"77 წლის ვარ და დაახლოებით 40 წელია ზარს ვამბობ, წინაპრებმა მასწავლეს..." - რას ჰყვება სვანურ ზარზე ელმასორ ცალანი?
სვანური ზარი სამგლოვიარო გუნდური სიმღერა - მოთქმაა (კაცების დატირება), რომელიც სვანეთის ეთნოგრაფიის ყოფამ დღემდე სახეუცვლელად შემოინახა. მომღერალთა გუნდი ზარს დაკრძალვის დღეს ოჯახში, შემდეგ სასაფლაოზე ასრულებს.
ვინაიდან სვანური ზარის ტრადიციას გაქრობის საფრთხე დაემუქრა, მას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც მის იდენტიფიკაციას, ახალგაზრდა თაობისათვის გადაცემასა და საერთაშორისო მასშტაბით მის პოპულარიზაციას გულისხმობს.
სვანური ზარი ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა კუთხის სამგლოვიარო სიმღერებისგან და ამიტომაც შემორჩა დღემდე. გარდაცვლილის ნათესავებს, რომლებიც სვანეთის სხვადსხვა თემში ცხოვრობენ, მოჰყავთ ზარის შემსრულებელთა გუნდები.
სვანური ზარის ტრადიციის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის ელმასორ ცალანს, მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს თემის სოფელ ტვებიშის მკვიდრს, რომელიც თითქმის 40 წელია მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობს და თავის ცოდნა-გამოცდილებას ახალგაზრდა თაობასაც გადასცემს.
ელმასორ ცალანი:
- სვანებისთვის ზარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძველად სვანური წყევლა იყო ასეთი - უზაროდ დაკრძალულიყავიო, ამით ყველაფერია ნათქვამი. ზარი მნიშვნელოვანი იყო და არის მიცვალებულისთვის. ამ ტრადიციას გაქრობა დაემუქრა, იყო ამის საშიშროება, მაგრამ დიდება ღმერთს, გადავარჩინეთ - სვანურ სოფლებში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც გაუღვივდათ ინტერესი და ვასწავლეთ ზარი. ამ საქმეს ინტერესის გარდა, დიდი შრომა სჭირდება. ბეჩოში უკვე 10-მდე ყმაწვილია, რომელთაც აქვთ ზარზე წარმოდგენა, მათ სიმღერის დაწყებაც შეუძლიათ და აყოლაც. ზარს საერთოდ ერთი სოლისტი იწყებს და მას დანარჩენები ჰყვებიან, გუნდში 7-8 კაცია. ხდება ისეც, ყველა არ არის ადგილზე და ზარს 5-6 კაციც ასრულებს. მოთქმა სამხმიანია და უბასოდ არ გამოვა, ძალიან რთული შესასრულებელია. ბალს ზემოური და ბალსქვემოური ზარი ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგ. მულახში სულ სხვა ტონით ამბობენ ზარს, ჩვენ - სხვა, ზოგადად, ყველა სოფლის ზარი ერთმანეთისგან განსხვავდება.
ვინ იცის, ზარს როდის ჩაეყარა საფუძველი, მას ძალიან დიდი ისტორია აქვს. ჩემი ბაბუა 115 წლისა გარდაიცვალა და მისი ბაბუაც ამბობდა ზარს. ჩვენი გუნდი ქალების დაკრძალვაზეც მიდიან და მამაკაცებისაც, არ აქვს მნიშვნელობა, ყველაზე ერთნაირად ითქმის ზარი. გასვენებაში, როცა მიცვალებულს სახლიდან ვაცილებთ, ზართან ერთად სრულდება გალობა - "წმინდაიო“. გალობა სულ სხვაა, მას სულ სხვა ტონალობა აქვს. წმინდაიო ოჯახიდან გამოსვენების დროს სრულდება, ამ გალობით ვაცილებთ სასაფლაომდე. მას და ზარს სხვადასხვა ტექსტი აქვს, საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს. ზარის ტექსტი უძველესია, მას სახეცვლილება არ განუცდია. გააგრძელეთ კითხვა