაინცდამაინც მაღალი სიცხე არ ფიქსირდებოდა ხოლმე, ახლა, უკვე ტემპერატურა 46 გრადუსს აღწევს, იტალიის სამხრეთ ნაწილში - 43-44 გრადუსია, ესპანეთში - 46, საფრანგეთის სამხრეთში - 40-41 გრადუსი.
ანომალიური სიცხე ბატონობს აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ტემპერატურის რეკორდი შეიძლება 38 ქალაქში დამყარდეს.
აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, 16 ივლისს ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში 46-გრადუსიანი სიცხე დაფიქსირდა. მართალია, ამ დღეებში ტემპერატურა დაიწევს, მაგრამ - უმნიშვნელოდ, 45 გრადუსამდე.
არიზონას შტატშიც რეკორდული სიცხეა, ასფალტი დნება, როგორც იტყვიან, პირდაპირ "კვერცხი შეიწვება" – 47,2 გრადუსი.
მაგრამ ყველაზე მაღალი ტემპერატურა მაინც კალიფორნიის შტატში მდებარე "სიკვდილის ხეობაში" დაფიქსირდა, დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილას - 53,9 გრადუსი.
ამერიკელი სპეციალისტები თვლიან, რომ ამ სიცხის ტალღის მიერ მოტანილი მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ტემპერატურა დღისით მაღალია, არამედ ის, რომ ღამითაც თითქმის იგივეა, არ იკლებს. მოსალოდნელია, რომ არიზონაში ღამის ტემპერატურა 33-35 გრადუსზე ნაკლებად არ შემცირდება.
დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური ცენტრის მონაცემებით, კვირას, 16 ივლისს, ჩინეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დარეგისტრირდა: სინძიან-უიღურის პროვინციაში თერმომეტრის სვეტი 52,2 გრადუსამდე ავიდა.
მართალია, მეზობელ იაპონიის კუნძულებზე შედარებით ნაკლები ტემპერატურაა, მაგრამ "ამომავალი მზის ქვეყნის" მოსახლეობისათვის 41,1 გრადუსიც აუტანელ სიცხეს ნიშნავს.
დასასრული ჯერ ადრეა
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, რომელიც გაეროს სპეციალიზებულ ქვედანაყოფს წარმოადგენს, გვაფრთხილებს, რომ სიცხეები, რომელიც ამჟამად ხმელთაშუა ზღვის რეგიონში დგას, მიმდინარე კვირის ბოლოს კიდევ უფრო გაძლიერდება და აგვისტოს თვეშიც გაგრძელდება.
მაროკოში ტემპერატურა, სავარაუდოდ, 49 გრადუსს გადააჭარბებს. კასაბლანკას ცნობილ პლაჟებზე დამსვენებლები მზის დარტყმებს უნდა მოერიდონ.
კაცმა რომ თქვას, ევროპაში ცხელი ჰაერის ტალღები სწორედ ჩრდილოეთ აფრიკიდან მოემართებიან. საჰარის ბრალია, რომ სამხრეთევროპელები სიცხით იტანჯებიან. ასეთი რამ წინა წლებში არ ხდებოდა - ჰაერის მასებმა მიმართულება შეიცვალეს. რომში კოლიზეუმის დათვალიერებისას ტურისტებს აფრთხილებენ, რომ თან წყალი აუცილებლად ჰქონდეთ. ამ დღეებში რამდენიმე ტურისტმა მზის დაკვრა მიიღო.
უსახლკაროთა თავშესაფრები
რასაკვირველია, მაღალი ტემპერატურა ყველაზე მეტად უსახლკარო ადამიანებზე მოქმედებს, ამიტომ მათთვის სპეციალური თავშესაფრებია მოწყობილი (და არამარტო მათთვის). ესპანეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ გახსნა თავშესაფრები, სადაც მათ მცხუნვარე მზისა და შენობათა "გავარვარებული" კედლებისაგან თავდაცვა შეუძლიათ. მერიამ ქუჩების დასუფთავებაც შეზღუდა - ცხელ ამინდში სამუშაოები 14 საათიდან 17 საათამდე წყდება. მადრიდში აიკრძალა იმ ავტომანქანებით სარგებლობა, რომლებსაც კონდიციონერები არ აქვთ. სამწუხაროდ, ამინდის პროგნოზით, მადრიდში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.
ტყის ხანძრები ბალკანეთში
ექსტრემალური სიცხე საფრთხეს უქმნის არამარტო ადამიანების ჯანმრთელობას, არამედ მას სტიქიური უბედურების გამოწვევაც შეუძლია, კერძოდ ტყის ხანძრების გაჩენა.
საბერძნეთში უკვე დაფიქსირდა ტყის ხანძრები - ათენიდან 27 კილომეტრში, სოფელ კუვარასთან ახლოს, სადაც სტიქიას 150 მეხანძრე, 40 სახანძრო მანქანა და 11 თვითმფრინავი ებრძვის. "ეს ძალიან რთული ხანძარია, თანაც ძლიერი ქარის პირობებში", - ამბობს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის წარმომადგენელი იანის არტოპიოსი.
კიდევ ერთი ხანძარი დაფიქსირდა საზღვაო კურორტ ლუტრაკთან ახლოს, ათენიდან 81 კილომეტრში. ხელისუფლება იძულებული გახდა ქალქიდან 1200 ბვშვის ევაკუირება მოეხდინა, რომლებიც ბანაკებში ისვენებდნენ.
სიცხემ არც ჩრდილოეთ მაკედონია და არც სერბეთი არ დაინდო. მაკედონიის მთავრობა განსაკუთრებულ ზომებს იღებს მოხუცების, ბავშვების, ფეხმძიმეების მდგომარეობის შესამსუბუქებლად. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კი სიცხის გამო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახებების რაოდენობამ ერთიორად მოიმატა. ჯანდაცვის სტრუქტურები იმ ადამიანებს, რომლებიც ღია ადგილებზე მუშაობენ, რეკომენდაციას აძლევენ, რომ მუშაობა 11 საათმდე დაასრულონ.
სერბეთის ეროვნულ პარკებში შესვლა შეზღუდულია - ტყეებს ხანძრის საფრთხე ემუქრება, ამიტომ ხელისუფლება პრევენციულ ზომებს იღებს". წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