შეძლებს თუ არა ბრიტანული დაზვერვა რუსების გადაბირებას? - რას წერს უცხოური გამოცემა
ბრიტანული ჟურნალის - "სფექთეითორის" (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის მარკ გალეოთის სტატია სათაურით - "იმუშავებს თუ არა MI-6-ის პროპაგანდა რუსების გადაბირების მიზნით?", რომელშიც საუბარია ბრიტანეთის დაზვერვის უფროსის, რიჩარდ მურის მიერ გაკეთებულ მოწოდებაზე რუსეთის მოქალაქეების მიმართ, გახდნენ "ბრიტანეთის ჯაშუშები".
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
სერ რიჩარდ მური, დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის (MI-6) ხელმძღვანელი, ტრადიციისადმი ერთგულია და წელიწადში მხოლოდ ერთი საჯარო მიმართვით გამოდის, ამიტომაც მისი გამოსვლები განსაკუთრებული შესწავლის ღირსია. ამჯერად მისი საჯარო გამოსვლა პრაღაში არსებულ ბრიტანეთის საელჩოში, რომლის დროსაც მან რუსებს დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისაკენ მოუწოდა, მაინცდამაინც არ ითხოვდა სტრიქონებს შორის აზრის განსაკუთრებულ წაკითხვას.
შესაბამისი პრეამბულის წარმოთქმის შემდეგ, რომელშიც რიჩარდ მურმა ლონდონსა და პრაღას შორის მჭიდრო ურთიერთობებზე აღნიშნა, მან მოსკოვის მიერ 1968 წელს "პრაღის გაზაფხულის" ჩახშობა გაიხსენა.
"პრაღის გაზაფხული" ნამდვილად ის მომენტი იყო, რომელმაც ბევრ საბჭოთა ადამიანს რწმენა შეურყია, მათ შორის - ოლეგ გორდიევსკისაც, MI-6-ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორმაგ აგენტს საბჭოთა "კა-გე-ბეში". მაგრამ რიჩარდ მურს ისტორიული მოვლენები ტყუილად არ გაუხსენებია. მან თავისი გამოსვლის დროს ბრიტანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობა შესთავაზა რუსებს, რომლებიც დუმილს ინარჩუნებენ, მაგრამ აღშფოთებულნი არიან იმით, თუ როგორ ანგრევენ მათი ჯარები უკრაინის ქალაქებს, მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ და ათასობით ბავშვს იტაცებენ".
რა უნდა გააკეთონ რუსებმა? "მე მოგიწოდებთ გააკეთოთ ის, რაც სხვებმა უკვე გააკეთეს ამ 18 თვის განმავლობაში, ჩვენთან ერთად. თქვენთვის ჩვენი კარი მუდამ ღიაა". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო რუსეთის მოქალაქეების წაქეზება ჯაშუშობისკენ ანუ გადაბირება, რითაც არის დაკავებული ყოველი სადაზვერვო სამსახური, მათ შორის - MI-6-ც.
"ჯაშუშის" მუშაობა მხოლოდ იმით კი არ გამოიხატება, რომ ზესაიდუმლო ობიექტში შეაღწიოს, არამედ, უხეშად რომ ვთქვათ, იმაში, რომ წააქეზოს უცხოელი მოქალაქე საკუთარი ქვეყნის ღალატში. ეს საკმაოდ რთულია, რადგან ასეთები ბევრნი არ არიან - ასეთი სიტუაციის კლასიკური აბრევიატურა MICE (Money - ფული, Ideology - იდეოლოგია, Compromise - კომპრომისი, Ego - ნება) ყველას არ მოსწონს, თუმცა, რასაკვირველია, მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარ თავს ყველაზე მოხერხებულად და საუკეთესოდ თვლიან.
როგორც წესი, ჯაშუშებად გადაბირება ხანგრძლივ დროს მოითხოვს. დღევანდელ რუსეთში ამის განხორციელება საკმაოდ რთულია. დასავლური დაზვერვის ოპერატიული თანამშრომლების უმრავლესობა, ზოგადად, საელჩოებში დიპლომატიური თანამრომლების ნიღბის ქვეშ მუშაობენ, მაგრამ იმის გამო, რომ მოსკოვი უცხოელ დიპლომატებს აძევებს, რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური საელჩოები და საკონსულოები ან შემცირებულია, ან საერთოდ დახურულია. ბევრ დიპლომატს უთვალთვალებენ და არ არის გამორიცხული, ისინი უცერემონიოდ დააკავონ და დაკითხონ.
