„მესმის, რომ ვაშაძეს ბავშვობიდან უნდა პრემიერობა, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

„მესმის, რომ ვაშაძეს ბავშვობიდან უნდა პრემიერობა, მაგრამ...“

"სტრატეგია აღმაშენებელი" "ნაციონალურ მოძრაობასთან", მიხეილ სააკაშვილის პარტიასა და ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ პირებთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას. ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია, ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები. მისი მთავარი საზრუნავი იქნება საქართველოს მოქალაქე, მისი პრობლემების მოგვარება, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრების დაჩქარება, დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა... დღეს საქართველოში ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს - ამბიციური, რეფორმებსა და პროგრესზე ორიენტირებული რეგიონის ლიდერი, ერთიანი, ძლიერი საქართველოს იდეა და რუსეთზე ორიენტირებული, მაჩანჩალა და ოლიგარქიულ ჭაობში ჩაძირული საქართველოს იდეა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ლევან ხაბეიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ახალი პლატფორმის შექმნა ოფიციალურად დაადასტურეს. მათი თქმით, პროდასავლური ორიენტაციის პარტიებისთვის მათი კარი ღიაა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ მათთან გაერთიანებას არავინ აპირებს, მათ შორის არც ჯაფარიძე და ხოშტარია, რომლებიც ვაშაძის პარტნიორები იყვნენ. საინტერესო ის არის, რომ ვაშაძეს გაერთიანების წინა პირობად პრემიერობის კანდიდატად საკუთარი თავი ჰქონდა დასახელებული. მიიღო თუ არა მან ეს გარანტია, ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს არ სცემს, მაგრამ მეორე საკითხია, რის სანაცვლოდ დათმო მან საკუთარი პარტია, რადგან 2024 წლის არჩევნებისთვის ვინმესთან გაერთიანება მის პარტიაში ჩაწერას ნიშნავს. და, თუკი მას ეს მხოლოდ პარლამენტში გარანტირებულად მოხვედრისთვის სჭირდებოდა, რა თამაშს თამაშობს "ნაცმოძრაობა", ერთი მხრივ, შიდაპარტიული თვალსაზრისით და მეორე მხრივ იბადება კითხვა, არის თუ არა ეს ორპოლუსიანობის განმტკიცებისთვის გადადგმული ნაბიჯი, რადგან პროდასავლური ოპოზიციური სპექტრის მხოლოდ "ნაციონალებთან" გაერთიანება ზუსტად ამას ნიშნავს. ამ გაერთიანების ნარატივი, ფაქტობრივად, ეს იყო, „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერიაო. ეს არის ის საკითხები, რაზეც ბოლო დღეების პოლიტიკურ ხმაურიან თემებზე პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილთან ვსაუბრობთ.

xuxashvili3.jpg

- ვფიქრობ, ეს ყველაფერი სერიოზულს არაფერს ნიშნავს, რადგან ელექტორალური სურათი არ იცვლება - "ნაციონალურ მოძრაობას" ამომრჩეველი არ ემატება. უბრალოდ, მათ პიარის საშუალება მიეცათ, რომ რაღაც გაერთიანებას აკეთებენ, რომ მარტო არ არიან. ცხადია, ეს მათთვის დივიდენდია, მაგრამ არცთუ ისე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, შესაძლოა ვაშაძემ და კიდევ რამდენიმემ კონკრეტული სარგებელი მიიღონ, რადგან "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" ბარიერის გადალახვა პრობლემატურია და ამ კოალიციაში შესვლით 2-3 კაცი მაინც იხეირებს. საერთო ლანდშაფტში, პოლიტიკურ მოზაიკაში ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან "ნაციონალურ მოძრაობას" ელექტორალური ზრდის, განვითარების პოტენციალი არა აქვს, ერთგვარი ჩაკეტილი სისტემაა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ეს ისეთი სერიოზული რამ არის, რაც პოლიტიკურ ბაზარზე ძვრებს მოახდენს.

- ძალიან ამბიციური მიზანი დაასახელეს, რომ ქმნიან "გამარჯვების პლატფორმას". ლოგიკურად ეს იმას გულისხმობს, რომ ყველა სხვა, ვინც მათ პლატფორმაზე არ იქნება, დამარცხებისთვის არის განწირული. ეს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში რამდენად მომგებიანია და რაც მთავარია, ამის შესრულების შანსი რამდენად აქვთ? ფაქტია, რომ ამ პლატფორმაზე ჯერ მხოლოდ ხაბეიშვილი და ვაშაძე არიან.

- ვაშაძეც ძალიან ამბიციურია და "ნაცმოძრაობაც", მაგრამ დღემდე მათგან რაღაც პოზიტიური არ გვიხილავს. ისინი მუდმივად ქმნიან რაღაც სუპერიმედს, რაც მუდმივად იმედგაცრუებით მთავრდება. ახლაც იმის საფუძველი, რომ მათი ეს ულტრაოპტიმიზმი გამართლდება, ნამდვილად არა გვაქვს.

- ცოტა ხნის წინ იყო ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას სამეულის "ნაციონალებთან" გაერთიანების მოლოდინი, მაგრამ ახლა ეს სამეული გაერთიანებაზე უარს ამბობს. თქვენი აზრით, რა მოხდა მათ შორის?

- ვფიქრობ, ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება, რადგან "ნაციონალებთან" გაერთიანება, გრძელვადიან პარტიულ პრიზმაში რომ გავხედოთ, დამაზიანებელია ნებისმიერი პარტიისთვის. რატომ? იმიტომ, რომ პარტია იდენტობას კარგავს. როდესაც შენ მიდიხარ ისეთ პარტიასთან, რომელიც შენზე განუზომლად ძლიერია და მისი მიზიდულობის არეალში ხვდები, ბუნებრივია, იდენტობას კარგავ და ამის შემდეგ შენი პარტია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ასე რომ, არაფერი კარგი ამაში არ არის. როგორც ჩანს, ჯაფარიძე და ხოშტარია ცდილობენ შეინარჩუნონ ინდივიდუალური სახე და, ბუნებრივია, ერიდებიან ასეთი ტიპის ალიანსებს.

- ვაშაძის გადაწყვეტილება გასაგებია, ბოლოს და ბოლოს, პარლამენტში გარანტირებულად მოხვდება. "ნაცმოძრაობას" რაში აწყობს, რომ დაუთმოს ადგილი, რას აძლევს ვაშაძე "ნაციონალებს"? მით უმეტეს, რომ პარტიაში მუდმივად უკმაყოფილებაა, პარტიის გარეშე ხალხი ჩასვეს სიაშიო, მათ კი, ვინც მუდმივად პარტიულ საქმიანობაშია ჩართული, სიის გარეთ ტოვებენ.

- კი ბატონო, თვითონაც შევა და შესაძლოა 2-3 კაციც შეიყვანოს. ეს მოხდება, მეტი არაფერი. რაც შეეხება "ნაცმოძრაობის" ინტერესს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობის დემონსტრირებაა. "ნაციონალური მოძრაობის", ისევე როგორც "ქართული ოცნების" ინტერესში, ორპოლუსიანობის შენარჩუნებაა. ორივე ამისგან იღებს სარგებელს, მათ ეს აერთიანებთ. ეს არის "ნაციონალების" დივიდენდი, მეტი არაფერი. იმისთვის, რომ ორპოლუსიანობა შეინარჩუნონ, ოპოზიციის მხარეს არ უნდა იყოს სხვა ძალა და "ნაცმოძრაობა" მზად არის, საკუთარი მანდატებიც კი მისცეს სხვა პარტიის ლიდერებს პარლამენტში მოსახვედრად, რათა სხვა არ გაძლიერდეს, რამე არ გააკეთოს.

- მოახერხებს ამას ვაშაძის პარტიაში გაერთიანებით?

- ეს უკვე დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებენ დიდ ბაზარზე გასვლას, რასაც ჰქვია ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა არც წარსული, "ნაცმოძრაობის" სახით, და არც აწმყო, "ოცნების" სახით. ასეთი ძალიან ბევრია. ამიტომ პარტიულმა სპექტრმა შესაბამისი შეთავაზება უნდა გააკეთოს, რათა დაარწმუნოს ეს ხალხი, რომ აზრი აქვს მათზე არჩევანის გაკეთებას.

- ოპოზიციური სპექტრის შეთავაზება ჯერ მხოლოდ ის არის, რომ არ აპირებენ "ნაცმოძრაობასთან" გაერთიანებას. ეს საკმარისია თუნდაც იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ? გარდა იმისა, რომ ამბობენ, არ ვერთიანდებითო, მათი ნარატივი და მესიჯბოქსი "ნაცმოძრაობის" იდენტურია. ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა აჩვენონ საზოგადოებას საკუთარი განსხვავებულობა?

- "ნაციონალებთან" გაერთიანებაზე უარი ნამდვილად სწორი პოლიტიკაა და არც უნდა გაერთიანდნენ. ამით ვერაფერს იხეირებენ. რაც შეეხება იმას, საკმარისია თუ არა, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. მათ საკუთარი იდენტობა აქვთ საპოვნელი, პოზიტიური დღის წესრიგი სჭირდებათ. ხალხს მხოლოდ ის კი არ აინტერესებს, რომ ხელისუფლება ცუდია. გავიგე, რომ ცუდია, და შენ რომ კარგი ხარ, ახლა ამაში დამარწმუნე - ანუ ნეგატივს უნდა დაამატო პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც მომავალზე იქნება ორიენტირებული და უპასუხებს ხალხის პრობლემებს. გარდა იმისა, ხელისუფლება პრორუსია თუ არა, ხალხს აწუხებს ბევრი სხვა რამეც, სოციალური, ეკონომიკური პრობლემები და ა.შ. ასე რომ, ეს დღის წესრიგი უნდა შექმნან, ხალხს ეს ყოველივე აუხსნან. ტელევიზორებიდან კი არ უნდა დამოძღვრონ, არამედ ელაპარაკონ.

- რამდენი ხანია, სულ ამაზეა ლაპარაკი და რატომ ვერ ახერხებენ ამის გაკეთებას?

- არ ვიცი, რა გითხრათ. შესაძლოა კლიმატის ბრალია - ახლა ცხელა და ხომ უნდა დაისვენონ, ზღვაზე ხომ უნდა წავიდნენ. მერე შემოდგომაზე წვიმები დაიწყება და წვიმაში ხომ არ ივლიან გარეთ. მერე ზამთარი მოვა, ზამთარში ცივა, გაზაფხულზე სეტყვა იცის და ასე გრძელდება წლიდან წლამდე.

- "ნაციონალების" გარდა, ჩანს გახარიას გუნდი და "ლელო". ითქვა, რომ გახარიასთან "ქართული ოცნებიდან" წამოსულები გაერთიანდებიან. საუბარია იმაზეც, რომ "ლელოსთან" მელია და "ნაციონალებიდან" წამოსულები გაერთიანდებიან. ეს გაერთიანებები მართლა რომ შედგეს, შეძლებენ ე.წ. მესამე ცენტრის შექმნას, რათა ამ ორმა კონკურენცია გაუწიოს, ერთი მხრივ, "ოცნების" პოლუსს და მეორე მხრივ, "ნაცებს"?

- გახარიას სერიოზული გუნდი ჰყავს­. მათ "ქოცებს" ვერ დავუძახებთ, რადგან ესენი უფრო ფუნქციონერები იყვნენ. სახელმწიფო სამსახური თავისთავად პარტიულობას არ გულისხმობს. ამიტომ ვამბობ, რომ სერიოზული გუნდია, მაგრამ რამდენად მოახერხებს იმ ქრონიკული პრობლემების გადაწყვეტას, რაც გახარიას გადმოჰყვა თავისი წინა სტატუსიდან გამომდინარე და რაც ოპოზიციური ამომრჩევლის თვალში სერიოზულ ხარვეზად ითვლება, ეს მოგვიანებით გამოჩნდება. რაც შეეხება დასახელებულ პირებს, რომ გახარიასთან მიდიან, არა მგონია, ამან გახარიას გუნდს რამე ან მოუმატოს, ან დააკლოს. ვერ ვხედავ აქ ისეთ სუბიექტებს, ვისაც პულსი ესინჯება. არც ერთ გამოკითხვაში არ ჩანან.

- იმისთვის, რომ გახარიამ შექმნას მესამე ცენტრი, რა სჭირდება?

- გახარიამ შეიძლება შექმნას მესამე ცენტრი. როდესაც ჩვენ ალტერნატიულ ცენტრებზე ვლაპარაკობთ, ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ეგრევე ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ. ის ე.წ. მიზიდულობის ცენტრები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ მომავალ პოლიტიკურ ბატალიებში და გახარიასთვის ამ ამოცანის გადაწყვეტა საკმაოდ რეალისტურია. რა თქმა უნდა, თუ ის სწორ გზას იპოვის ამ კამპანიის დროს. "ლელოსაც" აქვს კოზირები, რადგან რესურსები პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. "ლელო" კი, ბევრი სხვა პარტიისგან განსხვავებით, ამ რესურსებით უზრუნველყოფილია. აქედან გამომდინარე, "ლელოს" აქვს ამის შანსი, მაგრამ შანსს გამოყენება სჭირდება. ასე რომ, ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინ არის.

