"ახლოს არაფერია ზღვის გარდა, არც გასართობი ცენტრები, არც კაფე-ბარები და მაინც, ყველაფერი ცეცხლის ფასი ღირს" - რას ჰყვებიან რუსი დამსვენებლები - კვირის პალიტრა

"ახლოს არაფერია ზღვის გარდა, არც გასართობი ცენტრები, არც კაფე-ბარები და მაინც, ყველაფერი ცეცხლის ფასი ღირს" - რას ჰყვებიან რუსი დამსვენებლები

როგორ და რის იმედად ცხოვრობს ანაკლია-განმუხურის მოსახლეობა

რას ჰყვებიან რუსი დამსვენებლები

"ახლოს არაფერი არ არის ზღვის გარდა, არც გასართობი ცენტრები, არც კაფე-ბარები და მაინც, ყველაფერი ცეცხლის ფასი ღირს... ჯერჯერობით ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი გრძელი ხიდის გარდა, რომელიც ალაგ-ალაგ ამოყრილია, საინტერესო ვერაფერი ვნახე..." - უკმაყოფილო ტონით ამბობს ხიდზე, ჩემ წინ ფეხების ფრატუნით მიმავალი ორი ტატუებიანი გოგონადან ერთ-ერთი...

გთავაზობთ ამონარიდებს რეპორტაჟიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"გოგონები არ ტყუოდნენ. განმუხური-ანაკლიის ხიდის ალაგ-ალაგ ისეთი ამოყრილია, ველოსიპედით მომავლებს ზიგზაგებით უწევთ გადაადგილება, ფასები კი ნამდვილად მაღალია, რასაც ადგილობრივები არასტაბილური ამინდებით ხსნიან, დამსვენებელი ცოტაა და "ხარჯის ამოღებას ცდილობენ..." ორივე კურორტის სანაპიროზე თვალში მოგხვდებათ რუსი დამსვენებლები. ადგილობრივების თქმით, რუსეთის მოქალაქეებს ზოგი ლოიალურად ხვდება, ზოგიც - აგრესიულად..."

"ანაკლიელი დათო ჩიქოვანის თქმით, რუსეთის მოქალაქეები გასაყიდ უძრავ ქონებას, სახლს თუ მიწის ნაკვეთს ეძებენ შესაძენად:

- მე და ჩემმა მეუღლემ დავითვალეთ და ბოლო ათ დღეში ექვსი ადამიანი მოვიდა, ვინც მანქანა გააჩერა და გვკითხა, - აქ ვინმე სახლს ხომ არ ყიდისო?..ზღვასთან ახლოს ეძებენ სახლს, ხეხილით, თხილით. 5-6 კილომეტრის დაშორებითაც არ არის პრობლემაო, მითხრა რამდენიმემ... ზოგი ამბობს, ტურები და მგლები რომ კიოდნენ, იმას არ ჯობია, ადამიანები ცხოვრობდნენ? აქაურობა გამოცოცხლდებაო, მაგრამ არ ვეთანხმები, უთოფოდ აგვიღებენ. თუ ბევრნი მოგროვდნენ, რუსულენოვან სკოლასაც მოითხოვენ..."

"კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, მათ, ვინც ლაპარაკობს, რომ რუსებს არ მოემსახურება, არაგულწრფელია, რადგან მათ მაღაზიებსა და საკვებ ობიექტებში მრავლად ნახავთ რუსულ პროდუქციას, რომელიც მეპატრონეებს შედარებით იაფად აქვთ ნაყიდი, მაგრამ საკმაოდ ძვირად ყიდიან. ასეთი ფაქტები თავადაც ვნახეთ. 100-გრამიანი, რუსული შეფუთვის მქონე მზესუმზირა ჩემმა კოლეგამ 4 ლარად შეიძინა..."

ალიონა რუგაევა, 37 წლის:

"რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში მოგვიხდა წასვლა. ფული უნდა გადაგვეხურდავებინა. ორმა უარი გვითხრა, რუსებს არ ვემსახურებითო. რა უფლება აქვთ?.. ჩვენ უბრალო მოქალაქეები ვართ, დასასვენებლად, ფულის დასახარჯად ჩამოვედით. თუ არასასურველი ვიზიტორები ვართ, მაშინ სახელმწიფომ გვითხრას უარი - ასე, ცალკეული ადამიანების პირადი განწყობის გათვალისწინება ძალიან ძნელია. თქვენ გამო ჩვენი ბიჭები უკრაინაში იხოცებიანო. ჩვენებიც იხოცებიან. არც ჩვენ გვინდა ომი, ამიტომ წამოვედით აქ, ომს გამოვექეცით. საქართველოშიც არიან ისეთი ადამიანები, ვინც უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს და პუტინის პოლიტიკის მომხრეა. თავად ვესაუბრე მათ, მაგრამ მე აპოლიტიკური ვარ და ვცდილობ, მშვიდად ვიცხოვრო ჩემს ოჯახთან ერთად..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 20 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ლალი პაპასკირი