სიღნაღელი მეთოჯინის კეთილი სამყარო - კვირის პალიტრა

სიღნაღელი მეთოჯინის კეთილი სამყარო

სიღნაღელი სოფო მჭედლი­შვილი მუსიკოსია, მაგრამ ამჟამად ქსოვით არის გატაცებული, - ნაქსოვი ცხოველების გამოსახულებებით აფორმებს ბავშვის ლამაზ ფაჩუჩებს, ზღაპრის გმირები ისეთი თვალისმომჭრელია, ნამდვილი გეგონებათ, გამოპრანჭული ცხოველები და ფრინველები კი საინტერესო სამყაროში გამოგზაურებთ...

სოფო მჭედლიშვილი: - ათ წელიწადს ბოდბის მონასტერში ვიმუშავე, მერე ბავშვებს მუსიკას ვასწავლიდი, მაგრამ ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობა ქსოვაა.

დედაჩემი აბრეშუმის ძაფებით საწოლის გადასაფარებლებსა და სუფრებს ქსოვდა. მომწონდა, ჩხირების ტრიალითა და ძაფების ერთმანეთზე გადაგრეხით ლამაზი ქსოვილი რომ გამოჰყავდა. იმ დროს დედა სასწაულმოქმედი ფერია მეგონა. გვერდით მივუჯდებოდი და ვუყურებდი, რა ლამაზად ატრიალებდა ყაისნაღს. ერთ დღეს კი მეც ავიღე ეს ჯადოსნური ჯოხი და ქსოვა დავიწყე. 5-6 წლისა ჩხირებითაც ვქსოვდი. პირველი სერიოზული ნამუშევარი ყავის ჭიქების დასადგმელები იყო, რის გამოც დედას ქება დავიმსახურე. სკოლიდან დავბრუნდებოდი თუ არა, გადმოვაწყობდი ყაისნაღს, ჩხირებს და ვქსოვდი. როცა წამოვიზარდე, ჯემპრებს ვიქსოვდი და სკოლაში ნაირ-ნაირი სამოსით დავდიოდი.

მივხვდი, რომ ხელსაქმე ჩემი გატაცება იყო, ამიტომ სიღნაღის პიონერთა სახლში ქარგვის შემსწავლელ წრეზე დავიწყე სიარული, მალე სხვადასხვა ფერის მულინეს ძაფებით დავიწყე ქარგვა. ყველა ნაქარგს დიდი რუდუნებით ვინახავდი, მაგრამ ერთხელ გამოფენაზე წავიღე და დავკარგე. ამან ისე დამწყვიტა გული, მას მერე აღარ მომიქარგავს.

satamasho2-1690104722.jpg

- ყაისნაღით ჩვილის ულამაზესი ფაჩუჩები გაქვთ მოქსოვილი...

- პირველი ფაჩუჩი ბოდბის მონასტერში წავიღე და ისე მოეწონათ, გასაყიდად გაიტანეს. იმავე დღეს შეიძინეს მომლოცველებმა და ინტერესი გამიჩნდა, კიდევ მომექსოვა. მოქსოვილ ფაჩუჩს ზოგს მძივებით ვაფორმებდი, ზოგსაც ზედ ცხოველებსა და ფრინველებს ვაქსოვდი. იხვისჭუჭულიანი, კურდღლებიანი, მაიმუნისთავიანი ფაჩუჩებიც მომიქსოვია. კარგად მახსოვს, ძაღლისთავიან ფაჩუჩებს კუდიც გავუკეთე და ისე მოეწონათ, კიდევ შემიკვეთეს. უკვე 50-ზე მეტი ფაჩუჩი მექნება მოქსოვილი, თითქმის ყველა მეგობრის ახალშობილი მყავს დასაჩუქრებული ჩემი მოქსოვილი სამოსით.

სიღნაღში გარე მოვაჭრეების მიერ გამოფენილი თექით დამზადებული სათამაშოები რომ ვნახე, ვიფიქრე, ქსოვა ხომ ვიცი და ეს რატომ ვერ უნდა გავაკეთო-მეთქი? შემდეგ ინტერნეტში საიტები ვიპოვე, სადაც ულამაზესი ნაქსოვი თოჯინების ფოტოები და მათი ქსოვის სქემები იყო გამოქვეყნებული. სქემები რთულია, მაგრამ გაშიფვრა შევძელი. პირველივე ცდაზე საოცრად ლამაზი თოჯინა მოვქსოვე. მუშაობის დროს ვცდილობ მარტო ვიყო, საქმეზე კონცენტრირებული. როცა არ გამომდის, თავს არ ვანებებ, ვარღვევ და ქსოვას თავიდან ვიწყებ. ზოგიერთ სქემაში ცვლილებები შემაქვს. მაგალითად, არის სქემები, სადაც თოჯინას არა აქვს პირი, თვალები, ცხვირი, არადა, თვალები ადამიანის სარკეა. ვცდილობ ჩემი "გოგო-ბიჭები" კეთილთვალებიანი იყვნენ. ერთხელ ფეისბუკზე ჩემი მოქსოვილი პინგვინის ფოტო დავდე და 5 წუთში თბილისიდან დამირეკეს, იქნებ მეც მომიქსოვოთ, შვილისთვის მინდაო. ერთ დღეში დავამზადე და გავუგზავნე.

