საზღვაო კამიკაძე-დრონები: რას წარმოადგენენ და რა შეუძლიათ... - კვირის პალიტრა

საზღვაო კამიკაძე-დრონები: რას წარმოადგენენ და რა შეუძლიათ...

ყირიმის ხიდის მეორედ აფეთქება ორი საზღვაო კამიკაძე-დრონის მეშვეობით განხორციელდა (როგორც გუშინ ჩემს ბლოგში „ყირიმის ხიდი - აფეთქება ნომერი 2“ სტატიაში ვივარაუდე), რომლებიც ხიდის საყრდენ ბურჯს შეეჯახნენ და აფეთქების ტალღამ ქვემოდან დაარტყა ყირიმის საავტომობილო ხიდის ორივე მიმართულების სექციას, რის შედეგადაც ერთი ჩაიშალა, მეორე - ნახევრად ჩაიქცა...

რას წარმოადგენენ საზღვაო კამიკაძე-დრონები და ხიდებზე შეტევის გარდა, კიდევ რა საბრძოლო ამოცანების შესრულება შეუძლიათ?

საერთოდ, კამიკაძე-დრონად ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება შეიძლება - ავტომანქანის (ყირიმის ხიდის პირველი აფეთქება მასზე მიმავალი დანაღმული ტრაილერის საშუალებით განხორციელდა, თუმცა მძღოლმა არ იცოდა, თუ რა საშიში ტვირთი და რა მიზნით მიჰქონდა), ჯავშანტრანსპორტიორის, ტანკის, შვეულმფრენის, თვითმფრინავის, კატარღისა და წყალქვეშ მცურავი საშუალებისაც კი.

ამისთვის საჭიროა მართვის ორგანოებზე მექანიკური მართვის მოწყობილობების დამონტაჟება და ვიდეოკამერის დაყენება (ოპერატორს ვიზუალური მართვის საშუალება რომ ჰქონდეს), ხოლო ამ ყველაფრის დისტანციურად მართვა თანამგზავრული კავშირის საშუალებით ხორციელდება, შეიძლება, დედამიწის მეორე ნახევარსფეროდანაც...

გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები, როგორც უშუალოდ ოკუპირებული სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო პორტში, ისე - ღია ზღვაში, პერიოდულად ხდებიან თავდასხმების სამიზნეები, რომლებსაც სწორედ საზღვაო კამიკაძე-დრონების გამოყენებით ახორციელებენ უკრაინელი სამხედრო მზვერავები, სამხედრო მეზღვაურებთან ერთად.

2-kam-1689672253.jpg
მსოფლიოში პირველი საზღვაო კამიკაძე-დრონების ესკადრა, რომელთა რეალურ საბრძოლო გამოყენებას ახორციელებს უკრაინა...

უკრაინის მხარე დიდი ხანი განსაკუთრებით ასაიდუმლოებდა, რომ ასეთი საზღვაო იარაღი ჰქონდა. ოფიციალურად მას არც სევასტოპოლის ყურეზე თავდასხმა უღიარებია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს უკრაინის ტელევიზიებით გავრცელდა ამ საზღვაო უპილოტოს დამზადების ვიდეოკლიპი, რასაც მოჰყვა პრეზიდენტ ზელენსკის მოსახლეობისთვის მოწოდება, რომ შეეგროვებინათ 100 მლნ გრივნა ათი ასეთი უპილოტოს შესასყიდად და შეექმნათ მსოფლიოში პირველი კამიკაძე-დრონების საზღვაო ესკადრა. ერთი საზღვაო კამიკაძე-დრონის ფასი 10 მლნ გრივნას ანუ 271 ათას დოლარს შეადგენს. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი სიგრძე 5,5 მეტრია და ერთ ტონამდე იწონის. ის აღჭურვილია ილონ მასკის "სტარლინკის" თანამგზავრული ინტერნეტკავშირით, აქვს 300 ცხ.ძ-იანი ძრავა, წყალში ავითარებს 80 კმ/სთ-მდე მაქსიმალურ სიჩქარეს და გადააქვს 50 კგ ან უფრო მეტი მასის საბრძოლო მუხტი.

3-kam-1689672284.png
ასე წარმოუდგენია მხატვარს უკრაინული საზღვაო კამიკაძე-დრონის ღამისეული შეტევა რუსულ დიდ სადესანტო ხომალდზე...

ამ საზღვაო კამიკაძე-დრონების ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ ისინი ნახევრად ჩაძირულ მდგომრეობაში დიდი სისწრაფით ცურავენ და მათი ვიზუალური აღმოჩენა, მით უმეტეს - ღამით, ძალიან რთულია, თუმცა არა - შეუძლებელი.

