"რუსული რულეტკა" საქართველოს გზებზე" - "მეწყერზე გზის გაყვანა არ შეიძლება - ეს გეოლოგიის ანა-ბანაა, რომელიც პირველ  კურსზე ისწავლება" - კვირის პალიტრა

"რუსული რულეტკა" საქართველოს გზებზე" - "მეწყერზე გზის გაყვანა არ შეიძლება - ეს გეოლოგიის ანა-ბანაა, რომელიც პირველ  კურსზე ისწავლება"

1 ივლისს ხარაგაულში, სოფელ მარელისში, უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. 3 ივლისს, სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს. რამდენიმე თვის წინ, რიკოთის მიმდებარე მონაკვეთზე, სადაც ჩინურ კომპანიას ავტომაგისტრალი გაჰყავს, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა! ვინ იცის, ბოლო თვეებში ამ გზაზე რამდენჯერ ჩამოწვა მეწყერი... სპეციალისტები ამას არასწორად დაპროექტებული გზისა და გვირაბების მშენებლობას აბრალებენ. "ჩვენ ათასჯერ ვთქვით, რომ გზის ამ მონაკვეთზე კლდეების მოჭრა და აფეთქება დაუშვებელია, მაგრამ არავინ მოგვისმინა", - გულისტკივილით ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, რომელიც ამ საკითხზე საუბრისას ემოციებს ვერ მალავს.

- ქალბატონო თეა, ამ გზის მიმდებარე მონაკვეთზე აფეთქებები ისევ გრძელდება... რამდენად გამართლებულია მსგავსი ქმედება?

- ქართველი სპეციალისტები თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს არის არასწორად დაპროექტებული ინფრასტრუქტურა, რომლის განხორციელებაში უამრავი შეცდომაა დაშვებული. არ გაკეთდა ის, რაც თავიდანვე უნდა გაკეთებულიყო: საფუძვლიანი კვლევების ჩატარება და იმის გათვალისწინება, რომ ეს არის განსაკუთრებული, მეწყრული მონაკვეთი. კერვის დროს ასჯერ უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა, რომ ძვირფასი ქსოვილი არ დააზიანო, ასეთივე პრინციპი მოქმედებს ამგვარ სიტუაციაშიც: ეს არის მეწყერსაშიში მონაკვეთი, რომელიც ათეულობით და ასეულობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ იქ გეოლოგიურად რთული გარემოა და დიდი სიფრთხილეა საჭირო! ვიმეორებდით, რომ მეწყერზე გზის გაყვანა დაუშვებელია, მაგრამ ჩვენს სიტყვებს ყურადღება არავინ მიაქცია. ბუნებამ კუდის მოქნევა იცის და ეს "კუდის მოქნევა" ყველაზე მეტად ადამიანებს აზიანებს. როდესაც რიკოთსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გაჰყავდათ, ვამბობდით, რომ ამ ფერდობებს არ უნდა შეეხონ, რომ არ შეიძლება იქ კლდეების თვითნებური ჭრა და აფეთქება... შედეგი უკვე აშკარაა: რაც ეს გზა გაიყვანეს, უკვე რამდენჯერმე ჩამოწვა მეწყერი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა! გვირაბების მშენებლობა "ნოუ-ჰაუ" ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა გვირაბს არასწორად აპროექტებ და არასწორ ადგილას აშენებ, ეს არის პრობლემა, სხვა კი არაფერი!

- ყველას გვინახავს, რომ ჩინეთში გზები ყველაზე მიუდგომელ, კლდიან ადგილებშიც გაჰყავთ, ნუთუ ჩინურმა კომპანიამ, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ავტობანს აგებს, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები ვერ გათვალა?

- მათ ერთი სერიოზული რამ ვერ გაითვალისწინეს: ნებისმიერი გზის თუ გვირაბის მშენებლობის პროცესში ლოკალურმა მეცნიერებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. ადგილობრივმა სპეციალისტებმა მშობლიურ გარემოზე და მის თავისებურებებზე გაცილებით მეტი იციან. ამ გზის მშენებლობაში ნაკლებად იყვნენ ჩართული ქართველი მეცნიერები. არ ჩატარებულა გარემოს ძირეული კვლევა და მთავარი პრიორიტეტი ხარისხი არ ყოფილა... მსოფლიოში ბევრი კომპანია არსებობს, მათი პროფესიონალიზმი ერთმანეთისგან განსხვავდება - ზოგი ძალიან კარგად აშენებს, ზოგი - ნაკლებად. რაც შეეხება ჩინეთს: იქ შეიძლება ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, მაგრამ მიწისძვრას იქაური ინფრასტრუქტურა ვერ უძლებს. ეს უახლოესი წარსულის გამოცდილებამ გვაჩვენა.

სამწუხაროდ, დაბალი ხარისხი და საქმისადმი არასწორი მიდგომა ჩინური კომპანიების დამახასიათებელი თვისებაა, მით უმეტეს, რომ ეს კომპანია "შავ სიაში" იყო შეყვანილი. სხვათა შორის, თურქეთიც საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, მშვენიერი კანონებიც აქვთ და ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებიც ჰყავთ, მაგრამ როდესაც საქმე არასწორად კეთდება და ამ საქმეში კორუფციაა გარეული, ხდება ის, რაც სულ ახლახან თურქეთის მიწისძვრის დროს მოხდა. რატომ იაპონიაში არ ინგრევა ქალაქები ძლიერი მიწისძვრების დროს?!

- თქვენი აზრით, ამ ჩინური კომპანიის მთავარი შეცდომა რა იყო?

- ვიმეორებ: მეწყერზე გზის გაყვანა არ შეიძლება - ეს გეოლოგიის ანა-ბანაა, რომელიც პირველ კურსზე ისწავლება. მთელი ეს მონაკვეთი მეწყერსაშიშია! იქ რთული ტექტონიკური პირობებია, რადგან ფერდობები 600 მილიონი წლის ქანებისგან შედგება და მთათა წარმოშობა ახლაც მიმდინარეობს. ამიტომ, სამუშაოს დაწყებამდე, კომპლექსური კვლევა იყო აუცილებელი, ამ საქმეში მარტო სეისმოლოგები ან გეოლოგები კი არა, უამრავი სპეციალისტი უნდა ჩარეულიყო. ეს არ გააკეთეს და შედეგიც მივიღეთ: ახლა ეს ფერდობები ალაგ-ალაგ ყოველთვის ჩამოიშლება და ასე გაგრძელდება ათეულობით წლის განმავლობაში - ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ამას ამბობს ყველა, ვისაც ამ დარგში რაღაც ცოდნა და გამოცდილება აქვს. სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გზაა და თუ იქ არასტაბილური ვითარება იქნება, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციაც რისკის ქვეშ დადგება.

- მიუხედავად ამისა, გვირაბები ისევ გაჰყავთ და ფერდობებს ისევ აფეთქებენ - ეს რა მიდგომაა?

- სამწუხაროდ, მათი მიდგომა ასეთია: მერე რა, თუ მეწყერი ჩამოწვა და 1-2 ადამიანი დაიღუპა, პროექტი მაინც ბოლომდე უნდა მივიყვანოთო... მე ერთი რამ მაინტერესებს - რატომ გვავიწყდება, რა მოხდა დევდორაკზე, რა მოხდა 2015 წელს, როცა მდინარე ვერე ადიდდა და სტიქიას 20 ადამიანი შეეწირა? რეკომენდაციაში შავით თეთრზე ეწერა და ახლაც წერია, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობა არ შეიძლება, მაგრამ იქ დღესაც ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობს, შენობა შენობაზე იდგმება. უამრავი ტრაგიკული მაგალითი გვაქვს, მაგრამ სამშენებლო ბიზნესში მდგომარეობა არ იცვლება.

- ანუ რა გამოდის - "რუსულ რულეტკას" ვთამაშობთ? - დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი კიდევ ბევრჯერ ჩამოწვება და სულ რისკის ქვეშ უნდა ვიყოთ?

- დიახ, ეს პროცესი სულ გაგრძელდება: ხან ერთ ადგილას ჩამოწვება მეწყერი, ხან - მეორე ადგილას, რადგან ეს არაპროგნოზირებადი ადგილია. თქვენ ზუსტი შედარება მოიყვანეთ: თითქოს, მართლა "რუსულ რულეტკას" ვთამაშობთ. ადრე 78 წლის კაცი დაიღუპა, ივლისის დასაწყისში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, მაგრამ ვითომც არაფერი მომხდარა! მეც ხშირად დავდივარ ამ გზით, მაგრამ რას ვიზამ? - შეიძლება ერთ დღეს მეწყერი ჩამოწვეს და მეც მომიყოლოს - ამას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს!

- თუმცა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ყველაფერი რიგზეა და კარგად იციან, რას აკეთებენ...

- ეს ჩვენთვის დამახასიათებელი თვისებაა. ნებისმიერ ორგანიზაციაში რომ შეიჭყიტოთ, ყველგან ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი რიგზეა... ამის მთავარი მიზეზი არცოდნაა, არცოდნის ბრალია ის, რაც დღეს ავტობანზე ხდება. გაუნათლებლობა ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა. სწორედ არცოდნის და დაუდევრობის ბრალია რისკი, რომლის ქვეშაც ჩვენი მოსახლეობა დგას.

- საინტერესოა, როგორ მოექცეოდნენ ამ კომპანიას სხვა ქვეყნებში?

- ნორმალურ ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა - მეწყერსაშიშ მონაკვეთზე გზას არავინ გაიყვანდა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი უცხოელი ექსპერტი ჩამოიყვანეს, მაგრამ არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. საკითხავია, ამ ადამიანებმა - თავისი საქმის პროფესიონალებმა - დუმილი რატომ ამჯობინეს?! ასეთ სიტუაციაში მოსახლეობამ თავისი უფლებები თავად უნდა დაიცვას: როდესაც ვიღაც ჩემს სახლს ეხება, როცა ეკომიგრანტი ვხდები, კომპანიამ სოლიდური კომპენსაცია უნდა გადამიხადოს. განვითარებულ ქვეყნებში ერთი ოჯახიც რომ დაზარალდეს, მისი უფლებები მაქსიმალურადაა დაცული, აღარაფერს ვამბობ ვინმეს დაღუპვაზე! ჩემი აზრით, როცა საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ფასი დაედება, მხოლოდ მაშინ გვექნება ნორმალური საზოგადოება და მაშინ შევდგებით, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)