სკანდალური ინტერვიუ უკრაინის დაზვერვის ყოფილ შეფთან - კვირის პალიტრა

სკანდალური ინტერვიუ უკრაინის დაზვერვის ყოფილ შეფთან

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე, არმიის გენერალი, ნიკოლაი მალომუჟი "კვირის პალიტრას" უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე, საბჭოთა კა-გე-ბეს მუშაობის პრინციპებსა და სხვა თემებზე ესაუბრა.

ukr-1690115462.jpg

- უკრაინის სამხედრო ძალებმა ბოლო 5-6 თვის განმავლობაში უდიდესი სამუშაო გასწიეს. ეს ეხება ტერიტორიების გათავისუფლებას, ასევე, მოწინააღმდეგის რეზერვების განადგურებას განსაკუთრებით, ბახმუტის, ავდეევკის, უჰლედარის, შახტარის, კრემენოეს, ზაპოროჟიეს, მელიტოპოლის, ტოკმაკის მიმართულებით. სწორედ ამგვარმა შედეგებმა გააჩინა კონტრშეტევის პერსპექტივა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბახმუტის ბრძოლებმა, სადაც "ვაგნერის" ე.წ. დიდება, რომელიც რუსულმა პროპაგანდამ ცამდე აიყ­ვანა, გაცამტვერდა. თუმცა ვერც სიმართლეს დავემალებით - საჰაერო მხარდაჭერა კონტრშეტევითი ომისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამხედრო გამოცდილების მქონე გენერლებს, ბენ ჰოჯესსა და დეივიდ პეტრეუსს, რომელიც ერაყსა და სხვა ქვეყნებში ბრძოლებს მეთაურობდა, ესმით საჰაერო მხარდაჭერის მნიშვნელობა, ამიტომაც მხარს უჭერენ უკრაინისთვის F-16-ებისა და EF-18-ის გადმოცემას. უკრაინაში ომი სხვა მასშტაბისაა. ჩვენს არმიას კარგად შეიარაღებულ და რიცხვმრავალ მოწინააღმდეგესთან უწევს­ ბრძოლა. რამშტაინზე ონლაინშეფასებებისას ითქვა, რომ ამ ვითარებაში უკრაინელი ძალებისთვის წინსვლა მარტივი არ არის, თუმცა მაინც გვაქვს. ვიღაცებს ეგონათ, კონტრშეტევა ელვისებრი იქნებოდა. სისულელეა, ასეთ ომში ასობითკილომეტრიანი წინსვლის გჯეროდეს, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიაზე 350-380-ათასიანი ძალაა კონცენტრირებული. მოკავშირეები ეფექტურ კონტრშეტევას­ ელოდებიან, მაგრამ ამისთვის სათანადო შეიარაღება, ტექნიკა, საბრძოლო მასალაა­ საჭირო. გათვლილზე 5-6-ჯერ მეტი, რათა შეტევა უწყვეტ რეჟიმში წარიმართოს და რამდენიმე მიმართულებით სტაბილურად­ წავიწიოთ წინ, ისე, რომ რუსულმა ძალებმა­ ერთი ადგილიდან მეორეზე­ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლა ვერ შეძლონ. ჩვენ კი კონტრშეტევის, მტრის ზურგის, ლოჯისტიკის განადგურების პარალელურად, დანაღმული ტერიტორიების გაწმენ­დასაც შევძლებთ. კრიტიკა, თითქოს რაღაცას არაეფექტ­ურად ვაკეთებთ, არაკომპეტენტურობასა და უსამართლობასთან ერთად, პოლიტიკურად შეუსაბამოა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ატომური იარაღით შანტაჟის გამო დასავლეთში ვიღაცები გაუბედავად მოქმედებდნენ და ამ ბარიერსაც, ეტაპობრივად ვუმკლავდებით. ნატოს სამიტზე გადაწყდა, რომ საჰაერო მოიერიშეებსა და შორი დამიზნების საბრძოლო საშუალებებს უახლოეს ხანებში გადმოგვცემენ. საფრანგეთი გრძელ რადიუსზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებს დაგვპირდა, აშშ - "კასეტურ" შეიარაღებას, რასაც რამდენიმე ევროპელი პარტნიორი უკმაყოფილოდ შეხვდა - ამ საბრძოლო მასალების გამოყენება აკრძალული აქვთ, თითქოს მათ არ იცოდნენ, რუსეთი ამ ბომბებს ჩვენს წინააღმდეგ თვეებია რომ იყენებს. გვაქვს ინფორმაცია, რომ აშშ გრძელ რადიუსზე მოქმედ არტილერიას, ATACMS-ს გადმოგვცემს, რაც ძალიან დაგვეხმარება.ჩვენები ახლა ბახმუტის მიმართულებით ცდილობენ გადაადგილებას. სამხრეთსა­ და ჩრდილოეთით რუსულ შეიარაღებულ ძალ­ებზე იერიში ძალიან მნიშვნელოვანია. ბახმუტის აღებას პუტინისთვის გადამწყვეტი­ მნიშვნელობა აქვს, მის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა სრულად მაინც ვერ აიღეს. მისი დაკარგვა პუტინის რეჟიმისთვის უდიდესი დარტყმა იქნება, ისევე, როგორ ყირიმის ხიდზე დარტყმა... ამიტომაც გვჭირდება 300 კმ მანძილზე მოქმედი შორი რადიუსის რაკეტების მარაგი, რომლის მოწოდებაც უკვე დაიწყეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. თუ თუნდაც რამდენიმე თვეში F-16-ებიც დაგვემატება, სიტუაცია შეიცვლება. ვვარაუდობთ, რომ მილიონიან არმიას შევკრებთ - ამაში შედის შეიარაღებული­ ძალები, ეროვნული გვარდია, სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც ნატოს სტანდარტებით არიან მომზადებული და აღჭურვილი, ეს კი დიდი ძალაა.

