არაშენდის აგარაკის უცხო სამოთხეები
ლავანდის ულამაზესი პლანტაციის ხილვა მხოლოდ პროვანსში არ არის შესაძლებელი, მისი ნახვა საქართველოშიც შეიძლება, მათ შორის საგურამოს ახლოს, სოფელ არაშენდაშიც. სულ ცნობილია ლავანდის 450-მდე ჯიში და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ნინო სანიკიძემ საგურამოში საკუთარი მეურნეობის გაშენება ბრიტანული ლავანდით დაიწყო. ეს ჯიში უნივერსალურია და სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოიყენება. ნინო ეკონომისტია, პროდუქტების განვითარების კუთხით საბანკო სფეროში წლების განმავლობაში მუშაობდა, შემდეგ როგორც მარკეტოლოგი სხვადასხვა კომპანიაში საქმიანობდა. პანდემიის პერიოდში მიმართულება შეიცვალა, - ანტრეპრენერი გავხდიო, ამბობს...
ნინო სანიკიძე:
- რაღაც ჩემის შექმნა მინდოდა და ამიტომ მეგობრებთან ერთად სხვადასხვა საქმე წამოვიწყე. ლავანდის თემა პანდემიის პერიოდში წამოვიდა, თუმცა მანამდეც სულ ვფიქრობდი - მას შემდეგ, რაც პირველად ვნახე ლავანდის ველი და მოვინუსხე... პანდემიის პერიოდში მეტი დრო მეც გამომიჩნდა, რადგან სახლში ჩაკეტვამ მომიწია. საერთოდ ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, არ შემიძლია მშვიდად გაჩერება. ხანგრძლივი დასვენება ჩემთვის ცოტა უცხო იყო და დავიწყე მოძიება, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. მერე საგურამოს სიახლოვეს მიწის მოძიებაც ვცადე.
- მეურნეობის დაწყება ყვავილებით გადაწყვიტეთ?
- კი... ჩვენს ისტორიას ასეთი ამბავი უძღვის - გვყავს უსაყვარლესი ძაღლი ტოტო, ძალიან ცელქია, სულ დახტის, აგარაკზე ეზოში ბევრი ლავანდა გვაქვს და ამ მცენარეებში ხშირად კოტრიალობდა. ლავანდას აქვს თვისება, როდესაც გადატეხ ან მოჭრი, ინტენსიურ სურნელს უშვებს. მოკლედ, ტოტოს ცელქობის წყალობით ეზოში სულ ლავანდის სურნელი ტრიალებდა. ერთხელაც გავიფიქრე, რატომ არა ლავანდა-მეთქი? მერე დავიწყე ძიება, წიგნები გამოვიწერე.
- მიწა აგარაკის ახლოს გაქვთ?
- აგარაკიდან 5 წუთის სავალზეა, რომელიც მამას ჰქონდა და მაჩუქა. დაახლოებით 7500-8000 კვადრატია. ერთ-ერთ სანერგეს დავუკავშირდი, რომელიც ჯიშის მოძიებაში დამეხმარა. მცირე რაოდენობა ჩამოვიტანე და პირველი ზოლი სატესტოდ ჩემი ხელით გავაშენე. მანამდე ნიადაგი შევისწავლე, გავაკეთე მიწის ანალიზი - როგორც ყველა მცენარეს, ლავანდასაც სჭირდება კონკრეტული ნიადაგი - ნეიტრალური, დრენაჟირებული, უფრო მშრალი და ასეთივე ჰავა უყვარს.
- საგურამო ამისთვის მთლად ზედგამოჭრილი, მგონი, არ უნდა იყოს, აქ ნოყიერი ნიადაგია.
- დიახ და თავიდან ამიტომაც გავაკეთე სატესტო ზოლი, მაგრამ გაამართლა, გამოიზამთრა და გაიხარა. შემდეგ ეტაპზე უკვე დავიწყე ნერგების გამოყვანა მოძიებული თეორიული და ონლაინპრაქტიკული ცოდნით. ფართობზე, რომელიც ახლა ათვისებულია (2000 კვადრატი), ნერგები ჩემი გამოყვანილია, ნელ-ნელა ვამატებდი.
- არავინ გეხმარებათ?
- კი, ახლა მეხმარებიან ქალები, თუმცა თავიდან ყველაფრის გაკეთებამ თვითონ მომიწია. აღმოჩნდა, რომ ლავანდა ძალიან სასარგებლო მცენარეა. ჩემთვის ესეც ერთ-ერთი მოტივატორი იყო, მისგან ბევრი სასარგებლო პროდუქტის დამზადება შეიძლება. გამოიყენება პარფიუმერიაში, მედიცინაში, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, არაერთ მედიკამენტში იყენებენ, ჩრჩილის საწინააღმდეგო თვისება აქვს და საყოფაცხოვრებო საშუალებებშიც გვხვდება. აქვს ანტიმიკრობული ფუნქცია. დამწვრობის საწინააღმდეგოდაც კარგი საშუალებაა...
- თესლით ამრავლებთ თუ ჩითილით?
- ორივე მეთოდით. სხვადასხვა ჯიშს ვიწერ ხოლმე. ვცდილობ, მრავალფეროვნება იყოს, სიახლეებიც მაქვს, რომელიც თესლით გამოვიყვანე. მცენარეს გამუდმებით ვაკვირდები. როცა განსხვავებული ჯიშები გვინდა, თესლს ვყიდულობთ, ხოლო არსებულს კი ვაკალმებთ.
- რამდენ ხანში იზრდება, არ ჭირვეულობს? რა სამეურნეო სამუშაოებს ითხოვს?
