„ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების კი არა, დამარცხების ფორმულაა“ - კვირის პალიტრა

„ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების კი არა, დამარცხების ფორმულაა“

"მე პირადად მიმაჩნია, რომ პარტიები შეიძლება საერთო ფასეულობებისთვისაც ერთიანდებოდნენ და კონკრეტული ამოცანებისთვისაც. დღეს ეს კონკრეტული ამოცანა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა. თუმცა მიმაჩნია, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება არც ერთი და არც მეორე მიზნისთვის არ ღირს", - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კაკო ბობოხიძე. რატომ არ ღირს "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება და როგორია "ევროპული საქართველოს" წინასაარჩევნო სტრატეგია, ამის შესახებ ბობოხიძე ვრცლად გვესაუბრება.

- "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება იმიტომ არ ღირს, რომ არანაირი ღირებულება არ გააჩნია. ეს არის ძალაუფლებისთვის მებრძოლი პარტია. მისი ლიდერები ძალიან ხშირად უშვებენ საზოგადოებაში ერთმანეთის საწინააღმდეგო მესიჯებს ამომრჩევლის შესანარჩუნებლად. მათი უპასუხისმგებლო მოქმედება გაგრძელდება მანამ, ვიდრე ერთ დღეს ამომრჩეველი პასუხს არ აგებინებს.

რაც შეეხება მეორე მიზეზს, მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე უბრალოდ შეუძლებელია, ოღონდ სწორად გამიგეთ - მე არ ვამბობ, რომ ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ "ნაციონალებს" შეუძლიათ. ამ კაცის დამარცხება ცალ-ცალკე არავის არ შეუძლია. თითოეული ოპოზიციური ხმის მობილიზებაა საჭირო მის დასამარცხებლად. ე.ი. "ნაციონალური მოძრაობის" ხმები საჭიროა ივანიშვილის დასამარცხებლად, მაგრამ ამ ამოცანის შესასრულებლად ამ პოლიტიკურ ჯგუფთან გაერთიანება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ "ქართული ოცნება" ყოველთვის საფრთხობელად იყენებს "ნაციონალებს" და ამბობს, რომ თუ ის დამარცხდება, ხელისუფლებაში ისევ ისინი დაბრუნდებიან.

სიმართლე ვთქვათ, ჩვენ გავერთიანდებით თუ არა, მმართველი გუნდი მაინც "ნაციონალებად" მოგვნათლავს. თუმცა ერთია, როდესაც ხელისუფლება ცრუპროპაგანდას იყენებს და ჩვენ ხელს ვუშლით, და მეორე, როდესაც ჩვენც ვეხმარებით. ყველა კვლევა გვეუბნება, რომ საერთო ჯამში ოპოზიციას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მმართველ გუნდს, მაგრამ თუ ხალხს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არჩევანის გაკეთებას ვთხოვთ, მაშინ უპირატეს მდგომარეობაში "ქართული ოცნება" აღმოჩნდება. გაიხსენეთ ბოლოდროინდელი არჩევნები, "ქართულ ოცნებას" ყველა პირველი ტური ოპოზიციამ მოუგო, მაგრამ მეორე ტურში ვერც ერთხელ ვერ კონცენტრირდა საზოგადოება "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი გამარჯვების კი არა, დამარცხების ფორმულაა. "ნაციონალური მოძრაობა" ჩვენს ხმებს ვერ შეკრებს და ჩვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს, ჩვენ თავად უნდა შევკრიბოთ ჩვენ-ჩვენი ელექტორატი.

- როგორ აპირებთ ამას?

- ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ ამომრჩეველზეც, რომელიც წარსულში "ქართულ ოცნებას" აძლევდა ხმას და უნდა დავარწმუნოთ, ის არ იყო სწორი არჩევანი. უნდა ვიმუშაოთ იმ ამომრჩეველზეც, რომელიც ადრე არც ინტერესდებოდა არჩევნებით. "ლელოს" ან "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის მოზიდვას არავითარი აზრი არა აქვს. ეს იგივეა, "თხა გავყიდე, თხა ვიყიდეო". აი, ასეთია ჩვენი სტრატეგია.

ვფიქრობთ, რამდენიმე მიზიდულობის ცენტრი უნდა შეიქმნას და ხალხს ფართო არჩევანის საშუალება მივცეთ. ეს იქნება ნამდვილი გამარჯვების ფორმულა. "ნაციონალური მოძრაობის" არასწორი მესიჯები და ამ პოლიტიკური ჯგუფის მართული ტელევიზიები ქვეყანაში არაჯანსაღ პოლიტიკურ გარემოს ქმნიან. არაჯანსაღ გარემოში ამოცანების არასწორად დასახვით ფონს ვერ გავალთ. ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება ივანიშვილის დამარცხება. მარტო მმართველი გუნდი კი არ ამბობს, ჩვენ თუ დავმარცხდებით, "ნაციონალები" მოვლენო, სააკაშვილიც იმავე აზრს ავითარებს, ხშირად უყვარს თქმა, ქართული პოლიტიკა მე და ბიძინა ვართო. სინამდვილეში, მომავალი არჩევნები "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ან მიშასა და ბიძინა დაპირისპირების ასპარეზი არ უნდა იყოს.რა გამოდის, ხალხი რას აკეთებს, ჩვენ მხოლოდ სტატისტის როლში ვართ?! ამერიკელები და ევროპელები აქ ვერაფერს ვერ შეგვიცვლიან, თუ ჩვენ, თავად ხალხი არ მოვინდომებთ ცვლილებებს. მხოლოდ ლეგენდაა და მეტი არაფერი, რომ "ნაციონალების" მთავრობა ამერიკელებმა მოიყვანეს, ის მთავრობა კი რუსებმაო და ა.შ. ხალხის ნების გარეშე არაფერი არ ხდება!

ხათუნა ბახტურიძე