"ვაგნერის" მეორედ "დაბადება" ამჯერად - ბელარუსში? - კვირის პალიტრა

"ვაგნერის" მეორედ "დაბადება" ამჯერად - ბელარუსში?

პრიგოჟინის "ვაგნერმა" ერთი თვის წინ, ერთი დღით, თითქმის მთელი მსოფლიო ააფორიაქა, როდესაც ჯავშანმანქანების კოლონებით მოსკოვის მისადგომებისკენ მარშ-გადასროლა განახორციელა...

მაშინ კრემლმა ბოლო მომენტში მაინც შეძლო სიტუაციის დარეგულირება ისე, რომ რუსეთის დედაქალაქთან ორთაბრძოლა არ გაიმართა, თუმცა პუტინი, ასევე, იძულებული გახდა, არ დაესაჯა "ვაგნერის" ხელმძღვანელი პრიგოჟინი და მისი არანაკლებ 35, სხვადასხვა დონის საველე მეთაური.

და ეს მას შემდეგ, რაც მოსკოვისკენ "ავტოგარბენის" დროს "ვაგნერელებმა" ორიოდ საათში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ექვსი შვეულმფრენი და ერთი დიდი, სპეციალიზებული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რასაც მათი ეკიპაჟებიდან ორ ათეულამდე წევრის დაღუპვა მოჰყვა.

თავად პრიგოჟინს რუსეთის მთავარმა პროკურატურამ უკლებლივ უკან დაუბრუნა მანამდე მისი სასახლიდან და ოფისებიდან ამოღებული რამდენიმე ათეული მილიარდი რუსული რუბლი, ძვირფასეულობები და რაც ყველაზე საინტერესოა, "გლოკის" ის პისტოლეტიც, რომელიც პრიგოჟინს ოფიციალურად აჩუქა თავად...შოიგუმ!

სწორედ, რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან და გენშტაბის უფროს გერასიმოვთან მრავალთვიანი სიტყვიერი დაპირისპირებები სოციალური ქსელების საშუალებით, 24 ივნისს გადაიზარდა პრიგოჟინის "ვაგნერის" დონის როსტოვში შეჭრასა და რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის დაპყრობაში, საიდანაც გერასიმოვმა ბეწვზე გაასწრო პრიგოჟინს...

თითქმის ერთი თვე გახდა საჭირო იმისთვის, რომ საბოლოოდ გარკვეულიყო "ვაგნერისა" და თავად პრიგოჟინის შემდგომი ბედი.

გუშინ რუსეთის ტერიტორიიდან ბელარუსში "ვაგნერის" მეექვსე საავტომობილო კოლონა გადავიდა, დაახლობით, 100-120 მანქანის შემადგენლობით, წინა ავტოკოლონების შემადგენლობებიც არანაკლები გახლდათ და, როგორც ჩანს, "ვაგნერის" პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი თავს მოიყრის ბელარუსის მოგილევის ოლქის სოფელ ცელთან გაშლილ საველე ბანაკში, სადაც გაჭიმულ 300-ზე მეტ დიდ საველე კარავში 15 ათასამდე მებრძოლის განთავსება შეიძლება. ერთ ასეთ კარავში საწოლზე მხოლოდ ტრუსებისა და პერანგის ამარა მჯდომი თავად პრიგოჟინის ფოტო უკვე გავრცელდა...

3-vag-1689751927.png
ბელარუსის ერთ-ერთ სოფელთან გაშლილ „ვაგნერის“ საველე ბანაკის ერთ კარავში საწოლზე მხოლოდ ტრუსებისა და პერანგის ამარა წამომჯდარმა მილიარდერმა პრიგოჟინმა თავისი ადგილი უკვე იპოვა...

გამოდის, პუტინმა ლუკაშენკოს, ფაქტობრივად, "გადაულოცა" "ვაგნერზე" ზრუნვა, რადგან ამ კერძო სამხედრო კომპანიის (რომელიც რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებას წარმოადგენს და კანონით იდევნება) შემდგომი ფუნქციონირება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეუძლებელი გახდა 24 ივნისის სამხედრო ამბოხის მცდელობის შემდეგ.

