"ბუბამ სამყარო მაჩუქა, თუ რამ საინტერესო მაქვს ქვეყანაზე ნანახი, ყველაფერი მისი წყალობით" - ვახტანგ კიკაბიძეს 85 წელი შეუსრულდებოდა - რას ჰყვება მარინა საღარაძე - კვირის პალიტრა

"ბუბამ სამყარო მაჩუქა, თუ რამ საინტერესო მაქვს ქვეყანაზე ნანახი, ყველაფერი მისი წყალობით" - ვახტანგ კიკაბიძეს 85 წელი შეუსრულდებოდა - რას ჰყვება მარინა საღარაძე

ლეგენდარულ ბუბა კიკაბიძეს 19 ივლისს 85 წელი შეუსრულდებოდა... კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა...

თუ როგორ აღნიშნავდა ბუბა კიკაბიძე თავის დაბადების დღეს, ამის შესახებ მარინა საღარაძე გვიამბობს...

- ბუბას თავისი დაბადების დღის აღნიშვნა ძალიან უყვარდა... ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ თავიანთი იუბილეები? მაგრამ ბუბა ასე არ იყო. რაც მახსენდება, ბოლო ათი წლის განმავლობაში, დაბადების დღეს ყოველთვის ბათუმში იხდიდა. ცდილობდა, 19 ივლისისთვის კონცერტი დაემთხვია. ძალიან ხალისიანი იყო მისთვის ეს დღე, ყოველთვის ამაღლებული განწყობა ჰქონდა...

buba-marina-3-1689766000.jpg

დაბადების დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი ულოცავდა - უკრაინის, ყაზახეთის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და ასე შემდეგ... ბოლო წლებში, უკრაინასთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება აკავშირებდა. მათგან მილოცვებს ყოველთვის იღებდა და მეტიც, ეს არ იყო მხოლოდ სატელეფონო მილოცვა. კონცერტზე აუცილებლად ჯგუფი ჩამოდიოდა, პატარა დელეგაციასავით აგზავნიდნენ... ვის არ გაუხარდებოდა, როცა ირგვლივ ყველა ამდენად დიდ სიყვარულს გამოხატავდა?!

ბუბას მიმართ სიყვარულს ყველა ერთნაირად გამოხატავდა - ეს იქნებოდნენ პოლიტიკური მოღვაწეები, მსახიობები, უბრალო ადამიანები... საქმეც ისაა, რომ ბუბასთვის რეგალიებს მნიშვნელობა არ ჰქონდა. შეიძლებოდა, კონცერტის შემდეგ სცენის მუშასთან ერთად დამჯდარიყო და ისეთივე ზეიმით აღენიშნა თავისი დაბადების დღე, როგორც რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტთან... ბუბა ურთიერთობაში ძალიან უბრალო ადამიანი იყო და ნებისმიერის შრომას ძალიან დიდ პატივს სცემდა. თავად იყო ძალიან შრომისმოყვარე. ეს ყველაფერი თავისით არ მოდიოდა... სახლში ძალიან ბევრს მუშაობდა ახალ სიმღერებზე, ტექსტებს წერდა, სიმღერაც თვითონ დაუწერია...

buba-marina-2-1689766040.jpg

- ოჯახი როგორ აღნიშნავდით მის დაბადების დღეს?

- ყოველთვის ერთად აღვნიშნავდით. ძალიან შეკრული ოჯახი გვაქვს და ამას დედაჩემი ახერხებდა. თითქოს სულ ჩრდილში იყო, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ოჯახის ერთობის მთავარი ხელმძღვანელი იყო... ბუბა ხომ ამდენს დადიოდა, ამდენი გასტროლი, კონცერტი ჰქონდა და ყველგან რომელიმე ოჯახის წევრი მიჰყავდა... ეს იქნებოდა ან ჩემი შვილი, ან ძმა, ან მე თვითონ და ასე შემდეგ...

buba-marina-4-1689764498.jpg

- ეს წესად ჰქონდა?

- დიახ... 1990-იან წლებში, ომის და საშინელი დღეების შემდეგ, შემოთავაზება ჰქონდა გემით გასვლაზე... მახსოვს, თქვა, მთელი ოჯახი უნდა წავიყვანოო და მართლაც ასე შეასრულა... დაუვიწყარი იყო ის დღე, როდესაც გემზე ერთად ვიყავით ჩემი ძმა, ძმისშვილი, მე, ჩემი შვილი... ხმელთაშუა ზღვა მოვიარეთ. თან ერთხელ კი არა, მგონი, ხუთჯერ ვიყავით...

ასეთ დღესასწაულებს გვიწყობდა და სულ ამას ვამბობ, რომ ბუბა ჩემთვის თავად იყო საოცარი დღესასწაული! სამყარო მაჩუქა, თუ რამ საინტერესო მაქვს ქვეყანაზე ნანახი, ეს ყველაფერი - სულ ბუბასგან. სულ ცდილობდა, მის გვერდით ვყოფილიყავით.

buba-marina-5-1689764460.jpg

ბუბაც და დედაც ყოველთვის გვეუბნებოდნენ, სადმე თუ მივდივართ, უთქვენოდ არ გვიხარიაო, გვინდა, თქვენც ყველაფრის მონაწილეები იყოთო... ასე დავდიოდით ოჯახი, მთელი კოლექტივი...ზაფხულობით ზღვაზე სულ ერთად ვისვენებდით - ჯერ აფხაზეთში, ბიჭვინთაში, 15 წლის განმავლობაში ზედიზედ... კინოს სახლში საოცარი წლები გვაქვს გატარებული. 1990-იანებში ქობულეთში გადავინაცვლეთ და დაუვიწყარი დღესასწაული იყო ყოველი დღე, რადგან ერთად იყვნენ - ბუბა, სოფიკო ჭიაურელი, ნანი ბრეგვაძე, ჯანსუღ კახიძე, ფრიდონ თოდუა, ქართული ხელოვნებისა და მეცნიერების არა ერთი ლეგენდა!

(სპეციალურად საიტისთვის)