"დედაჩემი ლამაზი ქალი იყო, "შტაბში" მიმავალმა "პარტიზანებმა" თვალი ვერ მოაცილეს და პირველი რომ წაიქცა, ყველა მიჰყვა დომინოს კოჭებივით"
რა მოსწონდა მურაზ მურვანიძეს ოზურგეთში, მონაკოსა და პეტერბურგში...
თეატრალური მხატვარი, სცენოგრაფი მურაზ მურვანიძე ამბობს, რომ 4 წელია, დასასვენებლად არსად წასულა, მისთვის დასვენება მუშაობაა... უამრავი იდეა აქვს და სურს, ბევრი რამ მოასწროს, ამიტომ სახლში შეიქმნა ისეთი სამყარო, სადაც მუშაობს და ისვენებს კიდეც. თუმცა, წარსულიდან ბევრი რამ გაიხსენა და არა მარტო ძველი წლებიდან.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ოზურგეთში სამამულო ომის პერიოდში, მდინარე ბჟუჟზე იდგა წისქვილი, სადაც იყო „პარტიზანების შტაბი“, იქ იკრიბებოდა მოხუცი ხალხი. მიდიოდა ზოგი თოხით, ზოგი ფიწალით, ვისაც თოფი ჰქონდა - იმით... მეც მიყვარდა წისქვილში მისვლა, მომწონდა ქვების ტრიალი, ზემოთ კიდევ ფლუგერი იყო. ქარის დროს ტრიალებდა, რაც ჩემთვის საოცრება გახლდათ და იმასაც სიამოვნებით ვუყურებდი. არ მავიწყდება, ერთ დღესაც მიდიან ეს „პარტიზანები“ თავის „შტაბში“ სიმღერ-სიმღერით და ჩვენი სახლის წინ უნდა გაიარონ. დედაჩემი ლამაზი ქალი იყო, ეზოში მგონი ჰამაკში იწვა. უყურებენ დედას, თვალი ვერ მოაცილეს და პირველი რომ წაიქცა, ყველა მიჰყვა დომინოს კოჭებივით (იცინის)..."
"ერთი სურათი თვალწინ მიდგას - ტყვეებს როცა გაატარებდნენ ჩვენი სახლის წინ, ვინც გარდაცვლილი იყო (ასე მახსოვს), იმას როგორ მოათრევდნენ მხრებით და ფეხსაცმელებზე ნალები ცეცხლებს რომ ჰყრიდა ქვებზე. ქართველები მაინც სხვანაირი ხალხი ვართ. გერმანელთა ბანაკში ტყვეებისთვის მიმქონდა პროდუქტი, ბაბუა მატანდა პურს, თაფლს (ბაბუას სკები ჰქონდა) და სხვა. გერმანელები სათამაშოებს მიკეთებდნენ..."
"...ამას წინათ რაჭაში ვიყავი რამდენიმე დღე, მეგობარმა ზაზა გიორგობიანმა დამპატიჟა ონში. საოცარი ბუნება, სიწყნარე, სისუფთავე, როგორი მოვლილია ეზოები და საერთოდ ყველაფერი, ნატურალური და გემრიელი საკვები... მოვინახულე ჩემი წინაპრების, დედაჩემის მამის სოფელი ფუტიეთი. მღვდელი იყო ისიც და მისი ძმებიც. სოფლამდე მისასვლელად ძალიან ცუდი გზა გავიარეთ, დაგვხვდნენ ნაცნობები. იმათ მიგვიყვანეს ჩვენი სახლის ადგილზე, რომელიც დაიწვა უძვირფასეს წიგნებთან ერთად..."
"მონაკოში ყოველდღე შევდიოდი კაზინოში, ზრდილობის გამო, არ იფიქრონ, რომ კაზინოს პროტესტს ვუცხადებ-მეთქი. მოთამაშე არ ვარ, მაგრამ ყოველთვის გადადებული მქონდა 500 ფრანკი (ასი დოლარია, ფაქტობრივად). 4 წელი ვიყავი იქ და დაითვალეთ, რამდენი თანხა წავაგე. პრინცესა კაროლინას ვუთხარი: ყოველდღე ას დოლარს ვაგებ და ერთხელაც არ მომიგია-მეთქი. ასე მიპასუხა: აბა, ჩვენმა ოჯახმა როგორ გინდა იცხოვროსო (იცინის)?.."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 20 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.
ნანული ზოტიკიშვილი