პუტინის რეჟიმს, რა თქმა უნდა, შეეძლო, ფიზიკურად გაენადგურებინა თავად პრიგოჟინი, მისი ერთგული საველე მეთაურები და "ვაგნერის" მებრძოლების დიდი ნაწილი ისევ ციხეებში დაებრუნებინა, მაგრამ უკრაინასთან გაჭიანურებული ომის ფონზე, კრემლს არ სურს დაკარგოს ისეთი მაღალი საბრძოლო გამოცდილების მქონე სამხედრო დაჯგუფება, როგორიც "ვაგნერია", განსაკუთრებით კი - ბახმუტისთვის თვეებით ბრძოლის შემდეგ.

მაგრამ, მეორე მხრივ, პრიგოჟინის "ვაგნერისა" და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემდგომი ერთად "ძოვაც" გამორიცხული გახდა, რისთვისაც იქნა მიღებული შემდეგი გადაწყვეტილება -"ვაგნერს" ჩამოერთვა 2 ათას ერთეულამდე სამხედრო ტექნიკა (მათ შორის, თანამედროვე ტანკები, არტილერია, ჯავშანმანქანები, მობილური საზენიტო-სარაკეტო დანადგარები), 20 ათასამდე ცეცხლსასროლი იარაღი და ბელარუსში მათი გადასვლა მხოლოდ შეუჯავშნავი პიკაპებით, ავტობუსებითა და ტრაილერებით განხორციელდა, ამასთან, საბოლოოდ დაიხურა "ვაგნერის" საველე-საწვრთნელი ბაზა კრასნოდარის მხარის მოლკინოში, სადაც "ვაგნერელები" ათ წელზე მეტია, ამზადებდნენ მებრძოლებს ჯერ აფრიკასა და სირიაში, შემდგომ კი - უკრაინაში გასაგზავნად.

2-vagn-1689752214.png
„ვაგნერის“ ახალი საწვრთნელი ბაზა და სამ ასეულზე მეტი დიდი საველე კარავი, გაშლილი ბელარუსის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ათი ათასობით იმ ახალი მებრძოლის მომზადება იგეგმება, რომლებიც შეიძლება გამოყენებულნი იყვნენ ბელარუსიდან კიევზე ხელახალი შეტევისთვის...

სოფელი ცელი ბელარუსის ცენტრში მდებარეობს და ერთნაირი მანძილით, ორასიოდე კმ-ითაა დაშორებული, როგორც უკრაინის, ისე - პოლონეთის საზღვრებიდან და, წესით, იქ თავმოყრილი "ვაგნერი" საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ "ვაგნერის" მეორედ "დაბადებისა" და "აღორძინების" პერსპექტივა უკრაინას და თვით ნატოს წევრ პოლონეთსაც კი შეშფოთების საფუძველს აღუძრავს...

საქმე ის არის, რომ ბელარუსის ამ ახალ საველე ბანაკსა და იქვე მდებარე პოლიგონზე "ვაგნერის" გამოცდილი მებრძოლები დაიწყებენ ახალი კადრების მომზადებას ქალაქის ქუჩებში ბრძოლის ტაქტიკის გამოყენებით და მათმა საერთო რიცხოვნობამ დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურების ანალიტიკური გათვლებით, შეიძლება, 30 ათას კაცსაც კი გადააჭარბოს, რაც ორი არმიის ტოლფასია...

ეს კი სერიოზული ძალა გახდება, თუკი კრემლი შეეცდება, ისევე, როგორც 2022 წლის 24 თებერვალს, ბელარუსის ტერიტორიიდან სამხრეთით, საზღვრიდან სულ რაღაც 90 კმ-ით დაშორებულ უკრაინის დედაქალაქ კიევს კვლავ შეუტიოს, როდესაც ავანგარდში "ვაგნერის" მიერ მომზადებული მებრძოლები წავლენ, რომლებსაც ჯავშანტექნიკას, არტილერიასა და ავიაციას, უკვე რუსეთის რეგულარული არმია დაახმარს...