"ნატო-მ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა გაეგზავნა სიგნალი პუტინისთვის, რომ ის ვერასდროს მოიგებს ომს" - კვირის პალიტრა

"ნატო-მ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა გაეგზავნა სიგნალი პუტინისთვის, რომ ის ვერასდროს მოიგებს ომს"

ნატო-მ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა გაეგზავნა სიგნალი პუტინისთვის, რომ ის ვერასდროს მოიგებს ომს - ევროპა უსაფრთხოდ ვერ იქნება მანამ, სანამ უკრაინა დაცული არ არის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ნატო-ში და უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა “პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ვოლკერი აღნიშნავს, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ნატო-ს უსაფრთხოებას აზიანებს.

რა გავლენა აქვს ომს ევროპის უსაფრთხოებაზე, რა შეიძლება გააკეთოს ნატო-მ და რა შანსები აქვს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ამ და სხვა საკითხებზე კურტ ვოლკერი საუბრობს.

- ჩვენი საუბარი დავიწყოთ ნატოს ბოლო სამიტით - რა გავლენას მოახდენს ვილნიუსის სამიტი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე? კმაყოფილი ხართ ვილნიუსის სამიტის შედეგებით უკრაინასთან მიმართებაში თუ გარკვეული იმედგაცრუება დაგრჩათ?

- მე ძალზედ დაკვირვებით ვადევნებდი თვალს ნატო-ს სამიტს, სადაც დაფიქსირდა როგორც წინსვლა ბევრი მიმართულებით, მაგალითად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ვალდებულება, რომ ნატო-ს წევრებმა მშპ-ს მინიმუმ 2% უნდა დახარჯონ თავდაცვაზე; თურქეთი დათანხმდა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას; მეტი სამხედრო ძალები განლაგდება ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილში, რათა შეაკავოს რუსეთის შესაძლო აგრესია და ეს ძალიან კარგია. დაანონსდა ძალიან ფართო თავდაცვითი გეგმები ნატო-ს ყველა რეგიონისთვის, რაც აგრეთვე ძალზედ მნიშვნელოვანია. მაგრამ რაც შეეხება უკრაინას, ვფიქრობ რომ ნატო-მ ხელიდან გაუშვა ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გაეგზავნა სიგნალი პუტინისთვის, რომ ის ვერასდროს მოიგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომის დამთავრების შემდეგ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და ნატო ამას გააკეთებს იმდენად სწრაფად, რამდენადაც ამის გაკეთება პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება. ამის ნაცვლად მან გაუგზავნა გაცილებით სუსტი სიგნალი, რომ მართალია უკრაინა იქნება ნატო-ში, მაგრამ ის მიიღებს მიწვევას მაშინ, როცა ნატო-ს წვერი ყველა ქვეყანა ამაზე შეთანხმდება და გარკვეული, თუმცა ამ ჯერზე არაიდენტიფიცირებული პირობები დაკმაყოფილდება. რატომ გვიჩნდება განცდა, რომ ნატო-ს მხრიდან ეს არასაკმარისი სიგნალი იყო, რამაც შეიძლება წაახალისოს პუტინი გააგრძელოს ომი?! მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ხელიდან გავუშვით შანსი გაგვეგზავნა პუტინისთვის იმგვარი სიგნალი, რომელიც ამ ომის უფრო სწრაფად დამთავრების საშუალებას მოგვცემდა. ახლა კი ის გააგრძელებს ამ ომს, სადამდეც შეძლებს. თუმცა, ამით არაფერი დამთავრებულა, ეს არ იყოს უკრაინის ბოლო შანსი. მომავალი წლის ივლისში ვაშინგტონში იმართება ნატო-ს სამიტი და ჩვენ მანამდე უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ამ სამიტზე უკრაინა მივიწვიოთ ნატო-ში. ევროპის უსაფრთხოება უნდა აღდგეს, ვინაიდან უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილია. და ვაშინგტონის მომავალი სამიტიდან ევროპაში მშვიდობის განცდა უნდა აღვადგინოთ.

