რატომ უჭირს უკრაინის საჰაერო თავდაცვას რუსული „ონიქსების“ ჩამოგდება...
ყირიმის ხიდის მეორედ აფეთქების შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განსაკუთრებული „მონდომებით“ გააგრძელეს უკრაინული ქალაქების დაბომბვა, მათ შორის საპორტო ოდესისა და ნიკოლაევის.
ამ საჰაერო თავდასხმებში რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა „ტრადიციული“ ფრთოსანი „კალიბრების“ გარდა (რომელთა სტარტი რუსული ფრეგატებიდან, კორვეტებიდან და წყალქვეშა ნავებიდან ხორციელდება), უფრო აქტიურად ჩართო „ონიქსის“ რაკეტებიც, რის შემდეგაც უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ფაქტობრივად ოფიციალურად განაცხადა, რომ მათ ამ რუსული „ონიქსების“ ჰაერში გადაჭერა/ჩამოგდება ძალზე უჭირთ და ხშირად არც კი ძალუძთ...
ასეთ ჩამოუგდებელს რას წარმოადგენს რუსული „ონიქსი“, რომ თვით უკრაინელი მეზენიტეებიც კი აღაირებენ თავიანთ სუსტ შესაძლებლობებს ამ რაკეტებთან ბრძოლისას?
П-800 «Оникс»-ი საბჭოთადროინდელი უნივერსალური ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაა, რომლის მოქმედების რადიუსი თავიდან 300 კმ-ს შეადგენდა, თუმცა მოდერნიზაციის შედეგად სავარაუდოდ 800 კმ-მდე გაიზარდა.
ამ რაკეტას უნივერსალური იმიტომ ეწოდება, რომ მისი საბრძოლო გამოყენება შესაძლებელია სანაპირო დაცვის მოძრავი სარაკეტო კომპლექსიდან Бастион-დან, ფრეგატებიდან, კორვეტებიდან, წყალქვეშა ნავებიდან და თვითმფრინავებიდანაც კი (საჰაერო სტარტის ინდურ-რუსულ Оникс -ს BrahMos -სი უწოდეს).
უკრაინის ქალაქების მიმართულებით „ონიქსის“ რაკეტებს ძირითადად „ბასტიონის“ სარაკეტო დანადგარებიდან უშვებენ, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთი სანაპირო ზოლიდან.
რუსული „ბასტიონის“ საბრძოლო ნათლობა სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2016 წლის 15 ნოემბერს შედგა, როდესაც სირიაში, ტარტუსის რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზიდან გაშვებულმა „ბასტიონის“ რაკეტებმა სირიის ტერიტორიის სიღრმეში სახმელეთო სამიზნე დააზიანეს.
ხოლო უკრაინის წინააღმდეგ პირველად მაშინ გამოიყენეს, როდესაც 2022 წლის 19 მარტს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან, რუსული „ბასტიონიდან" გაშვებული რაკეტები კი უკრაინის ოდესის ოლქში, რადიოელექტრონული დაზვერვის ცენტრს მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე საბრძოლო გამოყენება სახმელეთო სტაციონარული სამიზნეების წინააღმდეგ განხორციელდა, „ბასტიონი“ რეალურად სანაპირო დაცვის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს წარმოადგენს და მისი მთავარი ამოცანაა, მოწინააღმდეგის სამხედრო ხომალდებს სანაპიროსთან მიახლოება და საზღვაო დესანტის გადასხმის ოპერაცია ჩაუშალოს.
სწორედ ამიტომაც იყო, 2014 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსი „მწვანე კაცუნების“ შესევისთანავე, იქ რუსეთმა სასწრაფოდ განათავსა „ბასტიონის“ რამდენიმე სარაკეტო კომპლექსი, რათა ნატოს ხომალდების სავარაუდო მიახლოებაც კი გამოერიცხა ოკუპირებული ყირიმის სანაპიროებთან, თუმცა მაშინ ნატოს ჯერ კიდევ „ეძინა“...
ამ ბლოგის ავტორს „ბასტიონის“ კოპლექსის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის - „ონიქსის“ ახლოდან, დეტალურად გაცნობის საშუალება ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს მიეცა, როდესაც უფულოდ დარჩენილი რუსი კონსტრუქტორები ამ რაკეტის საექსპორტო ვარიანტს, სახელწოდებით - „იახონტი“, ყველას, მათ შორის - ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი სთავაზობდნენ საყიდლად...
ისევე, როგორც „ისკანდერი“, „ბასტიონიც" ორი რაკეტის სტარტს ახორციელებს.
„ონიქსის“ 8 მ სიგრძის რაკეტის სასტარტო მასა 3 ტონაა, ის ზებგერითი 2,5-3 ათასი კმ/სთ სიჩქარით 300 კმ-მდე მიფრინავს, თავდაპირველად 14 კმ სიმაღლეზე, მიზანთან მიახლოებისას კი - 15 მ-მდე ეშვება და რადიოლოკაციური თვითდამიზნების სისტემის გამოყენებით ზუსტად ხვდება ხომალდს, რა დროსაც რაკეტის 300 კგ მასის საბრძოლო ქობინის ინიცირება ხდება.