- თუკი "ლელოსთან" გაერთიანდებიან მელია, "ნაცმოძრაობიდან" წასული ხალხი და პლუს ჯაფარიძე და ხოშტარია, ეს რამდენად მომგებიანი იქნება პოლიტიკური პროცესებისთვის?

- პარტიების გაერთიანება პრობლემას ვერ გადაწყვეტს, რადგან საბოლოოდ ამომრჩეველი აკეთებს არჩევანს და, თუკი კომუნიკაცია არ დაიწყეს ხალხთან, პოლიტიკური ელიტა რაც არ უნდა გადაჯგუფდეს და გადმოჯგუფდეს, რა მნიშვნელობა აქვს? როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ პარტიები, მთავარია, რკინის ქალამნები ჩაიცვან, ხალხში გავიდნენ და დაარწმუნონ, რომ მათ ხმა მისცენ. ეს არის ფორმულა. ჩვენს პოლიტიკურ ელიტას აქვს ილუზია, რომ თუ იპოვიან, ასე ვთქვათ, ერთად დასხდომის ფორმულას, პრობლემას გადაწყვეტენ, მაგრამ ძალიან ცდებიან, არ არის ასე. 1%-იანი პარტიები რაც არ უნდა გაერთიანდნენ, ხალხთან გასასვლელი თუ ვერ იპოვეს, შედეგი რა იქნება? არაფერი. უნდა ჩავიდნენ რეგიონებში და ხალხს ელაპარაკონ, და არა სპორტულ დარბაზებში იარონ და სიმძიმეები ათრიონ.

- თუ მართლა ვაშაძე დაასახელეს პრემიერობის კანდიდატად, ეს რისი მაჩვენებელი იქნება?

- არ დაასახელებენ, ეს აბსურდია. მესმის, რომ ვაშაძეს ძალიან უნდა პრემიერობა და მხოლოდ დღეს კი არა, მგონი, ბავშვობიდან, მაგრამ ეს მხოლოდ მისი სურვილია. როდესაც პატარა პარტია დიდს უერთდება, დიდმა ამ პატარა პარტიის თავმჯდომარე ან ვინმე იქიდან, რატომ უნდა დაასახელოს? პოლიტიკაში ასეთი რაღაცები არ ხდება, მაგრამ უნდა ამ კაცს და რა ქნას.

- ამ გაერთიანებამდე გვარამია გამოჩნდა "ნაცმოძრაობის" ლიდერობის ყველაზე პოტენციურ კანდიდატად. ვაშაძის გაერთიანება ხომ არ იყო გვარამიას წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი?

- მეც ასე მგონია. ამ ყველაფერში გვარამია შემაკავებელი ფაქტორი ნამდვილად არის, რადგან თვითონ "ნაცმოძრაობის" ინტერესებში, რა თქმა უნდა, იყო, რომ გვარამია გამხდარიყო პარტიის თავმჯდომარე. რატომ? იმიტომ, რომ გვარამიაა ერთადერთი ფიგურა, რომელსაც შეუძლია ამ ორად გაყოფილ პარტიაში კონსოლიდაციის ელემენტი დააბრუნოს. კი ბატონო, შესაძლოა სწორედ გვარამიაზე ეჭვიანობა იყო ამ პროცესების ფორსირების მიზეზი. შესაძლოა არც იყო, რადგან ზუსტად არ ვიცით. მე უბრალოდ იმას ვამბობ, ლოგიკურად რა ეჭვებიც ჩნდება.

- ვაშაძემ ხაზგასმით თქვა, რომ მას კეზერაშვილთან დიდი ხანია ლაპარაკიც კი არ ჰქონია, მაგრამ "ნაცმოძრაობაში" გაერთიანება შეათანხმა სააკაშვილთან.