- ფიქრობთ, რომ სამხედრო პროცესებს უკრაინული მხარე მართავს?

- ასეა. ფრონტის ხაზი 1250 კილომეტრზეა გადაჭიმული, მაგრამ რუსები მის გაკონტროლებას ვერ ახერხებენ, ჩვენ ტერი­ტორია უკეთ ვიცით და სუსტი წერტილების პოვნასაც ვახერხებთ. საკმარისი სამხედრო რესურსის შემთხვევაში, გაგრძელდება ერთ წერტილში შეტევის იმიტაცია, მოქმედებას კი სხვა მიმართულებით დავიწყებთ. ასე თანდათან შევძლებთ სუსტი ადგილის პოვნას, კონტრშეტევისთვის. ბახმუტი­ იქნება­ თუ ავდეევკა, მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე ძალების კონცენტრაციას დაიწყებს,­ უკრაინული მხარე მათ ცოცხალ ძალას, სამხედრო ტექნიკასა და ლოჯისტიკაზე იერიშს მიიტანს. ამისთვის არის საჭირო საჰაერო ძალები, მაგრამ მანამდე გვაქვს ძლიერი ანტისაჰაერო­ თავდაცვა, "პატრიოტები", "ისკანდერი"... თუმცა ამასობაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს, ყოველდღიურად ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები, ქალები, ბავშვები...2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა, მაშინვე ვიცოდი, რომ დამარცხებოდა. როცა ხალხი მტრის წინააღმდეგ ერთიანდება, მოძალადე ვერასდროს იმარჯვებს. საბჭოთა კავშირი დამარცხდა ავღანეთში, ფინეთში, აშშ-იც დამარცხდა ვიეტნამში. დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, არ შეცვლილა მხოლოდ რუსული პროპაგანდის გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე - დერჟავისთვის ყველაფერი გამართლებულია. რუსეთის ხელისუფლება იყენებს მედიას, ინტერ­ნეტრესურსებს... პროპაგანდა მუშაობს სკოლ­ებში, სახელმწიფო სამსახურებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში. ისე, როგორც ფაშისტურ გერმანიაში, მასებს სჯერათ, რომ ხელისუფლება მათი კეთილდღეობისთვის იბრძვის, ჩაგრულ ერებს ეხმარება, რომელთაც დასავლეთი განადგურებას­ უქადის, რომელიც დიდი საბჭოთა რუსეთის დასანგრევად ჯერ კიდევ საბჭოთა­ წლებიდან იყო ჩასაფრებული. რუსეთი კი საბჭოთა კავშირის ღირსეული სამართალმემკვიდრეა. ამ იდეოლოგიით გაამართლეს­ 2008 წელს საქართველოზე, შემდეგ კი უკრაინაზე დარტყმა - ხალხს ჩვენთან ყოფნა სურს, მათ პროდასავლურ ხელისუფლებებს კი რუსეთის დაშლა უნდათო. შოვინიზმი ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი. "ძლევამოსილ რუსეთს" შვილებს, ძმებს სწირავდნენ... ეს არის პროპაგანდის ეფექტი. დონბასისა და ლუგანსკის რუსულენოვან მოსახლეობას ეუბნებოდნენ, კიევის ხელისუფლება უკრაინული ენის არცოდნის გამო დაგხოცავთო. რაც უფრო პრიმიტიულია პროპაგანდა, ადამიანების ნაწილი მით მარტივად იჯერებს. ჯერ პანიკა დათესეს, შემდეგ მის დასამუშავებლად მოსკოვსა და პეტერბურგიდან ოპერმუშაკები წარგზავნეს. 600 ათასამდე ეფ-ეს-ბეს თანამშრომელი ჰყავდათ ჩანერგილი.რუსეთის ხელისუფლება საბჭოთა სივრცეს­ თუ ვერ აღადგენს, ცდილობს ყოფილი რესპუბლიკები მასზე დამოკიდებული მაინც გახადოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობით, უსაფრთხოებით. როგორც კი საქართველომ დასავლური გეზი აიღო, 2006 წელს, ახალი წლის დღეებში, რუსეთმა გაზი გადაუკეტა, ასევე მოექცა შემდეგ უკრაინასა და ევროპის ქვეყნებსაც. პუტინი შეპყრობილია - რომელიმე­ პოსტსაბჭოთა­ ქვეყნის ნატოს და დასავლეთთან თანამშრომლობა მის პირად თავმოყვარეობაზე გადის, იცის, რომ მოსახლეობის თვალში რეიტინგს დაკარგავს - ნატო ჩვენს საზღვრებთან ბალისტიკურ რაკეტებს, ატომურ ელექტროსადგურებს ან ბიოლოგიური იარაღს ათავსებს­ (რაც აბსურდია) და რას ვაკეთებთო, ჰკითხავენ. ასეთი განწყობები კი აგრესიის სტიმულს აძ­ლევს. არაფრად აგდებს საერთაშ­ო­რისო სამართლის პრინციპებს, მორალს. მოსახლეობა ხომ მხარს უჭერს. უკრაინაზე თავდასხმამდე კრემლში ეგონათ,­ რომ ევროპა დეზორიენტირებული და უუნ­აროა, უკრაინას ჯარი არა ჰყავს და რაც ჰყავს, 70-80% პუტინის მომხრეა, ისე, როგორც მოსახლეობაო. მათი გეგმის მიხედვით, კიევის აღების შემდეგ გაქცეული ოპოზიცია დაბრუნდებოდა და რუსეთთან ერთად ჩამოაყალიბებდა პარლამენტს. სპეცსამსახურები პუტინს იმ ინფორმაციას აწვდიდნენ, რისი მოსმენაც მას სურდა. როდესაც დასავლეთი ჩვენს მხარეს დადგა, ბაიდენი, შოლცი და სხვა მსოფლიო ლიდერები უკრაინის დახმარებაზე ალაპარაკდნენ, რუსული პოლიტელიტა მიხვდა, რომ საქმე ცუდად იყო...

ukr2-1690115462.jpg

- ფიქრობთ, დასავლეთი გამოფხიზლდა?

- უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპა არის ისეთი, როგორიც არის. თუმცა როგორც იქნა, გააცნობიერეს, რომ პუტინთან მხოლოდ ძალის ენით შეიძლება ლაპარაკი. ევროპელ კოლეგებს ვეუბნები, ორი არჩევანი გაქვთ - პუტინის ბანკროტი ან გაძლიერებული რუსეთი, რომელიც ატომური იარაღით მსოფლიოს აშანტაჟებს, აირჩიეთ-მეთქი. ბოლოს და ბოლოს, ამერიკამ, ევროპულმა ქვეყნებმა, თურქეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა, იაპონიამ გააცნობიერეს, რომ მსოფლიო მშვიდობის წინა პირობა რუსეთის დამარცხებაა, რაც განვითარების პერსპექტივებს გააჩენს საქართველოსთვის, მოლდავისა და უკრაინისთვის. თუ ომი გაიყინა, საფრთხეები მიძინებული დარჩება და რუსეთი, როცა მოუნდება, გააღვიძებს. პუტინს ეს ყველაზე მეტად აწყობს. ცდილობს მოსახლეობა გატეხოს, დასავლეთი­ დააშანტაჟოს, დრო გაიყვანოს. ფრონტის­ ხაზზე მარცხის მისაჩქმალად მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, იერიში­ მიიტანა­ ოდესის პორტზე, საწვავის საწყობი­ ააფეთ­ქა,­­ ყველა გემს, რომლებიც შავი ზღვის­ აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ­ გაემართებიან,„სამხედრო ტვირთების პოტენციურ გადამტანებად აცხადებს; გააჩერა "მარცვლეულის შეთანხმება", რომლის დახმარებითაც უკრაინამ ქვეყნის გარეთ მილიონობით ტონა მარცვალი­ და ხორბალი გაიტანა. ახლა გაერო მსოფლიოში საკვების ფასების ზრდას მოელის, აფრიკაში კი უფრო მეტი ადამიანი იშიმშილებს... ასეთი რუსეთი დასავლეთის ლოიალური პოლიტიკის შედეგად მივიღეთ. სხვანაირი არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ევროპა­ ცდილობდა მისთვის სახის შენარჩუნებას. საქართველოში, მოგვიანებით კი უკრაინაში დაღვრილი სისხლის შემდეგ არჩევანი არ დარჩათ. პუტინის რუსეთი ჰიტლერის გერმანიას ჰგავს როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკით. პრიგოჟინის ბუნტი ჰიტლერის წინააღმდეგ მოწყობილ უმაღლეს ოფიცერთა ამბოხს ჰგავს. ახლა პუტინს ორი საყრდენი ჰყავს: - შოიგუ და გერასიმოვი, რომლებიც მედიაში კრემლის პოლიტიკას ახმოვანებენ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თუ პუტინს დასჭირდება, ხვალ ისინი გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდებიან. როგორც ამბობენ, ამ გზას უკვე გაუყენეს საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე სუროვიკინი, მისი მოადგილე იუდინი, სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე ალექსეევი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი მიზინცევი. პუტინის გარემოცვაში არიან ისეთები, ვინც ომის გაგრძელების მომხრეა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთის გადარჩენისთვის მშვიდობა აუცილებელია. მათ არ იციან, ომის დასრულების მერე რა ბედი ეწევათ. პუტინის საფლავში ჩაყოლა არავის უნდა. ძალაუფლების შესანარჩუნებლად დასავლეთთან კომუნიკაციაა საჭირო. რუს ოპოზიციას ამ ეტაპზე არა აქვს მხარდაჭერა, რომ მართვის სადავეები ხელში აიღოს. ეს იციან პატრუშევმა, ბორტნიკოვმა, მიშუსტინმა და სხვა ოლიგარქებმა და ალტერნატიული გუნდის შექმნას ცდილობენ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში სტაბილურობას შეინარჩუნებს. შესაძლოა დასავლეთი გარანტიებსაც შეჰპირდეს­. არც მას უნდა ზედმეტი თავსატეხი, ბირთვული იარაღით შანტაჟი და მსგავსი "სიურპრიზები". ატომური იარაღით მანიპულირება გაგრძელდება უკრაინის­ ომის დასრულებამდე. იქნება პროვოკაციები, თითქოს უკრაინა აპირებს პროვოკაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თუმცა დასავლეთი ფლობს ინფორმაციას, ვის შეუძლია მისი დანაღმვა.

