"დავბრუნდი ბევრი ემოციით, როგორც სევდიანით, ისე - ბედნიერით. ის კადრები მუდამ დარჩება მეხსიერებაში" - კავკასიძეების ციხე
"მე ცურვა არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველგვარი ხიფათის გარეშე მიმიშვა ეკლესიამ თავისთან, რათა გვენახა და გამოვთხოვებოდით მას..."
"ცურვა არ ვიცი, რამე რომ მომხდარიყო, დამცავი ჟილეტის იმედად ვიყავი. თუმცა იმ წუთში შიშის მომენტი არ მქონდა, იმდენად ძლიერი იყო იქ მისვლის სურვილი, ყველა სხვა ემოცია უკანა პლანზე გადავიდა... დაახლოებით, ორ საათს მოგვიწია იქ ყოფნამ. წვიმის გამო თავი ეკლესიას შევაფარეთ. რაღაც მომენტში შიშის მომგვრელი იყო ეს ყველაფერი, ამინდის გაფუჭებაც ხელს უწყობდა საშიშ ფიქრებს...", - ამბობს თამარ ბარბლიშვილი, რომელმაც ჩასაძირად განწირული კავკასიძეების ციხის და ტაძრის სანახავად ურთულესი გზა განვლო...
თამარ ბარბლიშვილი ტაოში ყოფნის შესახებ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:

- ტაოში არა ერთხელ ვიმოგზაურე. ტაოს ისტორიულ ძეგლებთან ჩემი პირველი შეხება 2015 წლის გაზაფხულზე შედგა. სწორედ იმ პერიოდში გზად გავიარეთ კავკასიძეების ციხის ძირში. ტრანსპორტი გავაჩერეთ და გამალებით გადმოვცვივდით ყველა სურათების გადასაღებად - სალ კლდეზე აღმართული ციხე მედიდურად გადმოგვყურებდა. სწორედ მაშინ ჩამრჩა გულში მისი ახლოდან ნახვის დიდი სურვილი, რომელიც წლების განმავლობაში არ განელებულა... გზად იმასაც კი ვგეგმავდით, მთამსვლელებთან ერთად სპეციალური აღჭურვილობით დავბრუნებულიყავით და გვეცადა ასვლა, მაგრამ როგორც ხდება, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვეღარ მოხერხდა ჩანაფიქრის განხორციელება.

მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვესტუმრე ისტორიულ მხარეს და ყოველ ჯერზე ნახვის სურვილი მიმძაფრდებოდა. თუმცაღა ბოლო გასვლის დროს უკვე დაგვხვდა საგზაო სამუშაოები, ნაწილი გვირაბებისა უკვე ექსპლუატაციაში იყო შესული და გზიდან შევყურებდით იმ ნიშნულებს, სადამდეც წყლის დონე აიწევდა. სწორედ მაშინ შემოიპარა სევდა. თითქოს თავს ვაჯერებდი, რომ არ ჩაიძირებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობა იყო, რომ არ დამეშვა გონებაში ის რეალობა, რომლის დადგომაც გარდაუვალი იყო... ბოლო პერიოდში, უკვე ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო და ფოტომასალა, თუ როგორ იძირება ქალაქი ნელ-ნელა. რა თქმა უნდა, რთული სანახავი იყო, სევდის და უსუსურობის განცდის მომგვრელი.

ჩემთვის სრულიად მოულოდნელად მოგზაურთა ერთ-ერთმა კლუბმა უშუალოდ კავკასიძეების ციხის და ეკლესიის სანახავად ე.წ. ტურის იდეა წამოაყენა. არც კი დავფიქრებულვარ, მაშინვე ჩავეწერე სიაში. მეგობრებსაც მთელი ემოციებით შევთავაზე, ეს ისეთი შემთხვევაა, ცხოვრებაში ერთხელ რომ ხდება და წამოდით-მეთქი. მხოლოდ ერთმა მოახერხა და შემდგომ გახარებული იყო, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო.
შეიძლება ითქვას, ემოციების ქაოსი მქონდა. გულის სიღრმეში ძალიან მტკიოდა იმ ციხის ბოლო გაბრძოლების ხილვა, რომელიც წლების წინ მედიდურად გადმომყურებდა. რაღაცნაირად საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპი გამახსენდა, როდესაც დიდძალ დამპყრობელს ვერ უმკლავდება, მაგრამ ქედს არ ხრის, ძველი სიდიადით სისხლის ბოლო წვეთამდე ფეხზე დგას.

