"გაგება" და ჩანგალი - კვირის პალიტრა

"გაგება" და ჩანგალი

შესავლის ნაცვლად

არავის გაუკვირდებოდა, რადიო "პალიტრის" გადაცემა პროვოკატორში, "პრაიმ ტაიმის" მთავარ რედაქტორთან გასულ კვირაში მომხდარი ხმამაღალი კამათის შემდეგ, თუკი დღევანდელი "პროვოკაცია" ამ სასაცილო გაზეთის (ჩემი სუბიექტური აზრია - პირველად გუშინ წავიკითხე და ბევრი ვიცინე) მიერ ჩვენი მედიასახლისადმი წამოყენებულ სასაცილო პრეტენზიებს მიეძღვნებოდა...

მაგრამ "პრაიმ ტაიმსა" და მის რედაქტორს იმის შემდეგ ისეთი ამბავი გადახდათ თავს, ჩემი პროვოკაცია ვეღარფერს დააკლებდათ და ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვამბობ - მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ გაზეთში ჩვენს წინააღმდეგ ბინძური კამპანია აქვთ გაჩაღებული, ვუთანაგრძნობთ იმ წუთების გამო, რომელიც გადაიტანა "ნანუკას შოუს" ჩაწერისას (ჰო, გადარჩენასაც ვულოცავთ, ცხადია).

მე კი, იმ ინცინდენტის შემდეგ დიდი სტრესი მივიღე, რადგან ეჭვს ქვეშ დადგა ჩემი ცხოვრების უმთავრესი კრედო: "მთავარია გაგება!"

აბა, მაშინ რა არის მთავარიო? - იკითხავთ... არ ვიცი, ზოგმა თქვა, - მთავარია ჩანგალიო, ზოგმა - ძუძუებიო, ზოგმა - ტორტიო...

ამ უკანასკნელზე (ტორტზე) გამახსენდა - ვინც იმ საზიზღარ კადრებს უყურა, როდესაც ერთი ქალბატონი მეორეს "ჩანგლავდა", შეამჩნევდა, რომ ქართული "შოუბიზელიტის" ერთ-ერთი "კაშკაშა ვარსკვლავი" მოჩხუბრებს (თუ რაც ჰქვია) გარს უვლიდა, აღტაცებული გაიძახოდა, - "ვაიმეეეე" და ტორტის ჭამაც არ შეუწყვეტია! ა, კაცი!

ჰოდა, ამის შემდეგ "გაგება" როგორ იქნება მთავარი?!

მე რომ უზრდელი ვიყო, საკუთარ შეფასებას მივცემდი მის საქციელს "ამბავში, გაგებაში და მეობაში", მაგრამ რადგან უზრდელი არ ვარ, სოციალურ ქსელში ამ კადრებზე გაკეთებულ ერთ "კომენტარს მოვიყვან კომენტარის გარეშე": "დაგიფსი ტორტზე!" (მე არ მითქვამს, იმან თქვა, ვიღაც "მეკომენტარემ")

სასაცილო ის იყო, რომ ეს "ვარსკვლავი", როდესაც ალბათ თვითონ იხილა ჩანაწერი, მიხვდა - ციხიდან გამოსულ "რეციდივისტ მოროშკინას", შესაძლოა, "ჩანგლით ესაყვედურა" და დიდი გულშემატკივარივით სასამართლოზე მივიდა...

სწორედ მოროშკინაVშფხაკაძის ამბების შემდეგ ვიყიდე "პრაიმ ტაიმი" (თანაც იმ დღეებში კვლევების შედეგები გამოცხადდა და მინდოდა მათი რეიტინგი (2%) გამეზარდა - ახლა "გურია ნიუსს" უკვე ერთი მკითხველით უსწრებენ), ვიფიქრე, - სიმართლეს გავიგებ იმ ჩხუბის შესახებ-მეთქი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვნად ჩემი განცხადება მიუჩნევიათ, რომ პალიტრის ტირაჟს 100 ათასამდე ბევრი არ უკლია-მეთქი. ჰოდა, ისეთი პასუხი გაუშანშალებიათ, წესიერ კაცს აეტირებოდა, მე კი ისევ გამეცინა - განსაკუთრებით, როდესაც სტატიის სათაური და შინაარსი შევადარე ერთმანეთს: "კვირის პალიტრის" სკანდალური განცხადებების სხვა გამოცემებს არ სჯერათ" - ეს სათაურია, მერე ინტერვიუებია სხვადასხვა გაზეღების რედაქტორ-მოადგილე-ჟურნალისტებთან და ყველა ამბობს, რომ 100 ათასი ძალიან დიდი ციფრია, მაგრამ რადგან ამბობენ, ალბათ ასეაო... ძალიან ვიხალისე - დიდ მადლობა "პრაიმ ტაიმს"!

