"ხელი მოულოდნელად მოაწერეს... გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა" - ზურიკო დავითაშილის დედა, შვილის პირად ცხოვრებაზე, კარიერასა და ხვიჩა კვარაცხელიასთან მეგობრობაზე - კვირის პალიტრა

"ხელი მოულოდნელად მოაწერეს... გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა" - ზურიკო დავითაშილის დედა, შვილის პირად ცხოვრებაზე, კარიერასა და ხვიჩა კვარაცხელიასთან მეგობრობაზე

"ეს არის თაობა, რომელსაც ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია და გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს ამ თაობის იმედი", - ამბობს ფეხბურთში 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე. ამ თაობაში კი უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია ზურიკო დავითაშვილს, რაც ნიდერლანდებთან მატჩის დროს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

რა პიროვნული თვისებებით არის ის გამორჩეული, როგორი შვილი და შეყვარებულია, ვინ არის მისი რჩეული და რა განცდაა, როდესაც შენი შვილის სახელს სტადიონზე ათასობით ადამიანი სკანდირებს? ამ ყველაფერზე ექსკლუზივი მოვიპოვე, ჩემი რესპონდენტი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ზურიკო დავითაშვილის დედა თამუნა წიწილაშვილი გახლავთ.

- ქალბატონო თამუნა, მადლობა ინტერვიუზე რომ დამთანხმდით. ვიცი, მედიასთან ურთიერთობა დიდად არ გხიბლავთ.

- რატომღაც არ მიყვარს თავის გამოჩენა, სულ ვერიდები. ზურიკოზე ლაპარაკი, შვილის ქება მეუხერხულება. ჩემი მეუღლე უფრო ჩანს, რადგან თავადაც ფეხბურთელი იყო. ეს მართლა პირველი ინტერვიუა და იმედია, კარგი რესპონდენტი ვიქნები.

- სპორტის ამ სახეობით მამის გავლენით ხომ არ დაინტერესდა?

- ვფიქრობ, გენეტიკის ბრალია. ვერ ვიტყვი, რომ 2 წლის ბავშვს მამის გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც ბურთი ხელში აიღო, მისთვის მთავარი ნივთი გახდა. რომ ამბობენ, ბურთით იძინებდაო, ზუკას შემთხვევაში მართლა ასე იყო. ბურთით ჩაეძინებოდა და საწოლიდან მერე ვიღებდი. რომ გაიღვიძებდა, მოიკითხავდა და მერე სულ ბურთით თამაშობდა, თავის დეიდაშვილებს არ ასვენებდა; სულ სთხოვდა, მისთვის ბურთი გაეგორებინათ. ბუნებრივია, მამამისს შვილის ასეთი დიდი ინტერესი არ გამოჰპარვია. სულოს (ზუკას მამა სულიკო დავითაშვილი) ყოველთვის ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, ზუკა ფეხბურთელი გამოსულიყო, ამბობდა, რაც მე ვერ შევძელი, მან უნდა გააკეთოსო. ზუკას განვითარებაში მთელმა ოჯახმა შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდეთ. 6 წლის რომ გახდა, ფეხბურთზე მივიყვანეთ.

mamastan-ertad-copy-1689580285-1690046282.jpg

- წარმომიდგენია, ვარჯიშზე როგორი სიხარულით მიდიოდა.

- პირველივე ვარჯიშზე სასწაულები ჩაიდინა. მშობლები გვეკითხებოდნენ, აქამდე სად დაგყავდათ, ვინ ავარჯიშებდაო? მისმა მოძრაობებმა, ილეთებმა ყველა გააოცა. ზუკასთვის ფეხბურთი გახდა ცხოვრების პრიორიტეტი. ისე ძალიან, როგორც ფეხბურთი, არაფერი აინტერესებდა.

- პირველი წარმატება, ეს დღე როგორ გახსოვთ?

- 8 წლის იყო, როდესაც ერთ-ერთ ტურნირზე მისი გუნდი ფინალში გავიდა. მართალია, ზუკას გუნდმა ფინალში კარგად ითამაშა, მაგრამ მაინც წააგო. იმ დღეს ზუკა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რადგან შინ პატარა ბავშვი მყავდა, მე ამ თამაშზე დასწრება ვერ მოვახერხე. მახსოვს, რომ დაბრუნდა, თან დაღონებული იყო, თან გახარებული, აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ მოქცეულიყო. დადარდიანებულმა მითხრა, დედა, ვერ მოვიგეთო. მერე თურქეთში იყო, ბავშვთა ჩემპიონთა ლიგა იმართებოდა. იქ ფინალშიც გაიმარჯვეს და ზუკა იმ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 11 წლის ასაკში, ეს დიდი აღიარება იყო, 12 ქვეყნის გუნდი გამოდიოდა, მათ შორის საუკეთესოდ დასახელება პატარა ამბავი არ გახლდათ.

- როგორი იყო მაშინ თავად ზუკას ემოცია? ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს როგორ ხვდება?

- მადლიერებით, წყნარად და მშვიდად. უხარია, რომ ჩვენ გვახარებს. მამამისის სიხარული მისთვის ბევრს ნიშნავს, იცის, მის თითოეულ თამაშს ჩვენ როგორ განვიცდით.

