"შეუპოვარი“ ბანანი სოფელ ჭალიდან
ბევრს შესაძლოა გაუკვირდეს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ საქართველოში უკვე ბანანის ხეებსაც რგავენ და ამწიფებენ. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი სიმწიფის კონდიციით ჩვენს მარკეტებშიც უამრავი მომწვანო ბანანი შეგხვდებათ. განსხვავება ის არის, რომ მარკეტებში თბილი ქვეყნებიდან ჩამოტანილ ბანანს ვყიდულობთ, საქართველოში კი თავის ხელით კრეფენ და მიირთმევენ, თანაც ისეთ მუნიციპალიტეტში, როგორიც საჩხერეა, რომელიც აქამდე შედარებით გრილი კლიმატით იყო ცნობილი. საიდუმლო კი უბრალოდ იხსნება - ზაფხული გახანგრძლივდა კლიმატური დათბობის გამო, ამის გამო კი სოფელ ჭალაში მარიამ თურმანიძემ ბანანის ნერგი გაბედულად დარგო.
სოფელ ჭალაში ბანანის ხეები მარიამ თურმანიძის ნათესავსა და ერთ გამრჯე ადამიანს ჰქონდა დარგული. თურმანიძის ბანანმა ნაყოფი დაისხა და გაილაღა, მარიამს კი ნაყოფზე მეტად ბანანის ხის სილამაზე მოეწონა. ფიქრობდა, თუ არ დაისხამს, არა უშავს, სამაგიეროდ, ეზოს გამილამაზებსო, ბანანმა კი ეზოც გაალამაზა და ნაყოფიც დაისხა, რაც მთელ ოჯახს მოსწონს.
- ჩემი ახლობლის ბანანის ხე იმდენად ლამაზი იყო და ისე მომეწონა, სილამაზისთვის უფრო წამოვიღე ნერგი შინ. ვიფიქრე, თუ არ დაისხამს, ქვეყანა ხომ არ დაიქცევა, რაც მთავარია, ხე გაიზრდება, ეზოსაც გაალამაზებს და როცა შევხედავ, მეც კარგ ხასიათზე დავდგები-მეთქი. ასე აღმოჩნდა ჩემს ეზოში ბანანის ნერგი, რომელმაც დარგვიდან მეოთხე წელიწადს, ნაყოფი მოისხა. ამით ძალიან მასიამოვნა, თანაც, მართლაც დაამშვენა ეზო. ამიტომაც ოთხი წლის წინ მოტანილი ერთი ბანანის ნერგი ათ ხედ ვაქციე. ბანანი მშვენივრად ხარობს და ყოველ წელიწადს ახალ ამონაყარს, ფშანს იკეთებს. მეც ყოველ ახალ ფშანს ეზოს სხვადასხვა ადგილას ვრგავდი. ასე რომ, ახლა ბანანის ათი ხე მაქვს და კიდევ ვაპირებ გამრავლებას როგორც დეკორაციისათვის, ისე ნაყოფისთვის. უნდა ნახოთ, ჩემი შვილი რა მოუთმენლად შესცქერის ბანანს, როდის დამწიფდებაო.
- მიუხედავად იმისა, რომ იმერეთში არც ისეთი სიცხეა, როგორიც ბანანს უყვარს, ნერგი `შეუპოვრად~ იზრდება თურმე, მაგრამ ნაყოფის ზრდა-განვითარება როგორ მიმდინარეობს?