- პრიგოჟინი ცალკე თავსატეხია თუ მისი ბელარუსში გადასვლით პუტინმა ორი საქმე ერთად გააკეთა?

- პრიგოჟინი მიხვდა, რომ ხელისუფლება "ვაგნერიდან" მის განდევნას აპირებს. იცის, რომ გაყიდეს. ყველამ ზურგი­ შეაქცია, იმ გენერლებმაც, რომლებიც მხარს უჭერდნენ და ამბობდნენ, პუტინის უგუნური პოლიტიკით დავიღალეთო. პრიგოჟინის საპროტესტო მარშის დროს ყველა ბუჩქებში შეიმალა. რუს გენერლებს ასე სჩვევიათ, როგორც კი საფრთხეს იგრძნობენ, ნეიტრალურ პოზიციას იჭერენ. ნაწილმა ეფ-ეს-ბეს წნეხს ვერ გაუძლო. მიხვდა, რომ პრიგოჟინს არ ჰქონდა ისეთი მხარდაჭერა, სიტუაცია ემართა... მოკლედ, შოიგუმ აჯობა. სპეცსამსახურებმა იმ "ვაგნერელებზე", რომლებიც რუსეთში დარჩნენ და ხელისუფლების პირობებს დათანხმდნენ, სრული კონტროლი აიღო. თუმცა ბელარუსის მიმართულებით რეგულარულად დაფრინავს პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელსაც "ვაგნერელები" ბელარუსში მიჰყავს. 2500-მდე უკვე გადაიყვანეს...

პუტინს თითქმის ყველა გეგმა­ ჩაუვარდა. ნდობა დაკარგა, "მეფემ" თავისი სისუსტე აჩვენა; არმია დემორალიზებულია; ყველამ იცის, რომ შოიგუს შეპირებული ახალი არმია და სამხედრო კორპუსის მშენებლობა ზღაპარია. ეს ყველაფერი ხდება­ უდიდესი სამხედრო დანაკარგების ფონზე. მხოლოდ ბახმუტ-სოლედარში 22 ათასზე მეტი კონტრაქ­ტორი, "ვაგნერელი", მოხალისე პატ­იმარი დაიღუპა. ასე რომ, სამხედრო ტექნიკის მიღების შემთხვევაში, რამდენიმე თვეში ომში მნიშვნელოვანი გარდატეხა გარდაუვალია.

- სხვა თემაზეც გკითხავთ - 1980-იანი წლებიდან მუშაობდით სსრკ-ისა და უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებში, 1997-1998 წლებში იყავით უკრაინის უშიშროების სამსახურის ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაცვის განყოფილების უფროსი. 80-იანი წლების მიწურულს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა, უშიშროების სამსახურის კურატორი იყავით და პერსპექტიული კადრების შერჩევაზე მუშაობდით. თქვენს სიაში ის რა კრიტერიუმებით მოხვდა?