- ხიბლში არასდროს ჩავარდნილა?

- არა, ასეთი ადამიანი არ არის. მამამისი ბავშვობიდან არიგებდა, შენ მოიგე ერთი თამაში, ეს არაფერი არ არის, ახალი გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო, თავში არ აგივარდეს, ეს აუცილებლად უკან დაგხევსო. ხიბლში ჩავარდნა ქრისტიანული საქციელიც არ არის. ცოტათი მეუხერხულება ჩემს შვილზე ამდენ კარგს რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ზუკას ვინც იცნობს, ყველა დამეთანხმება.

tamuna-zuka-copy-1689580300-1690046283.jpg

- ახლახან ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, კადრი პენალტების სერიიდან, როცა კარში პენალტს ზუკა ურტყამს, მამისთვის ეს როგორი ემოციურია.

- კი, ამ ვიდეოთი თავადაც ძალიან გაოცებული იყო. სახლში უფრო გამოხატავს ემოციას, იქ უფრო თავშეკავებულია. სულო ძალიან ნერვიულობს. ვერ გადმოვცემ სიტყვებით, რა ხდება მამამისის გულში, როცა ზუკა თამაშობს. ამბობს, ასე მგონია, მე ვთამაშობო. იმ პენალტს ძალიან განიცდიდა, მანამდე სხვა თამაშში 11-მეტრიანი ჰქონდა გაფუჭებული. ნიდერლანდებთან მატჩის დროს გოლი რომ გაიტანა, ვერ აღვწერ, რა ხდებოდა, - ვის ვეხუტებოდი, ვის ვკოცნიდი, არც ვიცოდიო.

- ზუკა მიზანდასახული რომ არის, ცხადია, კიდევ რა პიროვნული თვისებებით არის გამორჩეული?

- ძალიან არ უყვარს საყვედურის მოსმენა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საყვედური არ მიიღოს. საოცრად პუნქტუალური და მოწესრიგებული ადამიანია. ბავშვობიდან ჩვევად ჰქონდა, ვარჯიშზე რომ არ დაგვიანებოდა და მწვრთნელისგან საყვედური არ მიეღო, სახლიდან საჭიროზე ნახევარი საათით ადრე მაინც გადიოდა. ზუკა და მამამისი სულ ამის გამო კამათობდნენ. აეროპორტშიც ასე ადრე მიდის ხოლმე. ცოტა ხნის წინ მეუბნებოდა, დედა, ხომ იცი, ეს თვისება რომ მაქვს და ფრანგულ კლუბში რომ მივდიოდი, მაინცდამაინც იქ დავიგვიანეო. გამოძახებულმა ტაქსმა უმტყუნა, დროულად არ მივიდა. ძალიან მოწესრიგებული იყო ბავშვობიდან. 8 წლის გახლდათ, პირველად შეკრებაზე დამოუკიდებლად რომ წავიდა, საკუთარ თავს უვლიდა. სასტუმროს ოთახიდან ისე არ გამოვიდოდა, თუ არ მიალაგებდა. რამდენჯერ მაისურიც კი დაუტოვებია. რომ ვეკითხებოდი, დაკარგე-მეთქი? - არა, დედა, იატაკი მოვწმინდეო. ზუკას ჩვენ არც ერთ უცხოურ კლუბში არ გავყოლივართ, რუსეთში რომ იყო, იქ საერთოდ ვერც ჩავდიოდით. ზუკას იმედი ყოველთვის გვქონდა და გვაქვს.

- როგორი შვილია? სითბოს, სიყვარულის გამოხატვა შეუძლია?

- ძალიან თბილი და ყურადღებიანია, ამას მასთან ურთიერთობის ყოველ წუთს გრძნობ. სიყვარულის გამოხატვის უნარი აქვს. ჩვენ ერთმანეთთან მეგობრულად ვართ, ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია ლაპარაკი. მისთვის "დედუცი" ვარ. მოფერება უყვარს. როცა საზღვარგარეთ არის, მამამისი მასთან სულ კონტაქტზეა, აღარ მინდა ზედმეტად შევაწუხო და ზოგჯერ ერთი დღე შეიძლება ისე გავიდეს, არ მივწერო. მეორე დღეს თავად მომწერს; დედუცი, სად დამეკარგეო? ბავშვები უყვარს გამორჩეულად, თავადაც ძალიან ბავშვურია. როცა მართლა ბავშვი იყო, სულ რეჟიმით ცხოვრება უწევდა, სულ დაკავებული იყო, სულ ვაკონტროლებდით. არც დაბადების დღეზე წავიდოდა, არც მეგობრულ შეკრებაზე, ფეხბურთი იყო პირველი და მერე ყველაფერი დანარჩენი. ახლა თავის პატარა ძმას ბავშვურად ეთამაშება.

- რამდენი შვილი გყავთ?

- სამი, 2 ბიჭი და ერთი გოგო. უმცროსი ვაჟი უკვე 15 წლის ხდება.

- ფეხბურთით ხომ არ ინტერესდება?