satamasho3-1690104722.jpg

- თქვენი ნამუშევრების ფოტოებში ზღაპრის გმირებისგან შექმნილ კომპოზიციასაც მოვკარი თვალი...

- წითელქუდა და მგელი უკვე მოვქსოვე, მაგრამ კომპოზიცია დასრულებული არ მაქვს. მერე ფიფქიასა და შვიდი ჯუჯას კომპოზიცია მაქვს დაგეგმილი. ასეთი სათამაშოები ლამაზ ბავშვობაში მაბრუნებს.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო დედა ქსოვას ვეღარ ახერხებს, მაგრამ ის ჩემი ნამუშევრების კარგი შემფასებელია - ქსოვის დასრულებისთანავე საჩვენებლად მასთან მივარბენინებ. ცხადია, შენიშვნასაც მაძლევს და რჩევასაც, რომელსაც ვითვალისწინებ და საქმე უკეთესად გამომდის.

- ქსოვა ბევრს უყვარს, მაგრამ სათამაშოებს ყველა ვერ ქსოვს. ამ საქმის საიდუმლო რაში მდგომარეობს?

- ვინც ყაისნაღით ქსოვს, ნაქსოვებით ზღაპრული სამყაროს შექმნა არ გაუჭირდება. თუმცა შრომატევადი საქმეა. ზოგჯერ ერთი დეტალის მოსაქსოვად 3-4 საათის თავაუღებელი შრომა დამჭირვებია. ყველაზე მეტი დრო თოჯინების თმის მოქსოვას სჭირდება. ამ დროში რამდენიმე სათამაშოს დამზადება შემიძლია, მაგრამ კულულებიანი "გოგონა" ისეთი ლამაზია, ამ სილამაზისთვის დროს დაკარგულად არ ვთვლი.

მოსაწონი ნივთი რომ მოქსოვო, ძაფის ხარისხი და ფერები უნდა შეარჩიო. ჩემი ძაფები არ იბურძგლება და დედიკოებს შეუძლიათ ნაქსოვი სათამაშოებით უშიშრად ათამაშონ შვილები. საშუალო ტემპერატურის წყალში რეცხვასაც იტანს, ფორმას არ იცვლის და არ ზიანდება. ზოგიერთ ნაქსოვს თვლებით ვრთავ, რომელსაც სპეციალური სამაგრებით ვამაგრებ, რომ ნაქსოვს არ მოსძვრეს.

ქსოვა განტვირთვის საუკეთესო საშუ­ალებაა, არ გღლის და არ გაღიზიანებს. როცა ვქსოვ, ყველა პრობლემა მავიწყდება. დადებითი ემოცია ნამუშევრებსაც ეტყობა - თოჯინებს თვალები უბრწყინავთ და სიკეთეს ასხივებენ. ჩემი "გოგო-ბიჭები" ამშვენებენ ჩემი მეგობრის სახლის შიდა ინტერიერს.

როდესაც ნამუშევარს ვამთავრებ, მერე კარგა ხანს დავყურებ ჩემს შექმნილ თოჯინასა თუ ნივთს და ჩემზე ბედნიერი ამქვეყ­ნად არავინ არის. დასრულებულ ნამუშევარს გასხვისებამდე ოთახში გამოსაჩენ ადგილზე ვდებ, გავლა-გამოვლისას რომ შევხედო და ვისიამოვნო, მეორე დღეს კი ახლის ქსოვას ვიწყებ.

ბოლო დროს ახალი იდეა გამიჩნდა - მინდა ჩემთვის სახალისო საქმე ბიზნესად ვაქციო, მაგრამ დღეში ერთ სათამაშოზე მეტის მოქსოვას ვერ ვასწრებ. ამიტომ მინდა რამდენიმე ადამიანს ჯერ ვასწავლო და მერე დავასაქმო. იმედია, ამ იდეასაც შევასხამ ფრთებს.

ნელი ვარდიაშვილი