ამასთან, მათი წყალმტყორცნი ძრავები საკმაო ხმაურს გამოსცემს იმისთვის, რომ რუსულ სამხედრო ხომალდებზე მათი მოახლოება გაიგონ და მოემზადონ დასახვედრად.

რუსულმა მხარემ ბოლო პერიოდში რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, თუ როგორ აღმოაჩენენ და წარმატებით იგერიებენ ამ უკრაინულ საზღვაო კამიკაძე-დრონებს სევასტოპოლის ბუხტის მისადგომებთან თუ რუსულ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმების მცდელობების დროს.

მაგრამ მაშინ რატომ „გაეპარათ“ რუს ოკუპანტებს ორი უკრაინული საზღვაო კამიკაძე-დრონი ყირიმის ხიდის ბურჯებამდე?

ყირიმის ხიდის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდაცვა თითქმის უმაღლეს დონემდეა აყვანილი, ხოლო ამ ხიდის პირველი აფეთქების შემდეგ - კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც შედეგსაც იძლეოდა. უკრაინელების მხრიდან გაშვებული რამდენიმე მფრინავი კამიკაძე-დრონი რუსულმა საზენიტო რაკეტებმა ხიდამდე რამდენიმე კმ-ის დაშორებით ჩამოაგდეს კიდეც.

თუმცა გაირკვა, რომ უშუალოდ ზღვის ზედაპირზე რუსულ თავდაცვის სისტემას ხინჯი აღმოაჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის ხიდის დამცველმა რუსმა სამხედროებმა ბოლო მომენტში აღმოაჩინეს ეს უკრაინული საზღვაო დრონები და ცეცხლი გაუხსნეს, ამ უკანასკნელებმა მაინც მოახერხეს კამიკაძეების როლის შესრულება.

4-kam-1689672321.png
უკრაინული საზღვაო კამიკაძე-დრონების ყირიმის ხიდის ქვეშ აფეთქების შედეგად ნახევრად ჩაქცეული ხიდის სექცია...

რუსეთის საოკუპაციო ძალები ყირიმის ხიდის მეორედ აფეთქების შემდეგ ეტყობა, კიდევ უფრო გააძლიერებენ მისი მისადგომების კონტროლს, თუმცა უკრაინის მხარეს მაინც რჩება საინტერესო არჩევანი - ამჯერად წყალქვეშა კამიკაძე-დრონების გამოყენებით ყირიმის ხიდის უშუალოდ საყრდენი ბურჯების წყალქვეშა კონსტრუქციების სერიოზულად დაზიანება, რისთვისაც უკვე ბევრად მეტი რაოდენობის ტროტილისა თუ ჰექსოგენის გამოყენება გახდება საჭირო, რადგან ეს ბურჯები განსაკუთრებული სიმტკიცით გამოირჩევიან.

პირველი აფეთქების შემდეგ რუსულმა მხარემ შედარებით სწრაფად აღადგინა რევერსული საავტომობილო მოძრაობა ყირიმის ხიდზე, ხოლო რამდენიმე თვეში მთლიანად გამოცვალა ხიდის ჩანგრეული სექციები.

ასე მოხდება მეორე აფეთქების შემდეგაც, რადგან ხიდის საავტომობილო სავალი ნაწილის ჩანგრეული სექციების შეცვლა ტექნიკურად რთული, თუმცა - შესაძლებელია, მაგრამ თუკი უკრაინელებმა მოახერხეს ყირიმის ხიდის საყრდენი ბურჯის ან ბურჯების ისე დაზიანება, რომ ისინი შესაცვლელი გახდა, მაშინ რუსი ოკუპანტების ეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი, რომლითაც ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს უკავშირდებიან, დიდი ხნით დაიხურება.

რუსი ოკუპანტებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული გახდებოდა, ყირიმის ხიდის სარკინიგზო მონაკვეთი რომ გამოსულიყო მწყობრიდან, რადგან რუსი სამხედროები ყირიმისკენ სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო მასალებს, ძირითადად, სწორედ სარკინიგზო შემადგენლობებით ეზიდებიან...

P.S. ადრეც დამიწერია და გავიმეორებ - პირველი საზღვაო სამხედრო დრონი ქართველმა სამხედროებმა ჯერ კიდევ 1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, სოხუმის სანაპიროსთან გამოსცადეს, რომლის უშუალო თვითმხილველი-მონაწილეც გახლდით - რადიომართვად კატარღის მოდელზე ზემოდან დაამაგრეს 57 მმ კალიბრის უმართავი საავიაციო რაკეტების გასაშვები ბლოკიდან მოხსნილი ერთი მილი, რომლიდანაც ამ კუსტარულ საზღვაო დრონს რაკეტა უნდა გაეშვა აფხაზების კატარღასთან მიახლოების შემდეგ...