ამ სევდის და გულის ტკივილის პარალელურად, მქონდა დიდი ბედნიერების განცდაც, რომ ვერც ვიფიქრებდი, ისე მოულოდნელად მომეცა საშუალება, ფეხი დამედგა იმ მიწაზე, სადაც მრავალი წელი ფეხი არავის დაუდგამს. ჩემთვის ეს დარჩება დიდ ისტორიულ მოვლენად ჩემს ცხოვრებაში. მე ცურვა არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველგვარი ხიფათის გარეშე მიმიშვა ეკლესიამ თავისთან, რათა გვენახა და გამოვთხოვებოდით მას. თვითონ იმ ადგილას მე, პირადად, საოცარი სიმშვიდის განცდა დამეუფლა.
ჩვენი სტუმრობის დროს ციხის ქვედა ნაწილი უკვე დაფარული იყო წყლით, ხოლო ეკლესიაში რომ შესულიყო წყალი, დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეღა აკლდა.

- ისტორიულ ძეგლებთან როგორ მიცურეთ?
- ჯომარდობის გასაბერი ნავით, დაახლოებით, ნახევარი საათი ვიცურეთ. ნიჩბებს თურქ გამყოლთან ერთად ჩვენც ვუსვამდით. მე ცურვა არ ვიცი, რამე რომ მომხდარიყო დამცავი ჟილეტის იმედად ვიყავი. თუმცა იმ წუთში შიშის მომენტი არ მქონდა. იმდენად ძლიერი იყო იქ მისვლის სურვილი, ყველა სხვა ემოცია უკანა პლანზე გადავიდა.
სანამ ის ნავი უკან დაბრუნდებოდა და ჯგუფის მეორე ნაწილს გადმოიყვანდა, დრო მქონდა ყველა კუთხეში მივსულიყავი, მენახა, გადამეღო, მოვფერებოდი.

სანამ უკან დავბრუნდებოდით, წვიმა წამოვიდა, ნისლი ჩამოწვა, მეორე ნაკადის გადმოყვანა შეფერხდა, ნავს პრობლემა შეექმნა. სატელეფონო კავშირით, რომელიც ხან იჭერდა, ხან - არა, გვითხრეს, რომ დროებით ვერ გადმოდიან და ჩვენც რობინზონ კრუზოებივით ჩავრჩით იმ კუნძულზე. თავიდან ვიფიქრეთ, რომ გვეხუმრებოდნენ, თუმცა ხუმრობა არ აღმოჩნდა. დაახლოებით, ორ საათს მოგვიწია იქ ყოფნამ. წვიმის გამო თავი ეკლესიას შევაფარეთ. რაღაც მომენტში შიშის მომგვრელი იყო ეს ყველაფერი, ამინდის გაფუჭებაც ხელს უწყობდა საშიშ ფიქრებს.
ჩვენს მოგზაურობას მშვიდობიანი დასასრული ეწერა, დროებითი ავდარი გადავიდა. ნისლი გაიფანტა, წვიმაც შეთხელდა და, ჰორიზონტზე მოტივტივე ნავიც გამოჩნდა. ყველამ ერთხმად შევკივლეთ სიხარულისგან!

მერე როტაცია გავაკეთეთ - ახალმოსულები დარჩნენ, პირველი ნაკადი კი უკან გავბრუნდით. შემდგომ, მეორე ნაკადიც მშვიდობიანად გადმოვიდა. უკვე გვიანი იყო და პირდაპირ საქართველოსკენ გამოვეშურეთ. გზად ორმაგმა ცისარტყელამ გამოგვაცილა.
დავბრუნდი ბევრი ემოციით, როგორც სევდიანით, ისე - ბედნიერით. ვფიქრობ, ის კადრები მუდამ დამრჩება მეხსიერებაში.
(სპეციალურად საიტისთვის)