ისე, ცხოვრება პარადოქსებით არის სავსე - ჩვენს კოლეგა-ოპონენტებს მოულოდნელი თანამოაზრე გამოუჩნდათ ჩვენი ლანძღვის საქმეში, ცხადია, არანაკლებ სასაცილო - შალვა ნათელაშვილი!

დიახ, სწორედ ის - "დაუნ ზი დიქტეიტა!" და მკვდარი ცხვრით რომ დარბოდა ცეზარ ჩოჩელის სახლთან და კიდევ ბევრ "სასარგებლო" რამეებს რომ აკეთებს ქვეყნისთვის.

ეგენიო ("მედიაპალიტრაო") ივანიშვილმა იყიდა უკვე კარგა ხანიაო, მერე სკოლაში შევარდნენ, იქიდან ბავშვები გამოყარეს და ოფისი მოიწყვესო! მაშინვე "ყინვა და პატარა მოწაფე" გამახსენდა და წარმოვიდგინე, როგორ გამოვაპანჩურე ამ შენობიდან (რომელიც არასოდეს ყოფილა სკოლა, შალიკო) სწავლას მოწყურებული ბავშვები და ყინვაში გავაგდე. მერე გამახსენდა, რომ ეს ჩვენი შალიკოა და ისევ ბევრი ვიცინე...

მოკლედ გასულ კვირაში სასაცილო ამბები ხდებოდა ჩვენ გარშემო, სამაგიეროდ ფილარმონიაში ბიძინა ბიძიას საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართა და ბევრმა იტირა, ოღონდ სიხარულისგან - ისევ იმედი მიეცათ, რომ "მთავარია გაგება". ჩემი საქმე კი პროვიკატორობაა და სიმართლე გითხრათ, დიდი პროვოკატორობა არ ჭირდება იმას, რომ კაცს კითხვა გაგიჩნდეს: როდესაც ორგანიზატორებმა თქვეს, დარბაზში მოსაწვევებით მხოლოდ ის ადამიანები ისხდებიან, ვისაც საზოგადოების 100-პროცენტიანი ნდობა აქვსო და ივანიშვილმაც თავის სიტყვაში ევროატლანტიკური ინტეგრაცია (ანუ ნატო) მთავარ პრიორიტეტად დაასახელა, რა უნდოდა იქ ზოგიერთ, რბილად რომ ვთქვათ - "რუსთმოყვარეს" და ტაშსაც "რა პონტში" უკრავდა?

P.S. მომავალში აქაც, რადიო "პალიტრის" "პროვოკატორშიც" და ჩემს სვეტშიც (ჟურნალ "გზაში"), "ზოგიერთს წითელი ეენთება" - იმიტომ კი არა, რომ "ბალანსი დავიცვა", არამედ იმიტომ, რომ ბევრი რამ უკვე "სოლოლაკის ოფისშიც" არ მომწონს.

"ბალანსის" გამო კი იმას ვიტყვი, რომ მიშა-პრეზიდენტი 11 დეკემბერს ქალაქს გაერიდა, ზესტაფონში ერთ ტკბილ იმერულ ოჯახს ეწვია, ციცკა-ცოლიკაურს წრუპავდა და იქაურებსაც ლაზიკაზე ელაპარაკებოდა.

იმერლები კი ზრდილობიანი ხალხია და მხოლოდ გულში კვდებოდნენ სიცილით...

P.P.S. ამდენი "პოლიტ-სიახლეები" დაგვატყდა გასული ხუთშაბათიდან და ჩემი ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება მაინც ის ტორტით მორბენალი "ვაჟკაცი" იყო.

პროვოკატორი

ჟურნალი "გზა"