"ამ შემთხვევაში ჩვენი საკითხიც გადაწყდება, დასავლეთიც დამარცხდება... აღდგება საბჭოთა კავშირი, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით"
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დასავლელი პოლიტიკოსებისა და უკრაინის ხელისუფლების კრიტიკამ თუ ლანძღვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ისევე, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულებამ.
რა უნდა სინამდვილეში "ქართულ ოცნებას", რას მოუტანს ქვეყანას "ქართული ოცნების" კრიტიკული დამოკიდებულება უკრაინელი და სხვა დასავლელი პოლიტიკური ლიდერების მიმართ და რა მოცემულობაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ? - ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:
- მართლაც დამაფიქრებელია "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები. ჩნდება ლოგიკური კითხვა: ნუთუ ამ პოლიტიკურ ძალას და მის ერთპიროვნულ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ამბიცია, რომ საქართველო რუსული გავლენებისგან დამოუკიდებლად მართოს და ისტორიაში ღირსეული სახელით შევიდეს? ისიც უნდა გავიაზროთ, რომ არ შეიძლება ვინმეს ბატონი მოსწონდეს, მით უფრო ისეთ ადამიანს, როგორიც ივანიშვილია. ჩემი ვარაუდით, ამ საქმეში სხვა მომენტები და ფაქტორებია. "ქართულ ოცნებას" დასავლეთის არ ეშინია (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა), რუსეთის ეშინია, იმიტომ, რომ მართლა სახიფათოა. მოდი, ვაღიაროთ, რომ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ზოგიერთები ლაპარაკობენ, რომ კრემლს მთელი ძალები უკრაინაში ჰყავს გადასროლილი და ა.შ. ჩვენ მარტო შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე გემი და, ასევე, რამდენიმე ბატალიონიც გვეყოფა. შესაბამისად, ხელისუფლება საფრთხეს რუსეთიდან უფრო ელის, ვიდრე - დასავლეთიდან. შესაძლოა, მათი ქმედებებიც ამით არის განპირობებული, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილზე პერსონალურ ზეწოლას ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება "ქართული ოცნების" მეორე ფენას ანუ მმართველ გუნდს, ეს ხალხი პირადი ინტერესებით მოქმედებს, მთავარია, ფული იშოვონ და სულერთია, ქვეყანაში რა იქნება. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი საზოგადოება ვართ. როგორი კორუმპირებულებიც კომუნისტების დროს ვიყავით, ისეთებად დავრჩით. ასეთივე იყო "ნაციონალური მოძრაობაც" - ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ სააკაშვილმა კორუფცია მოსპო. კი, საყოველთაო კორუფცია მოსპო, მაგრამ ელიტური კორუფცია განაახლა. სხვათა შორის, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ მხოლოდ ივანიშვილზე კი არა, რამდენიმე მაღალი რანგის თანამდებობის პირზეც ახორციელებდეს რუსეთი ზეწოლას. ამიტომ ახლა ეს ხალხი იმის მცდელობაშია, რომ როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნოს.
- რას მოუტანს ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას, რა გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ომის დასრულების შემდეგ?
- ჯერ გარკვეულია არაფერია, მხოლოდ ვერსიებზე შემიძლია საუბარი. ვერსია რამდენიმე მაქვს:
- პირველი - ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენი საკითხიც გადაწყდება, აზრიც კი არ ექნება ჩვენი მხრიდან რაიმე ტიპის აქტივობას - არც ავად, არც კარგად. ძალიან მოკლე ხანში აღდგება საბჭოთა კავშირი, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით. ეს გარდაუვალი იქნება. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ უკრაინაში გამარჯვებულ რუსეთს საქართველო წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. ამ შემთხვევაში, დასავლეთიც დამარცხდება. იმედი მაქვს, ეს ასე არ იქნება.
- რაც შეეხება მეორე ვარიანტს - უკრაინა იმარჯვებს, მაგრამ სტატუს კვო რჩება ისე, როგორც ახლაა. ამ შემთხვევაში, ჩვენ მინიმუმ სამუდამოდ ვკარგავთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მაგრამ შეიძლება უარესიც მოხდეს და დსთ-ის ახალი სუნთქვა გაეხსნას. მნიშვნელოვნად გაიზრდება რუსული გავლენა დანარჩენ საქართველოშიც.
- მესამე ვარიანტი არის ის, რომ უკრაინა აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ დღევანდელი რუსული ხელისუფლება, პუტინი და მისი გარემოცვა რჩება კრემლში. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩვენ დავკარგოთ, როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო, ასევე, უარის თქმა მოგვიწიოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, როგორც ევროკავშირზე, ასევე - ნატოზე.
- მეოთხე და ჩვენთვის ყველაზე მისაღები ვარიანტია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც მოჰყვება პუტინის ხელისუფლების დემონტაჟი და ახალი რუსეთის შექმნა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასაც აღვადგენთ, სუვერენიტეტსაც და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასაც მოვახერხებთ. ოღონდ ყველაფერი დამოკიდებული იქნება "ქართული ოცნების" აქტიურობაზე.
უსაფრთხოებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, მხოლოდ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები არ უნდა ვიგულისხმოთ. ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ. ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს ხელისუფლების მაღალი დონის აქტიურობა. ჩვენ დასავლელ პარტნიორებს მკვეთრად და ცალსახად უნდა ვაჩვენოთ, რომ რეალურად ვდგავართ მათ გვერდით. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების პერსპექტივა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს ასე გავაგრძელებთ, თუნდაც ამ პოზიციას შევინარჩუნებთ, რაც ახლა გვაქვს, არ არის გამორიცხული, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყება დასავლეთს, უკრაინასა და რუსეთს შორის და საზავო პირობებზე შეთანხმდებიან, ჩვენ გაცვლითი მონეტის როლში აღმოვჩნდეთ. ერთ-ერთი პირობა შეიძლება ისიც იყოს, რომ საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩეს, როგორც ეს მოხდა 90-იან წლებში, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჩამოვშორდით. ამიტომაა საჭირო, რომ ჩვენს პარტნიორებს არანაირი ეჭვი არ ჰქონდეთ ჩვენს განწყობებსა და ორიენტაციასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მართლა ვართ ევროპის ნაწილი. მხოლოდ უკრაინა კი არა, დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო უზარმაზარ დანაკარგებს ნახულობს. ფაქტობრივად, ორ ბანაკად იყოფა მსოფლიო და ჩვენ ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩენა, უბრალოდ, არ გამოგვივა.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე