"ქართველები აზიაში საუკეთესო მეომრები არიან..." - როგორ გადაარჩინა ლაშა-გიორგიმ თამარის დაარსებული ტრაპიზონის იმპერია - კვირის პალიტრა

"ქართველები აზიაში საუკეთესო მეომრები არიან..." - როგორ გადაარჩინა ლაშა-გიორგიმ თამარის დაარსებული ტრაპიზონის იმპერია

როგორ გადაარჩინა ლაშა-გიორგიმ თამარის დაარსებული ტრაპიზონი

1214 წელს ტრაპიზონის პატარა იმპერიას დიდი საფრთხე დაემუქრა, სულთანმა ეზზ ედ დინმა დაამარცხა ალექსი კომნენოსი და წაართვა ყველაზე მდიდარი ქალაქი - სინოპი.

დღედღეზე ძლიერი სულთანი მთლიანად შთანთქავდა ტრაპიზონს. მეფე თამარი უკვე გარდაცვლილი იყო... მაგრამ სწორედ ამ დროს ლაშა-გიორგიმ გაილაშქრა თურქთა წინააღმდეგ და დედამისის დაარსებული სახელმწიფო გადაარჩინა.

ლეო გალიბერტი წერს: "საბედნიეროდ, ახალგაზრდა იმპერატორი (იგულისხმება ალექსი კომნენოსი) იხსნა ქართველთა გააქტიურებამ, რომლებიც აზიაში საუკეთესო მეომრები არიან..."

ლაშა-გიორგი დაემუქრა სულთანს, რომ ხელი არ ეხლო ტრაპიზონისთვის, პასუხი ასეთი იყო:

სულთან ეზზ ედ დინ ქაჲქავუსის პასუხი:

"აბხაზის პატრონს - მივიღე უზენაესი ბრძანება თქვენი... უდიდესი მეფისა; აღზევებული ხელმწიფისა; უმოწყალესი კეისრისა; სახელგანთქმული დიდგვაროვნისა; ძლევამოსილი მართლმსაჯულისა; ქვეყნიერებისა და სახელმწიფოს სიდიადისა; ქრისტესმოსავთა შემწისა და იესოს მიმდევართა მფარველისა; კეისართა მძლეველისა; გოლიათთა მმუსვრელისა; ჯვრის დიდებული მცველისა (ანუ ჯვაროსნისა - ბ. ჭ. ); ქრისტიანთა თავშესაფარი მღვიმისა; ქრისტეს მოწაფეთა გვირგვინისა; ტახტთა და გვირგვინთ მემკვიდრეობით მპყრობელისა; აღმოსავლეთისა და დასავლეთის გვირგვინოსნისა; ქრისტეს სარწმუნოების მცველისა; აბხაზის, შაქის, ალანის და რუსის (ტმუტარაკანის რუსული სამთავრო - ბ.ჭ.) მეფეთა-მეფისა; მესიის თანაშემწისა;

ალლაჰმაც განაგრძოს მეუფება თქვენი და მარადჰყოს სამეფო თქვენი..."

აქვე სრული სურათისთვის მოვიხმობთ სხვა, მე-13-საუკუნის ლათინურ და არაბულ წყაროებს ლაშა-გიორგის შესახებ: "GEORGIANORUM REX POTENTISIMUS", "უძლიერესი ქართველთა მეფე", "მსგავსი ალექსანდრესი", "ქვეყნიერების სიდიადე, აღზევებული მეფე, ძე მეფე გიორგის ასულისა, აბხაზის პატრონი".

პაპ ჰონორიუს მესამის 1219 წლის ეპისტოლე კი ქართველებს ამგვარად მოიხსენიებს: "ერი ქართლისა (Populus Georgianorum), ლაშქრად ძლიერი (In armis strenuus), რწმენით კათოლიკე (In fides Catholicus)" ანუ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, 1210-იან წლებში ქართული ეკლესიის მთავარმა ავტორიტეტებმა - ათონელმა ქართველმა ბერებმა გიორგი მთაწმინდელის კვალზე, საბოლოოდ დაიჭირეს რომის ეკლესიის მხარე, ბერძენი ბერი იკოდომოპულოსი ოჰრიდის არქიეპისკოპოს დიმიტრიოსს წერს: "ქართველები ეახლნენ თესალონიკში პაპის კარდინალს (ბენუა დე სან-სუზანს - ბ. ჭ.), დაადეს ლათინებს ხელი ხელზე და განგვეშორნენ ჩვენ, ბერძნებს".