"დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველა ინტელექტუალური ძალა გავიდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ შერჩა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია და ავტორიტეტი"
ეს არის ორი პარტიის ურთიერთსასარგებლო ნაბიჯი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს „ქართული ოცნების“ დამარცხებასთან - „ნაციონალური მოძრაობა“ კრიზისშია იმით, რომ არ ჰყავს მოლაპარაკე თავები და ამ ფონზე, ვაშაძე, რომელიც თავისი გამართული, ლოგიკური, დამაჯერებელი რიტორიკით გამოირჩევა, სერიოზული ინტელექტუალური შენაძენია ენმ-სთვის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ორი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანება შეაფასა.
მისივე თქმით, თავის მხრივ გიორგი ვაშაძემაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი პარტია დამოუკიდებლად 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავდა.
„პრაქტიკულად, დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველა ინტელექტუალური ძალა გავიდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ შერჩა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია და ავტორიტეტი, სხვა არაფერი. აშკარად ჩანს, რომ ხაბეიშვილმა მოახდინა დისკრედიტაცია. ლაპარაკი არ შეუძლია, ვერ გაიგებ, რა უნდა. მხოლოდ გაიძახის ერთი და იგივე სიტყვებს - „რუსული ოცნება“, „რუსული ოცნება“. გავიგეთ „რუსული ოცნება“, მაგრამ თვითონ ვინ არიან, „ნაციონალური მოძრაობა“ რა არის, არ ჩანს. რას სთავაზობენ საზოგადოებას, როგორ სთავაზობენ სიღარიბის დაძლევას, გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, არაფერზე არ ლაპარაკობს ხაბეიშვილი. ამ ფონზე, ბუნებრივია, ვაშაძე გამოირჩევა თავისი გამართული, ლოგიკური, დამაჯერებელი რიტორიკით და შესაბამისად, სერიოზული ინტელექტუალური შენაძენია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რა თქმა უნდა, ცალსახად და მკაფიოდ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამით მიემატა უბრალოდ მოლაპარაკე თავი, რომელიც ილაპარაკებს უფრო ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. ეს, რა თქმა უნდა, გამოადგება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასევე შეეძინა დადებითი ვაშაძეს. ვაშაძე მარტო თავისი პარტიით ვერ გადალახავდა 5%-ს, ვერც იმ გაერთიანებით, რაც იყო ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიასთან ერთად, ამიტომ მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება. მისი რამდენიმე თანაგუნდელი ალბათ, მოხვდება წამყვან სიაში და პარლამენტში. ამიტომ ეს არის ორი პარტიის ურთიერთსასარგებლო ნაბიჯი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს გამარჯვებასთან და „ქართული ოცნების“ დამარცხებასთან. ეს არის შიგნით „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერება ისე, რომ თან გაძლიერდა ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“. ცუდი არ არის, კარგია, მაგრამ ეს არ არის გამარჯვების ფორმულა ნამდვილად. მე ამაში დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, თუ აღნიშნული ოპოზიციური პარტიების გაერთიანების გარდა, კიდევ შეიქმნება 2-3 ცენტრი, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დამარცხების წარმატება.
ზაქარეიშვილის შეფასებით, „2024 წლის არჩევნებშიც „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზე გავა, მაგრამ ეს არ იქნება წარმატება თუ იმდენივე რაოდენობის ხმებს ჯამურად, პარლამენტში შესული 5% გადალახული ოპოზიციური ძალები აიღებს“.
როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს. როგორც პარტიების ლიდერებმა, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ისინი ბრძოლას საერთო სტრატეგიით გააგრძელებენ.
მათივე თქმით, პროდასავლური პარტიების ფლანგზე ქმნიან "გამარჯვების პლატფორმას" და მისი კარი ღიაა ყველასთვის.