- რამდენადაც თქვენ რუსეთს კარგად იცნობთ, მინდა გკითხოთ, რა ხდება რუსეთში - პრიგოჟინის ჯანყი რეალობა იყო თუ იმიტაცია და რამდენად დაასუსტებს ის პუტინის რეჟიმს? რას ნიშნავდა პუტინისა და პრიგოჟინის პუტჩის შემდგომი შეხვედრა, თუ ის რეალურად შედგა?

- გასულ თვეს რუსეთში მოვლენები მართლაც ძალზედ საინტერესოდ განვითარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ამ ჯანყმა აჩვენა და რუსმა ხალხმა იცის, რომ რუსეთის მარცხდება უკრაინის წინააღმდეგ ომში და პირობები რუსი სამხედროებისთვის საშინელია და პუტინი სუსტდება. პრიგოჟინს ხალხი აღფრთოვანებით ხვდებოდა როსტოვსა და ვორონეჟში და ის შეუფერხებლად მოძრაობდა მოსკოვისკენ მიმავალ ტრასაზე. ხალხმა იცოდა, რომ პრიგოჟინი სიმართლეს ამბობდა, რომ რუსეთი ვერ დაიპყრობს უკრაინას, რომ ომში რუსეთის საქმე ცუდად მიდის და მსხვერპლი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთი აცხადებს, რომ სამხედროების პირობები საშინელია და ა.შ. ხალხმა იცოდა, რომ რასაც პრიგოჟინი ამბობდა, სიმართლე იყო და ამიტომაც შეხვდა მას მხარდაჭერით. ეს პუტინს ძალიან ასუსტებს ქვეყნის შიგნით. ის აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღადგინოს ის განცდა, რომ კვლავ ის არის მმართველი - მან შეწყვიტა ჯანყი და ის გაურიგდა პრიგოჟინს უპირველესად იმიტომ, რომ ის შეეჩერებინა. პრიგოჟინი არ წასულა ბელორუსში, როგორც ეს ითქვა. სად იმალება ის უცნობია, დიდი ალბათობით იმ ტერიტორიაზე, რომელსაც „ვაგნერი“ აკონტროლებს უკრაინის ან რუსეთის ტერიტორიაზე. შეხვედრა, რომელიც შეიძლებოდა შემდგარიყო პუტინსა და პრიგოჟინს შორის, იყო ორკესტრირებული იმის საჩვენებლად, რომ პუტინი ფლობს კვლავ ძალაუფლებას. მაგრამ თავად ფაქტი, რომ ის იძულებული იყო ამაზე წასულიყო, აჩვენებს ხალხს მის სუსტ პოზიციებს. კიდევ ერთი რაც გვაჩვენა ამ ჯანყმა: წლების მანძილზე ჩვენ არ გვინახავს პუტინის ხალხთან შეხვედრებისას, ისე როგორც ყველა პოლიტიკოს იქცევა: ქუჩაში გადის, ხვდება ხალხს, ეფერება ბავშვებს, ის მხოლოდ უგრძესი მაგიდის თავში მჯდომი ატარებდა შეხვედრებს. ახლა კრემლი იძულებული გახდა პუტინი (თუმცა, არა ვარ დარწმუნებული რომ ეს პუტინი იყო) ხალხში გაეყვანა, რათა ეჩვენებინა, რომ ხალხს ისევ უყვარს პუტინი, მაშინ როცა პრიგოჟინს ხალხი განსაკუთრებულად ხვდებოდა. ესეც ასევე პუტინის პოზიციების სისუსტეს ჰფენს ნათელს. და ბოლოს, რაც ჩვენ დავინახეთ არის ის, რომ სტაბილურობის აურა, რომლითაც გარშემორტყმული იყო კრემლი, გაიფანტა და ეს ძალიან თვალშისაცემია. გააგრძელეთ კითხვა