„მთავარია, ჩვენ წინ ვიაროთ, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - კვირის პალიტრა

„მთავარია, ჩვენ წინ ვიაროთ, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“

"ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ერთობაა გამარჯვების პლატფორმა", - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მასა და ლევან ხაბეიშვილს შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად გამოწვეულ რეაქციას. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განცხადება პარტიების ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგალითად, კახა კალაძემ, ახალი პოლიტიკური ერთობა ორი ლუზერის გაერთიანებად შეაფასა. ამ ფაქტს არც ოპოზიცია შეხვედრია აღფრთოვანებით, ზოგიერთმა, მაგალითად, ხატია დეკანოიძემ ისიც კი განაცხადა, რომ თუ ამ ერთობამ არჩევნებამდე მიაღწია, მხოლოდ ის მოხდება, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები "ნაციონალური მოძრაობის" სიაში აღმოჩნდებიან, ეს არის და ესო. რას ფიქრობს თავად გიორგი ვაშაძე კოლეგების დამოკიდებულებასა და ერთობის გეგმებზე, ამას მასთან საუბრისას შევიტყობთ.

- მე არავის უსამართლო კრიტიკას არ ვუსმენ და არც ვპასუხობ. სიმართლე ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური ერთობა გაარღვევს დღევანდელ მძიმე მოცემულობას. 2024 წლის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მძლავრ პოლიტიკურ ორგანიზმს დამატებული ჩვენი სისტემურობა, გამარჯვების ქვაკუთხედი გახდება. მე ყველას წარმატებას ვუსურვებ და იმედია, სხვა კონსოლიდაციებიც მოხდება ოპოზიციურ ფლანგზე. ჩვენი ამოცანაა ახალ პირებს გავუხსნათ გზა პოლიტიკისკენ და გავიდეთ პირველ ადგილზე. 2024 წლის არჩევნებში მეორე ტური არ იქნება, ერთტურიანი არჩევნებია. ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩვენ საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. ამჯერად უკეთესი იქნება.

- შედგებოდა თუ არა ეს ერთობა, პარტიის თავმჯდომარე ისევ ნიკა მელია რომ ყოფილიყო?

- ამის თქმა ახლა ძნელია. მთავარია, დღეს ეს ერთობა შედგა. ლევანთან ძალიან კარგი, სინერგიული ურთიერთობა მაქვს. თქვენ ძალიან მალე დაინახავთ, რომ საინტერესო და აქტიურ პროცესს შემოგთავაზებთ, ზუსტად ის იქნება, რასაც საზოგადოება ამდენ ხანს ელოდა.

- რას გულისხმობთ?

- დაუღალავ, მუშა პროცესს. ახლაც, როდესაც თქვენ გესაუბრებით, სამტრედიაში მივდივართ ერთად ამომრჩეველთან შესახვედრად.

- ალბათ, უკვე შეგახსენეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" კულუარებიდან მართავენ დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

- კი, უკვე შემახსენეს! მე ერთი რამ ვიცი, ეს არის მიშა სააკაშვილის პარტია. მან უკვე გააკეთა განცხადება ამ ერთობის შესახებ, თქვა რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მხარი დაგვიჭირა და ამით ყველა ეჭვი გაფანტა. მთავარია, ჩვენ წინ ვიაროთ, "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის".

- თქვენ "ნაციონალური მოძრაობა" არაერთხელ დაადანაშაულეთ შეთანხმების დარღვევაში, მახსოვს, მატყუარებიც უწოდეთ. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს თქვენი გულისწყრომა სააკაშვილს არ უკავშირდებოდა?

- მაშინ "ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრი შიდა დინება იყო. ამასთან, დღეს სხვა პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანასა და საზოგადოდ, რეგიონში. ძალიან რთული გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე ვდგავართ. ასეთ ვითარებაში წარსულის აჩრდილებმა გონება არ უნდა დაგვიბნელოს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. ამას გარდა, "ნაციონალური მოძრაობის" ახალ მენეჯმენტს უფრო ვენდობი, ძალიან ბევრ საკითხზე შევთანხმდით.

- მათ შორის პრემიერობის კანდიდატის საკითხზეც?

- როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე სხვა საკვანძო თანამდებობების კანდიდატებს წინასაარჩევნოდ დავასახელებთ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვის მიმართ გამოხატავს ხალხი ნდობას. ყველაფერს სოციალური კვლევებისა და გამოკითხვის შედეგების მიხედვით გადავწყვეტთ. სხვათა შორის, "ნაციონალურ მოძრაობასთან " ერთობის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებაც კვლევების შედეგად მივიღე. "სტრატეგია აღმაშენებლის" ელექტორატისთვის სავსებით მისაღებია ეს გადაწყვეტილება.

- ოპოზიციის ერთმა ნაწილმა უკვე შეიტანა ეჭვი თქვენს სანდოობაში, "ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა, მაგალითად, ირაკლი კუპრავამ თქვა, რომ თქვენ მათ ერთობის შექმნას სთავაზობდით, მაგრამ იქ ახლა თავად აღარ ხართ.

- "ლელოს" წარმატებას ვუსურვებ. ერთი წლის განმავლობაში ველაპარაკებოდი "ლელოს", ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ ძალებს. მე არ მიყვარს საქმის გაწელვა. მინდა ჩვენი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთობა სხვებისთვისაც მაგალითი იყოს და დროულად მიიღონ გადაწყვეტილება.

- "ლელოსთან" რაზე ვერ შეთანხმდით?

- ზოგადი საუბრების გარდა, არაფერი გვქონია.

- ანალიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ ორპოლუსიანობა "ოცნების" კოზირია, ვინაიდან ხალხს არჩევანის გაკეთება "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის უწევს, გადაწყვეტილებას ყოველთვის "ქართული ოცნების" სასარგებლოდ იღებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ ხელი შეუწყვეთ ორპოლუსიანობის გაღრმავებას და შესაბამისად, არჩევნებში მმართველ გუნდს ფორა მიეცით?

- არა! დღეს ჩვენი და "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორობა ორპოლუსიანობას კიდევ მეტად არ გააღრმავებს. დღევანდელი რეალობა სხვაგვარია. "ქართული ოცნება" რუსეთის მხარესაა, ხოლო ჩვენ ცივილიზებული სამყაროს მხარეს ვართ და გვინდა საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს. მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმისთვის, რომ დასავლურმა ცივილიზაციამ გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, ის ამ როლს შეასრულებს. მთავარი რამ, რაც "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსს "ძალა ერთობაშიას" გაერთიანებისგან განასხვავებს, არის გარემო, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, რადგან ბრძოლა არა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას", არამედ რუსულ და პროდასავლურ პოლუსებს შორისაა. "დღეს ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" კი არა, რუსული და პროდასავლური პოლუსები უპირისპირდებიან. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება ჩვენ გვერდით, ჩვენი მიზანია პოლიტიკაში ბევრი ახალი და საინტერესო ადამიანი შემოვიყვანოთ. თუ პროდასავლურ ფლანგზე სხვა მიზიდულობის ცენტრებიც იქნება, ძალიან კარგია. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ და პოსტსაარჩევნო პერიოდში ვითანამშრომლოთ მათთან, ვინც ასევე მოიპოვებს ხალხის ნდობას.

ხათუნა ბახტურიძე