ახალი ციკლი ახალ მწვრთნელთან, ახალი ზელანდიიდან - კვირის პალიტრა

ახალი ციკლი ახალ მწვრთნელთან, ახალი ზელანდიიდან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე 2003 წლის შემდეგ სამჯერ იასპარეზა. დროის ამ მონაკვეთში გუნდს სათავეში ედგნენ: კლოდ სორელი (საფრანგეთი), მალხაზ ჭეიშვილი, პაატა ნარიმანაშვილი, დავით ჩავლეიშვილი, ტიმ ლეინი (ავსტრალია) და რიჩარდ დიქსონი (შოტლანდია). 2012 წლის მატჩებიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში გუნდს გაწვრთნის ახალზელანდიელი სპეციალისტი მილტონ ჰეიგი.

როგორც ხედავთ, საქართველოს რაგბის კავშირი მწვრთნელებს ხშირად ცვლის. ეს შესაძლოა ზოგს გაუმართლებლად მოეჩვენოს, მაგრამ საქმეში ღრმად ჩახედულებს თუ ვერწმუნებით, თითოეული ცვლილება წინ გადადგმული ნაბიჯია - ყოველი ახალი მწვრთნელი წინამორბედს ჯობს.

მაგალითად, ტიმ ლეინზე უკეთესი იყო რიჩი დიქსონი, ხოლო მათზე მაღლა დგას მილტონ ჰეიგი. რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელის გიორგი ნიჟარაძის თქმით, საქართველოს ნაკრები ყოველ ციკლში ახალ სიმაღლეზე ადის და ამიტომაც სჭირდება შესაბამისი დონის დამრიგებელი.

ჩვენმა ბორჯღალოსნებმა ვერც შოტლანდიელებს აჯობეს, ვერც არგენტინელებსა და ინგლისელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი საფეხურისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. ამიტომ ტოპ-კლასის მწვრთნელი საქართველოში ჯერ არ ჩამოვა. ახალი ზელანდიის მკვიდრი ჰეიგი სწორედ იმ დონის სპეციალისტია, რომელიც საუკეთესო ათეულში არ არის, მაგრამ სარაგბო სამყაროში ძლიერ მწვრთნელად ითვლება. სხვათა შორის, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ ექსტრაკლასის მწვრთნელის ჩამოყვანა მაინც სცადა...

- საქართველოში ბევრ ქომაგს სურს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ისეთი დონის სპეციალისტების ხილვა, როგორებიც არიან ნიკ მალეტი (სამხრეთ აფრიკა) და გრემ ჰენრი (ახალი ზელანდია). პირველს ჩვენთან მუშაობა 2007 წელს, მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ შევთავაზეთ, თუმცა გულითადად გვითხრა, ფინანსურად ვერ შემწვდებითო. იგი სადღეისოდ ინგლისის ნაკრების თავკაცობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა. ჰენრიმ კი მას შემდეგ, რაც ახალ ზელანდიას მსოფლიო თასი მოაგებინა, სანაკრებო კარიერის გაგრძელება აღარ ისურვა. მასაც დავუკავშირდით... ასევე აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ბრიტანელ კლაივ ვუდვორდთან. სხვათა შორის, ჩვენთან თანამშრომლობით ისიც დაინტერესდა და გვითხრა, საკონტრაქტო საკითხებზე ჩემს მენეჯერს დაუკავშირდითო. ასეც მოვიქეცით, თუმცა მან საქართველოს რაგბის კავშირის წლიური ბიუჯეტის ნახევარი თანხა დაგვისახელა. ფაქტია, ვერც ვუდვორდთან გაფორმდა კონტარქტი, - აღნიშნა კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

ასე და ამგვარად, ფინანსური საკითხი კიდევ ერთი ფაქტორია, რის გამოც საქართველოს ნაკრებში ტოპმწვრთნელი არ ჩამოდის. თუმცა თუ ბორჯღალოსნებმა აკრეფილი სიჩქარე არ დააგდეს, უახლოეს მომავალში ელიტაშიც შეაბიჯებენ. მაშინ კი ბიუჯეტი ისე უნდა გაიზარდოს, რომ ვუდვორდისთვის ხელფასის გადახდის შემთხვევაში რაგბის კავშირის ჯიბეს არაფერი დაეტყოს.

მანამდე არის დრო, რომელიც მილტონ ჰეიგმა უქმად არ უნდა დაკარგოს. ქართულმა კავშირმა მას 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, თვეში 9 ათას ევროს უხდის. ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვით საქართველოს რაგბის კავშირს ერთი წლის თავზე შეუძლია გადახედოს კონტრაქტს და იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელის მუშაობა არ დააკმაყოფილებს, მის სამსახურზე უარი თქვას. თუმცა, ბატონ გიორგის იმედი აქვს, რომ ერთი წლის შემდეგ მწვრთნელის მუშაობა დადებითად შეფასდება:

- ჰეიგი პროფესიონალია და საქმისადმი მეტად სერიოზულადაა განწყობილი. ამას ისიც ადასტურებს, რომ იგი შვიდის ნაცვლად, წელიწადში 9 თვეს გაატარებს საქართველოში. ოჯახსაც მალე ჩამოიყვანს და თბილისში დაბინავდება.

ჰეიგთან ერთად საქართველოში ჩამოვა მისი ასისტენტი (ასევე ახალი ზელანდიიდან) კრის გიბსი, რომელიც შერკინების სპეციალისტია. სარაგბო ნაკრების მწვრთნელთა შტაბი მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროელებით როდი დაკომპლექტდება. მასში ორი ილია იმუშავებს - ზედგინიძე და მაისურაძე. სხვათა შორის, ილია ზედგინიძემ კარიერა 2011 წლის რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ დაასრულა. სამწვრთნელო შტაბში მისი გამოჩენაც დადებითი მოვლენა უნდა იყოს, რადგან ილია ნაკრების სტაჟიანი წევრია და თითოეულ კალათბურთელს მასზე უკეთესად ვერც ერთი მწვრთნელი ვერ იცნობს. მსგავსი პრაქტიკა სპორტის სხვა სახეობებშიც რომ დაინერგოს, ცუდი არ იქნება.

ბოლოს, ორიოდე სიტყვა ნაკრების ახალი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის კარიერაზეც ვთქვათ. მან მწვრთნელობას 2000 წელს მიჰყო ხელი და დღემდე სამ კლუბს ედგა სათავეში. 2009-11 წლებში ზელანდიურ "მანუკაუ სტილერსს" წვრთნიდა, რომელიც საქართველოს ნაკრების დარად თეთრ-შავ-წითელ ფერებში იმოსება. თუმცა, საკუთარ ინტერნეტგვერდზე ჰეიგი აღნიშნავს, რომ მისი საყვარელი ფერი მწვანეა. ეს არცაა გასაკვირი, ბატონი მილტონი ხომ ამწვანებული ახალი ზელანდიის მკვიდრია.

სანაკრებო კარიერაში მას მთავარ მწვრთნელად არ უმუშავია. ალბათ, ამიტომაც დათანხმდა საქართველოს რაგბის კავშირის შეთავაზებას სიამოვნებით. სხვადასხვა დროს ჰეიგი მუშაობდა ახალი ზელანდიის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში ასისტენტად, ხოლო 2008 წელს მთავარი გუნდის მეორე მწვრთნელი იყო წყნარი ოკეანის ერთა თასზე, რომელიც ზელანდიელთა გამარჯვებით დასრულდა.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)