"გვაქვს იმის აბსოლუტურად რეალისტური წარმოდგენა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდეთ, რაც გარანტია იქნება, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება"
გვაქვს იმის აბსოლუტურად რეალისტური წარმოდგენა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდეთ, რაც გარანტია იქნება, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ მისი ოპოზიციონერი კოლეგებიც გამონახავენ საერთო ენას.
"მე ვფიქრობ, მთავარი საკითხი არის ის, რომ "სტრატეგია აღმაშენებელმა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დავიწყეთ გამარჯვების პლატფორმის ფორმირება. დავიწყეთ ეს ახლა იმიტომ, რომ ზუსტადაც ფორსირება მოვახდინოთ ოპოზიციურ ფლანგზე კონსოლიდაციების, რადგან წელიწადზე მეტია ვსაუბრობთ ყველასთან, რომ აბსოლუტურად შეიცვალა გეოპოლიტიკური ვითარება - უკრაინაში არის ომი, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე ჩამოიხსნა ფარდა და ღიად პრორუსულ ძალად გაცხადდა. შესაბამისად, ოპოზიციის თანამშრომლობა და კოლაბორაცია, კონსოლიდაცია არჩევნებამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ როგორც ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი ასევე სხვა პარტიები გადადგამენ ნაბიჯს და თუ სხვა ცენტრს ფიქრობენ, რომ უნდა ჩამოყალიბდეს, ჩამოაყალიბებენ და შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამის ფორმირება, რადგან დრო არ არის ბევრი.
ამ ეტაპზე ჩვენ სხვა პარტიებთან ლაპარაკს არ ვაპირებთ. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანა იქნება, რომ პირველი გაფართოების ფაზა გავაკეთოთ სექტემბერ-ოქტომბერში, სადაც შევეცდებით წარვადგინოთ ინდივიდები, რომლებიც არ არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაში, მაგრამ აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მეორე ასეთი გაფართოება იქნება გაზაფხულზე და შემდგომ უკვე საარჩევნო კამპანიისთვის ძალიან აქტიური მზადება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს გამოკვეთილი ჩვენი სტრატეგიული ხაზი თუ რას ვაპირებთ, ძალიან ბევრი აქტიური შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, საინტერესო პროგრამებს წარვუდგენთ საქართველოს მოქალაქეებს და გვაქვს იმის აბსოლუტურად რეალისტური წარმოდგენა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდეთ, რაც გარანტია იქნება, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება.
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები პროდასავლურ ფლანგზე გამონახავენ საერთო ენას, კონსოლიდაცია მოხდება მათ შორისაც და ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი დააჩქარებს ამ პროცესს და მისცემს ტრენდს, რომ სხვებმაც დროულად ამ ვითარებაში ხალხს რაღაც იმედის ნაპერწკალი გაუჩინონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ინტერპრესნიუსი"