- მხოლოდ კიევში არა, მაშინ წამყვან უნივერსიტეტებში ყოველთვის იყო უშიშროების წარმომადგენლობა ახალი კადრების შესარჩევად. ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი საბჭოთა სივრცეში ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა. რადგან საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა ფაკულტეტები ჰქონდა, იქ 102 ქვეყნის წარმომადგენელი ირიცხებოდა, მხოლოდ სოციალისტური რესპუბლიკებიდან კი არა, ამერიკის, ევროპის, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, მთლიანობაში, 2500-მდე სტუდენტი, მაგისტრანტი და ასპირანტი, რაც ძალიან კარგი ბაზა იყო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის კადრების შესარჩევად. მათ უნდა ჰქონოდათ გამორჩეული, მრავა­ლმხრივი უნარები,­ ორატორული ნიჭი, სიტუაციის სწრაფად შეფასების, გადაწყვეტილების მიღების უნარი. სრულყოფილად სცოდნოდათ საერთაშორისო სამართალი, აუცილებელი იყო, სულ ცოტა, ორი ენის ფლობა, რათა უცხოეთში მივლინების შემთხვევაში თავისუფლად ემოქმედათ. თუმცა მანამდე მრავალმხრივ შემოწმებას გადიოდნენ, სამედიცინოს, ფსიქოლოგიურს და ა.შ. საბჭოთა სისტემას თავისი კადრების სრული ნდობა უნდა ჰქონოდა, ძალიან დიდ შრომას დებდა მათში. მხოლოდ ინფორმაციის მოგროვება ან სხვა მსგავსი დავალება კი არა, უფრო მნიშვნელოვანი დავალებებიც ჰქონდათ, მაგალითად, თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკური ცვლილებები, ლიდერობა და სხვ... ამიტომ კადრი სისტემაზე სრულად იყო დამოკიდებული. ჩვენ დაზვერვისა და კონტრდაზვერვის კადრების შერჩევა გვევალებოდა. ამ სიაში აღმოჩნდნენ მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო. სიმართლე გითხრათ, საბჭოთა ქვეყნებიდან დიდი არჩევანი არ იყო, განსხვავებით, უცხოეთის ქვეყნებიდან, არადა, დაზვერვის კადრები­ რესპუბლიკებშიც საჭირო იყო. იმ ეტაპზე ისინი დაზვერვის მეთოდოლოგიას, სპეციფიკას სწავლობდნენ. მაღალი განათლება მთავარი მოთხოვნა იყო. ყველა მზვერავი ვერ ხდებოდა, ანუ ამ უნარებს ყველა ვერ ავითარებდა. ამიტომ კადრების შერჩევა, შესაძლებლობების მიხედვით ხდებოდა. საბჭოთა წლებში ყველა სტუდენტს ვსწავლობდით, ნაწილი ვერ გახდა მზვერავი, ამიტომაც სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ, ზოგი შეიხი გახდა, ზოგიც პრემიერ-მინისტრი, ან პრეზიდენტი...

- მაგალითად, სააკაშვილი და პოროშენკო?­

- სააკაშვილს სხვა მოცემულობა ჰქონდა, საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა შეუშალა ხელი, თან სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო იმ პერიოდში სწავლობდნენ, როდესაც უკვე საბჭოთა სისტემა მორყეული იყო, გორბაჩოვმა პერესტროიკა გამოაცხადა, რასაც­ რესპუბლიკებში წლების განმავლობაში დაგროვილი თავისუფლების სურვილის ამოხეთქა მოჰყვა... თუმცა, დიახ, სააკაშვილი განიხილებოდა დაზვერვის მომავალ თანამშრომლად. მასა და პოროშენკოსთან უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობდნენ,­ რომლებიც კა-გე-ბეს ექვემდებარებოდნენ. ეს იყო საბაზისო ეტაპი. როგორც ვთქვი, საბჭოთა კავშირი­ დაშლის პირას იყო, ამიტომაც ისინი უკრაინის­ უშიშროების სამსახურმა გადაიბარა. სააკაშვილმა გასაუბრება გაიარა, რეკომენდაციები მიიღო და საქართველოში გაემგზავრა, თუმცა იქ უკვე არეულობა იყო დაწყებული. ზვიად გამსახურდია და მისი მომხრეები ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდნენ.

- ვინ უნდა დახვედროდა სააკაშვილს?