ისევე, როგორც, „ისკანდერსა“ და „კინჟალს“, „ონიქსსაც“ უყენდება ბირთვული ქობინი, ფუგასურისა თუ კასეტურის ნაცვლად.
„ონიქსის“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპით მოქმედებს და შეუძლია ჰორიზონტს მიღმა მცურავი წყალზედა ხომალდის ზუსტი დაზიანება, თუმცა ამ მიზნით ის რეალურ საბრძოლო სიტუაციებში რუს ადმირალებს ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ.
„ონიქსის“ ხომალსაწინააღმდეგო რაკეტებით შეიარაღებული „ბასტიონის“ სანაპირო დაცვის კომპლექსები შავ ზღვაში ნატოს სამხედრო ხომალდების უმთავრეს მტერს წარმოადგენენ, რადგან ანექსირებული ყირიმის სამხრეთი ნაწილიდან 300 კმ-ის რადიუსში აკონტროლებენ შავ ზღვაში ნაოსნობას, ხოლო 800 კმ-მდე ფრენის უნარის მქონე მოდერნიზებული Оникс-М-ები ოკუპირებული სევასტოპოლიდან უპრობლემოდ წვდებიან ნატოს წევრი რუმინეთის კონსტანცას და ბულგარეთის ვარნას სტრატეგიულ საზღვაო პორტებს, ისევე როგორც თურქეთის ბოსფორის სრუტეს...
ოდესისა და ნიკოლაევის რუსული საჰაერო შეტევებისგან დაცვისას უკრაინელი მეზენიტეები უკვე წარმატებით აგდებენ რუსულ ფრთოსან „კალიბრებს“ და ირანულ „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონებს, რადგან მართალია, ისინიც დაბალ სიმაღლეზე ფრენენ (რაც აძნელებს მათ ადრეულ აღმოჩენას რადიოლოკატორების საშუალებით), მაგრამ „კალიბრის“ სიჩქარე მხოლოდ 800-900 კმ/სთ თუ არის, ხოლო „შაჰიდები“ საერთოდ, 150 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავენ, მაშინ, როდესაც ასევე დაბალ სიმაღლეზე მფრენი „ონიქსები“ 2 500 კმ/სთ-მდე ზებგერითი სიჩქარით ჩაიქროლებენ და მათზე სწრაფი რეაგირება „სტინგერითა“ და თუნდაც „სტრელა-10“-ით, ფაქტობრივად შეუძლებელია.
რუსული ზებგერითი „ონიქსების“ გადაჭერა/ჩამოგდების ბევრად მეტი შანსი აქვთ ამერიკულ „პეტრიოტებს“ და ფრანგულ-იტალიურ „მამბებს“, მაგრამ ამ კომპლესების საერთო რაოდენობა უკრაინელი მეზენიტეების არსენალში თითებზე ჩამოსათვლელია და ისინიც ძირითადად უკრაინის დედაქალაქის-კიევის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, მათ შორის რუსული ჰიპერბგერითი „კინჟალების“ მოსაგერიებლად...
სანამ დასავლეთი უკრაინას ბევრად მეტ თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემებს არ გადასცემს, ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის ველის შესაქმნელად, მანამდე უკრაინული ქალაქების მეტ-ნაკლებად წარმატებით დაბომბვის საშუალება ყოველთვის დარჩებათ რუსეთის საოკუპაციო ძალებს.
თუმცა, არსებობს მეორე გამოსავალიც - წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორცილება რუსი ოკუპანტების იმ სახმელთო სარაკეტო დანადგარებზე, საიდანაც გაშვებული „ონიქსებით“ იბომბება უკრაინული ქალაქები...
რუსეთს 2022 წლისთვის „ონიქსის“ გამშვები „ბასტიონის“ არანაკლებ 56 სარაკეტო დანადგარი ჰყავდა შეიარაღებაში, მათგან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განკარგულებაში 24 დანადგარამდე.
აქედან 12 „ბასტიონი“, რომლებიც რუსეთის შავი ზღვის სანაპირო დაცვის საარტილერიო ჯარების მე-15 ბრიგადის შეირაღებაში ირიცხება, განთავსებულია სევასტოპოლის სიახლოვეს და იქიდან გადიან საცეცხლე პოზიციებზე ზღვის სანაპიროსთან და ორ-ორი „ონიქსის“ სტარტის შემდეგ სასწრაფოდ ტოვებენ იქაურობას...
დასავლეთის მაღალეფექტიანი კოსმოსური დაზვერვის დახმარებით, უკრაინელებს შეუძლიათ ადრეულად აღმოაჩინონ რუსული „ბასტიონების“ გასვლა საცეცხლე პოზიციებზე და შეეცადონ მათ დაზიანებას, რისთვისაც ძალზე გამოადგებოდათ „ჰაიმარსებიდან“ გასაშვები ATACMS -ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების მართვადი ბალისტიკური რაკეტები, რომელთა უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილების მიღებას, თითქოს დღე-დღეზე აპირებს აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი...