"წარმოიდგინეთ, რა დონეზეა ლობიზმი და ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, რადგან ჩვენ ე.წ. რუსული კანონი ვერ მივიღეთ" - კვირის პალიტრა

"წარმოიდგინეთ, რა დონეზეა ლობიზმი და ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, რადგან ჩვენ ე.წ. რუსული კანონი ვერ მივიღეთ"

საერთო ჯამში, დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მთელი ეს კამპანია, ხან FREE MISHA-ს ლოზუნგი, ხან ჰუმანიტარულად სადმე გადაყვანის, ხან წამებაზე და ხან მოწამვლაზე, ყველაფერი ორკესტრირებული და დაფინანსებული კამპანია იყო, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა ყველაზე მახინჯი სახე იმისა, რასაც შეიძლება ეწოდოს პოლიტიკა, როდესაც შეიძლება მოისყიდო მედია, პოლიტიკოსები, მათ ათქმევინო ის, რაც სჭირდება და დეზინფორმაცია გაავრცელო.

„თუკი სადმე წიგნი არსებობს ჰიბრიდული ინსტრუმენტების შესახებ, ყველა ეს მეთოდი შიგნით იქნება ჩამოწერილი. ვნახეთ შეკვეთილი სტატიები, რეზოლუციები, რომლებზეც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით განწყობილი ზოგიერთი ევროპარლამენტარის იდეა და ეს იყო, რაღაც ევროპის შუაგულში წარმოშობილი და განვითარებული იდეები. აღმოჩნდა, რომ ამერიკიდან ლობისტები წერდნენ ამ რეზოლუციის პროექტებს. ასევე ვნახეთ, რომ მუდმივი კომუნიკაცია არსებობდა ლობისტებსა და ევროპარლამენტარებს შორის და ეს ჩვენთვის მხოლოდ ერთადერთი რამის გამო გახდა, იმიტომ, რომ ამერიკაში არსებობს ის კანონი, რომელიც სამწუხაროდ, აქ სხვანაირად გადმოგვითარგმნეს ქართულ საზოგადოებას და რუსული კანონი დაუძახეს. ამერიკაში მოქმედებს რუსული კანონი, რომელიც ამ პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. რომ არა რეესტრი, რომელიც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებობს, ვერავინ გაიგებდა, რომ ის რეზოლუცია თურმე ყოფილა ლობისტების დაწერილი, ვერავინ გაიგებდა, რომ ის სტატიები თურმე შეკვეთილი ყოფილა. წარმოიდგინეთ, რა ლობიზმი მიმდინარეობს დღეს საქართველოში, რა დაფინანსებული კამპანიები მიმდინარეობს და ჩვენ ამის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამერიკისგან განსხვავებით ჩვენთან ეს ე.წ. რუსული კანონი არ გვაქვს და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არ არის.

ხომ ხედავთ, ჩვენი საზოგადოება, ევროპულიც და ამერიკულიც მოგებულია, როდესაც არსებობს გამჭვირვალობა," -განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, გამჭვირვალობის კონტექსტში საუბრისას შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ ამ კანონის არმიღებით ქართულ საზოგადოებას წაართვეს უფლება, ჰქონოდა იმავე დონის ცოდნა, რაც აქვთ ამერიკელ მოქალაქეებს, მაგრამ მისივე თქმით, „საბედნიეროდ ამერიკაში არსებობს ე.წ. რუსული კანონი და "ამერიკული რუსული კანონი" ჩვენ ამის საშუალებას გვაძლევს“.

„ჩვენ ვნახეთ ლობიზმის მთელი სიღრმე სადამდე არის, ვნახეთ, რომ პრეზიდენტთან უნდოდათ რატომღაც ამერიკის საელჩოს მეშვეობით შეხვედრების ორგანიზება, როდესაც ის ნიუ-იორკში ვიზიტით იმყოფებოდა. რა შუაშია ამერიკის საელჩო? როდესაც პრეზიდენტი არის ნიუ-იორკში? საერთოდ რატომ ესაუბრება ამერიკის საელჩო ლობისტებს, რომლებსაც ვხედავთ რომ დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულები? აი, ეს ყველა კითხვა წარმოიშვა. მეორე მხრივ, ბევრ კითხვას პასუხი გასცა და აჩვენა კიდევ ერთხელ, თუ რა ზიანს აყენებს ასეთი კოორდინირებული კამპანია საქართველოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ განახორციელა, მათ შორის არის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან და ა.შ.

IPN