- არავინ დახვედრია, რადგან ქვეყანაში­ უკვე არეულობა იყო და ეს ადგილობრივ­ სისტემაზეც აისახა, ფუნქცია თითქმის დაკარგული ჰქონდა. დაბნეული­ იყვნენ, არ იცოდნენ და რა როგორ შეიცვლებოდა, მათ რა ბედი ეწეოდათ, ვის მხარეს დადგებოდნენ... ამ სიტუაციაში სააკაშვილს ვისთვის უნდა ეჩვენებინა რეკომენდაცია? უკრაინული მხრიდან ყველამ მიიღო რეკომენდაციები­ იმ ვარაუდით, რომ იქ დახვდებოდნენ კოლეგები, მაგრამ საქართველოში ეროვნული მოძრაობა გუგუნებდა და არავინ იყო, ვინც მიიღებდა... თუმცა ამ კითხვას ჩემს ქვეყანაში, ადგილობრივი ჟურნალისტი რომ მისვამდეს პოროშენკოზე ან სხვა პირზე, ვინც კიევის უნივერსიტეტის სიაში იყო, ვერც მაშინ ვუპასუხებდი, რადგან არსებობს საკითხები, რომლებსაც დღემდე გრიფი "საიდუმლო" ადევს და იურიდიულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თუკი ამას სამართლებრივი სახე მიეცემა და სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, აუცილებლად ვისაუბრებ. სხვა შემთხვევაში, ამის პუბლიკაცია არაკორექტული და არაკომპეტენტური იქნება, განსაკუთრებით, როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, ამ შემთხვევაში, საქართველოზე ვსაუბრობთ, რომელმაც რამდენჯერმე გადაიტანა რუსეთის სამხედრო აგრესია. თუმცა დარწმუნებული ვარ, საყრდენი მაინც ჰყავს, რომელიც ბოლო ძალებით იბრძვის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის ჩასაშლელად. სამაგიეროდ, საქართველოს ჰყავს ახალი თაობა, რომელმაც საგარეო კურსზე მკაფიო პოზიცია დააფიქსირა. მოკლედ, საქართველო ახლა გარდამავალ პერიოდს გადის. ქვეყნის საზოგადოება ძალზე პოლარიზებულია და ეს მის ევროპისკენ სწრაფვას აზიანებს. ამიტომ ამ ვითარებაში სიტუაციის გამწვავება, კორექტულად რომ ვთქვათ, არამეგობრული იქნება. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო მტერი ჰყავთ.

საქართველოში, დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში, ლუსტრაციის კანონი რომ მიეღოთ, რომელიც საბჭოთა წარსულის ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, კითხვაზე პასუხი თავადაც გექნებოდათ. დაზვერვის კადრების მომზადებაში ყველა ქვეყანაში დიდი ფული იხარჯებოდა. თითოეულს 4-5 წლის განმავლობაში ამზადებენ. ხშირად ურევენ ერთმანეთში აგენტებსა და "გავლენის პირებს", რაც სხვადასხვა რამეა. აგენტი ვალდებულია ნებისმიერ ფასად შეასრულოს უწყების დავალება, უნდა ეს თუ არა, მისი პირადი ინტერესები იკვეთება თუ არა. ის სრულად კონტროლდებოდა, დაზვერვას ეკუთვნოდა და მორჩა. არსებობდნენ ორმაგი აგენტებიც, ისინი, ვინც რუსეთისა და აშშ-ის დავალებებს ასრულებდნენ. დაზვერვის აგენტურა ძალიან რთული და ჩახლართული თემაა და შეიძლება სრულიად მოულოდნელ, წარმოუდგენელ პერსონებს გადააწყდე. აგენტები მხოლოდ პოლიტიკაში, შსს-ში ან თავდაცვაში კი არა, ყველგან იყვნენ (და არიან): კულტურის, განათლების, ხელოვნების, ლიტერატურის, სამედიცინო სფეროში. ისეთი პირები, ვის სიტყვასაც პატივს სცემენ, ასევე, საზოგადოებისთვის თითქმის შეუმჩნეველი ადამიანებიც. ზოგ შემთხვევაში ცალკეულ პერსონებს ძალიან მარტივი დავალება ჰქონდათ - ვინმეს "გაშავება". თუმცა მე მაინც საერთაშორისო იურისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები მაოცებდნენ, რომლებიც რუსული (შესაძლოა აშშ-ისიც) სპეცსამსახურების საფარქვეშ ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობდნენ, პარალელურად კი, სხვადასხვა პირზე ინფორმაციას აგროვებდნენ. შემდეგ მათთან მუშაობას სპეცსამსახურები იწყებდნენ... ეს ძალიან დიდი ჯაჭვური სისტემა იყო. "გავლენის პირებს" ჰქონდათ არჩევანის უფლება. ზოგ შემთხვევაში, მათი გვარებიც კი არ ვიცოდით, კოდური სახელები ჰქონდათ. ზოგჯერ რუსულ სპეცსამსახურებთან ისინი უფრო აქტიურობდნენ, ვიდრე ოფიციალური აგენტები. ზოგს მართლა სჯეროდა, რომ სასარგებლო საქმეს ემსახურებოდა, მისი ქვეყნისთვის ასე ჯობდა და ანგარების ან სარგებლის გარეშე ჯაშუშობდა.

