"...და სიკეთისთვის შეიქმნა ადამიანი"
ცნობილმა მწერალმა მარიამ ხუცურაულმა, ლიტერატურული პრემია „საბას“ მფლობელმა, რომელიც ხშირად „სანათას“ ფსევდონიმით წერს და რომელსაც თანამედროვე ხვარამზესაც კი ვუწოდებთ ხოლმე, ფეისბუკში პოსტიმო გამოაქვეყნა:
„არიან ადამიანები, ვისთვისაც ერთი სიცოცხლე, ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება ცოტაა და ხანმოკლეა. ასეთ ადამიანებს ღმერთი გამოარჩევს ხოლმე და ბედსაც, განსაცდელსაც და საქმე-საკეთებელსაც განსაკუთრებულს, გამორჩეულს და ძალიან მნიშვნელოვანს აძლევს!
ერთი ასეთი გამორჩეული ქალი, ქეთი შარმიაშვილი ცხოვრობს სიონშიც.
ქალი მოარული სიმღერა და ხალისი. სიონსა და თიანეთში მრავალი ზეიმის მოთავე და ორგანიზატორი ქალი. ქალი რომელიც იმდენ ადამიანში განაწილდა, რამდენი ბავშვიც მუსიკის სასწაულს აზიარა და აამღერა. უკვე ლეგენდად ქცეული თეო ქუმსიაშვილის აღმომჩენი და პირველი მასწავლებელი.
ქალი, რომელმაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი ტკივილი, უამრავი ოპერაცია გადაიტანა და არ გატყდა, სიცოცხლის განუზომელი სიყვარულის ძალით უკურნებელი დაავადება დაამარცხა!
ქალი, რომელიც მეორე სიცოცხლეს ცოცხლობს და კვლავ თავის საყვარელ საქმიანობას განაგრძობს - დაეძებს და პოულობს ნიჭიერ ბავშვებს სიმღერის სასწავლებლად. მისი დამსახურებით და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით ნახევარი წლის წინ აღდგა ანსამბლი "სიონის ზარები".
ეს ღონისძიება ქეთის თავდაპირველად ჩაუფიქრებია, როგორც მისი ყოფილი და დღევანდელი აღსაზრდელების კონცერტი თავისი და ამ მოსწავლეების სიამოვნებისათვის. ნელ-ნელა იდეა დაიხვეწა, გაფართოვდა და ქველმოქმედების უაღრესად კეთილი მუხტით და შინაარსით შეივსო - აჩუქოს ერთი იმედიანი, ლამაზი დღესასწაული თიანეთის მუნიციპალიტეტის შშმ ბავშვებს და ღონისძიებიდან მიღებული შემოსავლით თუნდაც ერთი წამლის საკმარი თანხით დაეხმაროს მათ ოჯახებს.
2023 წლის 22 ივლისს, 15.00 სთ. თიანეთის კულტურის სახლის დარბაზში გიწვევთ დიდ საქველმოქმედო კონცერტზე ქეთევან შარმიაშვილის სხვადასხვა თაობის აღსაზრდელების მონაწილეობით“...
მინდა გითხრათ, რომ ქეთევან შარმიაშვილი ჩემი მეგობარიცაა, როგორც სიმღერით, პოეზიითა და კონცერტებით სავსე მისი ცხოვრების თანამონაწილე ვარ, ასევე - მძიმე, სევდიანი ეპიზოდების თანაზიარიც გავხდი. ეს ადამიანი ამქვეყნად მართლაც სიკეთის გასამრავლებლად დაიბადა და, რაც მთავარია, საუკეთესოდაც გამოსდის! ქეთევანის გვერდით კი მუდამ დგას მისი დობილი, უკეთილშობილესი და, მასავით ქველმოქმედი ქალბატონი - მარიამ ხუცურაული. ორივეს ერთადაც ბევრი კარგი საქმე გაუკეთებიათ თავისი საყვარელი თიანეთისთვის, სიონისთვის და უფრო მასშტაბურადაც.
ამჯერად თიანეთის მხარის შშმ ბავშვების დახმარებას აპირებენ და ბოლომდეც მიიყვანენ ამ საქმეს. მათი სიკეთე კი გადამდებია და დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენგანზეც იმოქმედებს - იქნებ, იმაზე უკეთესებად გვაქცევს, ვიდრე დღეს ვართ. უფრო ზუსტად, ეს ჩვენი ცხოვრებისეული შანსია - დავეხმაროთ სხვებს და ამით, ვფიქრობ - საკუთარ თავსაც. მესმის, ყველას დახმარებას ვერ შევძლებთ, მაგრამ თუნდაც 1 ლარით რომ შევეწიოთ ამ ბავშვებს, ვინ იცის, რა სასიკეთოთ შეიცვალოს მათი ცხოვრება!
ასე რომ, 22 ივლისს, 15.00 საათზე თიანეთის კულტურის სახლში გიწვევთ შშმ ბავშვთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო საღამოზე „და სიკეთისთვის შეიქმნა ადამიანი...“
ვიმედოვნებთ სიხარულით შემოუერთდებით ჩვენს საქველმოქმედო საღამოს და თქვენს წვლილს შეიტანთ თიანეთელი პატარების სიხარულში.
ვინც თიანეთში ჩამოსვლას ვერ მოახერხებთ, თუ ან როგორც შეგეძლებად, იქნებ სულ მცირეოდენი თანხის ჩარიცხვით მაინც დაეხმაროთ ბავშვებს.
ბავშვებისათვის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ა(ა)იპ „ჩვენი ფშავის“ ანგარიშზე, საქართველოს ბანკი GE95BG0000000982812800GEL
დანიშნულება „თიანეთის შშმ ბავშვებისათვის“!
სიკეთის საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორია ორგანიზაცია ,,ჩვენი ფშავი“, რომელსაც თავად მარიამ ხუცურაული ხელმძღვანელობს.
ღონისძიების მედიამხარდამჭერები ვართ ჩვენ - ვებ-პორტალები ambebi.ge და kvirispalitra.ge