აქედან გამომდინარე, შეიქმნა ინფორმაციის მიღების დამატებითი არხების ძიების აუცილებლობა. ამერიკულმა ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA - ცსს) ამას წინათ სოციალურ ქსელში გაავრცელა რუსულენოვანი ვიდეო საკმაოდ ბანალური დასახელებით: "რატომ დავუკავშირდი ცსს-ს - ჩემი გადაწყვეტილება". მასში ნაჩვენებია მსახიობები, რომლებიც რუსი ოფიცრების როლებს ასრულებენ, საიდუმლოდ უკავშირდებიან ცსს-ს პორტალ Darkweb-ის მეშვეობით და ამერიკულ სადაზვერვო სამსახურს არწმუნებენ, რომ მათ "სარგებლობის მოტანა შეუძლიათ და რომ უძლურები არ არიან".
რიჩარდ მურის განცხადებაც, როგორც ჩანს, "დატროლვის" მსგავს ფორმას წარმოადგენს და იმ იმედს ასახავს, რაც ცსს-ის დირექტორმა უილიამ ბერნსმა თქვა, - აგენტების ასეთი გადაბირების შესაძლებლობა თაობაში ერთხელ თუ ხდებაო. რუსეთში ამ მხრივ მუშაობა რთულია, მაგრამ უკმაყოფილების დონე, ამასთან, სახელმწიფო სტრუქტურების მოსამსახურეთა შორისაც და თვით უშიშროების ორგანოებშიც, იმდენად მაღალია, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაშიც კი.
რა თქმა უნდა, ამ მხრივ ბრიტანეთს აქვს ზოგიერთი უნიკალური უპირატესობა და ნაკლოვანებაც. მიუხედავად ყველა სანქციისა, რუს საზოგადოებაში მაინც ძველებურად არსებობს ანგლოფილობისაკენ მიდრეკილება, თუმცა არის იმის რწმენაც, რომ "ვერაგი ალბიონი" რუსეთის ყველაზე მზაკვარ მტერს წარმოადგენს. ყოველთვის, როცა მოსკოვისთვის რაიმე არასასიამოვნო ამბავი ხდება, ტრადიციულად, კრემლი ლონდონს სდებს ბრალს.
შესაძლოა ["რუსული ანგლოფილობა"] გარკვეულწილად იმითაც დასტურდება, რომ რუსულმა პრესამ, რომელიც, ჩვეულებრივ, ბრიტანული "რუსოფობიის" ყოველ ფაქტს სწრაფად პასუხობს, ამჯერად რიჩარდ მურის გამოსვლას "თვალი აარიდა". პორტალმა Life News-მა, რომელიც, როგორც ამბობენ, ახლოს დგას პუტინისეულ ფედერალური უშიშროების სამსახურთან, რიჩარდ მურის გამოსვლიდან მხოლოდ ის მომენტი აღნიშნა, რომელიც MI-6-სათვის ჩინეთის მნიშვნელობას ეხება, ხოლო ნაციონალური მართლმადიდებლური გამოცემა "ცარგრადი" იმაზე მსჯელობდა, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი MI-6-ს ყირიმის ხიდის აფეთქებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თავის განცხადებაში MI-6-ს მიერ 2018 წელს გადაბირებული რუსი აგენტის - სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობა ახსენა. მსგავსი ფაქტები ჯაშუშების გადაბირების საქმეში ყველაზე რთულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ვლადიმერ პუტინი არ მალავს თავის რადიკალურ დამოკიდებულებას მსგავსი პირების მიმართ. მისი აზრით, სამშობლოს ღალატი ადამიანის უდიდეს ცოდვას წარმოადგენს. სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობამ და ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობამ (2006 წელს) რუს საზოგადოებაში თავისი კვალი დატოვა. რიჩარდ მურმა თავისი განცხადების დროს ლამაზი სიტყვები გამოიყენა, - ჩვენ ყოველ მოქმედებას გონივრულად და პროფესიულად შევაფასებთო და შეეცადა, დაერწმუნებინა პოტენციური ჯაშუშები, რომ ბრიტანეთი "ერთგული ადამიანებისადმი სიცოცხლის ბოლომდე ერთგული და სამუდამოდ მადლობელი იქნება". მაგრამ რამდენადაც ვლადიმერ პუტინი აგრძელებს რუსეთის ნგრევას, განა მივლენ პატრიოტები იმის გაცნობიერებამდე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე უკეთესი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ ქვეყნის გადასარჩენად, "ეს რუსეთის ღალატია"?
მოამზადა სიმონ კილაძემ