აგენტის დავალება და საქმიანობა ძალზე მრავალფეროვანია - თუ აგენტი ვერ ასრულებს პოლიტიკურ დავალებას, ის მუშაობს სავაჭრო, ეკონომიკური, საზოგადოებრივი მიმართულებით. მაგალითად, თუ პოლიტიკური ბმა, კავშირი ვერ ხერხდება, ანუ რუსეთს გავლენის ქვეყანაში პოლიტიკური შესაძლებლობები ამოწურული აქვს, ის ცდილობს ეკონომიკური, სავაჭრო არხები გაჭრას, ოღონდ ეს სწორად უნდა შეფუთოს, თუ საჭიროა მუშაობას გუნდური ფორმა მისცეს, ანუ სანდო კადრებით საზოგადოებრივი აზრი შექმნას. თუ ერთი მიმართულება არ გაამართლებს, ყოვნდება და საჭირო მომენტს ელოდება, რათა სხვაგვარად იმოქმედოს. უამრავი დეტალია. ერთი სიტყვით, სპეციფიკა არ შეცვლილა - ისინი ცდილობენ ხელმძღვანელი პირების გარემოცვაში მოხვდნენ და შიგნიდან იმუშაონ, ლობირებენ რუსეთისთვის სასარგებლო საკითხებს. არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც არ უნდა გავიდეს, საზოგადოებას ისე უნდა მიაწოდონ, რომ ჩაიშალოს. აუცილებელი არ არის, მხარედ იყვნენ წარმოდგენილი, სპეციფიკურად მუშაობენ, ნეიტრალური პოზიცია უჭირავთ. მომხრეებს პოულობენ აზრის გასავრცობად. ამ ყველაფერს დიდი ფინანსები სჭირდება, რაც ჰქონდათ კიდეც. პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, უკრაინაში, დეპუტატებსა და მინისტრებში, ასევე, უშიშროების სამსახურებში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე, რუსეთის არაერთი აგენტი იყო.

- გამოდის, ექსპრეზიდენტის გარდა, სხვა ქართული გვარებიც შეგხვედრიათ.

- სისტემა ისე იყო შექმნილი, რომ შესაძლოა ერთ ოჯახში რამდენიმე წევრი ყოფილიყო აგენტი, ისე, რომ ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ. ეს მათი არჩევანი არ ყოფილა. თუმცა ზოგი აგენტის საქმიანობას წინსვლისთვის იყენებდნენ... ჩემი თაობის მკითხველი კარგად გაიგებს. ვიღაცები ახლა რეჟიმის რომანტიზებასაც ცდილობენ, რაც საშინელებაა... დროთა განმავლობაში აგენტები იცვლიან მუშაობის მეთოდებს. უკრაინის მაგალითზე შეიძლება ვისაუბროთ. რუსეთის სპეცსამსახურების გადაბირებული აგენტები ცდილობდნენ გავლენა ჰქონოდათ ქვეყნის პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ საკითხებზე, საგარეო კურსზე. მოგვიანებით ეს შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს, საზოგადოებაში უნდა დაენერგათ ნიჰილიზმი, თითქოს იქ არავინ გველოდება, არ ვჭირდებით, ამასობაში კი რუსეთი, რომელიც გვინდა თუ არა, ჩვენი მეზობელია, გადავიმტერეთ და ამან კარგი არაფერი მოგვიტანა. ეს მეთოდი ახლაც კარგად მუშაობს.

ლალი პაპასკირი