- ამისთვის მცირე სათბური მაქვს. ნერგები სათბურში გამომყავს. თითოეულ ნერგს მოვლა სჭირდება, ერთი წლისას უკვე პლანტაციაში ვრგავ.
- პლანტაცია მულჩირებულია?
- კი, მულჩი გამოვიყენეთ სარეველების ამოსაძირკვად, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეფექტურია. მულჩირების დროსაც სჭირდება იგივე პროცედურები. მოკლედ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია, დავტოვებთ მულჩირებას თუ შევცვლით და ამას რა სამუშაო დასჭირდება.
- წყალი ბევრი სჭირდება?
- პირველი წლის განმავლობაში აუცილებლად სჭირდება მორწყვა. ნიადაგს უნდა შეეჩვიოს და ფესვები კარგად გაიდგას. ლავანდა გვალვის მიმართ ამტანია. თუმცა გვალვიან პერიოდებში, როგორც საერთოდ მცენარეებს, ლავანდასაც არ აწყენს წყლის მიწოდება.
- თქვენი ლავანდისგან რას ამზადებთ?
- შარშან დავიწყეთ სხვადასხვა პროდუქტის წარმოება. ვხდით ეთერზეთს, ხმელი ყვავილისგან სურნელოვან საშეს ვაკეთებთ, ტომსიკებში ხმელ ლავანდას ვყრით. გამოიყენება გარდერობში სურნელისთვისაც და ჩრჩილის საწინააღმდეგოდაც. ასევე გვაქვს ჰიდროზოლი, დისტილირებული ლავანდის წყალი, რომელიც ბევრნაირი ფორმით გამოიყენება - სახეზე შესასხურებლად, გასაგრილებლად, გარუჯვის შემდგომ, დამწვრობისას სიმხურვალის დასაამებლად. ასევე იყენებენ თეთრეულზე შესასხურებლად. დამამშვიდებელი ეფექტი რომ აქვს, ძილის უფრო ადვილად მოგვრასაც უწყობს ხელს. გვაქვს როლერები ძილის წინ გამოსაყენებლად, ვინც უძილობას ებრძვის, მათთვის ეფექტურია. მინერალური მარილებისა და ლავანდისგან ვამზადებთ პროდუქტს აბაზანისთვის, რომელიც ხსნის კუნთების დაჭიმულობას, შეშუპებას, ვმუშაობთ მასაჟის ზეთებზეც, მალე სურნელოვანი სანთლებიც გვექნება... მოკლედ, სიახლეები გვიყვარს.
- ადგილზე ამზადებთ, ანუ საწარმო გაქვთ?
- იქვე პატარა შენობა გვაქვს სახელოსნოდ და ახლა მის მოწყობაზე ვმუშაობთ. მანამდე პროდუქტებს შინ ვამზადებდით. წლეულს ლავანდის ყვავილობისას ვიზიტიორების მიღება დავიწყეთ. ძალიან დიდი დაინტერესება იყო, ბევრი ხალხი მოვიდა, დიდი სტუმრიანობა გვქონდა.
- მოკლედ, მიზანს მიაღწიეთ, სურვილი აისრულეთ და შედეგიც გაქვთ...
- ამ შედეგს როცა ვხედავ, ანუ ჩემს ლავანდის პლანტაციას, სხვანაირად არ გამიგოთ და, სიამაყის განცდა მეუფლება. სურვილი მაქვს, მთლიანად ავითვისო დარჩენილი ფართობი და სავიზიტო ადგილების მოწყობაც დავიწყო - ვიზიტიორებისთვის ბევრი სხვადასხვა სერვისის შეთავაზება გვინდა. იმედია, ყველაფერს შევძლებთ.
- დასაქმებული, ალბათ, ადგილობრივი მოსახლეობა გყავთ.
- კი და წლეულს დავიმატე ერთი გოგონა, თბილისიდან დადის... დამხმარეები, ძირითადად, ქალები არიან. სეზონური და ეტაპობრივი სამუშაოა, მაგრამ რაც სახელოსნო გაკეთდა და წარმოება იზრდება, პროდუქტებს ნელ-ნელა ვამატებთ და უკვე მუდმივი თანამშრომლის დამატებასაც ვფიქრობთ.
- ნერგებსაც ყიდით?
- კი, დიდი მოთხოვნა მოულოდნელად გაჩნდა, რაზეც არ ვფიქრობდით, უბრალოდ, ჩვენთვის გამოგვყავდა, მაგრამ რომ ნახავენ, მოსწონთ და ყიდულობენ. ყველაზე რთული და აქტიური ლავანდის დაკრეფის პერიოდია. ის ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება. კრეფა უკვე დავასრულეთ, ცოტა გახანგრძლივებულმა წვიმამ გაგვიჯანჯლა საქმე. ლავანდას წელიწადში ორჯერ ვკრეფთ. დაკრეფის შემდეგ იკონება, გამოსაშრობად სპეციალურ ადგილას თავსდება, პარალელურად ვხდით ეთერზეთს, ვამზადებთ სხვა პროდუქციასაც.
ჩემს მეგობრებს ვეუბნები, თუ ჩანაფიქრი გაქვთ, აუცილებლად საქმედ აქციეთ-მეთქი. მართალია, როცა იწყებ, ბევრი წინააღმდეგობა გხვდება, მით უმეტეს, როცა სხვა სფეროდან მოდიხარ, მაგრამ ცდა მაინც აუცილებელია. იცინიან ხოლმე, ამ პარკეტზე გაზრდილმა გოგომ რამდენი შეძელიო. თავიდან არც სჯეროდათ, თუ ეს საქმე გამომივიდოდა. სირთულეების არ უნდა შეგეშინდეთ, თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფრის გაკეთება შეუძლია.
ლალი ფაცია