- არც ეს არის რამე ახალი. ახლა ვინც შეიკრიბა, სწორედ სააკაშვილზე პარაზიტირებაა, ხაბეიშვილი იქნება თუ ის ხალხი, ვინც მის გუნდს განეკუთვნება. მათ ხომ თავისი პოლიტიკური კაპიტალი არა აქვთ და პარაზიტირებენ სააკაშვილზე, ისევე როგორც მთელი ქართული პოლიტიკური ელუტა პარაზიტირებს ბიძინა ივანიშვილზე. ერთგვარი პოლიტიკური პარაზიტების კასკადი შეიქმნა ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. რეალურად ამ ორ პოლუსზე ხომ ორი კაცია - მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. სხვა არავინ არ არის და არც არავის უშვებენ. აი, ნიკა გვარამია რომ გამოჩენილიყო, ის თავისთავად თვითმყოფადია, რაღაც წონაც აქვს და შეცვლიდა რეალობას. ზუსტად ამიტომ არ უშვებენ, ის არავის უნდა. მიშასაც კი. რად უნდა მეტ-ნაკლებად თანაზომადი პოლიტიკური ფიგურა გაჩნდეს მის პარტიაში? არ უნდა, ეჭვიანობს და ურჩევნია, ხაბეიშვილი ჰყავდეს, რომელიც ტრენაჟორზე დარბის, ნაცვლად იმისა, რომ წინ იაროს.

- ბოლო დროს სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აანონსებდა. ახლა ისევ სამკურნალოდ გადაყვანის ვერსიაზეა გადასული. უკავშირდება ამ ყველაფერს ის, რაც "ნაცმოძრაობაში" ხდება?

- დაიბნა კაცი, აღარ იცის, რა ქნას. მისთვის მთავარია ციხიდან გაუშვან. ეს სურს ყველაზე მეტად. ადამიანურად მესმის მისი, ვის უნდა ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა, მით უმეტეს, ისეთ ადამიანს, როგორიც მიშა სააკაშვილია, რომელიც დღეში, მგონი, ას კილომეტრს გადიოდა ფეხით. მისთვის ძალიან რთულია ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა და ამიტომ ხან ასე მოსინჯავს, ხან ისე და ამ ამბავშია.

- ეტყობა, გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ასეთი ქმედებები მის იმიჯზე უფრო ნეგატიურად აისახება? ცხადია, მის, ასე ვთქვათ, ფანებს არ ვგულისხმობ. რომც მოხდეს და გაუშვან, შეძლებს ქართულ პოლიტიკაში და თუნდაც საკუთარ პარტიაში ძველი გავლენის დაბრუნებას?

- მას არ აინტერესებს საზოგადოების დამოკიდებულება. მან იცის, რომ ჰყავს თავისი მრევლი, რომელიც მისგან ყველაფერს აიტანს და ყველაფერზე ტაშს დაუკრავს. თანაც მან ხომ არ იცის, გარეთ რა ხდება და მასთან შესულები რას ეუბნებიან, ხომ წარმოგიდგენიათ?

- ბოლო დღეებში აქტუალური იყო სააკაშვილთან შესული პოლონელი ექიმის სკანდალი. "ოცნება" ამბობს, რომ ექიმებს სააკაშვილის მონაცემების გაყალბება უნდოდათ, "ნაცმოძრაობა" კი ისევ იმაზე აპელირებს, რომ ამ ექიმს კანონი არ დაურღვევია და წინდების ჯიბეების ნაცვლად გამოყენება მისი ჩვევაა. თქვენ როგორ გგონიათ, რა მოხდა?

- არ ვიცი. ძალიან უცნაური ამბავია. ვერც ვხვდები, რა ხდება. ბუნებრივია, ნიმუშების გაყალბებაზე ეჭვი ჩნდება. თუმცა ერთი რამის თქმა შემიძლია - თავად იმ ჩანაწერის გამოქვეყნება, როგორ ჩხრეკენ ექიმს, არ მოსულა. ასეთი რაღაცები, როგორც წესი, არ ხდება. ცხადია, ამ ჩანაწერის გამოქვეყნება ჩვენს საზოგადოებაზე ზემოქმედების ცდა იყო. ცხადია, "ოცნებას" შეეძლო ყველაფერი ეთქვა, რაც ილაპარაკეს კიდეც, მაგრამ ჩანაწერის გამოქვეყნება არაეთიკური იყო. შესაძლოა ის ექიმი მართლა ძალიან ცუდად მოიქცა, მაგრამ როდესაც შენს მეგობარ ქვეყანასთან გაქვს საქმე, რომლის კეთილგანწყობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ასეთი ფორმით პასუხი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია. რაში სჭირდებოდათ გამოქვეყნება, ეთქვათ და ეგ იქნებოდა! თუ ამ ხელისუფლებას თავის თავში იმდენად ეპარება ეჭვი, რომ იფიქრა, არ დავიჯერებდით?

რუსა მაჩაიძე