სად გაიტანეს საქართველოდან 130 მილიონი? - კვირის პალიტრა

სად გაიტანეს საქართველოდან 130 მილიონი?

საქართველოდან უცხოეთში 2011 წლის მესამე კვარტალში 129,841 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია გავიდა. ყველაზე მეტი გადინება - 78,498 მლნ აშშ დოლარი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას სტატისტიკის დეპარტამენტი ავრცელებს და დასძენს, რომ სამაგიეროდ ამავე კვარტალში საქართველოში 266 მილიონი დოლარი შემოვიდა, მათ შორის - 135 მილიონი ნიდერლანდებიდან.

საქართველოდან კაპიტალის გატანით არაბეთის გაერთიანებული საამიროების შემდეგ მეორე ადგილზე აშშ-ია, სადაც კაპიტალდაბანდებამ 21,916 აშშ მლნ დოლარი შეადგინა. სოლიდური კაპიტალი გავიდა ბრიტანეთის ვირჯინიაში - 15,447 მლნ აშშ დოლარი, ლიხტენშტაინში - 10,189 მლნ აშშ დოლარი და ესპანეთში - 3,360 მლნ აშშ დოლარი. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ინვესტიცია სულ 14 ქვეყანაში განხორციელდა: გიბრალტარი - 245,3 ათასი აშშ დოლარი, სლოვაკეთი - 70 ათასი აშშ დოლარი, რუმინეთი - 57,7 ათასი აშშ დოლარი, ლატვია - 23,7 ათასი აშშ დოლარი, უზბეკეთი - 21,8 ათასი აშშ დოლარი, სირია - 10,7 ათასი აშშ დოლარი, პოლონეთი - 10,5 ათასი აშშ დოლარი, ირლანდია - 6,7 ათასი აშშ დოლარი, ბელიზი - 5,4 ათასი აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 53 მლნ აშშ დოლარის, მე-2 კვარტალში კი 32 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია გავიდა. სულ საქართველოში 2011 წლის სამ კვარტალში 643,1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, მათ შორის პირველ კვარტალში - 173,7 მლნ აშშ დოლარი, მეორე კვარტალში - 203,4 მლნ აშშ დოლარი, მესამე კვარტალში - 266 მლნ აშშ დოლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, 2011 წლის III კვარტალში მოხდა სხვა არარეზიდენტი ქვეყნის წილის ჩანაცვლება ევროკავშირის წევრი ქვეყნის წილით. შედეგად დანარჩენი ქვეყნებიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაფიქსირდა უარყოფითი ნიშნით, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსულმა საინვესტიციო ნაკადებმა გადააჭარბა საქართველოში მთლიანად (ჯამურად) განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

ირაკლი ლექვინაძე, "ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის" პარტნიორი:

- 2011 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან 14 ქვეყანაში მოხდა 130 მილიონი ამერიკული დოლარის გადინება, აქედან ყველაზე დიდი წილი მოდის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე, თუმცა, ეს გადინება გამოწვეულია იმით, რომ არაბულ კომპანია "რაკჯორჯიას", რომელიც ფლობდა ფოთის პორტს, ჩაენაცვლა მოხდა დანიური კომპანია, რომელიც "მაერსკის" შვილობილი კომპანია "აიპიემ ტერმინალსია". სწორედ ამის გამო დანიაც ფიქსირდება საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად და შემოდინებული ინვესტიციების მიხედვით მეორე პოზიციაზეა.

ამერიკაში საქართველოდან ბოლო სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 22 მილიონი დოლარის გადინება მოხდა. თუმცა, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აღინიშნებოდა საქართველოდან ამერიკაში ინვესტიციების გადინება და მაშინ ამ მაჩვენებელმა 34 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. კაპიტალის გადინებით მესამე ადგილზეა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, სადაც მხოლოდ მესამე კვარტალში დაახლოებით 15 მილიონი დოლარის მოცულობის კაპიტალი გავიდა. შემდეგ მოდის ლიხტენშტაინი 10 მილიონი ამერიკული დოლარით და ესპანეთი - 3,5 მილიონი დოლარით. საინტერესოა გიბრალტარის მაჩვენებელიც.

თუ ყველაზე მსხვილი კაპიტალგადინება საქართველოდან გამოწვეულია ინვესტორის ჩანაცვლებით, სხვა ქვეყნებში ინვესტიციების გადინება შესაძლოა შეფასდეს რამდენიმე გარემოებით. შესაძლოა არსებულმა ინვესტორებმა, რომლებიც უკვე იყვნენ საქართველოში წარმოდგენილი, გაიტანეს თავისი აქტივები ქვეყნის გარეთ ან ქართველმა რეზიდენტებმა გადაიტანეს თანხები ოფშორულ ზონებში. სხვათა შორის, ეს მაჩვენებელი პირველ და მეორე კვარტალთან შედარებით მზარდია. მაგალითად, პირველ კვარტალში აღინიშნებოდა 52 მილიონი დოლარის გადინება, მეორე კვარტალში - დაახლოებით 32 მილიონის. საქართველოდან ინვესტიციების გადინების მაჩვენებლების ზრდა 2009 წლიდან იწყება, რაც შესაძლოა იმითაც აიხსნას, რომ საქართველოში უკვე არსებული ინვესტორები თავს მთლად კომფორტულად ვერ გრძნობენ.

- თუმცა, საქართველოდან ოფშორულ ზონებში გასული კაპიტალი, მათ შორის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიების მიერ გატანილი, ყოველთვის დიდ ეჭვს ბადებს, თუ ვინ დგანან რეალურად ამ კომპანიების მიღმა და შესაბამისად ვის გააქვს ფული საქართველოდან.

- ეს შესაძლოა იყოს ქართული კაპიტალი, რომელიც გადის ოფშორში და შემდეგ ოფშორიდან შეიძლება შემოვიდეს ისევ საქართველოში; ან ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილი და თავიანთი აქტივები უკან გააქვთ.

- გასული ინვესტიციების საპირწონედ სტატისტიკის სამსახურს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული ინვესტიციების მაჩვენებელი მოჰყავს - 266 მილიონი დოლარი.

- როცა შემოსული ინვესტიცია აჭარბებს ქვეყნიდან გადინებულ კაპიტალს, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა და თან შემოსული ინვესტიცია უფრო მეტია, ვიდრე პირველ და მეორე კვარტალში იყო. აქ მეტად საყურადღებოა მხოლოდ ერთი მაჩვენებელი, რომ საქართველოდან კაპიტალის გადინების ტენდენცია მზარდია ბოლო ორი წლის განმავლობაში. და ეს იმის მიუხედავად, რომ ძალიან ლიბერალური რეჟიმი გვაქვს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ბიზნესის კეთების რეიტინგების მიხედვით მოწინავე პოზიციებზე ვართ და ა.შ.

(სპეციალურად საიტისთვის)