- ჯერ ნერგზე გეტყვით. მართლაც, საოცრად სიცოცხლის მოყვარულია, სწრაფად მრავლდება და იზრდება. დიახ, საჩხერე ცხელ ზონად არ ითვლება, მაგრამ წლევანდელს თუ არ ჩავთვლით, ბოლო წლებია ისეთი ცხელი ზაფხული გვაქვს, რომ ბანანისთვის ზედგამოჭრილია. სხვათა შორის, წლეულსაც, როდესაც წვიმიანი და შედარებით გრილი ივნისი იყო, ბანანის ხეს ზრდა არ შეუწყვეტია. ცნობილია, რომ ბანანი სწრაფმზარდი და წვიმის მოყვარული მცენარეა, თუ, რა თქმა უნდა, წვიმას მკვეთრი აცივება არ ახლავს; შესაფერის პირობებში ბანანის ხე წელიწადში 6 მეტრამდეც იზრდება. ასე რომ, ჩვენმა წვიმებმა, პირიქით, ნარგავებს ზრდაში ხელი შეუწყო, ოღონდ ეგ იყო, მუდმივმა წვიმამ ნაყოფს ავნო და დასცვივდა, თუმცა არც იმდენად, რომ ხეზე ბანანი აღარ დაგვრჩენოდა. ბანანს ნაყოფი კენწეროსკენ აქვს. რადგან ჩვენი ბანანის ნერგები ჯერ კიდევ შედარებით დაბალია, ამიტომ კენწეროს მსხმოიარობას მშვენივრად ვაკვირდები. დავითვალე და ერთ ტოტს 70-მდე ბანანი ასხია. ძალიან საინტერესო პროცესია, პატარა ბანანები დიდი ფოთლების ქვეშ გამოდის. სანამ ყველა ფოთოლი არ გაიშლება, ნაყოფი არ ჩანს. პაწაწუნა, თითქოს კიტრის ფოთლის მსგავსი, ერთმანეთზე ასხმული ბანანები მაშინ გამოჩნდება, როდესაც ფოთლები იშლება. როგორც ვთქვით, წლევანდელმა ივნისის სიგრილემ ბანანს ნაყოფის ნაწილი დააყრევინა, თუმცა დიდმა ნაწილმა გაძლო, მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ცივ ამინდს და ახლა სიმწიფეშიც შედის.
რაც შეეხება ბანანის ფშანებს, ის გაზაფხულზე გამოჩნდა. რაც შევამჩნიე, ყველა ამოვთხარე და გადავრგე, ოღონდაც შედარებით მზიან ადგილას. რადგანაც ბანანი დიდი იზრდება, ადგილსაც დიდს იკავებს, ამიტომ ის ღია, მცენარეებისაგან ოდნავ მოშორებულ ადგილას უნდა დაირგოს, სასურველია, სხვა ხეებიდან მინიმუმ სამი მეტრის დაშორებით. სხვათა შორის, ახალგადარგულ ფშანს თუ ნერგებს დიდი მოვლა არ სჭირდება. ერთადერთი, მორწყვაა საჭირო, სიცხეში წყალი არ უნდა დააკლდეს.
- საინტერესოა, ბანანი თესლით თუ მრავლდება?
- მრავლდება. თესლი ზაფხულ-შემოდგომაზე ითესება. გაზაფხულის დალოდება არ ღირს, რადგან ბანანის თესლი სუსტია და შესაძლოა გაზაფხულის ლოდინში გაფუჭდეს კიდეც.
- ნაყოფზე რას მეტყვით, ყველასთვის საყვარელი ბანანი როგორი გემოვანი თვისებებით მოდის იმერეთში?
- ჩვენს პირობებში, როდესაც უკვე ოქტომბრამდე ცივი ქარი უბერავს, ბანანი იშვიათად ასწრებს დამწიფებას. თუმცა ეს პრობლემა არ არის, შეგვიძლია ნაყოფი სუფთად დავაწყოთ და დამწიფებას დაველოდოთ.
ზამთარში ბანანის მოვლა საფრთხილოა და ყურადღებას მოითხოვს, იმიტომ, რომ -2ოჩ-ზეც მოიწყენს ხოლმე. სხვათა შორის, ბანანს ყინვასთან შეგუებაც შეუძლია, არ გახმება, ფოთოლსაც შეინარჩუნებს, მაგრამ, ცხადია, ზომიერი, თბილი კლიმატი უფრო უყვარს. ამიტომაც არის, რომ ზამთრობით ბანანს ყოველთვის ვფუთავ - თუმცა, სანამ ამას გავაკეთებდე, ბანანს აუცილებლად ვაცლი ძველ ფოთლებს, რადგან ფოთოლი დიდი და განიერია და შეფუთვა მოუხერხებელია. ცელოფანს, გაზაფხული რომ ძალაში შედის, მხოლოდ მაშინ ვხსნი. როდესაც ბანანი სიმაღლეში კარგად გაიზრდება, შესაფუთავად, ალბათ, უფრო პრაქტიკულ და გამძლე საშუალებებს მოვიხმარ.
ეთერ ერაძე