- არა. იმ რეჟიმს, რაც სპორტის ამ სახეობისთვის არის საჭირო, ვერ გაუძლო, ამიტომ გამოვიდა. ფეხბურთისთვის რაღაცების დათმობა ვერ შეძლო, ზუკამ კი ყველაფერი დათმო.

- როდესაც თავისუფალი დრო აქვს, ზუკასთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- ოჯახში ყოფნა უყვარს, სანათესავოს შეკრებებზე გიჟდება. კალათბურთით არის გატაცებული. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო აქვს, წელს განსაკუთრებით - მხოლოდ 10 თავისუფალი დღე აქვს.

- და ამ 10 დღეს საქართველოში გაატარებს?

- აუცილებლად! ოჯახის წევრები სადმე ერთად გავალთ.

- ცნობილია, რომ ზუკა შეყვარებულია, მისი რჩეული მია გზირიშვილია. მათ ურთიერთობაზე რას გვეტყვით?

- მია არაჩვეულებრივი გოგოა, შეიძლება ითქვას, რომ ზუკას მეუღლეა, ხელი უკვე მოაწერეს.

- ეს ახალი ამბავია?

- დიახ, ახალია. ხელი მოულოდნელად მოაწერეს, საფრანგეთში საბუთებისთვის სჭირდებოდათ. მია იმდენად საყვარელი გოგოა, ვეუბნები, - შენი სახით მეოთხე შვილი შევიძინე-მეთქი. გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა, მეც ეს გზა გამოვიარე და ვიცი. ის ამბობს, რომ მზად არის ამ სირთულისთვის. ზუკას ძალიან აფასებს, უყვარს, ბედნიერები არიან.

- ზუკა როგორი შეყვარებულია, რომანტიკოსია?

- კი, ძალიან, შეყვარებულს სულ სიურპრიზებს უწყობდა. მიას კოვიდი ჰქონდა და ბუნებრივია, სახლიდან არ გადიოდა. ზუკა თურქეთიდან ჩამოვიდა ისე, რომ არ უთხრა და სახლთან სასწაული ფეიერვერკი მოუწყო.

mia-da-nica-1689580314-1690046283.jpg

- მალე ქორწილსაც ხომ არ გეგმავენ?

- მისი რეჟიმიდან გამომდინარე, ეს საკითხი ჯერ გაურკვეველია, ვერ გეგმავენ. ქორწილი აუცილებლად იქნება, მაგრამ როდის, ჯერ არ ვიცით.

- ზუკა და კვარა მეგობრობენ, არა?

- 10-11 წლის იქნებოდნენ, ერთმანეთს "დინამოს" აკადემიაში რომ შეხვდნენ. კვარას მამა და სულო ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ, ერთად თამაშიც მოუხდათ. ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის ვახლობლობდით და ახლაც ასეა, ყველაფერი ერთად გამოვიარეთ.

- ამბობენ, ზუკა კვარას მეჯვარე უნდა იყოს. ასეა?

- რა იქნება, არ ვიცი, ჯერ არ ვეკითხები, თავად გადაწყვეტენ.

- ცნობილია, რომ მია და ნიცაც მეგობრობენ.

- ბავშვობიდან ერთად მოდიან, ზუკამ მია ნიცასგან გაიცნო.

- სოციალურ ქსელში თქვენს გვერდზე ვნახე ფოტო, სადაც ფეხბურთელების მშობლები ერთად ხართ. ასეთი შეკრებები თქვენი ტრადიციაა?

- დიახ, ჩვენ ერთმანეთთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. როცა ვახერხებთ, ქალაქგარეთ გავდივართ. ასეთი ოჯახური შეკრებები ყველას ძალიან გვიყვარს და გვსიამოვნებს.

- მშობლების ეს დამოკიდებულება ბიჭების მეგობრულობაზეც იმოქმედებს, არა?

- რა თქმა უნდა. მართლა ძალიან კარგი თაობაა, ყველანი მოსიყვარულეები, თბილები და ერთგულები არიან.

- ფეხბურთი გააცოცხლეს ამ ქვეყანაში და გულშემატკივრებად გაიხადეს ადამიანები, რომლებიც სპორტის ამ სახეობით არც კი ინტერესდებოდნენ.

- ნამდვილად ასეა.

- როდესაც სტადიონზე ხართ და თქვენი შვილის სახელს ათასობით ადამიანი სკანდირებს, ეს რა განცდაა, შეგიძლიათ გადმოსცეთ?

- ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ახლა ისე ვიყავი, მეტყველების უნარი წამერთვა, სულ ცრემლები მდიოდა. პირველად იყო საქართველოში, ზუკას სახელს რომ სკანდირებდნენ, თან მთელი სტადიონი და მერე 2 დღე ენერგიისგან დაცლილი ვიყავი. ძალიან დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, მხოლოდ ჩემი შვილი კი არა, ეს ბიჭები რომ შეიყვარეს და ქომაგობით ასე აძლიერებენ. ეს ბოლო 10 დღე საოცრებები ხდებოდა.

- მოგვიკითხეთ ზუკა, ჩვენს ფეხბურთელებს ბევრ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"